კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 რატომ ხვდება ხვიჩა მაღლაკელიძე მეგობრებს სახლში შიშველი და ვინ უპირებდა მას შუაზე გახლეჩას

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  მუსიკოს ხვიჩა მაღლაკელიძის ცხოვრების გზა, ყოველთვის იოლად გასავლელი არ ყოფილა. იყო ახლობელი ადამიანების გარდაცვალება, რთული პერიოდები, გაჭირვება. თუმცა, ამ ყველაფერმა მასში ვერ ჩაკლა ის სიხალისე და იუმორი, რითიც ხალხს თავი შეაყვარა.
  ხვიჩა მაღლაკელიძე: სანამ დედაჩემის მუცელში ვიჯექი, წყნარად ვიყავი, მაგრამ რომ დავიბადე, მტრისას... ჩემმა დამ მითხრა: ისეთი ნერვების მომშლელი ბავშვი იყავი, შუაზე რომ გამეხლიჩე, ის მინდოდა ხოლმეო (იცინის). მაგრამ, ვინ გაახლეჩინებდა ჩემს თავს – გვარის გამგრძლებელი ბიჭი ვიყავი ოჯახში. მოკლედ, ცელქი ვიყავი, ათასი ოინისა და საშინელებების მომგონი. მამას ჰქონდა აბაზანაში ჭიქა, კბილებს რომ გამოიხეხავდა, მერე იმ ჭიქიდან ივლებდა პირში წყალს. ავდექი და იმ ჭიქაში, ჩავასხი შამპუნი, ვითამაშე და დავდგი.  მივიდა დილით მამა, ჩაასხა წყალი და რომ გამოივლო პირში და გადმოყარა ფერადი ბუშტები, გამიგდო წიხლქვეშ. ყურის აწევა და ტაკოზე შემოცხობა, ეს ყველაზე ტკბილი ცემა იყო ჩემთვის (იცინის). იცით, სახლიდან რატომ ვერ ვიპარებოდი? მეშინოდა უკან დასაბრუნებელი გზა რომ ვეღარ გამომეკვლია – ამის ტვინი კი მქონდა. სულ მაინტერესებდა, სახლის პირობებში თუ გამოიჩეკებოდა წიწილა. ერთხელ მოვპარე დედაჩემს კვერცხი და შევდე კარადაში დაკეცილ თეთრეულში, რომ სითბოში ყოფილიყო. გავიდა კარგა ხანი და კი დამავიწყდა იმ კვერცხის არსებობა. ერთ დღესაც დედამ კარადის დალაგება გადაწყვიტა და ატყდა წიოკი: ვაიმე, ჯადო გაგვიკეთეს, ხალხნოო. დაბრდღვნა ყველაფერი და მე გავისუსე (იცინის). ერთხელ კი ბეშუმში ვიყავით. ტურნიკებზე ვეკიდებოდი ფეხებით ამოყირავებული და ისე ვქანაობდი. ერთხელაც დედა გამოვიდა სახლიდან და დავუძახე: ნახე, დედა, რა გაჩვენო-მეთქი – ვიფიქრე, „გავიკატავებ“ თავდაყირა-მეთქი. ამისრიალდა ფეხი, ჩამოვვარდი, მეტრა-ნახევარი ვიფრინე და დავასკდი მიწას. მოვიტეხე ორივე ხელი და დედაჩემი გადაირია: ამისთვის მეძახდი, დამტვრეული რომ მენახეო? (იცინის) ასე ჩავამწარე ჩემებს დასვენება. სხვათა შორის, რომ ჩამოვვარდი, გავითიშე და მაშინ მოვედი აზრზე, სპირტის საფენებს რომ მადებდნენ. ვიფიქრე, ახლა არ მცემონ-მეთქი და გამახსენდა „აკაკი წერეთლის თავგადასავალი“, რომ ამბობს: გიმნაზიაში რამე რომ შემეშლებოდა, იმდენს მირტყამდნენ ხელებში, რომ გავიზარდე, რამდენიც გამახსენდებოდა, ხელი მიკანკალებდაო.... და დავიწყე ტირილი. მამამ მკითხა: რა გატირებსო და ვუპასუხე: რაღა ვქნა, აკაკი წერეთელივით ხომ არ ვიქნები-მეთქი... მამა გადაირია: შე შობელძაღლო, აკაკი წერეთლის ნახევარი იყავი და სულ ნუ გექნება ეგ ხელებიო (იცინის).
– თუ შენს გარეგნობას დავაკვირდებით, კარგი მჭამელი ბავშვი უნდა ყოფილიყავი. გამოვიცანი?
– სხვათა შორის, არ ვიყავი მჭამელი ბავშვი. ახლაც არ ვარ მჭამელი, მაგრამ უმოძრაობის გამო დიდი ღიპი დამედო.  თან 6 საათის მერეც აღარ ვჭამ, მაგრამ ერთხელ რომ გავსუქდი, კი დავრჩი ასე პირდაღებული სანაგვე ყუთივით. მოკლედ,  დედა და მამა უთენია მიდიოდნენ სამსახურში, მე სკოლაში მეორე სმენა ვიყავი და მაგიდაზე ჭიქით მიტოვებნენ რძეში ჩაბუჟბუჟებულ პურს. თან მაფრთხილებდნენ: „ამას, გაათავებ!“ ამის გამო დღემდე, რძე და ძროხა მეზიზღება. მოკლედ, ავიღებდი რძიან და პურიან ჭიქას და გაზის უკან ვასხამდი. ბათუმში კი ისეთი ნესტია, წელიწადში ერთხელ რემონტი უნდა გააკეთო და რომ გამოწია მამამ გაზი რემონტის დაწყების წინ, პურის კედელი დახვდა და კარგად მცემა. დედა კი, იცით, რითი მცემდა? მაგიდის გადასაწმენდი ჩვრით. თან, თუ მაგიდა ახალი გადაწმენდილი ჰქონდა და ჩვარზე პურის „ფუნჩხლები“ იყო აკრული, „შკურკასავით“ მხვდებოდა და სულ დაჩხაპნილი მქონდა ზურგი. არ დამავიწყდება, გაჭირვება იყო, ტრუსიკ-მაიკები არ იშოვებოდა და დედამ მზითევში წამოღებული ლეიბის პირი მიუტანა მკერავს, მთელი ოჯახის წევრებისთვის, რომ ტრუსიკები შეეკერა. საშინელი ქსოვილი იყო, თან, ეტყობა, იმ მკერავს არ ჰქონდა ტრუსიკის თარგი, წინ მხოლოდ ერთი ზოლი გაუკეთა და ამოკერა. დავდიოდით მთელი ოჯახი და თან ვიქექებოდით ქვედატანს, საით გადამენაწილებინა ჩემი სასქესო ორგანოები, აღარ ვიცოდი (იცინის).
– ახლახან იტალიაში იყავი და ამბობენ, ჟირაფს ყბებიდან ძლივს გამოაცალეს ხვიჩას თავიო. შეჭმას გიპირებდა?
– იტალიაში, ქუჩაში იდგა ჟირაფის ფორმაში გადაცმული ჯამბაზი და მასთან ფოტოს გადაღება 2 ევრო ღირდა. გადავიღე ფოტო, გადავუხადე ის 2 ევრო, მაგრამ ეტყობა, ისე მოიხიბლა ჩემი სიფუმფულით, გააღო პირი და ჩემი თავი ყბებში მოიქცია. ჩემმა მეგობარმა ძლივს გამომგლიჯა მისი პირიდან. ისე, სულ ვამბობ: შინაგანად ძალიან ლამაზი ტან-ფეხი მაქვს, უბრალოდ, ქონშია შეცურებული და არ ჩანს-მეთქი (იცინის).
– ერთი ეს მითხარი, მეგობრებს სახლში რატომ ხვდები შიშველი?
– შიშველი კი არ ვხვდები, იტალიაში ნაყიდი წინსაფარი მიკეთია და დედიშობილა ამის გამო გამოვიყურები (იცინის). იტალიაში პატარა პაკისტანელი ჰყიდდა წინსაფრებს, რომელზეც „დავითის“ ფოტოა დატანებული და რომ გაიკეთებ, კი ხარ მაგარ ვიდზე. ჩემს მეგობრებსაც ჩამოვუტანე საჩუქრად, მაგრამ არ იკეთებენ. მოკლედ, ჩემი მეგობარი დავპატიჟე სახლში ხინკალზე – ძალიან მაგარ ხინკალს ვაკეთებ, თითები მაქვს გავარჯიშებული. მოკლედ, რომ მოვიდა და დამინახა შიშველი წინსაფრით იმდენი იცინა, ვიღას ახსოვდა ჩემი მოხვეული ხინკალი. გადამიღო ფოტო, დადო სოციალურ ქსელში და მომჭრა თავი დუნიაზე (იცინის). ბევრი დადებითი კომენტარი დაუწერეს ფოტოს, მაგრამ ერთი-ორმა, მაინც გამოყო თავი: „ამ ბომონდმა სულ გააფრინაო“. რა შუაშია ბომონდი? მეც ადამიანი ვარ და დიახ, ხან პერო მექნება გარჭობილი უკანალში და ხან ინდაური. კი მომაქვს თავი, კარგი კულინარი ვარ-მეთქი, მაგრამ ახალ  წელს მე და ჩემმა ცოლმა გოზინაყი გავაკეთეთ, ხის დაფიდან ვერ ავაფხიკეთ და ფიცრიანად ვჭამეთ (იცინის). ლამას, ნიანგის, გველისა და ზვიგენის ხორციც მაქვს ნაჭამი. გერმანიაში ვჭამე ზვიგენის ხორცი და დღემდე ზვიგენებს თვალებში ვერ ვუყურებ, წინაპარი რომ შევუჭამე.
– ხვიჩა, პოზიტიური ადამიანი ხარ, ტრაგიკულ ამბავსაც კი იუმორით ყვები, ამიტომ ყველას ჰგონია, პრობლემა და განსაცდელი არ გქონია და ლაღად ცხოვრობ.
– ბევრი ნეგატიური ფაქტი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ისეთი არა, რომ გიტარაზე არ დამეკრა. გიტარაზე დაკვრით ვმშვიდდები და ამით ყველაზე დიდი პრობლემაც კი გადამიტანია. ხშირად არც მეხარხარება, მაგრამ ეს ნიღაბი და ჩემი „ობრაზია“, რომ ისედაც გატანჯული ხალხი პოზიტიურად დავმუხტო. ასე რომ, ჩემი დეპრესიიდან გამომყვანი ჩემი გიტარაა. წარმოიდგინეთ, ერთ წელში გარდამეცვალა დედ-მამა, დავრჩი ობოლი. მერე იყო ბევრი პრობლემა, წინაღობა, ბარიერი, მაგრამ ყველაფერი ცოლ-შვილთან ერთად გადავლახე და მაინც ბედნიერი ადამიანი ვარ. ბევრმა ჩემმა კოლეგამ დატოვა სამშობლო და უცხოეთში გააგრძელა კარიერა. მე კი, ქუჩაში რომ დამინახავს ადამიანი და გულიანად გამიღიმებს, ამ სიყვარულს ვერაფერზე გავცვლი და ვერც ნულიდან დავიწყებ ცხოვრებას.

скачать dle 11.3