კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 რატომ ჰქონდა ნელი აგირბას ბავშვობიდან ხშირი შეხება სიკვდილთან და ვისი დამსახურებით დარჩა ის ამ ცხოვრებაში

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  შეიძლება ითქვას, რომ ნელი აგირბას ცხოვრებაში კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყება, იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან მალე, ის ოცნება აუხდება, რომელიც თავის დროზე ირეალურად ეჩვენებოდა, მაგრამ ახლა ცხოვრება ისე აეწყო, რომ სხვა გზა, უბრალოდ, აღარ დარჩა.
  ნელი აგირბა: დიდი ხანია, მინდა, რომ მიწასთან ახლოს, კერძო სახლში ვცხოვრობდე. ადრე ეს ირეალური ჩანდა, მაგრამ მერე ისე დალაგდა ცხოვრება, თითქოს სხვა გამოსავალიც არ დამრჩა და რაც ძალიან მინდოდა, ახლა იძულებული ვარ, ის გავაკეთო. თან, უფრო მეტად მივენდე ცხოვრებას, სიკეთეს, სიყვარულს და პრინციპში, უფულოდ ვაკეთებთ, პირველ რიგში, საცხოვრებელ სახლს და შემდეგ, საზიარო სივრცეს, მშვიდი გართობისთვის. გვინდა, გვქონდეს პატარა კაფე, ვორქშოფების და მედიტაციის ადგილი, სივრცე – ცოცხალი კონცერტისთვის და რამდენიმე ოთახი – დასარჩენად, თუ ვინმეს ქალაქისგან მოწყვეტა, მაგრამ, თან, ახლოს ყოფნა უნდა.
– უფულოდ როგორ გამოდის ეს ყველაფერი?
– ჩემთვის მაგალითი იყო მარიამ საჯაია და ზაპა. ისინიც მეგობრების დახმარებით, საკუთარი რწმენითა და ძალებით აკეთებენ საოცარ რაღაცებს მუხრანში და პირველად რომ წამოვედი მათგან, გზაში ვტიროდი, იმდენად კარგი იყო იქ. შესაძლებელია რაღაცების გაკეთება თანამოაზრე ადამიანებისა და მეგობრების ჩართულობით. ამ ყველაფერს მე და ანა სუბელიანი ვაკეთებთ ერთად და ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდა, ვინც ან ფიზიკურ დახმარებას გვთავაზობს, ან მასალებს. ჯერ შორს ვართ მასალის იმ რაოდენობისგან, რამდენიც საკმარისია თუნდაც გადასასვლელად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ძალიან მხნე და ბედნიერი ვარ იმ ყველაფრით, რაც ახლა ხდება. მგონია, როცა პროცესი ამდენად სასიამოვნოა, შედეგიც დგება.
– სულ მინდოდა, მაგრამ არ გამომდიოდა და ახლა იძულებული გამხადა ცხოვრებამო, ეს რას ნიშნავს?
– როცა ჩემი ქმარი გარდაიცვალა და საინფორმაციოში მუშაობა ვეღარ შევძელი, მაშინ ავიღე სესხი, რომ ცოტა წყნარად ვყოფილიყავი და მომეფიქრებინა, რა
მინდა ცხოვრებაში და რისი გაკეთება შემიძლია. სესხი ორწლიანი საშეღავათო პერიოდით იყო და გადახდის ვადა დეკემბერში მიდგება. ამ სესხისთვის სახლი ჩავდე, რომელიც ახლა უნდა გავყიდო და სესხი დავფარო. არ მინდა, სესხზე დამოკიდებული ვიყო და ვალების გადასახდელად ვცხოვრობდე. ის მცირე თანხა, რაც დამრჩება, მინდა, ამ ადგილს მოვახმარო. ამ ყველაფერს ნაფეტვრებში ვაკეთებთ. თუ ჯერ ისეთი კაპიტალური შენობა არ გამოგვივა, ვფიქრობთ, დროებითი ფარდული ჩავდგათ, გამოვიზამთროთ და მომავალი ზაფხულისთვის დავასრულოთ მშენებლობა ისეთი სახით, როგორითაც გვინდა.
– პარალელურად, ახალი ამბები გაქვს ტელევიზიაშიც, ვგულისხმობ სერიალ „იდეალურ დედას“.
– „ჭამა და სექსში“ ვთამაშობდით მე და ვანიკო თარხნიშვილი ცოლ-ქმრის როლს, მანამდე „დეტექტივებში“ ვითამაშე დამნაშავე და კოტე კალანდაძის ფილმში მქონდა ეპიზოდური როლი. მოკლედ, ამ სფეროში ცოტა გამოცდილება მაქვს, მაგრამ გაცილებით გამიადვილდა მას შემდეგ, რაც რაღაცები გადავაფასე და დავინახე, რომ ადამიანები სულ ვთამაშობთ. ჩემი თავის თამაში რომ „დავამუღამე“, მერე მივხვდი, რომ ბევრად ადვილია სხვისი თამაში (იცინის). საინტერესოცაა, თავიდან ცოტა დაბნეული და უფრო მე ვიყავი, ვიდრე პერსონაჟი. სინამდვილეში, პერსონაჟი ჩემგან საოცრად განსხვავებულია და ეს პროცესი ძალიან საინტერესო გამოდის.
– ხარ იდეალური დედა?
– ჩემი ცხრა წლის შვილმა დამცინა: აი, იდეალური დედა სხვაა სერიალში, იმიტომ რომ შენ არ ხარ იდეალური დედა, ჰაჰაჰაო (იცინის). ზოგადად, იდეალურის ცნების მიმართ შემეცვალა დამოკიდებულება. როგორებიც არ უნდა ვიყოთ, რაც ვართ, უკვე იდეალურები ვართ. ცხოვრების კონკრეტულ მონაკვეთში ზუსტად ისეთი ხარ, როგორიც შეგიძლია, იყო. სხვანაირი ვერ იქნები, ეს შენი გზაა და შენი წვლილი სხვების გზაშიც. თუმცა, რა თქმა უნდა, ვცდილობ, რაც შეიძლება მაღალ ვიბრაციებში ვიყო.
– „მესამეზეც“  იწყებ ახალ გადაცემას.
– ძალიან ვფრთხილობ ტელევიზიასთან, თავისუფლების დათმობა არ მინდა. „მესამედან“ რომ შემეხმიანენ, გამიხარდა, რადგან ახლები და ძალიან კარგები არიან. „ფორმულა კრეატივთან“ ურთიერთობის გამოცდილება მაქვს და ლაღად ვგრძნობ თავს. ჯერ ზუსტად არ ვიცი, რა ფორმატზე შევჯერდებით, მაგრამ ვმუშაობთ და ვნახოთ, რა გამოვა.
– 33 წლის ასაკში ძალიან ბევრი რამ გამოიარე. გარეგნულად გაცილებით პატარას ჰგავხარ და თან, ბავშვურად ლაღი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ. იმ ყველაფრის ფონზე, როგორ გამოგდის დღეს, იყო ასეთი?
– სხვა გზა არ რჩება (იცინის). ბავშვობიდან ბევრი შეხება მქონდა სიკვდილთან. როცა პატარა ვიყავი, ძაღლი მომიკვდა და ძალიან განვიცადე. პირველი ემოციური მუსიკა მაშინ დავწერე – ექვსი წლისამ. მერე ბებია რომ გარდაიცვალა და მე განვბანე, მაშინ უკვე ცხრამეტი წლის ვიყავი. სხეული ნაწილობრივ გახრწნილი იყო და რომ ვბანდი, კანის ზედა ფენა ძვრებოდა. მანამდე უახლოესმა მეგობარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – თავი დაიწვა. ოჯახშიც იყო თვითმკვლელობის მცდელობები, თინეიჯერობისას მეც მქონდა ამისკენ მიდრეკილება და მცდელობებიც.

– რატომ?
– ვთვლიდი, რომ დედამიწაზე არ უნდა დავბადებულიყავი, რომ შეცდომით დავიბადე, მუდმივ ტკივილში ვიყავი. ყველაფერს ძალიან მძაფრად განვიცდიდი – აფრიკელი ბავშვების გაჭირვებაზე შემეძლო ერთი კვირა მეტირა და მერე ფეხზე ვერ ვდგებოდი. ძალიან მძაფრად აღვიქვამდი ბევრ რამეს და თითქოს, სამყარო ინგრეოდა – ეს ტკივილი აუტანელი იყო. წლების განმავლობაში ვითმენდი, ვითმენდი და ბოლოს, რაღაც მომენტში, ფსიქოლოგთან მივედი. მან წამლები დამინიშნა, რომელმაც უარესი შედეგი გამოიღო. სხვა ფსიქიატრი კი ძალიან დამეხმარა, არ ვამბობ, რომ ყველა ცუდია, მაგრამ ის შემთხვევა ჩემთვის შეუსაბამო იყო და კლინიკაში, წვეთოვანზე დავასრულე (იცინის). სპეციალურად ბევრი წამალი მივიღე, რომ მოვმკვდარიყავი. ფსიქოლოგს ვეუბნებოდი: ნუ მინიშნავ წამლებს, თვითმკვლელობის გზები შესწავლილი მაქვს, ყველაზე მარტივი ეს არის ჩემთვის და ასე ძალიან ხელმისაწვდომი ხდება-მეთქი, მაგრამ მიმტკიცებდა: არა, ამას რომ დალევ, შენ მაგას არ იზამო და არ გაჭრა (იცინის). პატარა, კარგ რაღაცებს ძალიან ვაფასებდი. მაგრამ რაღაც პერიოდი ესეც მიჭირდა, რადგან ტკივილი ძალიან ძლიერი იყო. მერე სესილი რომ გაჩნდა, ანტიდეპრესანტებით ვიმკურნალე, ანუ სესილიმ გადამარჩინა, ამ ცხოვრებაში დამტოვა. რაღაც პერიოდი ძალიან მიწიერი, ყველაფრით კმაყოფილი და ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ანტიდეპრესანტების ფონზე შემოქმედებითობა აბსოლუტურად მოკვდა. მანამდე ლოცვით ვშველიდი ჩემს თავს. მკურნალობის შემდეგ ლოცვა რომ ვცადე, არ გამომივიდა, კავშირი ვეღარაფერთან ვიგრძენი. ძალიან კარგად ვიყავი, ასე კარგადაც არ შეიძლება-მეთქი, ვამბობდი, მაგრამ ლოცვა ვერ შევძელი. გავიგე, რომ ანტიდეპრესანტების ის ჯგუფი ზემოქმედებს ეპიფიზზე – ეს არის ჯირკვალი თავის ტვინში და მის მოქმედებას ანელებს. ეპიფიზი აქტიურდება, როცა სიზმრებს ვხედავთ, ვლოცულობთ, ვმედიტირებთ. სულიერი კუთხით თუ შევხვედავთ, მას აღმოსავლეთში „ანტენას“ ეძახიან. ჰოდა, მე ხომ ის მკურნალობით „მოვკალი“. რაღაც პერიოდის შემდეგ დაიწყო აღდგენა, რაშიც ძალიან დამეხმარა იოგა. მერე ქორწინებაში უცებ ძალიან გაიღვიძა – ეტყობა, სიყვარულის ფონზე გული გაიხსნა და შევძელი, გავცოცხლებულიყავი, მაგრამ მერე ჩელეს სიკვდილმა ისევ მარტო დამტოვა საკუთარ თავთან გაღვიძებულ მდგომარეობაში. იმავე არჩევნის წინაშე დავდექი – ან თავი უნდა მომეკლა, ან დავრჩენილიყავი. ვიცოდი, რომ ბავშვებს ვჭირდებოდი და გადავწყვიტე, დავრჩენილიყავი. თუ რჩები, მერე სხვა გზა არ გრჩება, კარგად უნდა იყო და სიცოცხლეს გრძნობდე. თუ ჩავიკეტე და ნეგატივში წავედი, რა აზრი აქვს ეგეთი დედის შვილების გვერდით ყოფნას?! ამიტომ ძალიან აქტიურად ვცდილობდი, გამოვფხიზლებულიყავი. თითქოს ვახერხებდი კიდეც, მაგრამ მერე კურიერში რომ დავბრუნდი, რესურსი აღარ მეყო. მოგვიანებით წავედი „აიაჰუასკას ცერემონიაზე“ – ეს არის ამაზონის ტყეების ტომების რიტუალები. რომელიც საკუთარი ტრავმების მკურნალობაში, ეგოსგან გათავისუფლებასა და შენი ცხოვრების ტრავმული მომენტების გახსენებაში გეხმარება. ერთს იქ გაახსენდა, რომ ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო ოჯახის წევრის მხრიდან. მოკლედ, საკმაოდ მძიმე მდგომარეობებს მკურნალობენ. მე
ჩემს ბევრ შრეში ჩავედი და დავინახე, რამდენად დაკარგული მაქვს საკუთარი თავი, რამდენად შეშინებული და ჩაკეტილი ვარ. აქედან გამოსასვლელ გზას ვერ ვხედავდი. მერე დავბრუნდი ბავშვობაში: ჯერ დედის მუცელში, მერე დავიბადე, დავიწყე ნელ-ნელა თამაში და გამახსენდა, როგორი ბედნიერებაა ეს. ამიტომ დავიწყე სწავლა, როგორ ვითამაშო ისევ ბავშვურად, ისევ მიხაროდეს ცხოვრება და არ დავიჯერო, რომ გავიზარდე, ძალიან სერიოზულად არ ვუყურო საკუთარ თავს და ცხოვრებას. ალბათ, ეს არის, რაც მაძლევს ძალას.
– რაც შეეხება შენი და გიორგი სიხარულიძის სიყვარულს, წინა ინტერვიუში ამაზე ვსაუბრობდით...
– მერე ვიღაცები ძალიან მლანძღავდნენ. დავაფიქსირე, რომ ერთი და იგივე ადამიანი ძალიან ბევრგან წერდა, როგორი ცუდი ვარ – ჩელეს სიკვდილიდან ძალიან ცოტა დროა გასულიო. ეტყობა, მას ეს შეეხო, რის გამოც მოვუბოდიშე. ეს თვითონაც მითხრა, ძალიან შემეხო და ბოდიში, თუ ცუდი ფორმით გამოვხატეო. მართლა განვიცადე, რომ ვიღაცებზე ასე იმოქმედა, ესე იგი, თვითონ ძალიან სტკივათ რაღაც. ახლა ამ ურთიერთობაზე ბევრი საუბარი არ მინდა. თითოეული ადამიანი ბეწვის ხიდს გავდივართ და ვცდილობთ, არ გადავვარდეთ, ორი ადამიანი რომ ამას ერთად აკეთებს, აკრობატიკის სფეროა და კიდევ გარე ფაქტორების ჩარევას მოვერიდები.
– ბევრი ისეთი ეტაპი გამოიარე, ძალის თავიდან მოკრება რომ დაგჭირდა.
– კი, სამყარო ბევრჯერ დაინგრა და ხელახლა აშენდა, მაგრამ ეგრეც მინდოდა. ჩემი დაწერილი ძველი ლექსი ვნახე, 15-16 წლის ასაკისდროინდელი და იქ მეწერა: მინდა, ბევრჯერ მოვკვდე, ერთხელ თუ მოვედი. ეტყობა, ვგრძნობდი (იცინის).
– ახლა რას დაწერდი?
– რაღაცებს ვწერ ხოლმე, მაგრამ ეგ პათეტიკა აღარ მაქვს. ახლა მინდა სილაღე, ბუნება, ბავშვების, ჩემი და საერთოდ, ადამიანების ბედნიერება და ამ ბედნიერების ერთმანეთისთვის გაზიარება. ვცდილობ, მეტად მივენდო ცხოვრებას. როგორც იქნება, ისე იყოს, მხოლოდ პოზიტიური განწყობით და სიკეთით. როგორც განეწყობი, საბოლოო ჯამში, ისეც ხდება. ჩვენი ვიბრაციები განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას: „ყველაფერი, რისი წარმოდგენაც შეგვიძლია, რეალურია“ – ჩემი ცხოვრების ამ ეტაპს ეს გამონათქვამი ძალიან შეესაბამება.

скачать dle 11.3