კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 რომელი ქვეყნის მეფის სადღეგრძელოს სვამდა ვახტანგ მეხუთე, როგორც თავისი ნათესავისას და როდის დანათესავდნენ სინამდვილეში აღნიშნული დინასტიები

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

  1672 წელს, მეფე ვახტანგ მეხუთე შაჰნავაზმა სადილზე სტუმრად მიიწვია საქართველოში მყოფი ცნობილი ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი. შარდენის სიტყვით, სადილის ბოლოს მეფემ სტუმარს ჰკითხა: „როგორ ბრძანდებაო ჩემი ნათესავი, ესპანეთის მეფე, და ძვირფასი ქვებით მორთული თასით შესვა მისი სადღეგრძელო. მან მოისურვა კაპუცინებსა და მეც ამ მდიდრული სასმისით შეგვესვა ეს სადღეგრძელო“.
შარდენი წერს: „დიდხანს ვიფიქრე იმის შესახებ, თუ რანაირად უნდა ყოფილიყო მთავარი ესპანეთის მეფის ნათესავი და მივხვდი, რომ ეს მრავალი ავტორის აზრს ეთანხმებოდა. ესპანელები წარმოშობით იბერიელები არიან. კაპუცინებს ვკითხე – როგორ ესმის-მეთქი ეს ნათესაობა მთავარს (მეფეს, შაჰნავაზს – გ. მ.). მათ მიპასუხეს, რომ კლიმენტი მერვემ თეიმურაზისადმი (თეიმურაზ პირველი – გ. მ) მიწერილ წერილებში იგი ფილიპე მეორის ნათესავად, ხოლო იბერიელები და ესპანელები ძმებად მოიხსენიაო; ამის გამო თეიმურაზი, ხოლო მის შემდეგ მისი მემკვიდრეები დაჟინებით იჩემებენ ამ მოგონილ ნათესაობასო“. აქ შარდენს პატარა შეცდომა მოსდის, თეიმურაზ მეფესთან მიმოწერა ჰქონია პაპ ურბან მერვეს.
  რა თქმა უნდა, ბაგრატიონები არ იყვნენ ესპანეთის მაშინდელი დინასტიის, ჰაბსბურგების ნათესავები. ჰაბსბურგთა გვარი წარმოშობით გერმანულია. ისინი მართავდნენ ავსტრიისა და გერმანიის საღვთო რომის იმპერიებს, ასევე, ევროპის არაერთ ქვეყანას. მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე საუკუნეების მიჯნიდან ჰაბსბურგების ერთი შტო გახდა ჯერ ესპანეთის ნაწილის, მერე მთელი ესპანეთის მმართველი. მაგრამ, ჩვენი წინაპრები ასწლეულების განმავლობაში ეძებდნენ ნათესავებს ევროპაში, დაწყებული იოანე მთაწმინდელიდან, რომელიც მეათე საუკუნეში, „სპანიის ქართველთა“ სანახავად ესპანეთში აპირებდა წასვლას. შაჰნავაზის დროინდელი ქართველებისთვის ევროპა იყო ჰუმანური, ქრისტიანული სამყარო, რომლის მეშვეობითაც აზიური დესპოტიისგან, აზიელი დამპყრობლებისგან თავდახსნას ცდილობდნენ.
  საუკუნეების განმავლობაში ბაგრატიონები დაუნათესავდნენ ძველი დინასტიების წარმომადგენლებს, ბიზანტიელებს: პალეოლოგოსებს, კომნენებს, დუკებს, ბოტინაიტებს და სხვებს. კავკასიაში – სომეხთა, ოვსთა, ჩერქეზთა, დაღესტნელთა, ყაბარდოელთა, აზიაში – მონღოლთა, თურქთა და ირანის დინასტიებს. მაგრამ ეს უკანასკნელად დასახელებულნი იძულებითი მოვლენა იყო.
  იმ დროს, მაინც, ქართველი მეფეებისთვის საინტერესო ევროპელი მეფეები იყვნენ. ჩვენი მეფეები თავს ევროპის ქრისტიანი ხალხების მოკავშირედ თვლიდნენ.
გავიდა დრო.
  ესპანეთში შეწყდა ჰაბსბურგთა დინასტიის მამრობითი ხაზი. 1700 წელს ტახტზე ავიდა ესპანეთის ბოლო ჰაბსბურგი მეფის, კარლ მეექვსის დის, მარია ტერეზიას შვილიშვილი – ფილიპე მეხუთე. ავსტრიელი და ესპანელი მარია ტერეზია საფრანგეთის მეფე ლუი მეთოთხმეტის (სულხან-საბა ორბელიანი რომ ეწვია) პირველი ცოლი იყო. მათ უფროს ვაჟს, ლუი დოფინს, მარია ანა ბავარიელთან შეეძინა სამი ვაჟი. მეორე ვაჟს ერქვა ფილიპე და ის გახდა ესპანეთის მეფე, ფილიპე მეხუთის სახელით.
გავიდა დრო.
  1919 წელს შეწყდა ქართლის მეფის, ვახტანგ მეხუთე შაჰნავაზის შთამომავალობა. ქართლის ბაგრატიონთა შორის უფროსები გახდნენ მუხრანელი ბაგრატიონები, შაჰნავაზის ძმის შთამომავლები.
  1921 წელს ბოლშევიკურმა რუსეთმა დაიპყრო საქართველო. მუხრანელ ბაგრატიონთა სახლის უფროსი, გიორგი ბაგრატიონ-მუხრანბატონი, ოჯახთან ერთად, გაემგზავრა ქვეყნიდან. ჯერ ერთი წელი სტამბოლში  ცხოვრობდნენ, მერე – ბერლინში. მაგრამ ვერ გაძლეს უსამშობლოდ და მიუხედავად დიდი რისკისა, საქართველოში დაბრუნდნენ.  გიორგი ბაგრატიონს ჰყავდა სამი შვილი – მარიამი, ლეონიდა და ირაკლი.
  1924 წელს ბოლშევიკებმა სისხლში ჩაახშვეს ქართველი პატრიოტების აჯანყება. დაიწყო რეპრესიები. გიორგი  ბაგრატიონ-მუხრანბატონმა თავისი ვაჟი – ირაკლი ნიცაში, საფრანგეთში დასთან გააგზავნა. 1930 წელს გიორგი ბაგრატიონი სრულიად უმიზეზოდ დააპატიმრეს. ორი წელი ციხეში იჯდა. 1931 წელს, მაქსიმ გორკის დახმარებით, გიორგი ბაგრატიონის მეუღლემ და ქალიშვილებმა საფრანგეთში წასვლა მოახერხეს. ასევე, მაქსიმ გორკის დახმარებით, ციხიდან გამოვიდა თუ არა, გიორგი ბაგრატიონიც გაემგზავრა უცხოეთში. ასე აღმოჩნდა გიორგი მუხრანბატონის მთელი ოჯახი იძულებით ემიგრაციაში.
 გიორგი ბაგრატიონ-მუხრანბატონის ქალიშვილმა, მარიამმა ვერ გაძლო უცხოეთში და სწავლის დამთავრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. 1948 წელს იგი მიზეზის გამოცხადების გარეშე დააპატიმრეს და 8 წლით მაგადანში გადაასახლეს.  გადასახლებიდან დაბრუნების შემდგომ მარიამ ბაგრატიონი თბილისში ცხოვრობდა. იგი გატაცებული იყო ფერწერით. გარდაიცვალა 1992 წელს, დაკრძალულია სვეტიცხოველში.
ოჯახის სხვა წევრები ემიგრაციაში დარჩნენ.
  1940 წელს ირაკლი ბაგრატიონმა იქორწინა იტალიელი გრაფის, უგო პასკვინის ასულ მარია-ანტუანეტაზე. 1944 წელს მათ შეეძინათ ვაჟი – გიორგი. დედა მშობიარობას გადაჰყვა.
  გიორგი ბაგრატიონი და მისი ოჯახი ესპანეთში გადასახლდა. იქ ცხოვრება გაცილებით უსაფრთხო იყო – ესპანეთი არ იღებდა მონაწილეობას მეორე მსოფლიო ომში.
  ესპანეთში ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილმა გაიცნო ესპანეთის ბოლო მეფის, ალფონსო მეცამეტის დის, ინფანტა (პრინცესა) მარია ტერეზას ასული, ინფანტა მარია დე ლას მერსედესი. ინფანტა მარია დე ლას მერსედესის მამა, პრინცი ფერდინანდი იყო ბავარიის ბოლო მეფის, ლუდვიგ მესამის ძმის, ლუდვიგ ფერდინანდის ვაჟი, გვარად – ვიტელსბახი. ინფანტა მარია დე ლას მერსედესის დედის, ინფანტა მარია ტერეზას დედა, ესპანეთის მეფე ალფონსო მეთორმეტის მეორე ცოლი, იყო მარია ქრისტინა ავსტრიელი – ჰაბსბურგების პრინცესა.
  ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილსა და მარია დე ლას მერსედეს ბავარიელს და ბურბონს ერთმანეთი შეუყვარდათ და დაქორწინდნენ.
ამგვარად, ბაგრატოვანთა დინასტიის წარმომადგენელი გახდა ესპანეთის ჰაბსბურგი მეფეების შთამომავლების, ესპანეთის ბურბონთა დინასტიის სიძე.
განგება უცნაურია, ინფანტა მერსედესზე ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილის დაქორწინებით, აღსრულდა ვახტანგ მეფის სიტყვები, ქართული და   ესპანური დინასტიები ნათესავები გახდნენ. ევროპაში, პირველ რიგში, მაინდამაინც, ესპანელებს დაუმოყვრდნენ ბაგრატიონები.
ასე დანათესავდა ორი იბერიული დინასტია.
  ირაკლი ბაგრატიონს და ინფანტა მერსედესს ორი შვილი შეეძინათ: 1947 წელს – მარია (მარიამ) დე ლას პასი და 1949 წელს – ბაგრატ ჟან მარი.
ბაგრატ ბაგრატიონს შეეძინა ორი შვილი: 1977 წელს – ვაჟი იოანე და 1980 წელს – ქალიშვილი ინესა.
  თუ საქართველოში აღდგება მონარქია, საქართველოს (აღმოსავლეთის იბერიის) მეფე კვლავ იტყვის, თავისი ნათესავის, ესპანეთის (დასავლეთის იბერიის) მეფის სადღეგრძელოს.
  ესპანელებსაც უყვართ ნათესავები, ღვინო და სადღეგრძელოები.

скачать dle 11.3