კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 მსჯავრდებული ქალის დღიური

ნინო კანდელაკი ბაია თბაგარი

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #24-25(964)
– არ გაინტერესებს, ვისი ცოლი უნდა გახდე? – შეპარვით იკითხა დედამ.
– რა მნიშვნელობა აქვს. როგორც თქვენ გინდათ, ისე მოვიქცევი, – ვთქვი ისევ მორჩილად და თავი ჩავღუნე. მე ისე მიჩვეული ვიყავი მათი მოთხოვნების უსიტყვოდ შესრულებას, რომ პროტესტის გრძნობა საერთოდ არ გამჩენია, მაგრამ როდესაც გავიგე, რა მზაკვრული გეგმის განხორციელებაში უნდა გამოვეყენებინე საკუთარ მშობლებს იმის გამო, რომ თვითონ არაფერი მოჰკლებოდათ, რწმენის, სიკეთის, იმედისა თუ რაღაც უკეთესის მოლოდინის უკანასკნელი უწვრილესი ძაფიც კი ჩამიწყდა სულში და უკვე ყველაზე საშინელი საქციელის ჩასადენად ვიყავი მზად, რადგან ვიგრძენი, როგორ მომენტალურად, იმავე წამს გავხდი მათზე უარესი მონსტრი.
– მაინც გეტყვი, – განაგრძო დედამ, – ეს არის 70 წლის კაცი, მარტოხელა, ხეიბარი – მარცხენა ხელი და ფეხი ამპუტირებული აქვს და ეტლში ზის. ეტლით უნდა გაასეირნო ხოლმე, მაგრამ მომვლელიც ჰყავს და არ გაგიჭირდება. გული სერიოზულად აწუხებს, თუმცა ზოგადად ყოჩაღად არის. ქვრივია, საკმაოდ მდიდარი. ერთი შვილი ჰყავს, გეი და ნარკომანია და რამდენიმე წლის წინ ჰოლანდიაში გაეპარა, ამიტომ დაემუქრა, რომ ახალგაზრდა გოგოს შევირთავ ცოლად და მთელ ქონებას მას დავუტოვებო. იმან კი შემოუთვალა, სულ ფეხებზე მკიდიხართ შენც და შენი ქონებაც, რაც ჩემს სახელზე ფული გქონდა შეტანილი, ისიც კარგად მეყოფაო.
– მერე, თანახმაა, ასე უნახავად შემირთოს? – ვკითხე გულგრილად.
– სურათები და ვიდეოები ვაჩვენეთ და მოეწონე, – საჩქაროდ თქვა დედამ.
– კი მაგრამ, იმისი სიმდიდრე თქვენ რაში გარგიათ? – გავბედე და ცოტა ირონია ჩავაქსოვე ჩემს სიტყვებში (შეგნებულად ვთქვი „თქვენ“ და არა „ჩვენ“ ან „ჩვენს ოჯახს“), – იქნებ კიდევ ოცი წელი იცოცხლოს, იმას უნდა ელოდოთ?
– არაფერსაც არ დაველოდებით. სწორედ აქ უნდა გამოიჩინო სიყოჩაღე და მოხერხება, რომ ცდა არ დაგვჭირდეს, – ეშმაკურად მოწკურა თვალები დედაჩემმა.
ვიგრძენი, რომ იმ წუთას, ღმერთო მაპატიე და, ორი სატანა მეჯდა წინ და ჩემს ცდუნებას ცდილობდა, მაგრამ ცოტა ხანში აღმოვაჩინე, რომ მესამე სატანა თავად მე ვიყავი.
– რა უნდა გავაკეთო, ერთი-ორი თვის შემდეგ საწამლავი შევურიო საჭმელში და მოვკლა? – ჩემმა სიმშვიდემ თვითონვე შემზარა.
– არა, მთლად ასეთი რადიკალური ზომების მიღება არ არის საჭირო, – ჩემზე უფრო მშვიდად მიპასუხა მამაჩემმა, – შენ უნდა მოიპოვო ნდობა და მერე ნელ-ნელა დაიწყო მისი ფულის, სამკაულისა და ძვირფასი ნივთების გამოზიდვა. თუ რამე უძრავი ქონება გადმოგიფორმა, იმასაც ჩვენ...
– აგიწყვიათ საქმე და ეგ არის! – ეს ისე თამამად ვთქვი, რომ მივხვდი, აღარ მეშინოდა მათი, რადგან ვიგრძენი, რომ მათზე უარესი თუ არა, მათნაირი ნამდვილად გავხდი.
ამ სიტყვების გაგონებისას მშობლების თვალებში შიში, ეჭვი და დაძაბულობა ამოვიკითხე, მაგრამ მალე დამშვიდდნენ, რადგან თვითონაც მიხვდნენ, რომ მათთვის საშიშროებას არ წარმოვადგენდი.
... ჩემი ქმარი ცოტა ჭირვეული და თავისნათქვამა, მაგრამ კეთილი კაცი აღმოჩნდა. ჩემ მიმართ თბილად იყო განწყობილი და არაფერს მაკლებდა. რამდენიმე თვე დამჭირდა სრული ნდობის მოსაპოვებლად, მერე კი მართლაც თავზე მაყრიდა უძვირფასეს სამკაულს, საჩუქრებს. ერთ-ერთ ბანკში ანგარიში გამიხსნა, საკმაოდ დიდი თანხა ჩამირიცხა „ქალური წვრილმანებისთვის“ და არასდროს უკითხავს, რაში დახარჯეო. იმდენად კარგად მექცეოდა, რომ თითქმის შემიყვარდა, ოღონდ, არა როგორც ქმარი, არამედ როგორც მზრუნველი მამა.
ყველაზე რთული ჩემთვის იყო მისი სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, თუმცა ძალა არასდროს დაუტანებია. წლების მიუხედავად, ამ მხრივ არ იყო მთლად დაუძლურებული, მაგრამ მისი ხეიბრობა და ასაკი ჩემზე დამთრგუნველად მოქმედებდა. თუმცა, სხვა გზა არ მქონდა, ბედნიერი და კმაყოფილი ცოლის როლი უნდა მეთამაშა.
რამდენიმე თვის შემდეგ (როგორც თვითონ მითხრა, ჩემ გამო) ამპუტირებული ხელისა და ფეხის პროთეზები გააკეთებინა, რათა მე არ მეწვალა ეტლით მისი ტარების დროს და, თანაც, ძალიან მოუნდა, ფეხით გაესეირნა ხოლმე ჩემთან ერთად ან ერთად წავსულიყავით სადმე – თეატრში, გამოფენებზე, მის მეგობრებთან, რესტორანში... მოკლედ, ვგრძნობდი, რომ ამ კაცს შევუყვარდი. ჩემთან იმდენად ბედნიერად გრძნობდა თავს, რომ ერთ დღეს თავი ვერ შევიკავე და ვკითხე:
– ასე რომ მაღმერთებ და მენდობი, ის თუ იცი, როგორი ოჯახიდან ვარ?
– მე ყველაფერი ვიცი, – გამიღიმა კეთილად.
– მერე, არ გეშინია?
– მე სიკვდილის წინ დიდი სიყვარულის ღირსი გამხადა ღმერთმა და ახლა აღარაფრის მეშინია გარდა იმისა, რომ შენ არ მიმატოვო, – მითხრა და ხელზე ისე მომეფერა, ჟრუანტელმა დამიარა.
– მშვიდად იყავი, ეგ გამორიცხულია, – ვუთხარი გულაჩუყებულმა და ჩავეხუტე, თუმცა იმ საღამოს მაინც გადავურიცხე დედაჩემს სოლიდური თანხა და გავუტანე უზარმაზარი ბრილიანტის თვლებით მოოჭვილი საყურეები, რომელიც ლევანმა (ქმარმა) ერთი თვის წინ მაჩუქა.
არ ვიცი, წინათგრძნობა ალაპარაკებდა თუ რა იყო, ჩვენი ამ დიალოგიდან ერთი კვირის შემდეგ მე და ლევანი რესტორანში წავედით – მისმა მეგობარმა დაგვპატიჟა. იმ დღეს კარგად ვერ იყო და ვთხოვე, სახლში დავრჩენილიყავით, მაგრამ არ ქნა – მინდა, ყოველი დარჩენილი წუთით დავტკბე შენთან ერთადო.
რესტორანში ძალიან მოილხინა, ცოტა დალია კიდეც და საცეკვაოდ გამიწვია. ჯერ ვალსი მაცეკვა, მერე ფოქსტროტი. მთელმა დარბაზმა ტაშით დააჯილდოვა. ყველას თავი დაუკრა, მერე მე მომიბრუნდა, ამდენ ხალხში გულში ჩამიკრა, ტუჩები ყურთან მომიტანა და ჩამჩურჩულა:
– გმადლობ, რომ ბედნიერს მიშვებ ამქვეყნიდან... – მერე სკამზე დამსვა, მაგიდაზე მდგარი ლარნაკიდან ერთი წითელი ვარდი აიღო, ჩემ წინ მუხლზე დაიჩოქა და ვარდი კალთაში ჩამიდო, მუხლზე დასვენებულ ჩემს ხელს ეამბორა და უცებ ვიგრძენი, როგორ ამოვიდა მისი სხეულიდან სული. შეშინებულმა შევხედე. სახეზე ნეტარი ღიმილი ეფინა, თვალები კი სამუდამოდ მერე დახუჭული.
შორიდან ჩამესმა ვიღაცის კივილი. მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ მივხვდი, რომ მე ვკიოდი...
ქმრის გარდაცვალება მართლაც მძიმედ გადავიტანე. სამაგიეროდ, ჩემი მშობლები იყვნენ ბედნიერებისგან აჟიტირებულები. ლევანის სიკვდილის შემდეგ მისი ადვოკატი მოვიდა და შემატყობინა, რომ ჩემს ქმარს მთელი თავისი ქონება, გარდა ერთი ბინისა და რაღაც თანხისა, მთლიანად ჩემს სახელზე ჰქონდა დარეგისტრირებული, ის ბინა და თანხა კი თავის მომდურებულ შვილს უანდერძა, რომელიც გასვენებაზეც კი არ ჩამოსულა.
ჩემმა მშობლებმა ნება დამრთეს, რომ ექვსი თვე ქმრისეულ სახლში მეცხოვრა, მერე ყველაფერს ისე მოუარეს, როგორც თვითონ ჩათვალეს საჭიროდ და ახალი სასიძოს ძებნას შეუდგნენ.
არ ვიცი, როგორ ახერხებდნენ, მაგრამ ამ „მეთოდით“ კიდევ სამჯერ გამათხოვეს (სამჯერვე მდიდარ და მარტოხელა მოხუცზე), ოღონდ, ლევანისნაირი ქმარი აღარ მყოლია. ლევანისნაირი კი არა, მეორე ქმარი ისეთი სადისტი და ავადმყოფი ფსიქიკის მქონე ბებერი იყო, სიამოვნებით ვპარავდი ფულსა და ნივთებს და დედაჩემს ვუგზავნიდი. სექსის დროს ისე მაწამებდა, სიკვდილს ვნატრობდი. ერთ დღეს კი, როდესაც დიდი ტანჯვისა და მოთმინების შემდეგ ჩემზე დავაწერინე ანდერძი, დავალევინე რამდენიმე ფინჯანი ყავა და ბლომად კონიაკი, მერე კი სასეირნოდ გავიყვანე. იმდენი ვატარე ფეხით, გულმა ვეღარ გაუძლო და ინფარქტით გარდაიცვალა სახლში დაბრუნებისთანავე. კიდევ კარგი, მოვიფიქრე და სეირნობისას მოსამსახურე წავიყოლე თან, თორემ მის სიკვდილში ეჭვმიტანილი მე ვიქნებოდი, არადა, პრინციპში, ასეც იყო.
მისი ქონებაც თითქმის მთლიანად მე დამრჩა (უფრო სწორად, ჩემს მშობლებს).
მესამე ქმარი ყოფილი ქურდი აღმოჩნდა, მერე განარკომანებული და გაბარიგებული და, ამ შავბნელი საქმიანობით ჰქონდა დაგროვილი უზარმაზარი ქონება.
ისიც ძალიან მაწამებდა. ყველაფერთან ერთად, ხშირად მოსდიოდნენ ყოფილი „პაძელნიკები“ და კლიენტები და, როგორც წესი, მათი ყოველი სტუმრობა ჩხუბით, გინებითა და იარაღის ტრიალით მთავრდებოდა.
ერთ-ერთი ასეთი შეხლა-შემოხლის დროს ერთმა ახალგაზრდა „პაძელნიკმა“ იარაღით დაჭრა და გაიქცა, დანარჩენებსაც შეეშინდათ და თავქუდმოგლეჯილები გაცვივდნენ. ჩემი ქმარი სისხლისგან იცლებოდა და, მაშინვე ექიმი რომ გამომეძახებინა, შეიძლება, გადარჩენილიყო კიდეც, მაგრამ, ამის ნაცვლად, სასწრაფოდ გავხსენი მისი სამალავები და სეიფები (წინასწარ მქონდა ყველაფერი შეგულებული), უამრავი ფული და რამდენიმე ცალი ოქროს ზოდი ჩავალაგე ჩანთაში და საიმედო ადგილას გადავმალე – ამას სულ რამდენიმე წუთი მოვანდომე. მერე ჭრილობა უბრალოდ გადავუხვიე – ვითომ მივხედეს ვარიანტში და სასწრაფო დახმარებასა და პოლიციაში დავრეკე.
პოლიციას ყველაფერი ისე ვუამბე, როგორც მოხდა, მხოლოდ ჩვენი სტუმრების ვინაობები არ დამისახელებია. თუმცა მოგვიანებით მაინც ყველა დაიჭირეს.
რადგან ოფიციალური ცოლი ვიყავი, ამ ქორწინებიდანაც დიდი ქონება დარჩათ ჩემს მშობლებს. მაგრამ, ოფიციალური ქონების გარდა, მივაგენი ნარკოტიკების სამალავს და ახლა მე თავად დავიწყე ბარიგობა. რადგან ქმრის კლიენტურა უკვე მიცნობდა „ტავარის“ გასაღება არ გამჭირვებია. თანაც ზემოთ ხომ ვთქვი, ვიგრძენი, როგორ გაიღვიძა ჩემში მონსტრმა-მეთქი. ჰოდა, ახლა ეს მონსტრი მთელი ძალით გააქტიურდა.
ჩემი მშობლები ყვაოდნენ ბედნიერებისგან – უწვალებლად მოსდიოდათ ათიათასები.
ჩემი ბოლო ქმარი ყოფილი რაიკომის მდივანი იყო. მაშინდელი ნაგროვები ფული (ვალუტაში) და ოქრო ჰქონდა გადამალული, რომ არაფერი ვთქვა უამრავ უძრავ ქონებაზე. მანაც ძალიან გვიან, 80 წლის ასაკში მოინდომა (იმანაც მეოთხედ) ცოლის შერთვა, მაგრამ ამ ახუნტრუცებას შეეწირა კიდეც – შუა სექსის დროს (ამასაც თუ სექსი ერქვა) დაარტყა წნევამ და ეს გახრწნილი ლეში ზედ დამაკვდა. აქ ნამდვილად არაფერ შუაში არ ვიყავი, ამიტომ არანაირი პრობლემა არ შემქმნია. მისი ქონება კი ანდერძის თანახმად გავიყავით მე და მისმა გაუთხოვარმა ქალიშვილმა.
მეოთხედ დაქვრივების შემდეგ, როდესაც ამდენი ქონების დაუყვედრებლად გადაცემის მერე მშობლებს ჩემთვის ცალკე ბინა მოვთხოვე, მამაჩემმა მომაძახა, ამდენს რომ ბარიგობ, იმ ფულით იყიდე შენთვის ბინაო. ამ კამათში ჩემი ძმაც შემოგვესწრო (რა თქმა უნდა, „კაიფში“ იყო), იმანაც თავისი მოითხოვა და ატყდა ერთი ამბავი – ყველამ ერთმანეთზე გაიწია. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა მამაჩემმა თავის გვარის გამგრძელებელ მემკვიდრეს უარი აკადრა და ეს შემთხვევა პირველი და უკანასკნელი აღმოჩნდა: ჭკუიდან გადასულმა აჩიკომ მაგიდაზე მდგარ სპილენძის ქანდაკებას დაავლო ხელი და მამას მთელი ძალით ჩაარტყა საფეთქელში.
ამოხეთქილმა სისხლმა ყველა გაგვაოგნა. ამ სიტუაციამ აჩიკო წამით გონზე მოიყვანა და აღარ იცოდა, რა ექნა. დედაჩემმა ყველაზე პირველმა მოახერხა გონს მოსვლა, მობილურით პატრული და სასწრაფო გამოიძახა და მოსულებს განუცხადა:
– ჩემმა ქმარმა ჩემს გოგოზე ძალადობა სცადა, ბიჭი შეებრძოლა, მაგრამ ვერ მოერია მამას. მაშინ გოგომ ეს სპილენძის ქანდაკება მოუქნია და თავი გაუხეთქა მამამისს.
ეს ისეთი აბსურდული და უნამუსო ტყუილი იყო, რომ აჩიკოც კი გაოგნდა, მაგრამ ჩემი უბედური და საცოდავი ძმა კიდევ უფრო მეტად გაოგნდა, როდესაც ჩემი სიტყვები გაიგონა:
– დიახ, ყველაფერი ასე მოხდა. გარდა ამ დანაშაულისა, მე რამდენიმე წელია, ნარკოტიკების გამსაღებელი ვარ. შეასრულეთ თქვენი მოვალეობა, დამაპატიმრეთ – ვთქვი და მაჯები გავუშვირე ხელბორკილის დასადებად.
პირველმა შოკმა რომ გაუარა, აჩიკომ გააცნობიერა, რომ გადარჩა და ჩემს ნათქვამს დაეთანხმა.
მე დამაპატიმრეს, მალე სასამართლო იქნება. არ ვიცი, რას მომისჯიან, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი სულერთია. ბედნიერი მხოლოდ იმით ვარ, რომ ჩემი პირველი ქმარი შემახვედრა განგებამ და კიდევ იმით, რომ მე და ჩემს ძმას შვილები არ გვყავს – არ იყო საჭირო ჩვენი დამპალი გენის გაგრძელება. იმედია, ჩემი დები ჩვენ არ გვგვანან. სხვათა შორის, ყოველთვის მინდოდა მათი მოძებნა, მაგრამ ეს არ გავაკეთე – რაში სჭირდებათ ჩემნაირი სამარცხვინო და ცოდვიანი ნათესავი. ამიტომაც არასდროს მიცდია.
ეს ჩანაწერები არის ჩემი დღიური, აღსარება, აღიარებითი ჩვენება – რაც უნდა, ის დაარქვას იმან, ვინც მას ოდესმე წაიკითხავს. ეს არის ერთი ცოდვილი ოჯახის ისტორია, რომელიც მაგალითია იმისა, როგორ არ უნდა იცხოვროს ადამიანმა. ხომ გაგიგიათ, ვინც მახვილს აღიღებს, მახვილითვე განიგმირებაო. ჰოდა, ჩვენს ოჯახზე ახდა ეს სიტყვები.
აღარაფერი მაინტერესებს, აღარაფერი მინდა. ერთადერთი, უკანასკნელი ოცნებაღა მაქვს: თუ ცოცხალი გადავრჩი, აქედან, ციხიდან მოვახერხებ სპონსორის პოვნას, რომ ჩემი ეს რვეული წიგნად გამოვცე. ეს იქნება ჩემი აღსარებაც, მონანიებაც და მხილებაც როგორც საკუთარი თავის, ისე მშობლებისა და ყველა იმ ადამიანისა, ვინც მე ასეთად მაქცია.
P.S. ეს დღიური ციხეში დავწერე. აქ ერთი ბადრაგია, რომელმაც შემიბრალა და დამთანხმდა, ეს რვეული ჩემს ერთადერთ ახლობელსა და გულშემატკივარს, ჩემს მეზობელ მაიკოს გადასცეს, რომელიც ჩემს ბინაში წიგნების პირველივე თაროზე დადებს მანამ, სანამ მის წასაღებად ვინმე მიაკითხავს.
მარი ტ.
***
პროკურორმა მართლაც თითქმის ორი საათი მოანდომა ბრალდებულის დღიურის წაკითხვას.
მართალია, ცოტა გაზვიადებულად და მელოდრამატულად მოეჩვენა მასში აღწერილი ამბები, მაგრამ იგრძნო, რომ ამ სტრიქონებს მიღმა რეალური ადამიანის რეალური ცხოვრება იყო მოთხრობილი.
მაშინვე დაუძახა თავის მდივანს, რვეულის რამდენიმე ცალად გადაქსეროქსება დაავალა და მერე გამომძიებელსა და მისამართლეს დაუკავშირდა:
– ჯერ თქვენ წაიკითხეთ ბოლომდე, დღესვე, მერე კი ასლები ნაფიც მსაჯულებს დაურიგეთ, რომ იმათაც წაიკითხონ ერთ კვირაში ყველას წაკითხული უნდა ჰქონდეს. ერთი კვირის შემდეგ სასამართლო პროცესია დანიშნული!
***
ერთი კვირის შემდეგ ბრალდებულების სკამზე მარი ტ-ს დედა და ძმა ისხდნენ. ქალს აღარ ეკეთა ბრილიანტის სამკაული, არც დაცვის ორი ამბალი „უმშვენებდა“ მხარს. დედა-შვილი გამტკნარებული სახით იყურებოდა სივრცეში და განაჩენის მოლოდინში გატრუნულიყო.
მარი ტ-ს სკამზე არავინ იჯდა, ის ვეღარასოდეს დაიკავებდა ამ ადგილს, რადგან სასამართლო პროცესის წინა დღეს მიაბარა ცოდვილი სული უფალს.
პროცესმა ხმაურით ჩაიარა.
– სასამართლო მიდის განაჩენის გამოსატანად! – გაისმა დარბაზში.
***
გავიდა რამდენიმე თვე. ყველას თავისი მიეზღო.
ამ საქმის შემდეგ მარი ტ-ს ადვოკატს კიდევ უამრავი ბრალდებულისა თუ ეჭვმიტანილის დაცვა მოუწია, მაგრამ რატომღაც, მარი ტ-ს საქმემ, უფრო სწორად კი დღიურმა, ისე ძლიერად იმოქმედა მასზე, რომ სულის სიღრმემდე შეძრულმა ახალგაზრდა კაცმა გადაწყვიტა, თავად მოეძებნა სპონსორი, საკუთარი დანაზოგიც დაემატებინა და უკანასკნელი ოცნება აესრულებინა მშობლების მსხვერპლად ქცეული ახალგაზრდა ქალისთვის.
რამდენიმე დღის შემდეგ ადვოკატს პროკურორმა დაურეკა.
– მიცანი?
– რა თმა უნდა, ბატონო პროკურორო!
– მე ვიქნები მეორე სპონსორი. ერთად გამოვცეთ დღიური!
– თქვენ საიდან იცით, რომ სპონსორს ვეძებ?
– შენ წარმოიდგინე, კომპიუტერი მეც მაქვს, – გაეცინა პროკურორს, – ოღონდ, არ მინდა, რომ ჩემი ვინაობა სადმე გამოჩნდეს.
– არც მე მინდა გამოჩენა. დიდი მადლობა, ყოველთვის მჯეროდა თქვენი! – სიხარულისგან იყვირა ადვოკატმა.
***
დაახლოებით ერთი თვის შემდეგ წიგნის მაღაზიის თაროებზე გამოჩნდა ლამაზად გაფორმებული პატარა ფორმატის წიგნი, სათაურით – „მსჯავრდებული ქალის აღსარება“, რომელსაც უცნაური წინასიტყვაობა ჰქონდა: „სახსოვრად მარი ტ-ს, სიკვდილის შემდეგ“.
დასასრული
скачать dle 11.3