კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 ნინო თარხან-მოურავი: თემიკომ იშვიათი, მაგრამ გლობალური საჩუქრები იცის

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

  სახიობების ნინო თარხან-მოურავისა და თემიკო ჭიჭინაძის ოჯახი მრავალ წელს ითვლის. მათი სიყვარულის ისტორია ცხრაწლიანი მეგობრობით დაიწყო და დღესაც ბედნიერად გრძელდება. ნინოსა და თემიკოს ერთი ქალიშვილი ჰყავთ – ლიზა. ნინო გვიამბობს, რა სირთულეების გადალახვა მოუწიათ მათ, როგორია მათი სიყვარულის ისტორია და ოჯახური პორტრეტი.
ნინო თარხან-მოურავი: თემიკო ჩემზე ერთი კურსით უკან სწავლობდა. ჩემს მეგობარ მერაბ ნინიძესთან მეგობრობდა და თემიკო სწორედ მერაბმა გამაცნო. მერე დიდხანს ვმეგობრობდით. ძალიან კარგად ვიცნობდი, მაგრამ ამ მეგობრობისა და ურთიერთობის ცხრა წლის თავზე აღმოჩნდა, ეს მხოლოდ მეგობრობა არ იყო. შემოიყვანეს სპექტაკლში „ანა ფრანკის დღიური”, რომელშიც ითამაშა პიტერი, ანას შეყვარებული. ისე მოხდა, რომ ამ სპექტაკლისა და ცხრაწლიანი ამხანაგობა-მეგობრობის შემდეგ ერთმანეთი სხვა თვალით დავინახეთ. მანამდე ერთმანეთზე არც გვიფიქრია. ვიცოდი მის შეყვარებულებზე, გოგონებთან ურთიერთობებზე, გასტროლებზე ერთად დავდიოდით, მე მათი ძმაკაცი ვიყავი.
– როგორ მიგახვედრათ, რომ უყვარხართ?
– ძალიან ლამაზად მიმახვედრა. ერთ მშვენიერ დღეს, დილით, სადარბაზოს კარი რომ გავაღე, თაიგული დამხვდა. მერე დამხვდა წარწერა. მაშინ ერთი რუსული ფილმი, სოლოვიოვის „ასსა“ გადიოდა,  არასტანდარტული სიმღერები იყო – „პრივეტ ატ ბანანანა“ და როცა წარწერა წავიკითხე, მერე მივხვდი, რომ ეს იყო თემიკო, რადგან ამ ფილმს ერთად ვუყურებდით. ყველაფერი აჭრილია ერთმანეთში  და პირველი სიყვარულის ახსნა არ მახსოვს. მაგრამ მახსოვს, ერთ მშვენიერ დღეს, რეპეტიციაზე რომ მოვედით, სანამ ბატონი გიზო შემოვიდოდა სცენაზე და რეპეტიცია დაიწყებოდა, თემიკო შემოვიდა და მითხრა, ცოლად გამომყევიო. ეს ძალიან მალე მოხდა, დაახლოებით, ორი თვე ვიარეთ ასე შეყვარებულების სტატუსით. იმდენ ხანს ვიცნობდით ერთმანეთს, უკვე სისულელე იყო ასე სიარული და ასე, რაღაცნაირად გავყევი.
– როგორი შეყვარებული იყო?
– არაჩვეულებრივი შეყვარებული იყო, იმიტომ რომ, თუ ერთად არ ვიყავით, სულ მირეკავდა, სულ ტელეფონზე ვლაპარაკობდით. ძალიან რომანტიკული შეყვარებული იყო, უამრავ ყვავილს მჩუქნიდა. მისი მშობლები მოვიდნენ დედაჩემთან. მამა არ იყო სახლში. მამამისმა თქვა, შენი გოგო უნდა გაგვატანო, იმიტომ რომ ბავშვებს ერთმანეთი უყვართო და ასე გადავედი მათთან საცხოვრებლად. ხელის მოწერას ჩვენი რამდენიმე მეგობარი დაესწრო. ქორწილი არ გვქონია, მაგრამ გვქონდა ბევრი ყვავილი.
– თანაცხოვრებამ შეცვალა ურთიერთობა?
– კი. ალბათ, როგორც წესი, რომანტიზმი და ყვავილები გაქრა, მაგრამ ასე მოხდა, რომ ამდენი ხანი მაინც ერთად ვცხოვრობთ. 28 წელია, ცოლ-ქმარი ვართ და პლუს ცხრა მეგობრობის. მეც ძალიან რომანტიკული და მეოცნებე ვიყავი. პრაგმატული დღესაც არ ვარ. მე უფრო სპონტანური ადამიანი ვარ.  
– ახლა აღარ გიკეთებთ სიურპრიზებს?
- ძალიან დიდხანს არ გვქონდა ბინა. დავყიალობდით ამ ბავშვთან ერთად, ხან დედამისთან, ხან დედაჩემთან, ხან ქირით ვცხოვრობდით. ახლა რომ ვიგონებ ამას, თან ცოტა კარგიც იყო, თან – დამთრგუნველი. ერთ მშვენიერ ნინოობას მოვიდა და მაჩუქა სახლის გასაღები – აი, შენი სახლის გასაღებიო. ერთხელ დამირეკა, თუ შეგიძლია, ხვალ რეესტრში წამომყვეო. კი, წამოგყვები-მეთქი. წავყევი და ასე მივიღე საჩუქრად წავკისში აგარაკი – პატარა სახლი ამიშენა. იშვიათი, მაგრამ გლობალური საჩუქრები იცის.
– ამდენი წელი როგორ ინარჩუნებთ სიყვარულს?
– არ ვიცი, რაიმე წესები არ გვაქვს. წლებმა, როგორც ერთი დღე, ისე ჩაიფრინა. მგონია, რომ თემიკო სულ იყო ჩემს ცხოვრებაში. კრიზისები ყველა
ურთიერთობაშია, დედასთანაც და ყველასთან, მით უმეტეს, როდესაც ერთ სივრცეში ცხოვრობთ. მაგრამ არ არსებობს კრიზისი, რომლის დაძლევა არ შეიძლება. ცოტა ხანი გაბუტვა იქნება, ან არ დაელაპარაკები, მაგრამ მერე მაინც ხვდები, რომ სისულელეა, გაებუტო შენთვის საყვარელ ადამიანს. ამდენ ხანში ადამიანი, ფაქტობრივად, შენი მეორე ნახევარი ხდება. როგორც მშობელს ვერ გაებუტები, ისე შენს მეორე ნახევარსაც ვერ გაებუტები დიდი ხნით. მერე რაღაც ასაკთან ერთდ ხვდები, რომ ეს გაბუტვაც სისულელეა. თემიკოც იბუტებოდა, მეც ვბრაზდებოდი, მაგრამ ეს მოკლე ხანს გრძელდებოდა. მაინც ხვდები, რომ ამაზე ძვირფასი ადამიანი არასდროს გეყოლება. რთული პერიოდები გვქონდა, მაგრამ ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ უყურებს ადამიანი თავის გასაჭირს. ჩემთვის გასაჭირი ის არის, რომ მოკვდები და კუბოში ჩაწვები. სხვა ყველა სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს. ცოტა დეპრესიული ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ეს არ არის საჭირო, ყველანაირად ვებრძვი და ვიღებ შესაბამის ზომებს, რომ სხვა არ დავთრგუნო, რადგან ეს ჩემი თვისებაა და სულაც არ არის აუცილებელი ჩემ გვერდით ვინმე დაითრგუნოს, მას საამისო არაფერი დაუშავებია. ყველანაირი, კარგი თუ ცუდი, გავიარეთ ერთად. ამან კიდევ უფრო მეტი სულიერი ნათესაობა მოიტანა. შეიძლება ერთი სიტყვით ამოწურო რამდენიმე წინადადება. ადრე ვეჩხუბებოდი თემიკოს, რომ მეტი ელაპარაკა, არ გვაქვს ის სიტუაცია, რომ დავსხდეთ ოჯახში და ვილაპარაკოთ. ზოგადად, თემიკოს ლაპარაკი ეზარება. ადამიანი შინ არ ლაპარაკობს, ალბათ, მთელი სალაპარაკო მარაგი შეყვარებულობის დროს ამოწურა და როგორც კი საწადელს მიაღწია, დადუმდა. ბევრი ლაპარაკი მეც არ მიყვარს, არც იყო საჭირო – ამ სიყვარულს ერთი წარწერა ეყო საფუძვლად. სიყვარულის რეცეპტი არ არსებობს, ხანდახან შენს გულსა და ემოციას ტვინი უნდა დააყოლო და დათმო რაღაც, თუნდაც ძალიან გენანებოდეს. მერე მიხვდები, რომ თურმე, ღირდა ამის დათმობა, იმიტომ რომ საყვარელი ადამიანი ბედნიერი იქნება, შენ გვერდით იქნება და ის თუ ბედნიერი იქნება, შენც ბედნიერი იქნები.
– რა არის ბედნიერება თქვენთვის?
– ბედნიერების აღქმა იცვლება. ამ ასაკში ბედნიერება არის, როდესაც ოჯახში არის ჰარმონია, ირგვლივ ყველა ჯანმრთელად არის. ყველაფერი დანარჩენი, ხან იქნება, ხან – არა.
– რამდენად კარგია, ერთი პროფესიის რომ ხართ?
– მე მგონი, ერთი პროფესია კარგია. როცა ერთი გასტროლზეა წასული ან დილის ხუთ საათზე მოდის სახლში, შენ იცი, რას აკეთებს და ამაზე არ
ნერვიულობ. რომელიმე რომ სხვა პროფესიის წარმომადგენელი ვყოფილიყავით, ცოტა გაუგებარი იქნებოდა დილის ხუთ საათზე სახლში დაბრუნება. დედაჩემი დღემდე ვერ მიხვდა, რომ თეატრში შუაღამემდე შეიძლება ვიყო. მე და თემიკო კარგად ვხვდებით ამას და ეს პრობლემები რაღაცნაირად მოცილებული გვაქვს.
– როგორი მამაა თემიკო?
– ბავშვი 90-იან წლებში, ისეთ დროს გაჩნდა, ფაქტობრივად, ყველაფერი რომ გაჩერებული იყო. თეატრი კი მუშაობდა, მაგრამ ისეთი დატვირთვით არა, როგორც მანამდე. მე თავისუფალი დრო მქონდა და სულ ბავშვთან ვიყავი. თემიკოც ჩართული იყო ბავშვის აღზრდაში. ძალიან კარგი მამაა, პრეტენზია არ მაქვს. ჩემი ქალიშვილი თეატრის მხატვარია, სცენოგრაფი. ადამიანებთან ურთიერთობებში გახსნილია. ვფიქრობ, რომ ამით მამას ჰგავს. ადვილად შედის კონტაქტში, ბევრი ნაცნობი და მეგობარი ჰყავს. თემიკოც ასეთია, მე მგონი, ყველას იცნობს მთელ მსოფლიოში. მეგობრები ვართ – ჩვენი შვილია და თან მეგობარი. თავის გახსნილობით, ურთიერთობისთვის მზადყოფნით ძალიან ჰგავს თემიკოს და ეს ძალიან მიხარია. მე შემიძლია მივცე მსუბუქი შენიშვნა და რჩევა, მაგრამ შედეგზე მაინც თვითონ უნდა იყოს პასუხისმგებელი. მეამაყება, რომ ლამაზი გოგოა. შეიძლება მე მგავს, მაგრამ ჩემზე ლამაზია.
– ერთად მოგზაურობა გიყვართ?
– ძალიან მიყვარს მოგზაურობა, განსაკუთრებით, თემიკოსთან ერთად, იმიტომ რომ ამ მოგზაურობაში ერთად დავბოდიალობთ მაღაზიებშიც, მუზეუმებშიც და ყველგან.
– ქალური ხრიკები?
– არანაირი ხრიკი არ გამომივა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, ამიტომ არც მაქვს. განაწილებულია რაღაც პასუხისმგებლობები. ხანდახან მიწევს, რომ ვიყო ლიდერი, მაგრამ მირჩევნია, რომ სუსტი ვიყო. სისუსტე უფრო მომგებიანია.
– ოჯახის გამო პროფესიულ შემოთავაზებაზე უარი გითქვამთ?
– ახლახან კინოზე მომიწია უარის თქმა, მაგრამ ოჯახური პირობების გამო. დედა იყო მძიმედ ავად, მერე თემიკოც ავად გახდა. ფაქტობრივად, სახლიდან ვერ გავდიოდი, ვერ ვტოვებდი ორ ადამიანს და იძულებული ვიყავი, უარი მეთქვა. ხანდახან უნდა წახვიდე ამ მსხვერპლზე. წლების წინ ყაზახი რეჟისორი დამდევდა დიდხანს... კინო ძალიან მიყვარს, მაგრამ  ამ დროს მე ჰამლეტში ოფელიას ვთამაშობდი. ჩავიციკლე, რომ მე ეს როლი უნდა მეთამაშა და უარი ვუთხარი. ის ფილმი  კი წავიდა კანში, ბევრი პრიზი აიღო. ვინანე, მაგრამ ალბათ, ასე უნდა ყოფილიყო.

скачать dle 11.3