კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 რა იყო მაიკო გელოვანისთვის სილის გაწვნა და რა შეცვალა ოცმა წელმა მისი და ნიაზ დიასამიძის ურთიერთობაში

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მაიკო გელოვანის ცხოვრებაში თეატრს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და მიუხედავად ბევრი ინტრიგისა თუ დაუფასებელი შრომისა, არასდროს უნანია, რომ პროფესიად მსახიობობა აირჩია.
  მაიკო გელოვანი: ჩემი პროფესიის არჩევაში დიდი როლი ოპერამ ითამაშა. დეიდაჩემი – მანანა ეგაძე არაჩვეულებრივი მეცოსოპრანო იყო. ხუთი-ექვსი წლის ვიქნებოდი, როცა „კარმენისთვის“ ემზადებოდა და მთელმა მისმა რეპეტიციებმა ჩემ თვალწინ გაიარა. ამ ყველაფერმა ჩემზე იმდენად დიდი გავლენა მოახდინა, რომ მომინდა, მომღერალი გავმხდარიყავი. მაგრამ მივხვდი, რომ არანაირი ვოკალური მონაცემები არ მქონდა. მერე თუმანიშვილის თეატრში ვნახე სპექტაკლი „ჩემი პატარა ქალაქი“, რომელმაც ჩემზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ საღამოს სიცხე მომცა. არ მახსოვს მომენტი, როცა გადავწყვიტე, მსახიობი გავმხდარიყავი. მეგონა, რომ ამ პროფესიის გარდა დედამიწაზე სხვა არაფერი არსებობდა. 12 წლის ვიყავი, როცა მოვძებნე საბავშვო თეატრი „ბერიკონი“ და იქ დავიწყე სწავლა. არავისთვის მითქვამს, ისე მივედი ქასთინგზე. ამიყვანეს და ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდი დაიწყო. მშობლები ჩემს არჩევანს მაშინ სერიოზულად არ უყურებდნენ. ფიქრობდნენ, პატარაა და გაუვლისო. მაგრამ პირიქით ხდებოდა. სკოლას რომ ვამთავრებდი, მიუხედავად იმისა, რომ მე, რა თქმა უნდა, თეატრალურში ჩაბარება მქონდა გადაწყვეტილი, მშობლებმა მითხრეს, მოდი, მაინც ისე მოემზადე, რომ უცხო ენებზე ჩაბარება შეძლო და თეატრალურს შენით მიხედეო. მთელი წელი ვემზადებოდი, როგორც სხვა აბიტურიენტები და მხოლოდ ბოლო ორი თვე ვმეცადინეობდი ჩემს ბიძაშვილ, რეჟისორ ოთარ ეგაძესთან ერთად სამსახიობოზე ჩასაბარებლად. სანამ გამოცდების დრო მოვიდოდა, ოთარმა დედას ურჩია, ბატონ მიშა თუმანიშვილს ვაჩვენოთ, ის გვირჩევს, ღირს თუ არ ჩაბარებაო. მერე გამომიტყდნენ ჩემი ოჯახის წევრები, რომ ბატონი მიშასთვის უთქვამთ, უნივერსიტეტისთვის ვამზადებთ და თუ მიხვდით, რომ მისგან არაფერი გამოვა, პირველივე ტურიდან გამოუშვით. დრო აღარაა და ბარემ განეწყოს უნივერსიტეტის გამოცდებისთვისო. ბატონი მიშა ძალიან კარგად შემხვდა. მითხრა, გამოცდებზე მოდიო და ასე დაიწყო ეს ყველაფერი.
– ამ პროფესიის სირთულეებს როდის შეეჯახეთ, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელშიც ხმამაღლა საუბრობდით პრობლემებზე.
– რომანტიზმის პერიოდიდან გამოსვლა და პირველი სილის გაწვნა ძალიან რთული იყო, მაგრამ დღეს ვთვლი, რომ ეს ჩემთვის ძალიან კარგი გაკვეთილი გამოდგა. მეორე კურსზე ვიყავი, როცა ბატონმა მიშამ თავის სპექტაკლში ამიყვანა. როცა აქ მოვედი, თუმანიშვილის თეატრი, რომელიც ძალიან მიყვარდა და რომელმაც მსახიობობა გადამაწყვეტინა, ისეთი ინტრიგებითა და ტკივილით სავსე უცნაურობებით დამხვდა, რომ ძალიან მტკიოდა გული, მაგრამ იმ ყველაფერმა ძალიან გამაძლიერა. რაც შეეხება თეატრის დღევანდელ პრობლემებს, სტრუქტურა, რომელიც კულტურის სამინისტროში არსებობს, აუცილებლად საჭიროებს ცვლილებებს. ჩვენი თეატრები საბჭოთა კავშირიდან გადმოყოლილი წესებით იმართება და ეს კატასტროფაა. მსახიობი ზოგჯერ დღე და ღამე თეატრშია, ძალიან ბევრს მუშაობს, ჩადის გასტროლზე მაგალითად, ბათუმში და თამაშობს ოთხსაათიან სპექტაკლს. ამ ყველაფრისთვის კი ვიღებთ ჰონორარს – 14 ლარს და 80 თეთრს. ეტყობა, ქვეყანაში იმდენად ბევრი პრობლემა გვაქვს, აქამდე არავინ არ მოვიდა, რომ ეს მოგვარდეს და მსახიობმა თავი ადამიანად იგრძნოს.
– გინანიათ, ეს გზა რომ აირჩიეთ?
– არა. ადამიანს ცხოვრებაში ძალიან ბევრი ტკივილის გადატანა უწევს. ტკივილის დროს ჩემი ერთ-ერთი წამალი თეატრია.
– რას გულისხმობთ?
– ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი მამაა. ძალიან ძლიერი, სიცოცხლით სავსე მამა მყავდა და სამოცი წლის ასაკში, ძალიან მოკლე დროში „გაქრა“. გვიან გავიგეთ, რომ სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ექიმთან ერთ-ერთი ვიზიტის დროს, როცა მამა გასული იყო და ექიმმა უხეშად, პირდაპირ მითხრა: რა ქიმიოთერაპია, მაქსიმუმ, სამი თვე იცოცხლოს ამ ადამიანმაო და ერთ თვეში დაიღუპა. ძალიან რთული იყო. მივხვდი, რომ ამაზე ფიქრიც აღარ შემეძლო. შიგნიდან ჩემი სხეულის საშინელი კივილი მესმოდა. ვხვდებოდი, ეს თუ არ დამთავრდებოდა, მოვკვდებოდი და ერთადერთი ადგილი, სადაც ამ კივილს ვერეოდი რეპეტიციები იყო. ეს იყო ჩემთვის რეალობისგან გაქცევის საშუალება. მახსოვს, ყოველდღე დავდიოდი რეპეტიციაზე. ალბათ, ეს, ჩემი მხრიდან, ეგოისტურია, მაგრამ ეს რომ არა, მართლა მოვკვდებოდი. მაშინ კარგად გავაცნობიერე, რომ ეს არის პროფესია, რომელიც ასეთ დროს ძალიან მეხმარება.
– ოჯახზეც ვისაუბროთ. თქვენ მსახიობი ხართ, მეუღლე – მუსიკოსი. ოცი წელი გავიდა, რაც თქვენ და ნიაზ დიასამიძე ერთად ხართ.
– ოცი წელი ძალიან ბევრია. მე მგონია, რომ ოცი წლის ვარ და თურმე, ოცი წელი ქორწინებიდანაა გასული (იცინის). ჩვენი ამბავი ჩაბნელებულ 90-იან წლებში დაიწყო თუმცა ეს იმდენად ჩემია, რომ ხმამაღლა საუბარი მიჭირს.  
– ნიაზი მაშინ უკვე პოპულარული იყო, მის თაყვანისმცემლებზე ცოტას არ ეჭვიანობდით?
– პირველი ალბომი უკვე ჰქონდა და ეს ამბები იწყებოდა. ხშირად მეკითხებიან ხოლმე ეჭვიანობაზე და გულწრფელად რომ ვთქვა, ეს მომენტი არ მქონია. თაყვანისმცემლები ორივეს გვყავდა, მაგრამ არ ვეჭვიანობდით. ნიაზი, თვითონ ისეთი ტიპია, არ მოგცემს ეჭვიანობის საბაბს. პირველი შვილი რომ შეგვეძინა, დაახლოებით სამი წელი, პროფესიას ჩამოვშორდი. ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ნიაზი მეორე ალბომზე მუშაობდა, მისი კლიპები გამოვიდა და მაშინ მქონდა ეჭვიანობის თუ კეთილი შურის მომენტი, რადგან მე ვერ ვაკეთებდი ჩემს საქმეს. გადავწყვიტე, რომ ეს უნდა დამთავრებულიყო, თორემ ვხვდებოდი, რომ ვნადგურდებოდი. ავდექი და თეატრში დავბუნდი, რაშიც მთელი ოჯახი მეხმარებოდა.
– რა შეიცვალა ოცი წლის შემდეგ ურთიერთობაში?
– ბევრად უფრო მიყვარს ნიაზი, ვიდრე მიყვარდა. რაღაც ასაკში აცნობიერებ, რომ „მეორე ნახევარი“, რომელიც ამდენი ხანია გესმის, სულ სხვა მნიშვნელობას და ძალას ატარებს და რომ უკვე ერთი ხართ. ურთიერთობა კარდიოგრამასავითაა, ხან ზემოთ, ხან ქვემოთ, მთავარია არ გაწყდეს. ამისთვის, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია ნდობა, სიყვარული, დათმობა, პატიება. თუმცა აქ მსხვერპლშეწირვაზე არაა ლაპარაკი. ეს ან გეძლევა, ან – არა. ალბათ, ბედისწერა იყო, რომ მე შევხვდი იმ ადამიანს, რომელსაც უნდა შევხვედროდი. ეს ჯადოსნური ამბავია, რომელსაც რეცეპტი არ გააჩნია და თავისდაუნებურად ხდება.
– ერთმანეთს როგორ გულშემატკივრობთ?
– სხვათა შორის, ჩემს სპექტაკლებზე ნიაზი არ დადის. იმდენად განიცდის და ნერვიულობს, რომ ურჩევნია, არ მოვიდეს. რომ მოვიდეს, ალბათ, ძალიან დავიძაბები და ვინერვიულებ. არცერთხელ არაა ნამყოფი. სხვათა შორის, ჩემს შვილებსაც იგივეს ვატყობ. სპექტაკლს რომ უყურებს, პატარა ძალიან იძაბება. დიდად მამას კონცერტებზეც აღარ უყვარს სიარული და ზუსტად ვხვდები მიზეზს. იმიტომ, რომ ნიაზი მისია და კონცერტებზე ამას ვერ გამოხატავს, იქ ხედავს, რომ ნიაზი ყველასია. ასე რომ, ოჯახში ცოტა ეგოისტური ამბები გვაქვს (იცინის). მე კი, როცა ნიაზის ამდენ გულშემატკივარს ვხედავ, გული მიჩუყდება ხოლმე და რაც ასაკში შევდივარ, უკვე მეტირება კიდეც (იცინის).

скачать dle 11.3