კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 იაშა ტრიპოლსკის მამამისის მკვლელის შვილი გამოჰყავდა ციხიდან, მიჰყავდა სახლში და უვლიდა

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  საქართველოს სახალხო არტისტი იაკობ (იაშა) ტრიპოლსკი 1919 წლის 31 დეკემბერს, ახლანდელ დაბა ფასანაურიში (დუშეთის რაიონი) დაიბადა. ფასანაურის სკოლის ფრიადოსანმა 1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (დასავლეთ ევროპის ენების სპეციალობით). მან ინგლისურიდან თარგმნა „პიგმალიონი“, „კეისარი და კლეოპატრა“. 1942 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია.
  იაშა ტრიპოლსკის პაპა, საგზაო ინჟინერი იაგორ ტრიპოლსკი, რომელიც თურმე ჯებირების კარგი მშენებელი იყო, 1832 წელს პოლონეთის აჯანყების შემდეგ გამოქცეულა პოლონეთიდან და მთიულეთში დასახლებულა. ტრიპოლსკები პოლონეთში შლახტიჩები ყოფილან. აჯანყების შემდეგ იქ არ დაედგომებოდათ და საქართველოში გამომგზავრებულან. მათ მთელს გუდამაყარსა და მთიულეთში თითქმის ყველა იცნობდა. შვიდი შვილი ჰყოლია. ბევრმა არც ის იცის, რომ იაშა ტრიპოლსკი და გოდერძი ჩოხელის დედა ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ. იაშა ტრიპოლსკი, ალბათ, ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვისაც კომუნისტები არ ენდობოდნენ. არაქართული გვარისა და უცხო ენათა ინსტიტუტის სტუდენტს, თურმე, ხშირად იძახებდნენ დაკითხვებზე და „კაგებეს“ მუდმივი თვალთვალის ქვეშაც ყოფილა. ვისაც იგი კარგად ახსოვს ეკრანიდან თუ ცხოვრებაში, დამეთანხმება რომ კარგი მთხრობელი და ამასთან, ძალიან განათლებული ადამიანი იყო. საბჭოთა პერიოდში ღამღამობით „ბი-ბი-სისა“ და „ამერიკის ხმას“ უსმენდა, მერე მიდიოდა თეატრში და იქ ყვებოდა ახალ ამბებს. მისი არაჩვეულებრივი მეხსიერების შესახებ თბილისში ლეგენდები დადიოდა. დიმიტრი უზნაძეს მასზე ცდაც კი ჩაუტარებია. „გამზრდელის“ რამდენიმე სტრიქონი წააკითხა, მერე ბატონ იაშას წიგნი დაუხურავს და ზეპირად უთქვამს. მეხსიერებამ სიცოცხლის ბოლო წლებში უღალატა მხოლოდ. იგი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.   
გოდერძი  ჩოხელი:  
  „დედაჩემი – ლელა წიკლაური და ძია იაშა ტრიპოლსკი და-ძმის შვილები იყვნენ. წიკლაურებად იწერებოდნენ, თორემ ისე ხომ ბუბუნაურები ყოფილან. სისხლი ჰმართებდათ ვიღაცის, წიკლაურებს შეჰფარებიან და მათი გვარი მიუღიათ. ხშირად იყვნენ ერთად დედაჩემი და ძია იაშა ბუბუნაურთა დიდ სახლში, რომელიც ბურსაჭირის ფერდობზე დგას.  დედაჩემი და ბებო ირინე – იაშას დედა ბევრი რამით ჰგავდნენ ერთმანეთს, თითქოს ბუნებას ელაპარაკებოდნენ და ბუნებაც პასუხობდა მათ. ბებო ირინეს ძმა ჰყოლია – გაგილა. მეჯვარედ იყო და შემთხვევით გასროლილ ტყვიას მოუკლავს. ბებო ირინე მოჰყვა: ქვრივი ვიყავი, ქმრის ნაჩუქარი ბეჭედი დავკარგეო. შევთხოვე გაგილას სულს: რა იქნება, ის ბეჭედი მაპოვნინეო. უცებ გავიგონე წკრიალიო. გავიხედე გარეთ, ვხედავ, ქათამი რაღაცას აგდებს ნისკარტით, ჩამოვარდება, გაიწკრიალებსო. ვნახე, ჩემი ბეჭედი იყოო. გაგილას სულმა მაპოვნინაო. ძიაიაშას მამა ფასანაურიდან თბილისისკენ მოდიოდა ველოსიპედით. გაღმა ტყეში, ვიღაც თოფიანი კაცი ყოფილა. სულ არაფრის გულისთვის გამოუშვერია თოფი. მოვარტყამ თუ არ მოვარტყამო და ასე უბრალოდ მოუკლავს. 19 წლისა დაქვრივდა ბებო ირინე. ძია იაშა მოსიარულე სიკეთე იყო. იმდენად კეთილი იყო, რომ მამის მკვლელის შვილს, რომელიც ციხეში იჯდა და ჭკუაზე თითქოს ვერ იყო, პატრონობდა. ციხიდან გამოიყვანა. მიჰყავდა ხოლმე შინ, აჭმევდა, ასმევდა, წამლებს ყიდულობდა... ერთხელ, ძია იაშა ბურსაჭირში სათევზაოდ ამოვიდა. პატარა ვიყავი. იმ დღეს საშინელი დელგმა დაიწყო, ჩამოიქცა ქვეყანა.  რა თევზაობა, რის თევზაობა, ისე ადიდდა შავი არაგვი, სულ დაანგრია ყველაფერი. ძია იაშას ჩოხში ჰყავდა მანქანა დატოვებული, იმის იქით სამანქანო გზა აღარ მოდიოდა, ბურსაჭირამდე 7 კილომეტრი ფეხით ევლო. მეორე დღეს ჩამოვაცილეთ ჩოხამდე მე და დედაჩემმა. იქ მეორე მდინარე უერთდება შავ არაგვს. ისიც ადიდებულიყო, კალაპოტი შეეცვალა და გადავარდნილა სხვა მხარეს. იმდენი თევზი დარჩენილა… ხალხმა ხომ იცოდა, რომ ძია იაშა იყო სათევზაოდ ამოსული. გამოსულიყვნენ, კრეფდნენ თევზს და ძია იაშას მანქანასთან იდგა კალათების, გოდრების ჯარი სულ კალმახებით სავსე. ძია იაშა უყურებდა გაბადრული სახით ხალხს, რამხელა სიყვარულს ხედავდა!.. არაჩვეულებრივი მოსაუბრე იყო, რომ ჩამოდიოდა ფასანაურში, ყველა მასთან გამორბოდა, მისი მოყოლილი ამბავი მთელი სანახაობა იყო. თეატრშიც ასე ელოდებოდნენ თურმე ძია იაშას... მე რომ წერა დავიწყე, ძალიან უხაროდა ძია იაშას.  „ბაკურხეველი ხევსური“ რომ გადავიღე, მინდოდა, უხმო ფილმი ყოფილიყო. ძია იაშას დაჟინებულ თხოვნას – „აუცილებლად ტექსტი უნდა გაუკეთოო, დავთანხმდი. დაჯდა და მთელი ტექსტი დამიწერა „შაო ნინათი“ დაწყებული. ახლა ვფიქრობ, ტექსტის გარეშე რა უნდა ყოფილიყო „ბაკურხეველი ხევსური“... ძია იაშა ძალიან მაკლია, მენატრება. იმისი სიკვდილის შემდეგ დავობლდი თბილისში...“
ვახტანგ კობაიძე:
  „... ახლა რასაც გავიხსენებ,  მგონი, კარგად დაგვანახვებს მის დიდბუნებოვნებას.1972 წელს უნივერსიტეტიდან მოსკოვში მივლინებით ვიყავი. იმავე დროს ძია იაშა „მოსფილმში“, ცნობილ რეჟისორ იგორ ტალანკინთან, ფილმ „მიზნის არჩევაში“, სტალინის როლზე იყო მიწვეული. ერთად ვცხოვრობდით სასტუმრო  „მოსკვას“ აპარტამენტებში. ისე მოხდა, რომ მე მივლინება დავამთავრე, ძია იაშამ – გადაღება და თბილისისკენ მატარებლით ერთად გამოვემგზავრეთ. ზაფხული იყო, ძალიან ცხელოდა. ამას ისიც დაემატა, რომ მაინცდამაინც ჩვენი ვაგონის კონდიციონერი არ მუშაობდა. გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ის დღე როგორღაც გადავიტანეთ. მეორე დილით ვაგონის გამცილებელს შევჩივლეთ, რომელმაც მატარებლის უფროსი მოიყვანა. ფილმის გადაღებებზე ვსაუბრობდით. ფანჯარასთან, მაგიდაზე, სტალინის როლში გადაღებული მისი ფოტოსურათები ეწყო. მატარებლის უფროსმა რომ შემოიხედა, ჯერ ძია იაშას შეხედა, მერე ფოტოებს, ისევ ძია იაშას და გაოცდა: ბატონო იაკობ, თქვენ? რით შემიძლია დაგეხმაროთ?… ძია იაშამ თბილად შეჰღიმა: „იქნებ ცოტა გაგვაგრილოთ, სხვა არაფერი გვინდა“. უფროსი წამით დაფიქრდა, მერე კუპედან გავიდა, ხუთ წუთში სახანძრო ნაჯახით დაბრუნდა და ვაგონის დერეფნის რამდენიმე ფანჯარა ჩაამსხვრია: „ბატონო იაკობ, მთავარია, თბილისამდე გრილად იმგზავროთ, ვაგონს ეშველება“, – ღიმილით მიმართა იაშას.
  ჩვენ ის საუზმეზე მივიწვიეთ (როსტოვში ცოტა თევზი და ძეხვი ვიყიდე, პურიც გვქონდა). სუფრას დახედა. ამასობაში მატარებელი სადგურ „ბელორეჩინსკში“ გაჩერდა. ერთ წუთს მადროვეთო, – ჩაილაპარაკა და კუპედან გავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ხელდამშვენებული დაბრუნდა. იმ დროს რკინიგზის ბაქნებზე მოსახლეობა ოჯახებიდან გამოტანილი პროდუქტებით ვაჭრობდა. შემადგენლობის უფროსმა შემოსვლისთანავე კმაყოფილებით შემოგვღიმა: შემოიტანა მოხარშული დედალი, მჟავეულობა, სოკოს მარინადი, რუსული ღვეზელი, „ჟიგულოვსკის“ ცივი ლუდი. ერთი ბოთლი „სტოლიჩნიც“ მოაყოლა, თვითონაც წაიხემსა და კუპედან გასვლისას გვითხრა: ჯერ ეს მცირედი… საქართველომდე უნდა მაცალოთო… და, აი, საქართველოში შემოვედით. მატარებელი სამტრედიის სადგურში გაჩერდა. ამოვიდა ხალხი, კუპესთან რიგი დადგა, მოჰქონდათ ღვინო, ხაჭაპურები, წიწილები და შემწვარი გოჭი. თურმე, ჩვენს უნებლიე მასპინძელს სამტრედიის რკინიგზის უფროსთან მატარებლიდან დაურეკავს – დამხვდით, „სტალინი“ მომყავსო. სადგურში განრიგით გათვალისწინებულზე მეტ ხანს გავჩერდით, ჩვენც ვისიამოვნეთ, დამხვდურმა სამტრედიელებმაც და ასე, ქეიფ-ქეიფით გავაგრძელეთ გზა. თურმე, წინ კიდევ ერთი სიურპრიზი გველოდა. შემოვედით გორში და იქაც იგივე სურათი დაგვხვდა. გორელებმაც გულმხურვალედ მიგვიღეს. მაშინ რკინიგზის სადგურში, თვალსაჩინო ადგილას, სტალინის დიდი სურათი ეკიდა. გორელები კი ცოცხალ იაშა-სტალინს ეგებებოდნენ. აქაც კარგა ხანს გავჩერდით. იქ ჩვენმა ერთ-ერთმა მასპინძელმა თქვა: ბატონო იაკობ, თბილისში კარგ ამბავს ვერ დაგახვედრებენ, ოპერის თეატრი დაიწვა და მასთან ერთად, სერგო ქობულაძის ცნობილი ფარდაცო. ძია იაშას კრიჭა შეეკრა. ერთი ჩაილაპარაკა: „ვერ წარმოიდგენთ, არტისტისთვის რა ძნელია, აკვანი რომ დაგეწვება, ეს ხომ ხალხის საუნჯე და ისტორიაა“... ეს იყო და ეს. თბილისამდე ხმა აღარ ამოუღია...“
скачать dle 11.3