კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 რატომ უსკდებოდა გული თეა დარჩიას შვილთან ერთად ცეკვისას

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  თავიდან იცნობდნენ როგორც თეა დარჩიას შვილს, მაგრამ უკვე წლებია, „სუხიშვილების“ მოცეკვავეა და საკუთარი პროფესიონალიზმითა და ცეკვისადმი უზომო სიყვარულით, მოახერხა, რომ დღეს ის არაჩვეულებრივი მოცეკვავე მარიამ მათიაშვილია და არა მხოლოდ თეა დარჩიას შვილი.
  მარიამ მათიაშვილი: მთელი ჩემი ცხოვრება ცეკვის გარშემო ტრიალებს და ბუნებრივია, ამ პროფესიაზე ვგიჟდები. თეა მაშინაც აქტიურად ცეკვავდა, როცა ჩემზე ფეხმძიმედ იყო. თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, პატარა რომ ვიყავი, ცოტა გული მტკიოდა იმის გამო, რომ დედა არასდროს მყავდა გვერდით, რადგან ძალიან ბევრს მოგზაურობდა და უამრავი კონცერტი ჰქონდა. მაგრამ ცოტა წამოვიზარდე და გავაცნობიერე, რომ სხვა გზა არ იყო და მით უმეტეს, ახლა, ეს ყველაფერი ჩემს თავზე რომ გამოვცადე, თეას ძალიან კარგად გავუგე. სამი-ოთხი წლიდან დავიწყე მის სტუდიაში ცეკვა. შემდეგ ჩემი პედაგოგი ტატა გომელაური იყო და მან მითხრა, მოდი „სუხიშვილებში“ სცადე, რას კარგავო. იმ დღიდან დავიწყე და უკვე ცხრა წელია, ანსამბლში ვარ. ამ პროფესიით ჩვეულებრივად „მოვიწამლე“ (იცინის). თეას რომ ვუყურებდი, ყოველდღიურად ვხედავდი, რამხელა შრომა იყო საჭირო ამ ყველაფრისთვის, მაგრამ ცეკვა იმდენად მიყვარს, ამაზე უარს ვერ ვიტყოდი.
– რთული იყო „თეა დარჩიას შვილობიდან“ მარიამ მათიაშვილად ქცევა?
– ძალიან ხშირად მესმოდა – ეს თეას შვილია, შემდეგი ეტაპი იყო შედარება. ვიცი, რომ თეამდე ბევრი მიკლია და კიდევ ძალიან უნდა გავიზარდო, რომ მასავით ცეკვა შევძლო. სტაჟზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული. პატარა რომ ვიყავი, ცოტა გული მტკიოდა, როცა თეას მადარებდნენ, მაგრამ ასაკთან ერთად გავაცნობიერე, რომ ეს დიდი პატივია. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მქონდა, როცა პირველად დავდექი სცენაზე თეას გვერდით. სცენაზე მის გვერდით დგომა ადვილი საქმე არ არის (იცინის). ვნერვიულობდი საკუთარ თავზე და იმაზეც, რომ გვერდით თეა მედგა. სხვათა შორის, სულ მეკითხებოდნენ, თეა სახლში ხომ გამეცადინებს დამატებითო?! რატომღაც ყველას ასე ეგონა, არადა, არასდროს ყოფილა მსგავსი შემთხვევა. ყოველთვის ვცდილობდი, თეასგან რჩევები მიმეღო, მაგრამ სახლში დამატებით არასდროს გვივარჯიშია. სხვათა შორის, ძალიან კრიტიკული იყო ჩემ მიმართ. მესმის მისი, როცა შენი შვილი ცეკვავს, სხვა პასუხისმგებლობაა. მითხრა: ჩემ გვერდით რომ იდექი, კინაღამ მოვკვდი, გული მისკდებოდაო (იცინის). ყოველთვის ცდილობდა, ყველა შეცდომაზე პირდაპირ მიეთითებინა, მეწყინებოდა თუ არა ეს. ბავშვი რომ ხარ, შენიშვნები სხვანაირად ახლოს მიგაქვს გულთან, მაგრამ ახლა ვხვდები ამ ყველაფრის მიზანს და უზომოდ მადლიერი ვარ. ორი უკიდურესობაა, თუ გაქებს, ამასაც მთელი ემოციებით, სიყვარულითა და სიამაყით აკეთებს. როცა მასთან სტუდიაში ვვარჯიშობდი, სხვებისთვის ყოველთვის მე ვიყავი მაგალითი. ანუ, მე მაძლევდა შენიშვნას, რომელიც სხვას ან ყველას უნდა გაეგონა (იცინის).
– მარტო შენი თეა როგორია?
– მე და თეა ბავშვობიდან ძალიან კარგი მეგობრები ვართ. უდიდეს პატივს ვცემ, როგორც დედას, როგორც პროფესიონალს – თეა ჩემი კუმირია. ყოველთვის ყველაფერში მისაბაძი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში მასთან დიდ დროს ვერ ვატარებდი. თუმცა, ის მცირე დრო ყველაზე ძვირფასი იყო ჩემთვის. თეა გმირი დედაა, ოთხი შვილი გააჩინა და ცხრა თვის ორსული დღეში ოთხ რეპეტიციას ატარებდა. რაც გაბრიელი დაიბადა, აღარ ცეკვავს, მაგრამ საკუთარ სტუდიაში ასწავლის და ყოველდღე რეპეტიციები აქვს, კვირა დღესაც არ ისვენებს. ახლა მეც სულ გასული ვარ და ჩვენი ერთად ყოფნა დიდი ფუფუნებაა, მაგრამ როცა ამას ვახერხებთ, ძალიან თბილი და მოსიყვარულე დედა-შვილი ვართ. ერთად რომ გვხედავენ, ხშირად კითხულობენ ხოლმე, რომელია დედა და რომელი შვილიო (იცინის). საოცრად გამოიყურება. სხვათა შორის, ცეკვა ინახავს ასაკს. გეხმარება, სულ კარგად გამოიყურებოდე და თეა ამის ნათელი მაგალითია. საამაყოა, როცა დედაშენი ასე გამოიყურება. იმედია, წლების შემდეგ მეც თეასნაირ ფორმაში ვიქნები (იცინის).
– უმცროსი და-ძმაც ცეკვავს?
– ჩემზე ბავშვობიდან ხუმრობდნენ: მარიამი წყალზე რომ გავაგზავნოთ, სანამ მოიტანს გზაში ერთ ცეკვას დაამთავრებსო (იცინის). ძალიან მხიარული ოჯახი ვართ. დედ-მამა – მოცეკვავე, მეც უკვე პროფესიონალურად დავეუფლე ამ პროფესიას. ჩემი ძმა – მირიანი, რომელიც 17 წლისაა, ძალიან მაგრად ცეკვავს, თან, თვითნასწავლია. იოანა არის საოცრება, თამამად ვამბობ, რომ ცხრა წლის ასაკში მე ეგეთი არ ვიყავი. გაბრიელიც საოცრად ცეკვავს – მოკლედ, მთელი ოჯახი ამისთვის ვართ დაბადებული (იცინის).
– პირადი ცხოვრების ამბებით თეასგან რადიკალურად განსხვავდები...
– კი. თეა ცხრამეტი წლის იყო, მე რომ გამაჩინა. მე არ ვჩქარობ. იმ ასაკში არ ვარ, რომ ეს ნაბიჯი დაუფიქრებლად გადავდგა. ზრდასრული ადამიანი ვარ და მინდა, ჩემი ცხოვრება ჭკვიანურად წარვმართო. ამ ეტაპზე მაქვს ჩემი პროფესია, საოცარი ოჯახი და ვარ ძალიან დაკავებული.
– თეა ამბობდა, ვინმე კარგ ბიჭს რომ დავინახავ მის გვერდით, ან დაქალის ქმარია, ან მეგობარიო.
– (იცინის) ყველა შენი მეგობარი როგორააო, სულ მაგაზე მეჩხუბება. ერთხელ უკრაინაში ვიყავი ორი თვით და ჩემი მეგობრის ქმართან ერთად გადაღებული ფოტო დავდე. ცოტა ხანში ვკითხულობ თეას კომენტარს: დე, ეს ბიჭი ვინ არის? (იცინის). ამასთან დაკავშირებით ძალიან სახალისო ფაქტები გვქონია. თეა უსაყვარლესი ადამიანია.
– შენ გვერდით მოცეკვავე მეორე ნახევარი წარმოგიდგენია?
– ცხოვრებამ მასწავლა, რომ „არასოდეს უნდა ვთქვა, არასოდეს“, ამიტომ წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ამ პროფესიის სირთულეებიდან გამომდინარე, უკეთესია, თუ მოცეკვავე არ იქნება (იცინის). თუმცა, ჩემი მოცეკვავე მამიკო იდეალური ადამიანია და მას და თეას ძალიან გაუმართლათ. სამაგალითო ოჯახი აქვთ, მაგრამ მამაჩემისნაირები არა მგონია, ბევრი იყოს. მამა განსაკუთრებულად მიყვარს. როცა დედა მოგზაურობდა, ყველაფერს ის აკეთებდა. ჩემზე ძალიან დიდი ამაგი აქვს – დედაც ის იყო და მამაც. წარმოიდგინეთ, დასასვენებლად მას დავყავდით ორი ბავშვი ხან ბორჯომში, ხან ბაკურიანში და მიუხედავად იმისა, რომ კაცია, აბსოლუტურად ყველაფერს გვიკეთებდა. გოგოები ხომ უფრო დედასთან არიან ახლოს და უმხელენ თავიანთ საიდუმლოებებს, მე მამასთანაც ზუსტად იგივე დამოკიდებულება მაქვს.
– სერიოზულად შეყვარებული არასდროს ყოფილხარ?
– შეიძლება, ცოტა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ყველა ასაკს თავის სიყვარული აქვს. დღევანდელი გადმოსახედიდან, შეიძლება, მაშინ ისეთი მძაფრი ემოციები არ მქონია, მაგრამ იმ პერიოდში ხომ ასე ვთვლიდი?! საერთოდ, ძალიან თბილი და ემოციური ადამიანი ვარ და მით უმეტეს, როცა შეყვარებული ვარ, სულ ვიღიმი, ვბრჭყვიალებ და დავფრინავ (იცინის). ჩემი აზრით, ადამიანს სიყვარული აბედნიერებს.

скачать dle 11.3