კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 როგორ „ჩაუშალა“ პრეზიდენტმა დავით კირკიტაძეს ქორწილი და როგორ ხვდებოდა ის ციხეში ახლად შერთულ ცოლს

ნინო კანდელაკი თამუნა ნიჟარაძე

  გასულ კვირას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით  კირკიტაძე  გურჯაანის რაიონული სასამართლოს  დარბაზიდან გაათავისუფლეს. მას პატიმრობა პირობითი მსჯავრით შეეცვალა. ექვსთვიანი პატიმრობის შემდეგ დავით კირკიტაძე თავისუფლებით  ტკბება. როგორც თავად ამბობს, ციხეში გატარებულმა პერიოდმა მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა – თავიდან აღმოაჩინა ადამიანები,  მათ შორის ძველი მეგობარი და მთავარი მეორე ნახევარი, მარიამ ახობაძე რომელზეც  დავით კირკიტაძე ციხეში დაქორწინდა.    
დავით  კირკიტაძე: რამდენიმე დღეა, რაც პატიმრობიდან გავთავისუფლდი და გულწრფელად გეტყვით, რომ თავისუფლებით ვტკბები, არაფერია მისი  ფასი. როდესაც თავისუფალი ხარ, ამას თითქოს არც  აფასებ.  ძალიან რთულია, როდესაც გამოკეტილი ხარ 12 კვადრატულ მეტრ ოთახში, 24-საათიან რეჟიმში, კამერის მეთვალყურეობის ქვეშ  და დღეები, თვეები ვერ ხედავ ახლობელ, საყვარელ ადამიანებს, არავის ვუსურვებ მოხვედრას სამარტოო საკანში, სადაც მე ექვსი თვე გავატარე.  უმძიმესი განცდაა, როდესაც შედიხარ ციხეში, მით უმეტეს, მატროსოვის ციხეში, სადაც მკაცრი, დახურული  სისტემაა. კონტაქტი არავისთან გაქვს. არ იცი, რა როგორ  გააკეთო. ყველაზე მაგარ, პრაქტიკულ რჩევებს გიგი უგულავა მაძლევდა, რომელიც თავად იჯდა იმ ციხეში. ის ადვოკატის მეშვეობით მითვლიდა, თუ  რა როგორ უნდა გამეკეთებინა. მასწავლიდა, სად შემეჭრა თმა, როგორ მომეგვარებინა კვების საკითხი (იცინის).  
– როგორ გადიოდა დღეები ციხეში?
–  ციხეში ძალიან გეხმარება წიგნები. ჩემმა ძმამ შემომიგზავნა ლევან ბერძენიშვილის წიგნი „ნათელი წყვდიადი“, რომელიც გადასახლებაში გატარებულ წლებს ეხება. ამ წიგნში საოცრად არის აღწერილი, როგორ იხდიდნენ  სასჯელს დისიდენტები, მათ შორის  ლევან ბერძენიშვილი  და მისი ძმა ციმბირში. პატიმრისთვის ეს წიგნი არის ნამდვილი შვება. დაკავებიდან ორი თვის თავზე, გარკვეული პროცედურების  გავლის შემდეგ, მომეცა საშუალება, შემეძინა ტელევიზორი,  თუმცა მისი ყურება შეზღუდულ რეჟიმში მიწევდა. ციხეში „რუსთავი 2“ დაბლოკილია და  შეკითხვის დასმასაც არ აქვს აზრი, მიზეზი შენც იცი, რატომ არ გაყურებინებენ „რუსთავი 2-ს“. მქონდა საშუალება, ციხეში შევხვედროდი მეუფე  ნიკოლოზს. ის ხუთჯერ-ექვსჯერ მაინც იყო შემოსული  ჩემს სანახავად. ასევე მომინახულა  მეუფე პეტრემაც. მათთან შეხვედრა ძალიან დამეხმარა, რომ უფრო მშვიდად ვყოფილიყავი. ჩემს პატიმრობას დიდმარხვის პერიოდი დაემთხვა. მარხვა დავიცავი, მეუფეს აღსარება ვუთხარი და მაზიარა. ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება.   განსაკუთრებულად ველოდი ოთხშაბათს, როდესაც ჩემთან შემოდიოდა ჩემი მეუღლე. პაემანი შუშის კედლის მიღმა გვქონდა, ერთმანეთს ტელეფონით ვესაუბრებოდით.   
– თქვენ ციხეში დაქორწინდით. რატომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება?
– ქორწილი ჩვენ სხვანაირად გვქონდა დაგეგმილი, მინდოდა, ეს დღე განსაკუთრებული ყოფილიყო. შობის წინ, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ მინდოდა, მარიამისთვის მეთხოვა, გამხდარიყო ჩემი ცოლი, მაგრამ  მოხდა ის, რაც მოხდა და მოვხვდი ციხეში. იქ პაემანზე შემოსვლის უფლება კი მხოლოდ ოჯახის წევრს აქვს, ამან დააჩქარა ყველაფერი. ეს გადაწყვეტილება მარიამმა მიიღო.  მან,  რა თქმა უნდა,  არ იცოდა, 4 წელს მომისჯიდნენ თუ უფრო მეტს. იმ მოსამართლისგან, რომელიც მე დამინიშნეს, ყველაფერი იყო მოსალოდნელი. მას  მკვლელობისთვის  ჰყავს გასამართლებული და ციხეში გაშვებული ადამიანი,  მაშინ, როდესაც ვითომ მოკლული ცოცხალი აღმოჩნდა.  მარიამი იყო ერთადერთი ნათელი წერტილი ციხეში, ოთხშაბათი იყო დღე, რომელსაც განსაკუთრებულად ველოდებოდი. ეს თვეები ოთხშაბათიდან ოთხშაბათის ლოდინში გავიდა (იცინის).
– როგორ მოხდა  ციხეში თქვენი ქორწინება?
– ჩვენ  ხელი მოვაწერეთ. ეს იყო  პირველი შემთხვევა  მატროსოვის ციხეში, მსგავსი არასდროს ყოფილა, ვისურვებდი, რომ ეს იყოს პირველი და უკანასკნელი შემთხვევა და ვისაც დაქორწინების სურვილი აქვს,  გარეთ, თავისუფლებაზე მყოფმა შეძლოს. განაცხადის გაკეთების შემდეგ  იუსტიციის სახლიდან  ციხეში მოვიდა ოფიციალური წარმომადგენელი, ჩვენი ხელისმომწერები მატროსოვის ციხის თანამშრომლები აღმოჩნდნენ, რადგან  სხვას, მეგობრებს,  რა თქმა უნდა, ციხეში შემოსვლის უფლება არ ჰქონდათ. ასე გახდნენ სოციალური მუშაკები  ჩვენი ხელისმომკიდეები. (იცინის).
– როგორ ეჩვევით ახალ ოჯახურ თანაცხოვრებას? ალბათ,  ქორწილი ახლა მაინც იქნება.
– სამწუხაროდ, ქორწილი არ გვექნება, ჩემი პატიმრობის პერიოდში გარდაიცვალა მარიამის მამა, რომელიც ძალიან კარგი ადამიანი იყო, მასთან ვმეგობრობდი. მისი გარდაცვალება ჩემთვის,  ციხეში გამოკეტილი ადამიანისთვის, მძიმე იყო. პომპეზური აღნიშვნა არ გვექნება. მე და მარიამმა დაპატიმრებამდე ექვსი თვით ადრე დავიწყეთ ურთიერთობა, ეს ექვსი თვე თითქოს დავკარგეთ, თუმცა არც არის ასე. მარიამმა ციხეში დამანახვა ის, რაც შეიძლება, გარეთ მყოფს ვერ დამენახა. ციხე უმძიმესია  ყველასთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც თავისუფლება უყვარს. ციხე  ცვლის ადამიანს, ეს არ არის ცარიელი სიტყვები. მართლაც  ბევრი რამის  გადაფასება ხდება. ამ ექვს თვეში ბევრი რამ შეიცვალა. მთავარია ციხეში გატარებული პერიოდის შემდეგ არ  გაბოროტდე, არ დაიბოღმო.  მე არ გამოვსულვარ ამ განცდით, ამაში ძალიან დამეხმარნენ ჩვენი მეუფეები. მე დღეს მეტად პასუხისმგებელი ვარ იმ ადამიანების მიმართ, ვინც  ძალიან შეწუხდნენ იმის გამო, რომ მე ციხეში ვიყავი და ამით მათ სულიერი ტრავმა მიიღეს. აუცილებლად გავითვალისწინებ ამას და შევეცდები, მათ  ინტერესებზე ვიფიქრო. მომავალში ჩემი ყველა ქმედება იქნება არა ემოციური გადაწყვეტილებების შედეგი. ადამიანს გაჭირვებაში  გამოცდი. ლხინში გვერდით დგომაში ყველა მაგარია.  ამ ექვსმა თვემ სხვა გიგი უგულავა დამანახვა. მადლობელი ვარ  ყველასი,   მათ შორის დამოუკიდებელი დეპუტატებისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, რომლებმაც ღირსეული პოზიცია დაიკავეს ჩემთან დაკავშირებით.         
– ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ბოდიში მოუხადეთ პოლიციელს, ვისზე თავდასხმის  ბრალდებითაც მოხვდით ციხეში, როგორ ფიქრობთ,  შინაგან საქმეთა მინისტრმა „მიიღო“ თქვენი  ბოდიში?   
–  ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს.  როგორც ვიცი, მინისტრიც ასეთი კაცია, რაც  მისმა განვლილმა ცხოვრებამაც დაადასტურა, როცა რაიმე არასწორად გააკეთა, გამოვიდა საჯაროდ და ბოდიში მოიხადა.  მე მინისტრისთვის არ მომიხდია ბოდიში, მასთან არაფერი მაქვს საერთო, ის პოლიტიკური მოწინააღმდეგეა, მას თავისი დღის წესრიგი აქვს. მე   ბოდიში მოვუხადე იმ პოლიციელს, რომელიც იმ სიტუაციაში  მართლაც არაფერ შუაში არ იყო –  ასე ჩავთვალე საჭიროდ.  მან სასამართლოს  მისცა ობიექტური ჩვენება, თქვა, რომ დაზიანებები მიიღო იმის გამო, რომ ქვა მოხვდა ავტობუსს, რის შედეგადაც ჩაიმტვრა შუშა. მან სიმართლე თქვა და ეს ნამდვილად დასაფასებელია.  ჩვენ ძალიან ნორმალურად დავცილდით ერთმანეთს.  ის, რაც 16 დეკემბერს მოხდა,  ვგულისხმობ ჩემს ისტორიას და დაპატიმრებას, თვეების და წლების შემდეგ არავის ემახსოვრება. პრობლემა ის არის, რომ 16 დეკემბერს  ოფიციალურად გაფორმდა იმ ადამიანის პრეზიდენტობა, რომლის მსგავსი კვალიფიკაციის პრეზიდენტი საქართველოს არ  უნდა ჰყავდეს.
- ციხიდან გამოსვლის შემდეგ შეხვდით პარტიის ლიდერს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც თქვენ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევა?
– არა. სად შევხვდებოდი. მან დამირეკა და თავისუფლება მომილოცა.   მე, როგორც პრობაციონერს, გარკვეული პროცედურების გავლა მომიწევს, რომ საქართველოდან გავიდე. როგორც კი ამის  შესაძლებლობა მომეცემა, მას აუცილებლად ვნახავ. მიშა სააკაშვილი თავისუფალი ადამიანია, სადაც იქნება, იქ ჩავალ მის სანახავად. მე არასდროს გავქცეულვარ პასუხისმგებლობას. ამერიკაში სასწავლებლად წავედი,  არიზონას უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მაგრამ როგორც კი აქ საქმე აღმიძრეს, შესაძლებლობა მომეცა თუ არა, თბილისში დავბრუნდი.  ვაპირებდი ამერიკაში დაბრუნებას და სწავლის  დასრულებას, მაგრამ ჩემი სასამართოლო პროცესი 2019 წლამდე გაგრძელდა.  არც ერთი წამი არ მიფიქრია, გავქცეულიყავი და ბრძოლაში მიმეტოვებინა ჩემი მეგობრები. ეს ჩემგან გამორიცხულია. როდესაც ჩემი მეგობრები იჩაგრებიან და ჩვენი თანადგომა სჭირდებათ, ასეთ დროს განზე გაწევა ღალატია, რაც მე ვერ წარმომიდგენია.
– როგორ გრძელდება ცხოვრება პატიმრობის შემდეგ?
– ცხოვრება გრძელდება უკვე ჩემს ახალ ოჯახთან ერთად. მე და  მარიამმა ბევრი რამ ვერ მოვასწარით ერთად, ყველაფერი წინ გვაქვს. ჩემი პატიმრობის დროს გერმანიაში ჩემი დისშვილი დაიბადა. ძალიან  მინდა, გერმანიაში წასვლა და მისი ნახვა. მინდა, რაც შეიძლება, ბევრი დრო  გავატარო ჩემს მეუღლესთან ერთად, რომელმაც ჩემ გამო ბევრი რამ  დათმო. მარიამს ძალიან ბევრი ადამიანი ეუბნებოდა, მათ შორის ახლობლებიც, ამ ნაბიჯს რომ დგამ, მზად იყავი იმისთვის, რომ ხუთი წელი  შენი ქმარი ციხიდან ვერ გამოვაო. მარიამი ამას ყურადღებას არ აქცევდა, ამიტომაც მინდა, ამ თვეებისა და თანადგომისთვის მას საჯარო  მადლობა ვუთხრა. ის ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩემთვის პატიმრობა  შეემსუბუქებინა.               

скачать dle 11.3