კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 როგორ ცდილობს კადიროვი რეგიონულ ლიდერობას, თბილისის აღების მუქარით და რა გამოსავალი გამონახა ბიძინა ივანიშვილმა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  მაშინ, როდესაც ქართული პოლიტიკური სპექტრი და ქართველი საზოგადოება ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლოდაა დაპირისპირებული, რამზან კადიროვმა კუნთები აგვითამაშა და გროზნოდან თბილისამდე მანძილი შეგვახსენა (ანუ, თუ ჭკუით არ მოიქცევით, შავ დღეს გაყრითო). შესაძლოა, ეს მუქარა მისი თვითშემოქმედებაც იყოს და არა კრემლის დავალება, თუმცა ცხადზე უცხადესია, ისეთ რამესაც არ იტყოდა, რაც კრემლს არ ესიამოვნებოდა. ჩემი ვერსიით, პანკისის ხეობის დაკავება რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, სტრატეგიული თვალსაზრისით და, თუ საბაბი მიეცემა, ტერორისტების შესვლის აღსაკვეთად შესაძლოა, დაიკავოს კიდეც. კითხვაზე, თუ რატომ გახდა აუცილებელი დამუქრება, პასუხის გაცემას ზაალ კასრელიშვილთან ერთად შევეცდებით.
– ნერვების თამაშია, ნიადაგის მოსინჯვა თუ რას ეთამაშება ჩვენს ხელისუფლებას ჩეჩნეთის ლიდერი?
– უპირველესად, მადლობა მინდა, გითხრათ, რომ მაძლევთ საშუალებას, კრიტიკულ სიტუაციებში მივიტანოთ ჩვენი აზრი საზოგადოებამდე. რაც ჩამოთვალეთ, ყველაფერი არის ვარიანტები. ეს ყველა ვარიანტი დევს რუსეთის სპეცსამსახურების მჭიდში. უბრალოდ, ისინი მონიტორინგს ახორციელებენ და ამა თუ იმ ვარიანტს ინფორმაციის სახით ავრცელებენ, რომ გაიგონ, როგორ იმუშავებს, ანუ იმ აზრის გაგების მცდელობაა, რომელსაც საზოგადოება მალავს. უნდათ, რომ გაიგონ განწყობა, რათა ამის მიხედვით მზა რეცეპტები მიაწოდონ. რუსეთის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას რომ კადიროვის ატანა არ აქვს, ყველამ კარგად ვიცით, მათ შორის, პუტინისტების წრიდანაც. თუ უნდათ, რომ გაწირონ, მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემენ ნებას, შემოიჭრას საქართველოში. თუმცა კადიროვზე საზოგადოებას გადამეტებული წარმოდგენა აქვს. რეალურად, ის ერთი ჩვეულებრივი, სარგებლის მაძიებელი მედროვე კაცია, რომელიც ძალიან გამდიდრდა და არც განსაკუთრებული მეომარია და არც ნებართვის გარეშეა ფეხის გადამდგმელი. ეს რომ ასეა, ისიც მეტყველებს, რომ პირადი დაცვის გარდა ფედერალური დაცვაც ჰყავს და პლუს, ვერტმფრენები იცავენ. თავის ქვეყანაში არ უყვარს არავის.
– შეიძლება, უბრძანონ და, თან, კადიროვი ხომ არ შემოუძღვება ჯარს?
– შეიძლება, მისი სახელი გამოიყენონ, დააბრალონ მას და, თუ გამოუვა და აიღებს თბილისს, შემოვლენ და იტყვიან, ძმებს შორის სისხლისღვრა აღვკვეთეთ, ქართველებსა და ჩეჩნებს შორის ჩავდექითო, ხოლო, თუ არ გამოუვიდათ, შეაწმენდენ ხელებს და გაუშვებენ მოუსავლეთში. მგონი, ისედაც ყელზე ადგათ მისი პარპაში.
– მე არ მგონია, თბილისამდე აპირებდეს ჩამოსვლას, პანკისი სჭირდებათ.
– სცადოს და სადამდე მოვა, ვნახავთ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენ იმას დაველოდებით, როდის დაგვეხმარება საერთაშორისო საზოგადოება ან ხელისუფლება როდის იხმარს ძალას, ცდება. კადიროვის გასაჩერებელი და მისი ასალაგმი ძალა ყოველთვის გვაქვს და არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. რომ გვითვლის, 200 კილომეტრია და გველოდეთო. ჩვენც აქედან შევუთვლით – 200 კილომეტრი რომაა და ეს გზა რამდენჯერმე რომ გაგვივლია თბილისიდან გროზნომდე, შენ გველოდე.
– მე თქვენს პათოსს სრულად ვიზიარებ, მაგრამ რას ემსახურება ეს მუქარა?
– ამ კაცს სჭირს მანია. იცის, რომ ყელამდე სისხლშია, იცის, რომ ჩეჩნებსა და ინგუშებს არ უყვართ, ზოგადად, ჩრდილო კავკასიელებს არ უყვართ; იცის, რომ რუსულ საზოგადოებასა და ისტებლიშმენტში ბევრი ადამიანია, რომლებსაც მისი მოშორება და გასამართლება უნდა. მონობაშია გადიდკაცებული და ახლა უნდა, რეგიონული ლიდერი გახდეს, რომ კრემლისთვისაც უფრო საჭირო და საინტერესო იყოს. ხვდება, რომ მის მიმართ გაცივებულია დამოკიდებულება და ფულის გასათეთრებელ ოფშორულ ორმოდაა ქცეული ჩეჩნეთი და ისიც კარგად ესმის, როცა დასჭირდებათ, მაშინვე გაწირავენ და დიდი ამბავიც არ დასჭირდება: დაცვას გაუნახევრებენ და ჩრდილო კავკასიელები გაუსწორებენ ანგარიშს. ამიტომ მან რამდენჯერმე სცადა, პანკისის ხეობაშიც დაეფიქსირებინა თავისი გავლენა და საქართველოს მიმართულებითაც რაღაც განცხადებები გააკეთა. ამას იმიტომ ბედავს, რომ მისი ქვედანაყოფი ცხინვალში ომობდა ჩვენ წინააღმდეგ და პასუხი არ მოვთხოვეთ. ვგულისხმობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პასუხი არ მოსთხოვა.
– როგორ უნდა მოეთხოვა?
– როგორ და, კავკასიელების გავლენები და შესაძლებლობები უნდა გამოეყენებინა, როგორც კავკასიის შიგნით, ისე  კავკასიის ფარგლებს გარეთ. პირველ ეტაპზე საკმარისი იყო იმ ადამიანების ვინაობების გასაჯაროება, რომლებიც კადიროვის დროშის ქვეშ საქართველოში ქართველებს ესროდნენ. ამით დაიწყებოდა პროცესი. ჩვენ მაშინ ეს ვცადეთ, მაგრამ, ხომ გახსოვთ, როგორი შეშინებული იყო სააკაშვილის ხელისუფლება 2008 წლის აგვისტოს შემდეგ და ამაში როგორ აგვყვებოდნენ?! როდესაც ჩერქეზების გენოციდი აღიარეს, ველოდით, რომ გაგრძელება მოჰყვებოდა და საქართველოს ხელისუფლება გამოაქვეყნებდა ყველა იმ ჩრდილო კავკასიელის ვინაობას, რომლებიც ომობდნენ ჩვენ წინააღმდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ამის შემდეგ კი ჩვენი გეგმა გვქონდა, არ ვიტყვი, რა გეგმაა, იმიტომ რომ ის, ხვალ იქნება თუ ზეგ, ამოქმედდება. პანკისი, რა თქმა უნდა, სამიზნეა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ კადიროვს კავკასიის ლიდერობა უნდა და მიუხედავად იმისა, რომ უნდა, საინტერესო გახდეს კავკასიური თემით, ბრძანების გარეშე მაინც ვერაფერს გააკეთებს. რაც შეეხება მის განცხადებებს: ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ეს მხოლოდ მისი ინიციატივაა, რომელიც ახლა გაჩნდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვინმე ვასაძის ჩამოსვლა საქართველოში, მისი განცხადება, კავკასიელო ძმებო, არ შეგარცხვენთო; მისი შეყვანის მცდელობა ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ასეთი აგრესიული მენეჯმენტით; გავრილოვის სიტყვით გამოსვლა და კადიროვის განცხადებები ერთი კონტექსტია. ეს ყველაფერი აწყობილი იყო ახალი წლის ნაძვის ხესავით. დაგეგმილი იყო, რომ გავრილოვის გამოსვლა იქნებოდა ნაძვის ხის ვარსკვლავი და როგორც კი აინთებოდა, დანარჩენი თემებიც ნაძვის ხის ნათურებივით გაანათებდა.
– ვფიქრობ, ძალიან ცივილიზებულად შეიძლებოდა პროტესტიც და მისთვის სიტყვის შეწყვეტინებაც.
– რა თქმა უნდა. არავის ჰქონდა გათვლილი, რომ ასე ოპერატიულად, სწრაფად და ემოციურად აგორდებოდა ამხელა საპროტესტო ტალღა. თავისით მოხდა, თუ ჩვენი პარტნიორი დასავლეთის დახმარებით, ამას დრო გვაჩვენებს, მაგრამ თამამად შეიძლება, ითქვას, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა წააგეს.
– აბა, როგორ ვთქვა, რომ წააგეს?!
– ამ ეტაპზე წააგეს. ეს სცენარი წააგეს. საიდანღაც ვიღაცამ ძალიან სერიოზული თემა აუწია ადამიანს, რომელსაც რუსეთში აქვს ასეულობით მილიონი და საქართველოში ბავშვებს ვითომ რაღაცას რომ ასწავლის, უამრავ ფულს ართმევს...
– ვასაძეზე ამბობთ და მის სკოლაზე?
– დიახ... საქართველოში ერთი ლარის ღირებულების სიკეთე და ქველმოქმედება არ გაუკეთებია, მაგრამ უცბად ჩამოვიდა და ძალიან თეატრალური, სასაცილო განცხადებები გააკეთა. ეს იყო დასაწყისი, რაც გაგრძელდა გავრილოვით, ამის შემდეგ, ვასაძის გარდა, კიდევ ორი-სამი პრორუსული პარტია გამოჩნდებოდა, რომლებიც თავის მომხრეებს მოუხმობდნენ მოედანზე და საზოგადოებრივ აზრს შექმნიდნენ, რომ აი, დიალოგი იწყება, აფხაზეთსა და ცხინვალს გვიბრუნებენ და ცოტა ხნით გააჩერებდნენ ჩემნაირებსა და თქვენნაირებსაც კი.
– ვერ გამაჩერებდნენ, იმიტომ რომ მე მისაუბრია ამ თემაზე რუს პოლიტიკოს-პოლიტოლოგებთან და ისინი ამბობენ, თქვენ, სამივენი იქნებით ევრაზიულ კავშირში, ანუ ასე გაერთიანდებითო.
– დიახ, იქნებით ერთად, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოებიო. გაჩერებით ვერც მე გამაჩერებდნენ, რომც გავჩერებულიყავი, არ დაიჯერებდნენ. პირობითად ვამბობ, რადგან ამით ბევრ ადამიანს შეაცდენდნენ. მეტსაც გეტყვით, ვასაძის, გავრილოვის ჩამოსვლამდე და ამ პროცესებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ, თურმე, პომპეო პუტინთან მოსკოვში იმიტომ ჩავიდა ერთი ერთზე სასაუბროდ, რომ აშშ-მა საქართველო რუსეთს გავლენის ზონად დაუთმო. ეს ტყუილია! ასე რომ, ჩვენ ამ ყველაფერს ერთიანობაში განვიხილავთ. ისინი, ვინც გავრილოვს გუნდრუკი უკმია და აქ ჩამოიყვანა და ისინიც, ვინც ვახსენე, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარედან ცდილობენ პროცესებში ჩარევას, ერთი სცენარის ნაწილია.
– რჩება შთაბეჭდილება, რომ ამერიკული და რუსული სპეცსამსახურები უპირისპირდებიან ერთმანეთს და ფაქტი ერთია, ჩვენს ზოგიერთ სპეცრაზმელს რომ თავში არ დაემიზნებინა მომიტინგეებისთვის, ჩვენი სპეცოპერაცია იქნებოდა უზადო, რითაც ჩვენს ხარჯზე ამ ორი სპეცსამსახურის ჭიდილს გავანეიტრალებდით.
– ეს სხვა თემაა, მე მაინტერესებს, ამ კონფლიქტამდე რამ მიიყვანა ეს მშვიდობიანი აქცია?! მაშინ, როდესაც ეს აქცია შეიძლებოდა, გამხდარიყო სახალხო-პოლიტიკური აქცია და თუ ის შეზავდებოდა ეროვნული ლოზუნგებით, გარწმუნებთ, შედეგს მივიღებდით. ცივილიზებულმა დასავლეთმა ასე შეგვაფასა: ემოციური და სპონტანური აქცია გაიმართა რუსეთის დეპუტაციის წინააღმდეგ, რომლის ლიდერებმაც სცადეს პარლამენტის შენობის დაკავება. ეს თქვეს ამერიკელებმაც, ევროპელებმაც და გერმანელებმაც და ამის შემდეგ ძალოვანებს ხელ-ფეხი გაეხსნათ. მეორე საკითხია, ვინ როგორ გამოიყენა ეს და ვინ გადააჭარბა და ვინ არა. მაგრამ აქამდე ვინ მიიყვანა საქმე?! შეგნებულად მოხდა ეს ამბავი, ემოციით, სპონტანურად თუ საერთო სცენარში იჯდა, სერიოზული გამოძიების საგანია.
– გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო უმრავლესობამ, ნულოვანი ბარიერის შესახებ, შეასრულებს განმუხტვის როლს?
– ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება არსებულ ვითარებაში გამოსავალია და მისაღები უნდა იყოს პროდასავლური და პრორუსული ორიენტაციის ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებსაც ხელისუფლებაში მოხვედრის ერთპროცენტიანი შანსი მაინც აქვთ. მეორე საკითხია, არგებს თუ არა ეს ქვეყანას. ჩვენი აზრით, ქვეყანა 28-წლიანი ტანჯვა-წამებით სიარულის შემდეგ ისევ გასული საუკუნის 90-ანიების ნიშნულს მიუბრუნდა და რეალური შანსია, მივიღოთ ეგრეთ წოდებული „იმელის პარლამენტის“ მსგავსი პარლამენტი, ოცდაათზე მეტი პარტიით.

скачать dle 11.3