კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 რა სასწაული მოახდინა ქეთევან დედოფლის კუთვნილმა ხატმა საფრანგეთში, ათეისტების ოჯახში და როგორ დაბრუნდა ის საქართველოში

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  1614 წელს შაჰ-აბასმა ელჩი გამოუგზავნა თეიმურაზ პირველს, კახეთის მეფეს და ერთგულების ნიშნად ვაჟი სთხოვა მძევლად. მეფე  მიუხვდა მტერს განზრახვას და უმცროს ვაჟს ალექსანდრეს, ბებია – წმიდა ქეთევანიც გააყოლა, იმ იმედით, რომ მტერს მისი პატივისცემა ექნებოდა. მოვლენები ცუდად  განვითარდა, ჯერ ქართველებმა სძლიეს ჟალეთში დაბანაკებულ მტერს, შემდეგ კი, ქართლის ცხოვრების საშინელი პერიოდი დაიწყო. შაჰ-აბასმა მძევლები – წმიდა ქეთევანი და ალექსანდრე შირაზს გაგზავნა. თვითონ კი კახეთს შეესია. ამ ამბიდან ხუთი წლის შემდეგ მძევლად აყვანილი ალექსანდრე დაასაჭურისა, ბიჭმა ტანჯვას ვერ გაუძლო  და გარდაიცვალა. წამებით ჭკუიდან შეიშალა უფროსი უფლისწული, ლევანი. ქეთევან დედოფალმა შვილიშვილების ამბავი არ იცოდა. ის ამ ამბიდან ათი წელი იტანჯებოდა ტყვეობაში. მძიმე წუთებში მას ძალასა და ენერგიას მატებდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც თან ჰქონდა წაღებული. სწორედ ამ ხატზე ლოცულობდა და ევედრებოდა ღვთისმშობელს, მისთვის ძალა მიეცა, რადგან ამ განსაცდელს ღირსეულად გამკლავებოდა. საბოლოოდ ქეთევან დედოფალი მრისხანე შაჰ-აბასმა არ დაინდო და გაუგონარი სისასტიკით აწამა... არავინ იცის, ამ ამბის შემდეგ ვის ხელში მოხვდა ღვთისმშობლის ხატი. ცნობები მისი არსებობის შესახებაც კი არ იყო. საფრანგეთში მყოფმა ქართველმა ქალბატონმა, ნინო კუტალაძემ ის შემთხვევით იპოვა და 300 წლის შემდეგ, ხატი  საქართველოში დაბრუნდა. დღეს წმიდა ქეთევან დედოფლის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც უამრავ სასწაულს ახდენს და დიდი მადლი აქვს, ავჭალის წმიდა ქეთევან წამებულის ტაძარშია დაბრძანებული.
  ნინო კუტალაძე: 1996 წელს უცხოეთში წამოვედი და სწავლა საფრანგეთში განვაგრძე, გერმანისტიკის ფაკულტეტზე. მონპელიეში ვცხოვრობდი და იმავდროულად, ვიყავი შშმ პირების ასოციაციის წევრი, რომლის წევრიც, ასევე, გახლდათ ემანუელი, ვის ოჯახშიც ეს ხატი აღმოვაჩინე. ერთ მშვენიერ დღეს მირეკავს ემანუელი და მეუბნება: ნინო, რაღაც უნდა გაჩვენო. მგონი, ქართული ნივთია და მინდა, რომ ნახოო. ასევე მითხრა, რომ ძვირად ღირებული ნივთი იყო და ქალაქში ვერ გამოიტანდა, ეშინოდა, რაიმე არ დამართნოდა. გადავწყვიტე, თავად მივსულიყავი მასთან. მივედი და პირადად გავიცანი მისი მეუღლე ბარბარა, რომელიც წელს ქვემოთ არის მოწყვეტილი. ის ორი შვილის დედა გახლავთ. ემანუელმა მომამზადა, როგორც თავად საუბარში აღნიშნავდა, ამ შეუფასებელი ნივთის სანახავად. მაგიდასთან ვისხედით და წინ დამიბრძანა ხატი. მაშინ ისეთი შეგრძნება დამეუფლა მისი დანახვისას, ახლაც ჟრუანტელი მივლის. ხატიდან საოცარი სითბო გადმოვიდა, რომელიც ორგანიზმში ჩამეღვენთა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ ამას, მხოლოდ განვიცდი. ემანუელმა მკითხა: ნინო, ეს საქართველოს ეკუთვნის? ჩვენ გვითხრეს, რომ ქართული ხატია. ხატს უკან ჰქონდა ძველი რუსული წარწერა, რამაც მიმანიშნა იმაზე, რომ ეს ნამდვილად ქართული იყო. გარდა ამისა, ქართველი მართლმადიდებელი ისედაც იცნობს ქართულ ხატს. დავუდასტურე, რომ ეს ნამდვილად ქართული ხატი იყო. იმ წლებში მონპელიეს რეგიონში იმდენად ცოტა ქართველი ვიყავით, რომ ერთმანეთს არც ვიცნობდით. გასაოცარი ის არის, რომ სამმილიონიან მხარეში, მე მოვხვდი ოჯახში, სადაც ქართული ხატი ბრძანდებოდა. ჩემი აზრით, ეს თავად ხატის სურვილი იყო, მან მიპოვა. შემთხვევით არაფერი ხდება ცხოვრებაში.
– როგორ აღმოჩნდა ხატი მათ ოჯახში?
– ემანუელის მეუღლემ, ბარბარამ მიამბო მისი ისტორია. მას გარდაეცვალა ბებია და როცა ოჯახმა ბებიის ნივთები გაინაწილა, ეს ხატი მას ერგო. უფრო სწორად, როგორც თავად ამბობს, ხატი  უყურადღებოდ იდო და არავინ იჩენდა მის მიმართ ინტერესს. მერე მამას უთქვამს, თუ გინდა გქონდეს, წაიღეო.  ბარბარას ღმერთი არ სწამს, ამიტომ  ხატს, როგორც ხელოვნების ნიმუშს, ისე შეხედა. არ ვიცით, როგორ მოხვდა ბარბარას ოჯახში. როგორც მან თქვა, ბებიამისი ერთ-ერთი საელჩოს კარზე მუშაობდა. შესაძლებელია, ვინმეს ეჩუქებინა, ირანელს ან სხვა ეროვნების წარმომადგენელს.
– საიდან იცოდნენ მათ, რომ ეს ხატი ძვირფასი იყო? მათ ოჯახში რაიმე სასწაული ხომ არ მომხდარა, რასაც მას უკავშირებენ?
– ნოტარიუსს შეაფასებინეს და მაშინ გაიგეს, თუ რამდენად ღირებული ქართული ხატი იყო და არა ნივთი, როგორც თავად მოიხსენიებდნენ. აღნიშნული ხატი დაზიანებული ყოფილა და ბარბარამ საკუთარი ხარჯებით გააკეთებინა რესტავრაცია მის დეიდაშვილს. ხატის განახლება, საკმაოდ ძვირი დაუჯდა – 5 000 ევრომდე. მის აღდგენას დიდი დრო დასჭირდა – ერთი წელი მაინც. ბარბარამ მითხრა, რომ როგორც კი ხატი დავინახე, თვალწინ დედაშვილობის საოცარი ნიმუში წარმომიდგაო. მან იგრძნო ამ ხატის სიძლიერე და ამიტომ ისურვა მისი პატრონობა. რაც შეეხება სასწაულს, როგორც უკვე აღვნიშნე, თავად მორწმუნე არ არის და ამ ამბავს სასწაულს არ უკავშირებს, თუმცა მართლმადიდებლებისთვის ეს ნამდვილად სასწაულია. ბარბარა ეტლის დახმარებით გადაადგილდება. ოჯახში დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ მეორე ბავშვი ჰყოლოდათ, თუმცა ფეხმძიმედ ვერ რჩებოდა. როცა სახლში ხატი მოაბრძანეს, მალევე გაიგო, რომ მეორე პატარა ეყოლებოდა. ის ღვთისმშობლის ხატს უკავშირებს მეორე შვილის შეძენას და აღიარებს, რომ ეს დიდი ნატვრა მისი სახლში მობრძანების შემდეგ აუხდა.
– მარტივად დათმეს ხატი?
– არა. არ იყო მარტივი. ბარბარას განსაკუთრებით უყვარდა ხატი, მისთვის ის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამ ამბის გაგების შემდეგ დედას დავურეკე, რომელიც ინგლისში  სამუშაოდ იყო წასული. ყველაფერი მოვუყევი და ვკითხე, რა გამეკეთებინა. მან დაწერა წერილი და გააგზავნა საქართველოში ჩემს დასთან, რომ ჩემს მოძღვრამდე მიეწვდინა ხმა. მოხდა კიდევ ერთი სასწაული – 2003 წელს დედა დაიჭირეს ინგლისში, საბუთები არ ჰქონდა წესრიგში და ამის გამო ციხეში ჩასვევს. არ ვიცოდით, რა ბედი ეწეოდა მას და ამ ამბავს ძალიან განვიცდიდი. დავდექი ღვთისმშობლის ხატის წინ და ვთხოვე, რომ დედა გაეთავისუფლებინა. ზუსტად ნახევარ საათში მირეკავს დედა და მეუბნება, შვილო, გამომიშვეს, ასე მითხრეს სახლში წადიო.  დედა საქართველოში წამოვიდა.  მან ნახა მამა გიორგი, ჩემი მოძღვარი, რომელმაც წამოსვლის წინ გზა დამილოცა და მითხრა, არ დამვიწყებოდა ვისი გორის ვიყავი. დედამ მამაოს ანახვა ხატის ასლი. ხატის დანახვისთანავე მამა გიორგის თვალები გაბრწყინებია. უცნია და უთქვამს, რომ ეს ხატი ქეთევან დედოფალს ეკუთვნოდა. ამის შემდეგ დამიკავშირდა მამა გიორგი და მითხრა, რომ ჩამოვიდოდა და ხატს საქართველოში წამოაბრძანებდა.
– ემანუელი და ბარბარა თანახმა იყვნენ, რომ ხატი საქართველოში დაებრუნებინათ?
– არა. ბარბარა ვერ თმობდა, მისთვის ეს ხატი დიდებულებას წარმოადგენდა, ოღონდ ფასის მიხედვით არა. მას არ ჰქონდა თანხაზე პრობლემა. ზუსტად ვიცი, რომ არასოდეს არ გაყიდდა. მისთვის ის სხვა კუთხით იყო მნიშვნელოვანი. მაშინ ფრანგული კარგად არ ვიცოდი, თვითნასწავლი ვარ. არასწორად გავიგე ემანუელის ნათქვამი, მეგონა, რომ მითხრა, ჩამოვიდეს მამა გიორგი და ჩვენ ხატს გავატანთო. რეალურად, მას უთქვამს, მოვიდეს, ნახოს, დაგვიმოწმოს და მერე თავად წავაბრძანებთ საქართველოშიო. ანუ, ხატის ჩუქება მათ გეგმაში ჰქონდათ, უბრალოდ, ჩემი არასწორი თარგმანის გამო, დავაჩქარე მოვლენები. მე ბევრი ვიმუშავე ემანუელთან და ბარბარასთან ამ საკითხზე. მათ ვეუბნებოდი, რომ ეს იყო საქართველოს საკუთრება და მიუხედავად იმისა, რომ მათთან თავს კარგად გრძნობდა, მასზე მის ხალხს, ქართველებს უნდა ელოცათ. მას აუცილებლად სჭირდებოდა ეკლესია, მისი მრევლი და სანთელი. მოკლედ, მამა გიორგი ჩამოვიდა, შევხვდით. გახსნეს ხატი, რომელიც ჩემოდანში ლამაზად და კოპწიად იყო დაბრძანებული. როდესაც მას მამა გიორგი შეეხო ჩემი თვალით დავინახე, რომ წამიერად სინათლის სვეტი დაადგა თავზე. ძალიან მკაფიოდ და მკვეთრად მახსოვს ეს მომენტი. რომ ამბობენ, სვეტი ნათლისა, ზუსტად ასე გამოესახა მამაოს თავზე. დაადასტურა მამა გიორგიმ, რომ ეს იყო ქართული ხატი, მადლობა გადაუხადა მათ და მოემზადა ხატის წასაბრძანებლად. აქ გამოჩნდა ჩემი არასწორი თარგმანი. ემანუელმა უთხრა, რას აკეთებთ? მერე მე მომიბრუნდა, ნინო, მე შენთვის არ მთქვამს, რომ ხატს ვატანდი. გავშრი, ჩემი სიტყვის გამო რამხელა გაუგებრობა მოხდა, ამხელა გზაზე ჩამოვიდა მამაო ჟურნალისტებთან ერთად და ასეთი სიტუაცია შეიქმნა. მამა გიორგის სიტყვა არ უთქვამს, არც გაბრაზდა, უბრალოდ, მწუხარებდა. მან იცოდა, რომ ეშმაკი ებრძოდა. ბარბარა ტიროდა, ვერ თმობდა. ყველა დაბნეული იყო. რაღაც მომენტში შემობრუნდა ემანუელი ჩვენკენ და მკაცრად თქვა, წააბრძანეთ. ასე ჩამობრძანდა ქეთევან დედოფლის ღვთისმშობლის ხატი საქართველოში.
– სანაცვლოდ არაფერი მოითხოვეს?
– მეორე დღეს ისევ დაგვიბარა სახლში ემანუელმა. თავად არანაირი მოთხოვნა არ ჰქონდათ. ჩვენ შევპირდით, რომ რესტავრაციის თანხას დავუბრუნებდით და საქართველოში დავპატიჟებდით, რომ საკუთარი თვალით ენახათ, სად დაბრძანდა ეს ხატი. თავიდან განვიცდიდი და ვფიქრობდი, თითქოს მე ავართვი ამ ოჯახს ხატი, მაგრამ ახლა ვიაზრებ, რომ არავისთვის არაფერი წამირთმევია, თავად მომძებნა ხატმა და საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა. სხვანაირად როგორ ავხსნა ის, რომ სამ მილიონიან მონპელიეს რეგიონში მაინცდამაინც იმ ოჯახთან მქონდა კავშირი, სადაც ის ბრძანდებოდა. ეს ნამდვილად საოცრებაა. ხატი ნამდვილად თავისი სურვილით დაბრუნდა საქართველოში.

скачать dle 11.3