კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 თამარ სხირტლაძე: ქალი თუ კაცს შეუჩნდა, ჭკუას დააკარგვინებს

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

სახელი: თამარი.
გვარი: სხირტლაძე.
პროფესია: მსახიობი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– ლაგოდეხში ვარ დაბადებული. დედა იმერელი, მაჭარაშვილის ქალი იყო, ლაგოდეხის რაიონიდან, სადაც იმერლები არიან ჩასახლებული.  ირმა ნიორაძის ბაბუა დედაჩემის ძმა იყო. ირმას დედა ჩვენი ტოლია, ახლაც ცოცხალია. მათ სახლში, ირმას დედასთან ჩავდიოდით ყოველ ზაფხულს სტუმრად, ისიც უბენდიერესი იყო და ჩვენც. არაჩვეულებრივი ხალხი იყო. ჯანმრთელობა რომ ასე შემრჩა, ეს სოფლის დამსახურებაა... თეატრში ისე შევედი, მამაჩემმა არაფერი იცოდა. სცენაზე მნახა და იძახდა როგორ ჰგავს თამრიკოსო. მერე ბიძაჩემმა უთხრა, ეს შენი თამრიკოაო.
– რა გაღიზიანებთ?
– მაღიზიანებს ადამიანი ისეთად რომ მაჩვენებს თავს, როგორიც არ არის. ასევე, მაღიზიანებს ტყუილი. ტყუილს რომ მეტყვიან, მერე მისი არც მართალი მჯერა და მთელი ცხოვრება სულ უნდობლად ვუყურებ. პატარა რაღაცის მოტყუებაც ჩემთვის ტყუილია.
– რისი გეშინიათ?
– სიკვდილის, რა თქმა უნდა, ყველას ეშინია,  მაგრამ ჩემი მეუღლისა და შვილის მერე სიკვდილიც გამიადვილდა. რვა შვილთაშვილი მყავს და ორი შვილიშვილი. მეშინია, რომ ბავშვებს არაფერი მოუვიდეთ და დებსაც კი ვიმეტებ – ოთხმოც წელს გადაცილებულები არიან... გველის მეშინია და ქუჩაშიც რომ ზოლს ვხედავ, ისიც გველი მგონია.
– ყველაფრის პატიება შეიძლება?
– არ მგონია, ყველაფრის პატიება შეიძლებოდეს. მე ერთი-ორჯერ მომექცა ერთი ადამიანი ცუდად, დაუმსახურებლად. მოსკოვში წავედით, ფილმის ჩვენებაზე, სადაც ინტელიგენცია იქნებოდა. მან კი  ყველაფერი გააკეთა, რომ მე იქ არ მოვხვედრილიყავი. ერთი სიტყვაც არ მითქვამს არასდროს, მაგრამ დავემდურე, აღარაფრად ვაგდებდი, ჩემთვის აღარ არსებობდა.
– რაზე ოცნებობთ?
– დამსახურება და ქონება არასდროს მქონია,  აგარაკი და სოფელი – მით უმეტეს. არადა, ქართული სოფელი სიგიჟემდე მიყვარს და ყოველთვის მინდოდა, რომ მქონოდა... დამპატიჟებელი ბევრი მყავს, მაგრამ ეგ სხვა რამეა.
– ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი...
– ერთადერთი შვილი დავკარგე, მაგრამ მეუღლის გარდაცვალება კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა ჩემთვის. 70 წელი ერთად ვიცხოვრეთ. ბოლოს ბევრი რამ აწუხებდა, მაგრამ მაინც სულ ჩემზე ზრუნავდა. სულ მეკითხებოდა, რეპეტიციაზე ხომ არ გაგვიანდებაო... პატარა ბავშვს რომ შეეჩვევი, მის გარეშე ერთი წუთიც ვეღარ ძლებ და მერე მოგწყვეტენ, ზუსტად ასეთი რამ დამემართა... სახლში ვეღარ ვძლებ და ხშირად გარეთ გამოვდივარ, ბაღში ვზივარ. აღარ შემიძლია, ვუყურო იმ ადგილს, სადაც ის იჯდა, სადაც ხშირად იყო. ბოლოს გაჟონვა დაემართა, ოცი დღის შემდეგ ინფარქტი  და გარდაიცვალა.
– ბედისწერის თუ გჯერათ?
– ბედისწერის მჯერა. ცხოვრებაში ისეთი რაღაც ხდება, პირდაპირ გათქმევინებს: ეს ბედისწერა არ იყო? გოდერძი ჩოხელთან ძალიან ახლოს ვიყავი. მის ყველა ფილმში ვარ გადაღებული. ცოლ-შვილი სულ თან დაჰყავდა. „ლუკას სახარება“ რომ გადაიღო, იქ მე ბებიას ვასრულებ და ლუკას კი მისი ბიჭი თამაშობს, მასაც ლუკა ჰქვია. მიდიოდნენ სადღაც, მოხვდნენ ავარიაში, გადმოვიდნენ მანქანიდან, ესენი გადარჩნენ. ნიკუშა, გოდერძის მეორე ბიჭი, რომელიც მანქანაში იმყოფებოდა, ბორდიურზე დადგა და აქედან უსმენს, ლუკა ჩართულია საუბარში. რაღაცამ გამოიარა, წაჰკრა და ბიჭი ხევში გადააგდო. მთამსვლელები ჩავიდნენ და ძლივს ამოიყვანეს. დალეწილი ბიჭი ააწყვეს. ცოცხალია, მაგრამ მძიმედაა. რამდენი წელია, ამას მკურნალობენ. ბედისწერა არაა?
– ოდესმე თეატრის დატოვება გიფიქრიათ?
– როდესაც შვილის ავადმყოფობა გავიგე. იმ პერიოდში თემურ ჩხეიძე სპექტაკლს დგამდა, სადაც მედიკო ჩახავასთან ერთად მეც მოვხვდი. მედიკოსთან თამაშზე, ალბათ, ვერც ვიოცნებებდი და ამ დროს დამატყდა თავს უბედურება... გავიგე თუ არა შვილის ამბავი, მივედი და თემურ ჩხეიძეს და მედიკო ჩახავას ვუთხარი, თეატრში ვეღარ მოვალ და დღესვე-შემცვალეთ-მეთქი. ორივე ძალიან დამიდგა გვერდით... თემურმა მითხრა, თუ საერთოდ სახლში დაჯდომას აპირებ, კი ბატონო, მაგრამ თუ როდესმე თეატრში უნდა დაბრუნდე, მაშინ ნუ წახვალო... შვილის გარდაცვალების შემდეგ ჩემს მეუღლეს ნერვების ანთება დაემართა. აუტანელი ტკივილები ჰქონდა, ვერ დგებოდა და მაინც ასე მითხრა, შენ თუ ჩემი სიცოცხლე გინდა, თეატრი არ დატოვოო. დაიჟინა, შენთან ერთად ვიკვნესებ თუ უშენოდ, რა აზრი აქვსო. მეც დავთანხმდი. არავინ მელოდა, რეპეტიციაზე რომ მივედი, დარბაზში შევედი, ცოტა ბნელოდა და თემურ ჩხეიძე გაოცებული მიყურებდა, არ სჯეროდა, მართლა მე თუ ვიყავი. გადამეხვივნენ, ბევრი ვიტირეთ და დავბრუნდი თეატრში.
– როდის ტირით?
– როდესაც შვილის ავადმყოფობა გავიგე, სახლში ვერაფერს ვამბობდი, რადგან მეუღლემ არ იცოდა, რა სჭირდა. შენ უფრო ძლიერი ხარ, გაუძლებო და ამიტომაც მე მითხრეს, რომ განუკურნებელი სენით იყო ავად. ერთი თვე ხან ქუჩაში ვტიროდი, ხან ბაღში, ელენე ყიფშიძესთან მივდიოდი...
– ფაქტი, რომელმაც შეგცვალათ?
– ადრე ასეთი რამ არ მომსვლია. მაგრამ რამდენიმე წლის წინ, მოხდა ისეთი რაღაც, რომ ჩემი თავი ავიყვანე ხელში. თეა წულუკიანის საქციელმა, ჩემ მიმართ დამოკიდებულებამ ძალიან შემცვალა. არაჩვეულებრივი პიროვნებაა, არის ძლიერი და რაღაც სიძლიერე მეც გადამდო. ის, რაც მე მაწუხებდა და მტკიოდა მომაშორა და შევიცვალე.
– ვისი აზრია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
– ჩემი ქმარი, კოტე, ჩემი პირველი კრიტიკოსი იყო. ყოველი წარმატებული პრემიერის შემდეგ, ჩემს შესრულებას სხვებთან ერთად ასე შეაფასებდა: არის რა; ან იტყოდა: თან გადავყევი, იმდენი ვამუშავე სტანისლავსკის სისტემის მიხედვით, ეგ კი ვისი სისტემით მუშაობდა, არ ვიციო. სახლში გამოხატავდა ბედნიერებას, ვგრძნობდი, როგორ უხაროდა ჩემი გამარჯვებები.
– შეიძლება, ქალი კაცზე ძლიერი იყოს?
– ქალი თუ კაცს შეუჩნდა, ჭკუას დააკარგვინებს. ჩემს შვილს თავის ცოლის დაქალი რომ შეუჩნდა, არაფერმა გაჭრა, არც ჩხუბმა, არც დიპლომატიურმა საუბარმა. მერე ცოლს დაშორდა.
– სიყვარული – ეს არის...
– სიყვარული – ეს არის, პირველ რიგში, კეთილშობილება. კეთილშობილი ხარ, როდესაც შეგიძლია, ადამიანი გიყვარდეს. ადამიანი რომ გიყვარდეს და არა ის, ცეცხლი რომ მოგეკიდა და შეგიყვარდა მამაკაცი, ან შვილი ატარე ცხრა თვით და შეგიყვარდა. სიყვარული მარტო ეს არ არის. გაჭირვების ხანაში, როდესაც თეატრში დავდიოდი, რამდენჯერ ბორდიურზე ჩამოვმჯდარვარ და მიტირია შიმშილისგან, სიცივისგან. ჩემი ქმარი დამყვებოდა. ისე ძალიან მეფერებოდა – აი, სულ ცოტა დარჩა; აი, იქამდე მივიდეთ და მერე დაისვენე. მეტყოდა: გინდა, ზურგზე მოგიკიდებო? მერე სახლში დაბრუნებული, ბავშვს სასკოლოდ ვამზადებდი. მე თუ სახლში არ ვიყავი, ჩემი მეუღლე უვლიდა: აჭმევდა, სკოლაში წაიყვანდა. მერე, მეუღლე რომ ბავშვს სახლში მოიყვანდა, მე გამომიდგებოდა, რომ თეატრიდან წამოვეყვანე. ჩემი ვარსკვლავის გახსნის მეორე დღეს თეატრში მივიდა და თქვა: ძალიან ცუდად ვარ, წუხელ ღამე არ მიძინიაო. ჰკითხეს, რა  მოგივიდაო. მთელი ღამე თამარის ვარსკვლავთან გავათენე, ფეხი რომ არავის დაედგაო. მეტი რა გითხრა სიყვარულზე...

скачать dle 11.3