კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 ლუბა ელიაშვილი: შალვას ხმა ვერ მივეცი

ნინო კანდელაკი თამუნა სამადაშვილი

  მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, შალვა შავგულიძეს პოლიტიკურ მარათონში ზურგს მეუღლე – ლუბა ელიაშვილი უმაგრებს. იმის მიუხედავად, რომ საზოგადოებრივ აქტივობებს ვეღარ ახერხებს, ქმრის მხარდაჭერას მთაწმინდელი ამომრჩველის, ნაცნობ-მეგობრების „მობილიზაციით“ ცდილობს. როგორც თავად ამბობს, ამ უბანში ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წლები გაატარა. ლუბა ელიაშვილისა და შალვა შავგულიძის 33-წლიანი ოჯახური და მეგობრული ტანდემი სამსახურებრივი რომანით დაიწყო. დღესაც უყვარს იმის გახსენება, როგორ გაიცნო ახალგაზრდა იურისტი გარღვეული როლინგით, რომლის სიყვარულშიც ვერავინ შეეცილებოდა და რომელმაც ბოლო წლებში პოპულარობითაც დაჩრდილა და მთავარი როლიც „გაუცვალა“ – ლუბა ელიაშვილის სატელევიზიო ქარტეხილებით სავსე ცხოვრება დამშვიდდა, კონსერვატორი იურისტის აკადემიური ცხოვრება კი, პოლიტიკის წყალობით, მძიმე ბატალიებად  იქცა.      
– ახლა, საარჩევნო კამპანიის დროს, როგორ გამოხატავდით მეუღლის თანადგომას? ხმა მიეცით მას?
– მე, სამწუხაროდ, არ ვარ მთაწმინდის ამომრჩეველი, შალვას ხმა ვერ მივეცი. გული დამწყდა, მაგრამ რა უნდა მექნა, სამაგიეროდ,  ვმუშაობდი ამომრჩევლის მობილიზაციაზე (იცინის). ჩემი ნაცნობ-მეგობრები ტელეფონით ავაწრიალე – ყველას ვურეკავდი. მერე კი ვიფიქრე, ტელეფონებს ისე უსმენენ, მგონი, იმ ხალხს პირიქით შევუშალე ხელი – ან პასპორტები „დაეკარგებოდათ“, ან სიებში თავს ვერ იპოვიდნენ.
–იყო დრო, თქვენ „მშფოთვარე“ ცხოვრება გქონდათ, ბატონ შალვას  – მშვიდი, თითქოს როლები გაცვალეთ.
– შალვას ცხოვრებაც არასდროს ყოფილა მშვიდი. ჯერ აფხაზეთში იყო, ომში, მერე უსამართლობის წინააღმდეგ  მებრძოლი ადვოკატი გახლდათ. ერთი იყო, ყველაფერს უხმაუროდ აკეთებდა. რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციის ნომინაციაში აკვარიუმის „ოქროს თევზითაც“ კი დააჯილდოვეს, როგორც წარმატებული და უხმაურო ადვოკატი. სიმართლე გითხრათ, ახლა ცოტა  მწყდება გული, რომ პოპულარობაში მაჯობა (იცინის).
– იყო დრო, ბიძინა ივანიშვილი თქვენი ოჯახის მიმართ ძალიან კეთილგანწყობილი იყო.  თქვენ გააცანით მას მეუღლე?  როგორ ფიქრობთ,  მძიმე ბრალდებისთვის  შალვა შავგულიძე იოლად  გაიმეტა?
– შალვა ივანიშვილს ირაკლი ალასანიამ წარუდგინა, როგორც ალიანსში შემავალი ერთ-ერთი პარტიის ლიდერმა. მე პარტიის გარეშე ვიყავი, ივანიშვილის პრესსამსახურის  თანამშრომელი და პარტიული საქმეები არ მეხებოდა. მერე ვიყავი ბიძინა ივანიშვილის  მეუღლის მიერ დაფუძნებული ტელევიზიის დირექტორი, თუმცა, იქამდე, როგორც ვთქვი, მე  მასთან პიარში სამუშაოდ მივედი. პიარჯგუფი მის პოლიტიკურ იმიჯზე ზრუნავდა. მასში ათამდე ადამიანი ვმუშაობდით. პიარსამსახური მონაწილეობდა  პოლიტიკური რეკლამის მედიაუზრუნველყოფაში და ბიძინა ივანიშვილის სიტყვის მომზადებისას,  რასაკვირველია,  სიტყვას  თავად არ წერდა, ამისთვის მუშაობდა ხალხი, მათ შორის იყო  ნინო გოგუაძეც.  ახლა ნინოს  რომ ვუსმენ ხოლმე, ვხვდები,  მაშინ ბიძინას სიტყვა ხალხის გულამდე ასე კარგად რატომ  მიდიოდა – ეს ნინო გოგუაძის ტექსტები იყო. თუმცა ბიძინა ივანიშვილი უდავოდ ძალიან ნიჭიერი ადამიანია.  მე ვიცი, როგორ უჭირთ  ჟურნალისტებს სუფლიორზე კითხვის სწავლა. მახსოვს, პირველი დიდი მიტინგის  წინ  ბიძინა ივანიშვილმა  ერთ ღამეში ისწავლა ორ სუფლიორზე წაკითხვა. მახსოვს, მკითხა, ეს  წამყვანები ასე სხაპასხუპით რომ კითხულობენ ტექტებს, ზეპირად იციანო? არა სუფლიორზე კითხულობენ-მეთქი,  მერე ჩვენ რა, გვიჭირს მაგის  შეძენაო? წინა საღამოს შევიძინეთ სუფლიორი, იმ საღამოს ცოტა წაივარჯიშა და მეორე დღეს მიტინგზე თავისუფლად კითხულობდა ნინოს მიერ  მომზადებულ ტექსტს. მაშინ მეც და ნინოსაც გვჯეროდა, რომ მას ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთე უნდა და ვმუშაობდით მასთან – მე პრესცენტრში, ნინო კი – სპიჩრაიტერად.  მერე მივხვდით, რომ მას არც ქვეყანა აინტერესებდა და არც ადამიანები. ნინომ პირდაპირი ეთერიდან მიმართა, ჩემი პირადი მტერი ხარო და მეც მივხვდი, რომ ბიძინამ უღალატა იმ პრინციპებს, რისთვისაც ყველა ერთად ვიბრძოდით. ამას მეც მივხვდი, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ თამაშში ადამიანებს ჭადრაკის ფიგურებად მიგვიჩნევს. ვიდრე სჭირდები, გატყუებს, თითქოს შენი თანამოაზრეა. როცა აღარ სჭირდები, ცილისწამებასაც არ ერიდება. თუმცა, მე მგონი, გარკვეული დროის განმავლობაში პატივს მცემდა და ადამიანად მთვლიდა. ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ „ჯიდიეს-ის“ დირექტორებს სამ თვეში ერთხელ ცვლიდა ხოლმე.  მე კი ვერ მაკადრა დირექტორობიდან  მოხსნა, რადგან ამისათვის დამაჯერებელი  საბაბი ვერ მოიგონა. მერე, ტელევიზია რომ დახურა, ორთვიანი კომპენსაციების ანაზღაურებას დაგვპირდა ყველას და გადახდა რომ დაენანა, ვითომ იმაზე გაბრაზებულმა, ორი კვირით ადრე რომ შევაჩერეთ იმ ტელევიზიის მაუწყებლობა, რომლის  დახურვის გადაწყვეტილება თავისი განცხადებით გაასაჯაროვა, ხელზე დაიხვია ეთერის შეჩერება და არაპროფესიონალები უწოდა ტელევიზიის თანამშრომლებს, მე კი მითხრა, რომ დაგვსჯიდა და აღარავის გადაუხდიდა კომპენსაციას. მაშინ მე ჩემს თავზე ავიღე და ღიად გამოვაცხადე, რომ ეთერის შეჩერება მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება იყო, შესაბამისად, თუ დასასჯელი იყო ვინმე, მხოლოდ – მე. ტელეფონით საუბარში ბიძინა ივანიშვილიც დავარწმუნე, რომ მისგან  სწორი და ღირსეული საქციელი თანამშრომლებისთვის კომპენსაციის სრულად დარიგება იქნებოდა,  რაზედაც იგი დამთანხმდა და ორი თვის  გადაიხადა. ასე დასრულდა ჩემი მასთან თანამშრომლობა. მიმაჩნია, რომ მეც ღირსეულად მოვექეცი და ისიც. მე არ გამკვირვებია, რომ ის არ მოვიდა და არ მნახა, როდესაც  ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა. არც მას ჩავუთვლივარ ოდესმე მეგობრად და არც – მე, ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ საქმიანი იყო და როცა საქმე დასრულდა, დასრულდა ურთიერთობაც.  თუმცა, როდესაც დედა გარდაეცვალა, მე მის ძმას,  ბატონ ალეკოს დავურეკე, ორივეს  გულწრფელად მივუსამძიმრე და ვთხოვე, მისთვისაც გადაეცა ჩემი სამძიმარი. ჩემი მდგომარეობის გამო, მე ვერ წავიდოდი, შალვა კი იყო  ჩასული  გასვენებაში. 2013 წელს თვითონ ბატონი  ბიძინაც მოვიდა შალვას მამის, თამაზ შავგულიძის  გასვენებაში. ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც შალვა უმრავლესობას ტოვებდა.        
– რაც ჯანმრთელობის პრობლემა გაქვთ, მეუღლე, ალბათ, განსაკუთრებულად ზრუნავს თქვენზე.
– შალვა მზრუნველი ადამიანია. ზრუნავს ყველაზე, ვისაც მისი ზრუნვა სჭირდება, განსაკუთრებით, შვილებზე. ცხადია, შალვას ამ ეტაპზე არ სცალია, რომ მუდამ ჩემ გვერდით იყოს, ამიტომ ამჟამად უშუალოდ  დედა და ჩემი და მივლიან, შალვას ზრუნვა კი, ძირითადად  მატერიალურ და სულიერ თანადგომაში გამოიხატება.  ფიქრობს, ასეთი მდგომარეობის გამო რომ შევეცოდო, ეს ჩემთვის უფრო მძიმე იქნება.  შალვამ  კარგად იცის ჩემი ხასიათი.  ჩვენ ბევრი რამ „შემოგვრჩა“ ძველი ცხოვრებიდან. როდესაც შალვა გავიცანი, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, „ვჰიპობდი“,  ვმეგობრობდი არაფორმალებთან, მათ შორის რუსეთში.  ჩავდიოდი კიდეც პიტერში, სადაც ჩემი ბიძაშვილი ცხოვრობდა. კომუნალური ბინა ჰქონდა, „აკვარიუმის“ „ბარაბანშჩიკი“ ცხოვრობდა მის გვერდით. ერთ ბარში იკრიბებოდნენ და როცა პიტერში ჩავდიოდი, მეც ხშირად ვიყავი იქ. მერე გავიგე, ვინაიდან არაფორმალები იკრიბებოდნენ, თურმე იქ, მაგიდების ქვეშ „ჟუჩოკები“ იყო დაყენებული. ეტყობა, პიტერის ბარში იმისთანები ჰქონდათ მოსმენილი ჩემგან საბჭოთა კავშირზე, უნივერსიტეტში სწავლის დროს, სხვებისგან განსხვავებით, უშიშროებამ ვერც ერთხელ ვერ გამიბედა ჩემთვის თანამშრომლობის შემოთავაზება. მე საბჭოთა  სკოლის ფრიადოსან მოსწავლეს, სამშობლო ცოტა „გაბლანდული“ მქონდა. ვამბობდი: რა სამშობლო, რის სამშობლო, ყველა დედამიწელები ვართ-მეთქი.  შალვამ  მთაწმინდაზე ამიყვანა, გადმომახედა თავისი „ვერანდიდან“ და მითხრა, ეს არის შენი სამშობლო, მორჩი ამ სისულელეებსო. დღესაც ხშირად მახსენებს ხოლმე ამ ამბავს, როდესაც ფილოსოფიაში გადავდივარ და  ორპოლუსიან სამყაროზე ვეკამათები. განსაკუთრებულად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც შალვა აფხაზეთში იყო,  ომში.  მაშინ გიო პატარა იყო, ცხვარიჭამიაში მყავდა. გლდანში ვმუშაობდი, ფსიქიატრიულ კლინიკაში, იქიდან დავდიოდი  ცხვარიჭამიაში. გლდანის ბაზარში ვყიდულობდი ხოლმე საკვებს, მანქანა არ მყავდა, გამომვლელ მანქანას ვაჩერებდი ხოლმე, როგორც ყოფილ ჰიპს „ჰიჩჰაიკინგით“ (ავტოსტოპით) მოგზაურობა კარგად  გამომდიოდა. მძღოლები ერთი და იმავე ტექსტით იწყებდნენ ხოლმე, ეს ლამაზი გოგო მარტო ვინ გამოგიშვა ქუჩაში? ცოტა ხანში ასე დაწყებული საუბარი მთავრდებოდა ტექსტით, ხრეშში რამდენი მიეცი, აგური რა ღირდა? მეორე ვარიანტი იყო შალვაზე საუბარი და მათი „თავის მართლება“, უჰ, მე ვერ წავედი ომში. მალადეც, შენი მეუღლე რომ იქაა, და როცა დაგჭირდეს, მითხარი და ყოველთვის აგიყვან ცხვარიჭამიაშიო. ასე ხდებოდნენ ხოლმე ძმები და ასე მთავრდებოდა ჩვენი  მოგზაურობა ცხვარიჭამიამდე. როდესაც შალვა ომიდან ჩამოვიდა, ვთხოვე, ბავშვთან ერთად  ავიდეთ-მეთქი, ძალიან ცუდად იყო,  რაღაცნაირად მითხრა, მიდი, შენი „ხოდით“ ადიო. მეწყინა, ეს წყენა განსაკუთრებულად დამრჩა. შალვამ  რა იცოდა, ჩემი „ხოდი“, რომ „გრუზავიკები“ იყო და მათი მძღოლების  საუბრები ჩემს ვაჟკაც ქმარზე, რომელიც ომში წავიდა (იცინის).     
  როდესაც შალვა გავიცანი, მაშინაც ასეთი აკადემიური იყო. მახსოვს, გარღვეული როლინგი ეცვა და ვიფიქრე, ამის სიყვარულში არავინ შემეცილება-მეთქი. ჩვენ ერთად ვმუშაობდით კრიმინალისა და გადახრების სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიაში. შალვა – როგორც იურისტი, მე – როგორც ფსიქოლოგი. ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო, რომელიც  შემდეგ  სამსახურებრივ რომანში გადაიზარდა.  სულ ერთად დავდიოდით, შალვას მანქანით მოვყავდი ხოლმე სახლში. სულ მანქანაში ვისხედით და მისი მეგობრები ხუმრობდნენ, ჭაღი რომ ჩამოკიდოთ და ავეჯი დადგათ, ოჯახი გამოგივათო. მოვიგონე თამაში და ჩემი გამოგონილი მეგონა, მაგრამ თურმე ძველი თამაში ყოფილა – ჩემს დაწერილ „დეპეშებს“ (ახლა ეს სატელეფონო მესიჯებმა შეუცვალა ახალგაზრდობას) ვუდებდი ხოლმე ჩუმად პალტოს ჯიბეში – ხან საყვედურს ვეუბნებოდი, რატომ დააგვიანა; ხანაც ვწერდი, რომ მომენატრა. ერთხელ, მეც დამხვდა შალვას „დეპეშა“, რომელშიც ეწერა: მე მიყვარს ერთი გოგო, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე კარგი დეპეშების წერა იცისო. ეს ბარათი დღემდე შენახული მაქვს.   
  

скачать dle 11.3