კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 ლაშა გურგულიანი: მაღლა რინგზე მე ვჩხუბობდი და ქვემოთ – ჩემი ტრენერი

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ქართველი მოკრივე ლაშა გურგულიანი ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, WBF World Super Welterweijht ვერსიით, საჩემპიონო ქამარზე ბერძნული წარმოშობის ეგვიპტელ მოკრივეს, მსოფლიოს ჩემპიონ ანდრეას ვალავანისს დაუპირისპირდა. საჩემპიონო ბრძოლა 12 რაუნდს გაგრძელდა. ქართველმა მოკრივემ მეტოქე რამდენჯერმე დაანოკდაუნა, თუმცა ანდრეასი არ ნებდებოდა და ბრძოლა ბოლომდე დაასრულა. მსაჯების გადაწყვეტილებით, გურგულიანმა ბრძოლა ქულებით მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა.
  ლაშა გურგულიანი: მესტიაში დავიბადე და რაღაც პერიოდი იქ ვცხოვრობდი. კრივზე სიარულიც სვანეთში დავიწყე და ხუთი წელი ვვარჯიშობდი. მიუხედავად ასაკისა, საკმაოდ წარმატებული სპორტსმენი ვიყავი, შეჯიბრებებს ხშირად ვიგებდი. მერვე კლასში ვიყავით, როცა მთელი ოჯახი საცხოვრებლად ვაზიანში გადმოვედით. აქ, დაახლოებით, ერთი-ორი წელი გამიცდა და ვარჯიში მერე დავიწყე. ეს სპორტი თავიდანვე ძალიან შემიყვარდა. ბევრჯერ ვცადე თავის დანებება, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვეშვებოდი. სპორტი მაინც თანხებთანაა დაკავშირებული, თან, როცა ასაკი არ გაქვს, ვარჯიშს სერიოზულად არ უყურებ და ქუჩაში სათამაშოდ გასვლა გირჩევნია. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. მერე ვაზიანში დავიწყე ვარჯიში. ახალი ტრენერი მოვიდა, რომელმაც შემამჩნია და ჩემ მიმართ დიდი ყურადღება გამოიჩინა. შეიძლება ითქვას, ჩემი სტილითა და ჩხუბით ბავშვებში ყოველთვის გამორჩეული ვიყავი. ჩემი კარიერა ასე რომ განვითარდა, თამაზ ბარბაქაძის დიდი დამსახურებაა, მისი დახმარებით მოვხვდი ნაკრებში, ნაკრებიდან – „პროფებში“. სამი წელია, რაც პროფესიონალებში ვარ. აქ სულ სხვა მონდომებით დავიწყე ვარჯიში.
– რატომ აირჩიე კრივი?
– ცოტა შარიანი ბავშვი ვიყავი, ქუჩაში სულ ჩხუბი მომდიოდა და უფრო ამის გამო შემიყვანეს. ნათლიაჩემის იდეა იყო. რომ მომნათლა, იმ დღეს თქვა, კრივზე შევიყავნოთ, კარგი მოკრივე გამოვაო. მეც გამიხარდა. მომნათლეს და იმ დღესვე მიმიყვანეს დარბაზში (იცინის).  მაშინ მესამე კლასში ვიყავი.
– მშობლების პოზიცია როგორი იყო?
– პირველ კლასშიც არ ვიყავი, მამა რომ დამეღუპა. რაც აქამდე მოვედი, სულ დედაჩემის დამსახურებაა. ხან რა გაჭირვება იყო, ხან რა. ზოგადად, ქვეყანაში იყო რთული პერიოდი, მაშინ ყველას უჭირდა. დედა ყოველთვის გვერდში მედგა. სულ მეუბნებოდა: ივარჯიშე, თავი არ დაანებოო. ასე მოვედი აქამდე. რომ არა ის, დღეს სპირტსმენი არ ვიქნებოდი. ერთი პერიოდი აღარ ვვარჯიშობდი და დარბაზს მისი დამსახურებით დავუბრუნდი. მგონი, გავუმართლე იმედები, შედეგი დავდე და ამით ძალიან ბედნიერია. ისე, ოთხი და მყავს და შეიძლება ითქვას, ხელის გულზე გამზარდეს (იცინის).
– წარმატებამდე რა სირთულეები გაიარე?
– ძალიან ვიწვალე, ყოველ დილით და საღამოს ვვარჯიშობდი. საქმე რომ მქონდა, გადავდებდი და კრივზე მივდიოდი, თუმცა ბოლოს, ღვთის წყალობით, შრომა დამიფასდა. დღემდე, ყოველდღე, 30 კილომეტრს გავდივარ დარბაზში მისასვლელად.  უფლის დახმარებით, ჩემპიონი გავხდი. კაიროში რომ ჩავედი ძალიან ცხელოდა. გარეთ ვერ გამოვდიოდი. შიგნით კი იყო კონდიციონერი  ჩართული, მაგრამ გარეთ ძლივს ვსუნთქავდი. ჩემზე იმდენად იმოქმედა იქაურმა ჰავამ, რომ შეუძლოდ გავხდი, ვერ ვვარჯიშობდი. შეჯიბრების დღეს გამიმართლა, ისეთი სიგრილე იყო, როგორც საქართველოშია ხოლმე.
– უფრო დეტალურად მოგვიყევი, რა ხდებოდა შეჯიბრებაზე? რამდენად გაგიჭირდა მეტოქის დამარცხება?
– აწონვების მერე, პრესკონფერენცია ჩატარდა. აქცენტი ჩემს მოწინააღმდეგეზე კეთდებოდა. მის წაგებას არავინ უშვებდა, 90 პროცენტით სჯეროდათ, რომ მოიგებდა. ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ. მაგრამ, მე ხომ ვიცოდი, რას გავაკეთებდი. რაც არ უნდა ყოფილიყო, ბოლომდე ვიბრძოლებდი. ძლიერი მოწინაარმდეგე იყო, კარგი სტილი ჰქონდა, თუმცა, მისი ჩხუბი შევისწავლე. ბრძოლა რომ დავიწყეთ, არ ვჩქარობდი. პირველი რაუნდის მერე აშკარად ჩანდა ჩემი უპირატესობა. თორმეტივე რაუნდი მოვუგე, მაგრამ იყო უსამართლობაც. რადგან სტუმარი ვიყავი, მსაჯი უსაფუძვლოდ მაძლევდა გაფრთხილებებს, ბევრჯერ მაჩერებდა. მერე ქულები დამაკლეს და მოკლედ, ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ქამარი არ დაეთმოთ. გავაპროტესტეთ. მაღლა რინგზე მე ვჩხუბობდი და ქვემოთ – ჩემი ტრენერი (იცინის). ამ წარმატების მიღწევაში პროფების გუნდმა და გიორგი კანდელაკმა ძალიან შემიწყო ხელი. ამათმა დაგეგმეს ჩხუბი და დამეხმარნენ, რომ წავსულიყავი.
– რა შეგრძნებაა, როცა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ფლობ?
– ეს ოცნებადაც არ მქონია. ვერც წარმოვიდგენდი, თუ მსოფლიოს ჩემპიონი გავხდებოდი. კი ვფიქრობდი, მაგრამ ჯერ არ ველოდებოდი. ეს წარმატება ასე უცებ თუ მოვიდოდა ჩემამდე, არ მეგონა. უფალი დამეხმარა, მეც გავიჭირვე, ვიშრომე და დამიფასდა. ძალიან დიდი სტიმული მომცა ამ გამარჯვებამ და მომავალში ვეცდები, ჩემს წონით კატეგორიაში ყველა ტიტული მოვიპოვო. შრომა რომ გიფასდება, ეს ძალიან მაგარი შეგრძნებაა. სიხარულისგან რინგზე დავფრინავდი (იცინის). ეს ბრძოლა 26 მაისს დაემთხვა და ჩემი გამარჯვება დამოუკიდებელ საქართველოსა და ჩვენს ხალხს მივუძღვენი. სხვათა შორის, შარშან რუსეთში 27 მაისს გავხდი ჩემპიონი – მსოფლიოს ჩემპიონს მოვუგე. ისეთი მაგარი შეჯიბრება მოვიგე, ყველა გაგიჟებული იყო. სწორედ ამ მოგებამ გადამაგდო წინა რიგებში და მომეცა შანსი, რომ ამ ქამარზე მებრძოლა.
– ტრავმები ხშირად გაქვს?
– ერთხელ ძალიან დიდი ტრავმა მქონდა – მხარი ამომივარდა. მოკრივეს რომ მხარი ამოუვარდება, მორჩა, ის ამთავრებს კარიერას, რადგან მხრის ამოვარდნამ  შეჩვევა იცის. შეჯიბრების დროს ამომივარდა მხარი. რიგაში რუსს ვხვდებოდი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი იყო და ვუგებდი. მეორე რაუნდის ბოლოში მოხდა ეს ფაქტი და ჩხუბი წაგებით დავასრულე. სამთვიანი რეაბილიტაცია გავიარე, ძალიან ვიწვალე და მერე ისევ დავბრუნდი. ვისაც მხარი ჰქონდა ამოვარდნილი, ყველა გაოცებული იყო. იმდენი გავაკეთე, რომ ჩემი ხელი დავასტაბილურე და აღარც მაწუხებს.
– სპორტის გარდა, კიდევ რა ხდება შენს ცხოვრებაში?
– ბევრი არაფერი. საკუთარ სახლში ვცხოვრობ და აქ ვმუშაობ.  ბაღი მაქვს და ვუვლი. ისე, ძალინ მიყვარს ცურვა. მყავს საცოლე და მალე ვაპირებ დაოჯახებას.
– სპორტსმენებს დატვირთული გრაფიკი გაქვთ და შენი საცოლე ამას არ აპროტესტებს?
– პროტესტი არ აქვს, მაგრამ რომ ვჩხუბობ, ნერვიულობს,  განიცდის და მეუბნება ხოლმე, არაფერი მოგივიდესო. სხვათა შორის, სულ გვერდში მიდგას და მამხნევებს. მასაც მთელი გულით უნდა, რომ წარმატებული ვიყო.

скачать dle 11.3