კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 შინაბერას ეჭვები

აგათა კრისტი
  დასასვენებლად სოფლად ჩასულ სკოტლანდ იარდის ყოფილ მაღალჩინოსანს, სერ ჰენრის მოახლემ მოახსენა, რომ მასთან სტუმრად მის მარპლი იყო მისული.  სერ ჰენრის ძალიან გაუკვირდა.
– თქვენთან ერთი სამწუხარო შემთხვევის გამო მოვედი, – დაიწყო საუბარი მის მარპლმა, – როზა ემოტის დაღუპვას ვგულისხმობ. ხიდიდან გადავარდა და მდინარეში დაიხრჩო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს თვითმკვლელობა არ იყო. როზა  მოკლეს და მე ვიცი, ეს ვინ გააკეთა.
– ძალიან სერიოზული განცხადებაა, – უთხრა სერ ჰენრიმ, – მაგრამ ალბათ, ჩემთან კი არა, პოლიციაში უნდა წასულიყავით. მე დასასვენებლად ჩამოვედი.
– პოლიციაში ვერ წავალ, არანაირი მტკიცებულება არ მაქვს. ზუსტად ვიცი, ჩემს დასკვნებს ინსპექტორ დრუიტს თუ გავაცნობ, სიცილით მოკვდება. ამიტომ მინდა, თქვენ გთხოვოთ, ამ საქმით დაინტერესდეთ. ინსპექტორი დრუიტი ამას პატივადაც კი ჩათვლის, ხოლო პოლიციის უფროსი, მელჩეტი ბოლომდე მოგენდობათ. მე მკვლელის სახელს ქაღალდზე დავწერ და თქვენ მოგცემთ. თუ გამოძიების შედეგად აღმოჩნდება, რომ ეს ადამიანი არაფერ შუაშია, მაშინ...  ვაღიარებ, რომ დავბერდი.     
მის  მარპლმა ბლოკნოტი ამოიღო, ფურცელზე რაღაც დაწერა და მას გადასცა. სერ ჰენრი საქმემ დააინტერესა.  ცოტა ხანში პოლიციის უფროსის, მელჩეტის კაბინეტში იჯდა. იქვე იყო ინსპექტორი დრუიტიც.
– ჩვენ თქვენი მადლობელი ვართ, სერ ჰენრი, – უთხრა პოლიციის უფროსმა, როდესაც მისი მისვლის მიზეზი გაიგო, – ჩვენც  თავიდან გვეგონა, რომ გოგონამ თავი დაიხრჩო. ის ხომ ორსულად იყო. მაგრამ  ჩვენმა ექიმმა, ჰეიდოკმა გოგონას ხელებზე ჩალურჯებები აღმოაჩინა. როგორც ჩანს, მას ხელი სტაცეს და ხიდიდან გადააგდეს. გვყავს მოწმე – პატარა ბიჭი ჯიმი ბრაუნი, რომელმაც ქალის კივილი გაიგონა, შემდეგ კი წყალში ჩავარდნის ხმა. უკვე ღამდებოდა, ამიტომ ბავშვმა  მხოლოდ იმის გარჩევა მოახერხა, რომ წყალში რაღაც თეთრი ცურავდა. საშველად სოფლელებს უხმო, მაგრამ უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა. ჩვენ გვაქვს წერილი, რომელიც გოგონას კაბის ჯიბეში აღმოვაჩინეთ. მართალია, წყალმა გადღაბნა, მაგრამ წაკითხვა შესაძლებელია. წერილი ახალგაზრდა არქიტექტორის, სენდფორდის მიერაა გამოგზავნილი. ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ. სანდფორდი ლონდონელია. აქ დროებით ვალინგტონის სახლის ასაშენებლად ჩამოვიდა. ჰოდა, როზა ემოტს თავდავიწყებით შეუყვარდა. სავარაუდოდ, ფეხმძიმედაც, მისგან იყო. წერილში წერია: „კარგი. შევხვდეთ ხიდზე. რვა საათსა და ოცდაათ წუთზე. რ. ს.“ სწორედ დროის ამ მონაკვეთში გაიგონა ჯიმი ბრაუნმა წყალში საგნის ჩავარდნის ხმა.  
– ყველაფერი ნათელია, – წამოიძახა ინსპექტორმა დრუიტმა, – იმ ნაძირალამ გოგო ჯერ შეაცდინა, შემდეგ კი ლონდონში გაპარვა გადაწყვიტა. სადაც საცოლე ჰყავს. მან როზას პაემანი ხიდზე დაუნიშნა. სიახლოვეს არავინ იყო, მხრებში ხელი მოჰკიდა და წყალში გადააგდო.
სერ ჰენრი დიდხანს იყო ჩუმად. ბოლოს იკითხა:
– როგორ დავიჯერო, რომ ლამაზ გოგოს ადგილობრივებიდან არავინ ეტრფოდა.
– არის ასეთი. ბრწყინვალე ახალგაზრდა კაცია. დურგალი. მასთან რომ დაეჭირა საქმე, დღეს ცოცხალი იქნებოდა. ყველაფერი აპატია როზას. ბოლომდე იმედი ჰქონდა, რომ დაუბრუნდებოდა.
– მისი ნახვა მინდა, – თქვა სერ ჰენრიმ.
– სიამოვნებით, ოღონდ ჩვენ ჯერ სენდფორდთან ვაპირებთ მისვლას და მერე – ელისთან, – უპასუხა პოლკოვნიკმა მელჩეტმა.
რექს სენდფორდი სულაც არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც სერ ჰენრიმ წარმოიდგინა. მაღალი, გამხდარი მამაკაცი იყო. მეოცნებე ცისფერი თვალებით.
– სად იყავით გუშინ საღამოს? – ჰკითხა პოლკოვნიკმა.
– სასეირნოდ გავედი.
– შეხვდით მის ემოტს?
– არა. ტყეში ვსეირნობდი მარტო.
– ამ წერილს როგორ ახსნით, რომელიც გარდაცვლილის ჯიბეში ვიპოვეთ?
ინსპექტორმა დრუიტმა სენდფორდს წერილი ხმამაღლა წაუკითხა.
– კი, ეს ჩემი წერილია, – თქვა სენდფორდმა, – როზა შეხვედრას მთხოვდა. არ ვიცოდი, რა მექნა და ეს დავწერე. თუმცა შეხვედრაზე არ წავედი. ხვალ ლონდონში უნდა დავბრუნდე. ვაპირებდი, იქიდან მომეწერა. რაღაც მომეგვარებინა.
– ვინმემ დაგინახათ, როგორ სეირნობდით?
– არ ვიცი. არა მგონია. მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?
– როზას თავი არ მოუკლავს. იგი ხიდიდან გადააგდეს.
სენდფორდი სავარძელში მოწყვეტით ჩავარდა. სერ ჰენრიმ მშვიდად განაგრძო:
– იქნებ მოგვიყვეთ, რა მოხდა თქვენსა და როზას შორის.
– იგი ისეთი კარგი იყო, ისეთი დამატყვევებელი! – დაიწყო სენდფორდმა, – მას თავად სურდა ეს. უნდოდა, რომ ცოლად მომეყვანა. მე კიდევ არ ვიცოდი, რა მექნა. საცოლე მყავს. შემდეგ როზას გავურბოდი. რა თქმა უნდა, ნაძირალა ვარ, ვფიქრობდი, ლონდონში რომ დავბრუნდები, ადვოკატს დაველაპარაკები და გარკვეულ თანხას დავუნიშნავ, თავი რომ ირჩინოს-მეთქი.
– ვიდრე გადაწყვეტილებას მივიღებთ, – უთხრა სერ ჰენრიმ პოლკოვნიკს, მას შემდეგ რაც გარეთ გამოვიდნენ, – ვფიქრობ, ჯო ელისის ნახვაც ღირს. მოგეხსენებათ, ეჭვიანობა საკმაოდ სერიოზული მიზეზია მკვლელობისთვის.
– რა თქმა უნდა, – უპასუხა მელჩეტმა, – მაგრამ  ელისი ისეთი წყნარი ტიპია, ბუზსაც კი არ გააბრაზებს. მაინც მივიდეთ და გავარკვიოთ, სად იყო გუშინ საღამოს. იგი ოთახს მისის ბარტლეტთან ქირაობს. ძალიან წესიერი ქალია, ქვრივი.
კარი მათ სწორედ მისის ბარტლეტმა გაუღო. ვიდრე ჯო ელისი სტუმრებთან გამოვიდოდა, მათ ქალის გამოკითხვა გადაწყვიტეს.
– სად იყო გუშინ საღამოს თქვენი მდგმური? – ჰკითხა მას პოლკოვნიკმა.
– სახლში. სწორედ გუშინ საღამოს სამზარეულოში კარადას მიკეთებდა.
ოთახში ელისიც შემოვიდა. მისის ბარტლეტი სამზარეულოში გავიდა.
– თავი არ უნდა მოეკლა, – დაიწყო ელისმა. ის კაცი ამად არ ღირდა. მზად ვიყავი, ყველაფერი მეპატიებინა და მიმეღო. დაბრუნებულიყო, ვიზრუნებდი მასზე...
– გუშინ საღამოს რვიდან ცხრის ნახევრამდე სად იყავით?
– აქ. სამზრეულოში რაღაცას ვაკეთებდი. მისის ბარტლეტს ჰკითხეთ. მან იცის.   
„რაღაც ძალიან სწრაფად თქვა ეს ყველაფერი“, –  გაიფიქრა, სერ ჰენრიმ. როდესაც სახლიდან გადიოდნენ, გასასვლელში ბავშვის ეტლი შენიშნეს. მისის ბარტლეტმა, როდესაც ჯენტლმენებს გაკვირვება შეამჩნია, აუხსნა, რომ შეკვეთით თეთრეულს რეცხავს, შემდეგ კი ამ ეტლით დამკვეთებთან მიაქვს.
– მგონი, ყველაფერი გაირკვა, – თქვა ინსპექტორმა, როდესაც გარეთ გამოვიდნენ, – ელისს ალიბი აქვს. გამოდის, მკვლელი სენდფორდია. ჩემი აზრით, გოგონა და მამამისი მას აშანტაჟებდნენ. შეეშინდა, საცოლეს არ გაეგო და... რას იტყვით?
– როგორც ჩანს ასეა, – დაეთანხმა სერ ჰენრი, – თუმცა მიჭირს სენდფორდის მკვლელის როლში წარმოდგენა. მაინც მგონია, ღირს იმ ბიჭს დავლაპარაკოთ, ვინც ხიდიდან კივილი გაიგონა.
სერ ჰენრიმ  ბიჭუნას ჰკითხა მდინარის მეორე ნაპირზე ხომ არავინ შეგიჩნევიაო.
– კი, ვიღაც ტყეში სეირნობდა. მგონი მისტერ სენდფორდი იყო. რამდენიმე წუთით ადრე, ვიდრე წყლის ხმას  გავიგონებდი.
– მდინარის სხვა ნაპირზე, სოფლის მხარეს არავინ დაგინახავს?
– ვიღაც კაცი ბილიკს მიუყვებოდა და უსტვენდა. ვფიქრობ, ჯო ელისი იყო. ელისი ყოველთვის ერთი და იმავე მელოდიას უსტვენს. ეს ერთადერთი მოტივია, რომელიც იცის. ამიტომ ვფიქრობ, არ ვცდები.
– სხვასაც შეეძლო ამ მოტივზე დაესტვინა, – შენიშნა მელჩეტმა.
სერ ჰენრიმ გადაწყვიტა, მის მარპლისთვის შეევლო.
– ვფიქრობ, ჩვენი საქმე კარგად ვერ მიდის, – უპატაკა სერ ჰენრიმ, – სენდფორდს მალე დაიჭერენ და სიმართლე გითხრათ, მეც ვეთანხმები.
– ჩემი ვერსიის სასარგებლოდ არაფერი მეტყველებს? ნუთუ შევცდი?
– ჯო ელისს ალიბი აქვს. მთელი საღამო სამზარეულოში კარადას აკეთებდა და მისის ბარტლეტიც ეხმარებოდა.
– ეს  ბარტლეტმა  თქვა? შეუძლებელია. ეს ამბავი ხომ ხუთშაბათს მოხდა? ხუთშაბათობით ის დამკვეთებს თეთრეულს ურიგებს. თან ამას საღამოს აკეთებს.
სერ ჰენრი სკამის საზურგეს მიეყრდნო. გაახსენდა, რომ ბიჭი ყევებოდა კაცზე, რომელიც უსტვენდა... ყველაფერი ემთხვეოდა.
ხუთი წუთის შემდეგ იგი ისევ მისის ბარტლეტის სახლში იყო.
– თქვენ მოიტყუეთ, ელის, – მტკიცედ უთხრა მან, – თქვენ სამზარეულოში არ იყავით და არც კარადას აკეთებდით. თქვენ ხიდთან დაგინახეს. რამდენიმე წუთით ადრე, ვიდრე როზა ემოტს მოკლავდნენ.
– მე არ მომიკლავს, არა... – ამოღერღა ელისმა, – ის თავად გადახტა. მე მას არაფერს დავუშავებდი.
– მაშინ რატომ მოიტყუეთ?
– შემეშინდა.
სერ ჰენრის სიტყვა აღარ უთქვამს. პირდაპირ სამზარეულოში გავიდა.
– მისის ბარტლეტ, – მიმართა ქალს, – მე ყველაფერი ვიცი. ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ ყველაფერს აღიარებთ. თუ არ გინდათ, რომ ჯო ელისი იმის გამო ჩამოახრჩონ, რაც მას არ გაუკეთებია. თქვენ თეთრეულს არიგებდით და ამ დროს როზა ემოტს შეხვდით. თქვენ იცოდით, რომ მან ჯო მიატოვა და რომანი ჩამოსულ არქიტექტორთან გააბა. ჯო მზად იყო ისევ უკან მიეღო... ჯო თქვენთან უკვე ოთხი წელია, ცხოვრობს. ამ ხნის განმავლობაში მისი შეყვარება მოასწარით და იმ გოგოს ვერ იტანდით. ვერ დაუშვებდით, რომ მას თქვენთვის ჯო წაერთმია. ფიზიკურად ძლიერი ქალი ხართ. თქვენთვის მისი მდინარეში გადაგდება პრობლემა არ იყო. რამდენიმე წუთში, ჯო ელისს შეხვდით. დაარწმუნეთ ის, რომ შეიძლებოდა, ეჭვი მასზე მიეტანათ და უთხარით, რომ ალიბი სჭირდებოდა, სინამდვილეში ეს თქვენი ალიბი იყო. ხომ მართალი ვარ?
– იმ ქალს უფლება არ ჰქონდა ჩემთვის ჯო წაერთმია! – დუმილის შემდეგ უპასუხა მისის ბარტლეტმა, – ჯერ ორმოცი წლის ვარ. ჯოს მსგავსი ათასში ერთი თუ იქნება. მის გამო ყველაფერს ვიზამდი. პატარა ბავშვივითაა, სერ. მე მასზე ვზრუნავდი... და უცებ ის ძუკნა... არ მეგონა, თუ ვინმე მიხვდებოდა. წარმოდგენა არ მაქვს როგორ გაიგეთ...
სერ ჰენრიმ თავი გააქნია.
– მე არა, – თქვა მან და ჯიბეში ჩაკუჭული ფურცელი გაახსენდა, სადაც წვრილი ასოებით ეწერა: „მკვლელი  მისის ბარტლეტია, რომელთანაც ჯო ელისი    ცხოვრობს“.
    თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3