კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 ვის გამო „აყაჩაღებს“ ესპანეთის მთავრობას მანანა გოგოლაძე და როგორ გახდა ის ქალაქ ალიკანტეს თვითმმართველობის წევრი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  ემიგრაციაში ბევრი ქართველია და მათი ცხოვრება ნამდვილად არ არის ისეთი მარტივი, როგორიც შორიდან ჩანს. მანანა გოგოლაძემაც წლების წინ დატოვა სამშობლო და უცხოეთში ჩასულს საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწია. თუმცა, იღბლის თუ მიზანდასახულობის წყალობით, საწადელს მიაღწია და ის ერთადერთი ქართველია, რომელიც ესპანეთში არჩევნებზე კანდიდატად წარადგინეს. კერძოდ, ახლახან ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა, პედრო სანჩესის სოციალისტურმა პარტიამ გაიმარჯვა და მანანას, როგორც პარტიის გამარჯვებულ კანდიდატს, ქალაქის მერიაში თვითმმართველობის წევრად სულ მალე წარადგენენ.
  მანანა გოგოლაძე: ბორჯომში დავიბადე და გავიზარდე. სწავლა მიყვარდა, წარჩინებული მოსწავლე ვიყავი, მაგრამ ძალიან ცელქი და სკოლის დაფაზე ჩემი ორი ფოტო იყო გამოფენილი: ერთი – დაფაზე „ვინ გვარცხვენს“ და მეორე – დაფაზე „ვინ გვასახელებს“ (იცინის).  მოკლედ, გამონაკლისი ბავშვი ვიყავი. დედაჩემი მშობელთა კრებაზე არ დადიოდა, ჩემი სიცელქის გამო პირდაპირ პედსაპჭოზე იბარებდნენ. თუმცა, რადგან ხუთოსანი და წარჩინებული მოსწავლე ვიყავი, სკოლიდან ვერ მაგდებდნენ (იცინის). სკოლის დამთავრების შემდეგ მინდოდა, სწავლა თეატრალურში გამეგრძელებინა, მაგრამ ოჯახურმა საბჭომ გადამიწყვიტა, ფილოლოგიურზე უნდა ჩააბაროო და მეც დავთანხმდი. კი დავამთავრე ფილოლოგიური, მაგრამ ვიცოდი, ჩემგან მასწავლებელი არ დადგებოდა, – ეს საქმე არ იყო ჩემი. ხალხთან კომუნიკაცია უფრო მიზიდავდა და ჟურნალისტიკაში, კერძოდ, ბეჭდურ მედიაში წავედი. ჩემი მასალები „საქართველოს რესპუბლიკაში“ იბეჭდებოდა. ძალიან მომწონდა ეს საქმე, თუმცა, მერე ესპანეთში სწავლის გაგრძელება გადავწყვიტე. 1995 წელს მეუღლესთან ერთად წამოვედი. ძალიან გამიჭირდა. ესპანური ენა არ ვიცოდი, დამხმარეც არავინ მყავდა, არც თავშესაფარი მქონდა. იმ დონემდე მიჭირდა, ქუჩიდან პურიც ამიღია და მიჭამია. თუმცა, მიზანდასახული ვიყავი. ვიცოდი, ამას გადავლახავდი და შევძელი კიდეც. მერე შვილი გავაჩინე და პასუხისმგებლობაც მომემატა. მოკლედ, დიდი განსაცდელი და გასაჭირი გამოვიარე. მაშინ 23 წლის ვიყავი და გავრისკე, ახლა, ამ ასაკში, ამდენს  ვერ გავრისკავდი. ქალაქ მურსიადან საცხოვრებლად ალიკანტეში, ზღვისპირა, ტურისტულ ქალაქში გადმოვედით და ამ ზონაში პირველი ქართველი და ქრისტიანი ოჯახი ვიყავით, ვინც ამ ადგილას ფეხი დადგა. ესპანელები დაგვეხმარნენ და ბინა გვიშოვეს. ესპანური ენა ძალიან მალე ავითვისე. ბავშვისთვის სამედიცინო საბუთი დამჭირდა და „წითელ ჯვარს“ მივაკითხე. იქ მკითხეს, ჩეჩენი ემიგრანტები არიან მოსული და რუსული ენა ხომ არ იცით, კომუნიკაციაში რომ დაგვეხმაროთო. აქედან დაიწყო ყველაფერი, დავიწყე თარჯიმნად მუშაობა. პარალელურად, სწავლა იურიდიულზე გავაგრძელე და თარჯიმნად პოლიციაშიც მიმიწვიეს. დღესაც, ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამომძიებლო განყოფილებაში, იურიდიულ სისტემაში ვმუშაობ თარჯიმნად. უკვე 23 წელია, აქ ვარ, ოთხი შვილის დედა ვარ და გამიმართლა, აქ ჩემი თავი ვიპოვე.
– ამბობენ, ბევრ ემიგრანტ ქართველს გაუწია დახმარება, შეიფარა და გზა გაუკვალა ესპანეთშიო. ასეა?
– დიახ, უამრავი ქართველი ემიგრანტი, ვინც ჩამოვიდა და აქ არავინ ჰყავდა, ჩემს სახლში ვაცხოვრე, წლობით შევიხიზნე, დავეხმარე და ყველაფერი გავაკეთე, რომ მათთვის უცხო მხარეში გზა გამეკვალა. სამსახურში მაკითხავდნენ და თანამშრომლები მათი პრობლემებით დავღალე. ერთ დღესაც მითხრეს: იქნებ ჩამოაყალიბო ასოციაცია, რომლითაც შენს ქართველებს დაეხმარებიო. მოკლედ, შინაგან საქმეთა სამინისტროში დავარეგისტრირე ორგანიზაცია, სახელად „საქართველოს რესპუბლიკა და ემიგრანტები“ დავარქვი და ამით, ბევრს დავეხმარე. ქართული სკოლაც გავხსენი, ჩვენი ანსამბლიც გვაქვს. ვცდილობ, ყველა ქართველ ბავშვს მაქსიმალურად დავეხმარო და როცა რამეა საჭირო, მათ გამო, ყველგან მივდივარ, ვაწუხებ და ვხუმრობ ხოლმე, ესპანეთის მთავრობას ვაყაჩაღებ-მეთქი (იცინის).
– პოლიტიკში როგორ აღმოჩნდით?
– გავიცანი ესპანელი ქალბატონი, რომელიც ქართული დიასპორის საკითხებში მეხმარებოდა. მისი ქმარი პარლამენტში სამი მოწვევის დეპუტატია და მითხრა: უნდა გაგაცნო, პედრო შენნაირ მოძრავ და  აქტიურ  ადამიანებზე გიჟდებაო. ასე გავიცანი პედრო სანჩესი, რომლის რეკომენდაციითაც გავხდი სოციალისტური პარტიის წევრი. პოლიტიკაში წასვლა ამ კაცმა გადამაწყვეტინა, მანამდე პოლიტიკოსობა არც მიფიქრია. ჩემი აქტიურობა რომ დაინახეს, პარტიის აღმასრულებელ კომიტეტში გადამიყვანეს, წელს კი კანდიდატად წარმადგინეს. თუმცა, ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო. არჩევნები 26 მაისს ჩატარდა, სოციალისტური პარტია გავიდა და ქალაქის თვითმმართველობაში მოვხვდი. ჯერ არ ვიცი რომელ სფეროში ვიქნები, სამ კვირაში გახდება ცნობილი, თუმცა, არჩევნებში რომ გავიმარჯვეთ და მერიის თვითმმართველობაში მომიწევს მუშაობა, ფაქტია. ეს შესაძლებლობას მაძლევს, მშობლიურ ქვეყანას პოპულარიზაცია გავუწიო ესპანეთში.  ამ გამარჯვებით ჩემს ცხოვრებაში დიდი არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, ამაყი ვარ, რომ ესპანელების პოლიტიკურ სიაში ქართული სახელი და გვარი წერია. ესპანელი ხალხის სიყვარულსა და ნდობას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ, ჩემს თანაგუნდელებს კი ძალიან უხარიათ, რომ ქართველი ჰყავთ პარტიაში. სულ ვამბობ, ვერცერთ ქვეყანაში ვერ გავჩერდებოდი, მაგრამ ესპანეთი ჩემი მეორე სახლივითაა, აქ ჩემი ყველაფერი მოსწონთ – ჩაცმა, დახურვა, ჟესტები, მოქმედებები... სულ მესმის: ეს ჩვენი ქართველიაო. უჭირთ მანანას წარმოთქმა და გეორგიანას მეძახიან (იცინის).
– იქნებ, ქართულ პოლიტიკაშიც გეცადათ ბედი?
– ქართულ პოლიტიკაში ჩემს თავს ჯერ ვერ ვხედავ. მირჩევნია, შორიდან დავეხმარო ჩემს ხალხს და ესპანეთის პოლიტიკაში მოსვლით ჩემი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის მაქსიმალური გავაკეთო. მე აქ ვარ წარმატებული და ამაში უდიდესი წვლილი დედას მიუძღვის, რომელმაც მიატოვა ყველაფერი, ჩამოვიდა, 20 წელია გვერდით მიდგას და რომ არა მისი დახმარება, ამდენს ნამდვილად ვერ მივაღწევდი.
– თქვით, ჩემი ესპანეთის პოლიტიკაში მოსვლით ჩემს ქვეყანას დავეხმარებიო და ამას როგორ აპირებთ?
– არ არის ჩვენი ქვეყანა იმ დონეზე პოპულარიზებული, რომ იცოდნენ, რა ღრმა კულტურის მქონენი ვართ. ჩემი ვალი და მიზანია, საქართველო კარგი მხრიდან გავაცნო უცხოელებს. ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების მერე, მეტი შესაძლებლობა მომეცა, ესპანეთში პოპულარიზება გავუწიო მშობლიურ ქვეყანას – საქართველოს.

скачать dle 11.3