კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 რა ტრაგედიები გამოიარა ნატუკა გულისაშვილის ოჯახმა და რატომ ეშინია მას მეორედ გათხოვების

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ნატუკა გულისაშვილს ყველა მხოლოდ პროფესიითა და ტელეწამყვანის ამპლუით იცნობს, თუმცა ძალიან საინტერესოა მისი ოჯახური ისტორიები, რეპრესიების მსხვერპლ წინაპრებსა და განსაკუთრებით ძლიერ ქალებზე.
  ნატუკა გულისაშვილი: ჩემი წინაპრებით ძალიან ვამაყობ, ბედნიერი ვარ, რომ ასეთები იყვნენ. ჩემი დიდი ბებია – მარო თარხნიშვილი, პირველი ქალი ლოტბარი იყო. მისი ნამღერი ხალხური სიმღერები დღემდე ვერავინ გაიმეორა, თუმცა გენეტიკა შთამომავლებში გაგრძელდა – იცით, ეკა და მარიკა კვალიაშვილები და ჩვენც დღემდე ვცდილობთ ჩვენი ოჯახის ტრადიციების შენარჩუნებას.
1924 წელს, როცა თავადაზნაურობას შეუტიეს, როგორც თავადი, პაპა დიმიტრი თარხან-მოურავი დახვრიტეს. მისი შვილი – ვანიჩკა (ივანე თარხნიშვილი) თხუთმეტი წლის იყო და დასახვრეტად მამასთან ერთად წაიყვანეს. მაგრამ დედამ – მარო თარხნიშვილმა უშველა შვილს და როგორც არასრულწლოვანი, „სამარის კარიდან“ ააყენა. დახვრეტის წინ მიუსწრო, არავინ იცის როგორ, მაგრამ გადაარჩინა. მისი კიდევ ორი შვილი, თამარა და ნუნუც რომ არ წაეყვანათ, კავთისხეველმა მეზობელმა გლეხებმა ჩუმად გააპარეს და დამალეს. ბებიას შეატყობინეს, გოგოები ჩვენთან არიან და არ ინერვიულო, მოვუვლითო. მერე ურემზე დააწვინეს ბავშვები, თივა გადააფარეს და ასე დამალულები ჩამოიყვანეს გორში, რადგან ბებია შვილთან – ვანიჩკასთან ერთად იქ იყო და დედა და შვილები ერთმანეთს შეხვდნენ.
 რაც შეეხება მამის მხარეს, ჩემი ოჯახი გარსევან ჭავჭავაძის შტოსგან მოდის. ბებია – ეკატერინე მაყაშვილი ცოლად გაჰყვა მიხეილ გულისაშვილს. იცით, მაშინ ყველაზე ცუდი პერიოდი იყო – ბაბუა დახვრიტეს, ბებია გადაასახლეს.
– მიზეზი რა გახდა?
– ბაბუა თანამდებობის პირი იყო და ვიღაც „კეთილმა“ ადამიანმა დაასმინა. მოადგნენ და დასახვრეტად წაიყვანეს. დეკემბრის თვეში კი ბებია წაიყვანეს გადასახლებაში. იანვარში გამოვიდა ბრძანება, რომ დახვრეტილების მეუღლეებს აღარ ასახლებდნენ. ეს რომ სულ რამდენიმე დღით ადრე მომხდარიყო, ბებია შვიდ წელს აღარ გაატარებდა გადასახლებაში. თუმცა, იქიდან ცოცხალი დაბრუნდა და ბედნიერი ვარ, რომ მას მოვესწარი, ძალიან ბევრი რამ აქვს მოყოლილი. იმ თაობას ერთი გამოკვეთილი მახასიათებელი ჰქონდა – ძალიან ძლიერები იყვნენ და იმის მიუხედავად რომ ბევრი გადაიტანეს, არ გატყდნენ. მშურს მათი. ჩვენი და კიდევ უფრო ახალგაზრდა თაობა, პატარა პრობლემაზეც კი დეპრესიაში ვარდება. ბებიამ კი გუვერნანტკებში გაზრდილმა, ულამაზესმა ქალმა გადასახლებაში საშინელებები გადაიტანა, მაგრამ ყველაფერს გაუძლო. მიყვებოდა: ცხოვრებაში არ დამავიწყდება, როცა დიდ ვაგონში ჩაგვყარეს, პატარა სარკმლიდან ვიყურებოდით გარეთ (მაშინ მამაჩემი ოთხი წლის იყო, მამიდა – ექვსის და დედის გადასახლების შემდეგ ისინი ჩემმა დიდმა ბებიამ, ნატალია ყარანგოზიშვილმა, დედაჩემის დედამ გაზარდა). ვიყურებოდი და ვხედავდი, წინ იდგნენ ჯარისკაცები ძაღლებით და უკან ჩვენი ოჯახის წევრები. მატარებელი რომ დაიძრა, მამაშენი გამოიქცა „დედას“ ძახილით, სამხედრომ ძაღლი აუშვა, მამაშენი წაიქცა და ძაღლი ზემოდან დაახტა. მატარებელი წავიდა და ვერ გავიგე, რა მოხდა – დაგლიჯა ძაღლმა ჩემი შვილი თუ გადარჩა, მთელი ეს პერიოდი არ ვიცოდი, შვილი ცოცხალი მყავდა თუ არაო. წარმოიდგინეთ, ეს იყო პირველი ემოცია გადასახლების წინ. შემდეგ მშენებლობაზე მუშაობდა. საშინელი ყინვები იყო, საპირფარეშო ძალიან შორს გვქონდა და ქალები თოკს ვაბამდით, რომ ღამის სიბნელეში იქამდე მიგვეღწია. ძალიან ხშირად ისე ხდებოდა, ვიღაც გადიოდა და უკან აღარ ბრუნდებოდა. თოვლი რომ ლღვებოდა, მერე ვპოულობდით გაყინულ ცხედარს. იმ თოკს განზრახ ჭრიდნენ ან ხანდახან ისეთი ქარბუქი იყო, ის წყვეტდა და ტუალეტში გასულები იყინებოდნენო. შვიდი წლის შემდეგ რომ ჩამოვიდა, ამ ულამაზეს ქალბატონს ყინვისგან ფეხი შვიდი სანტიმეტრით ჰქონდა დამოკლებული, ყბა
და კბილები ჩანგრეული. შვილებმა რომ დაინახეს, ისე შეეშინდათ, თურმე ტიროდნენ – ბაბაიაგაა და ვერ მივეკარებითო. დაბრუნების შემდეგ, წლების განმავლობაში, კარზე კაკუნის ხმის ეშინოდა, სულ ის მომენტი ახსენდებოდა, რომ მოაკითხეს და წაიყვანეს.
– თვითონ რას ყვებოდა – როგორ გადაურჩა იმ სისასტიკეს. რამ მისცა ძალა, თან, როცა იცოდა ქმარი დაუხვრიტეს და შვილი ცოცხალი იყო თუ არა, ისიც ვერ გაიგო.
– ბოლომდე იმედი მქონდა, იქნებ, არ დახვრიტეს ჩემი ქმარი, ხომ შეიძლება, რაღაც მომხდარიყოო. თუმცა, თუ დახვრიტეს, ერთი შვილი დამრჩა თუ ორი, მე მათ ვჭირდებოდიო. კიდევ ვიმეორებ, იმ თაობას სხვანაირი ძალა ჰქონდა. სულ მოლოდინში იყო, დღეს არა, ხვალ გამათავისუფლებენ, ხვალ არა, ზეგო და მუდმივმა იმედმა და მოლოდინმა გააძლებინა. თუმცა, ადამიანობა არ დაუკარგავს. მახსოვს, რამე ისეთის თქმა თუ უნდოდა, რაც ბავშვებს არ უნდა გაგვეგო, ფრანგულად საუბრობდნენ. სუფრაზე მირთმევის დიდი კულტურა ჰქონდათ, აუცილებლად მიირთმევდნენ წითელ ღვინოს და ზამთარში – გლინტვეინს. ბებიამ მერე კიდევ ერთი ძალიან დიდი ტრავმა გადაიტანა, როცა მამა გარდაიცვალა. ბებია თბილისში იყო, მამა – კახეთში. როცა დაურეკეს, ელიზბარი გარდაიცვალაო, ბებია მარტო იჯდა სახლში და ელოდა, როდის ჩამოუსვენებდნენ შვილს. ეს ადამიანები თავიანთი დარდით ცხოვრობდნენ და ამას არასდროს გახვევდნენ თავს. სიცოცხლეს აფასებდნენ. ერთხელ რაღაცაზე გაბრაზებულმა, დურაკმა ბავშვმა ვუთხარი, შენ ყველაფერს იტყუები, არაფერი მოგსვლია-მეთქი და მერე ბოდიშები ვუხადე. ახალგაზრდები იზრდებით ამ ოჯახში და მე არ მაქვს უფლება, ჩემი ტრაგედია თქვენზე გადმოვიტანო. შენ რა იცი, მე რომ ოთახში შევდივარ რას ვაკეთებო?!
– ბაბუაზე თუ მოაღწია თქვენამდე რამე ცნობამ?
– დეპეშა მოგვივიდა მისი დახვრეტის შესახებ, მაგრამ ბებია ამბობდა, ტყუილად გამომიგზავნესო. შემდეგ ამას არც ახსენებდა. ყველაფერზე საუბრობდა, გარდა სიკვდილისა. ჩვენს ოჯახში არასდროს იყო მიცვალებულის გადიდებული სურათები. ბებიამ თქვა, რომ მოვკვდები, ასეთი ფოტო არ დადოთო. მამა რომ გარდაიცვალა, თქვა, ქვაზე არ დაახატოთო. ადამიანი თუ გიყვარს, შენს გულში ის ყოველთვის ცოცხალიაო. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ჩემთვის ხშირად უთქვამთ, ამდენი პრობლემის ფონზე სულ კარგ ხასიათზე როგორ ხარო?! როცა რამე პრობლემაა, შევდივარ ჩემს ოთახში და შეიძლება, იქ ვიტირო, მაგრამ სხვებთან არაფერს ვიმჩნევ. ალბათ, ეს გენეტიკურია. შეიძლება, ახლობელს გული გადაუხსნა, მაგრამ რადგან მე დათრგუნული ვარ, ამიტომ ჩემ გარშემო ყველა დათრგუნული უნდა იყოს? ასე არ შეიძლება.
– მამა და მამიდა როგორ იხსენებდნენ მომენტს, როცა ფაქტობრივად, ერთდროულად დაკარგეს მშობლები?
– როგორც ვთქვი, მშობლების გარეშე დარჩენილი მამა და მამიდა ბებიაჩემის დედამ – ნატალია ყარანგოზიშვილმა გაზარდა. ბაბუა, ანუ ნატალიას მეუღლე, შიმშილობით გარდაიცვალა. ცდილობდა, არაფერი ეჭამა და ის ძალიან ცოტა საჭმელი, რაც ჰქონდათ, მამაჩემისა და მამიდაჩემისთვის ეჭმია. იმ გაჭირვების დროს თუკი რამე გააჩნდათ, შვილიშვილებს უზოგავდნენ და უჭმელობისგან ორგანიზმი გამოეფიტა. რაც შეეხება მამას და მამიდას, ისინი პატარები იყვნენ და ამ რეალობას ვერ აღიქვამდნენ, ეგონათ, რომ დედა და მამა სამუშაოდ წავიდნენ. მხოლოდ ის ახსოვთ ძალიან მძიმედ, რომ სამუშაოდან ჩამოსული დედა „ბაბაიაგა“ იყო.  ცოტა კურიოზული ამბავი გვჭირდა. მამიდაჩემი უკვე სკოლის მოსწავლე იყო, როცა ლექსებს წერდა – სტალინი მამაა ჩემი და ბერია – ბიძაო, თუ რაღაც მსგავსი, არადა, მამა დაუხვრიტეს და დედა გადაუსახლეს. მერე მიზეზს რომ ვეკითხებოდით, გვითხრა, იმდენად მეშინოდა, მინდოდა, კეთილი სიტყვებით შემემკო, რომ აღარაფერი დაეშავებინათო. მაგრამ ეს თაობა აგრესიული არ გამხდარა და არც დაშინებულები იყვნენ. მიუხედავად ამ ფაქტისა, ეს დრომ დაადასტურა. ის თაობა ახლა ყველაზე გაწონასწორებული და საინტერესო ხალხია.
– ნატუკა რამდენად ძლიერია დღეს, როგორ იმოქმედა მასზე ასეთი ადამიანების გარემოცვაში გაზრდამ?
– ნატუკა არის ძალიან ძლიერი. არ ვიცი, რა მაძლიერებს, ალბათ, ჩემი წინაპრების მოგონება. უბრალოდ, არ მაქვს უფლება, ასეთი არ ვიყო. ქალი სუსტი უნდა იყო, მაგრამ ეს სხვა სისუსტეა. მით უმეტეს, როცა მამაკაცი არ გიდგას გვერდზე, ათმაგად ძლიერი უნდა იყო. სიძლიერე არ ნიშნავს იმას, რომ კედელს რქებით გავიტან, ძლიერი ქალი ჩემთვის ყველაფერში, ყველა ურთიერთბაში შემდგარ ქალს ნიშნავს. აქ მარტო ფიზიკური სიძლიერე, ან ბიზნესლედობა არ იგულისხმება, ქალი მაშინაა ძლიერი, როცა სწორად აქვს განაწილებული საკუთარი ფუნქციები. მე ასე მიმაჩნია.
- მამაკაცი აუცილებელია შენი სიძლიერისთვის?
– მეკითხებიან ხოლმე, რატომ ხარ მარტოო? ალბათ, მამაკაცებს ეშინიათ ძლიერი ქალების. იქნებ იმიტომაც, რომ ჩემთვის მამაკაცის იდეალი მამაჩემია, დღეს ვერ ვნახე ადამიანი, რომელიც ახლოს მივა მასთან. შეიძლება, ამპარტავნულად გამომდის, მაგრამ ეს კოდივით დევს ჩემში. ერთხელ მკითხეს, რატომ აღარ თხოვდები მეორედო... როცა რაღაც გემრიელს შეჭამ და მერე ძალიან გაწყენს, მეორედ მისი ჭამა გეშინია. დაახლოებით, ასეა – პირველმა ქორწინებამ, რამდენადაც დიდი ბედნიერება მომიტანა, ძალიან მატკინა გული და ალბათ, შიშიც მაქვს. რომ ვთქვა, ცუდი იქნებოდა გვერდით ძლიერი მამაკაცი-მეთქი, მოგატყუებთ. თუმცა, ვიყო გათხოვილი იმისთვის, რომ ვიღაცამ დაინახოს, ნატუკას გვერდით ვიღაცა ჰყავს, არასწორია. მე ვიღაცის დასანახად არ ვცხოვრობ. თუ გამოჩნდა – ძალიან კარგი, მაგრამ არ მიფიქრია, რადგან გვერდზე ვიღაც არ მყავს, ვერ შევდექი-მეთქი. კი, ადამიანს გვერდით გჭირდება ვინმე, მაგრამ ამისთვის ძალიან ბევრი საერთოა საჭირო, ასეთი ჯერჯერობით ვერ ვნახე. თუმცა ეს არაა იდეაფიქსი, უბრალოდ, ბედნიერების შემადგენელი ერთ-ერთი ნაწილია. თუ არის, კარგია, თუ არა და, ქვეყანა არ დაიქცევა.

скачать dle 11.3