კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 დაქალები

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #20 (959)
– რა, არ მომიყვები, რა მოხდა და რამ აღგაშფოთა ასე? – გულდაწყვეტით ჰკითხა დედამ.
– არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა, გარდა იმისა, რომ საშინელ პრეზენტაციაზე ვიყავი ღია ცის ქვეშ და კოკისპირულ წვიმაში გავილუმპე და გავტალახიანდი, ეს კი რა მოსაყოლია!
– არა, მე ძალიან კარგად გავიგონე, როგორ ლანძღავდი ვიღაც ქალს! – არ დანებდა დედა.
– რა იცი, რომ ქალს ვლანძღავდი? და, საერთოდ, ეს რა თვისება გაქვს ამ ბოლო დროს, ყური მომიგდო და მითვალთვალო? – გაბრაზდა ივიკო.
– ჯერ ერთი, გომბიოს კაცს არ უწოდებენ. მეორეც, ყური კი არ მოგიგდე, მთელი ხმით გაიძახოდი, უზნეო გომბიო, ტუტუცი და ქაჯუნაო. მეც გავიგონე და რა ვქნა, დავიყრუო ყურები?
– კარგი, ჰო, ერთი ტიპშა არ დამევასა, არც კი ვიცნობ, ვინ არის, პირველად ვნახე...
– შვილო, ერთ რამეს გკითხავ და არ გეწყინოს, – დედამ თვალები მოჭუტა და ნახევრად ხუმრობით განაგრძო: – შენ, ზოგადად, როგორი ტიპშები გევასება? ან, იქნებ, საერთოდ არანაირი ქალი არ მოგწონს? ბარემ აღიარე, გამომიტყდი და, მეც დავისვენებ და შენც მოგასვენებ!
– დედა! – გადაირია ივიკო, – ისეთ სისულელეებს ბოდიალობ, რომ ამჯერად ვეღარ ჩაგითვლი ხუმრობაში! ყელში ამომივიდა შენი უკბილო ღადაობები! საიდან გიჩნდება თავში ასეთი... ასეთი იდიოტობები?!
– დიდი მადლობა ზრდილობიანი პასუხისთვის! – ეწყინა ქალს, – მაგრამ მაინც გიპასუხებ: იქიდან მიჩნდება, რომ მეც ყელში ამომივიდა შენი მარტოდ წანწალი და, თუ გინდა სიმართლე, შენი მოვლაც. გაურეცხე, დაუუთოე, მიართვი, მოართვი!.. არ წაიღო ტვინი?! შეირთე ცოლი და იმან მოგიაროს! დამღალა, ბატონო, ამ რუტინამ, მეც მინდა, თავს მივხედო, გარეთ გავიდე, მეგობრებთან ერთად თუნდაც კაფეში დავჯდე!.. ბოლოს და ბოლოს, შვილიშვილი მინდა! ჩემს დაქალებს ორ-ორი და სამ-სამი შვილიშვილი ჰყავს, მე ვარ ერთადერთი... – ივიკოს დედას ცრემლებმა შეაწყვეტინა ემოციური მონოლოგი, ცოტა ხანს ისრუტუნა, მერე კი განაგრძო: – ერთი ვინმე შენნაირი დამთხვეული როგორ არ შეგხვდა ცხოვრებაში! ებრძოლე ქარის წისქვილებს, შენმა მზემ, მაგით გამოასწორებ ქვეყანას, შე დონკიხოტო შენ! – ქალმა ბოლო სიტყვები გინების ტონალობაში წარმოთქვა, მერე ადგა, სკამი ხმაურით მიახეთქა მაგიდას და სამზარეულოდან დემონსტრაციული ნაბიჯით გავიდა, მაგრამ კართან შეჩერდა და შვილს მთელი თავისი ღირსების შეგრძნებით მიაძახა: – ხვალიდან შეგიძლია, ახალი მონა მოძებნო, თუნდაც ის ვიღაც ქაჯუნა გომბიო, ჩემი მომსახურების იმედი კი ნუ გექნება, სანამ შვილიშვილს არ დამანახვებ!
– დედა, გაგიჟდი? ასე რამ გადაგიყვანა ჭკუიდან? – გადაირია ივიკო.
– კიდეც რომ ვერ ხვდება! დურაკ ნაბიტი! – და ქალმა მთელი ძალით მიუჯახუნა სამზარეულოს კარი სახტად დარჩენილ შვილს.
„მგონი, მართალია ქალბატონი დუდანა, – გაიფიქრა ივიკომ, – დედამ სწორად შეაფასა ჩემი საქმიანობა, მართლაც ვარ ცოტათი დონკიხოტი, ოღონდ, არც სანჩო პანსა მყავს და არც დულცინეა ჩანს ჰორიზონტზე; ჩემი როსინანტი და ფარ-ხმალი კი კომპიუტერი, ავტოკალამი და ეს ბლოკნოტია... ისე, რა კოშმარი იქნება, განსაკუთრებით კი დედაჩემისთვის, მართლა ჩემნაირი ტიპი რომ შემიყვარდეს და ცოლად შევირთო! კარგი დუეტი კი გამოგვივა, აი!“ – ივიკოს ხმამაღლა გაეცინა, მერე წინ თავისი ბლოკნოტი დაიდო და გეგმასავით ჩამოწერა:
1) ჟურნალისტების მეტყველება;
2) განათლების სისტემის პრობლემები.
– ერთი საღამოსთვის საკმარისია. შეიძლება, ეს თემები ცალ-ცალკეც კი განვიხილო, სხვადასხვა დროს. პრინციპში, სიტუაცია მიჩვენებს, მთავარია, ხალხი შეგროვდეს საკმარისი რაოდენობით, – ჩაილაპარაკა ივიკომ.
– როდის ატარებ შენს მორიგ ქადაგებას? – დუდანა ისე მოულოდნელად წამოადგა თავზე შვილს, ივიკოს შიშისგან კინაღამ გული გაუსკდა.
– რა გჭირს, დედა, აღარ უნდა დაასრულო ეს ჯაშუშური მოღვაწეობა? – იყვირა ივიკომ.
– ჯაშუშობა რა შუაშია! ჯერ ერთი, გავიგონე შენი მონოლოგი, მეორეც, დიახაც, ვარ ცოტათი ცნობისმოყვარე და რა ვქნა?!
– ცოტათი?! ცოტათი კი არა, დარწმუნებული ვარ, წინა ცხოვრებაში აგენტი იყავი. მიმიქარავს შენთან აგენტი 007. ჯეიმს ბონდი ხარ კაბაში, ერთი სროლა არ იცი, თორემ, დანარჩენით ყველაფრით უჯოკრავ!
– შენ ხომ არ გავიწყდება, ვის ელაპარაკები? – ეწყინა დუდანას, – ასე უნდა დაამცირო და გალანძღო დედა?!
– მაპატიე, ზედმეტი მომივიდა, მაგრამ მართლა დამღალე შენი თვალთვალით, კომენტარებითა და ცნობისმოყვარეობით. აი, რაც შეეხება ჩემს ეგრეთ წოდებულ „ქადაგებებს“, მოსასმენად საკმაოდ სერიოზული ხალხი იკრიბება, ყურადღებით მისმენს და...
– და მხოლოდ გულს იფხანს, საქმეს კი არავინ აკეთებს, – ვერ მოითმინა, სიტყვა ჩამოართვა დუდანამ და თავისი კომენტარიც ჩააკვეხა: – გაფიცებ ჩემს თავს, შენ რამე სექტა ხომ არ  ჩამოაყალიბე და ამ ისედაც გაუბედურებულ ხალხს უარესად ხომ არ ურევ ტვინს?
ივიკომ მთელი ძალისხმევა მოიკრიბა, ნერვები მოითოკა და დედას შეძლებისდაგვარად მშვიდად აუხსნა:
– არა, დუდანა, არავითარი სექტა არ ჩამომიყალიბებია. უბრალოდ, კვირაში ერთხელ ან ორჯერ ვიკრიბებით უახლოესი მეგობრები და მათი მეგობრები და ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ნეგატიურ მხარეებზე გამოვთქვამთ ხოლმე ჩვენს მოსაზრებებს.
– „ჩვენ“ თუ შენ? – თვალები მოწკურა ქალმა.
– ჰო, ჯერ მე ვამბობ მთავარ სათქმელს, მერე კი დანარჩენებიც გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს.
– მერე?
– რა მერე?
– რა და, ამით რის მიღწევას ცდილობთ?
– გვინდა, გამოვაფხიზლოთ საზოგადოება, რათა ნათლად დაინახონ და გააცნობიერონ როგორც სხვისი, ისე საკუთარი შეცდომები, რომ შემდეგ აღარ გაიმეორონ და ასე ნელ-ნელა, უკეთესი გახადონ თავიანთი ცხოვრება.
– თუნდაც გამოფხიზლდა ის თქვენი რამდენიმე მსმენელი...
– ჯერ ერთ, რამდენიმეზე გაცილებით მეტნი ვართ; მეორეც, ისტორიას თუ გადავხედავთ, სხვადასხვა ეპოქაში და სხვადასხვა ქვეყანაში სწორედ რამდენიმე კაცი ახდენდა რევოლუციებს.
– შენ, შვილო, რამე პრობლემები ხომ არ გაგიჩნდა ზემო სართულებში? – ირონიულად ჰკითხა შვილს დუდანამ და საჩვენებელი თითი შუბლზე მიუკაკუნა, – სხვების ჭკუის სწავლებას და საზოგადოების გაკეთილშობილებაზე ამდაგვარ ზრუნვას, ის გირჩევნია, ვინმე ნორმალური ქალი მოძებნო, ცოლად შეირთო და შვილები გააჩენინო, რომ ორი-სამი ქართველით მეტი მოევლინოს ქვეყნიერებას და ისინი გაზარდე შენი პრინციპებით – ეს უფრო დიდი პატრიოტობა იქნება!
– ბოლო საკითხში მართალი ხარ, დედიკო, მაგრამ ერთი მეორეს ხელს არ უშლის. მე ვიფიქრებ მაგ საკითხზე.
დუდანამ თავის ოთახში გასვლა დააპირა, მაგრამ უცებ უკან შემობრუნდა, სკამზე ჩამოჯდა და შვილს ინტერესით ჰკითხა:
– ისე, არ შეიძლება, მეც გამანათლო და მითხრა, რა თემებს განიხილავთ ხოლმე?
– რა თქმა უნდა, შეიძლება, – ივიკოს აშკარად გაუხარდა დედის დაინტერესება, – მაგალითად, ჩვენი ტელეწამყვანების და საერთოდ ჟურნალისტების უმრავლესობის გაუმართავი მეტყველება, არაპროფესიონალიზმი, უგემოვნობა ყველაფერში, უწიგნურობა; ზოგიერთი ტელევიზიის მიერ პროვინციალიზმის დამკვიდრების სერიოზული მცდელობა; ასევე, დაცემული ქალებისა და სოდომ-გომორის ცოდვათა „მიმდევრების“ აღზევება და მისაბაძ მაგალითად დასახვა, სარწმუნოების მასხრად აგდება... სწორედ ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ სიტყვები – „სამშობლო“, „სარწმუნოება“ და „წესიერება“ – ქილიკის საგანი გახდა... კიდევ ჩამოგითვალო?
დედამ პასუხი ვეღარ გასცა, გაოცებული შესცქეროდა და ირონიული გამომეტყველება ნელ-ნელა შეეცვალა მოწონებით.
– კარგი, დღეს მეტი აღარ არის საჭირო, დანარჩენი სხვა დროს იყოს. ცოლის შერთვაზე კი მაინც იფიქრე. იცოდე, არ მოგეშვები, –  მერე ადგა, შვილს ალერსით მოუჩეჩა თმა და სამზარეულოდან ღიმილით გავიდა.
„რა ტიპია, გამაგიჟებს, – გაიფიქრა ივიკომ, – იმდენჯერ გამიმეორა, ცოლი შეირთეო, რომ მგონი, მართლა მუღამში ჩამაგდო“...
***
იმავე საღამოს ივიკო მარტო გავიდა ვაკის პარკში, პატარა კორტებზე, სათანადოდ გამოეწყო, ჩოგანი და ბურთები წაიღო და ცოტა წავარჯიშება გადაწყვიტა.
ჭიშკარში რომ შევიდა, თვალი მოავლო იქაურობას და გაუკვირდა – იქ მხოლოდ ერთი ქალი იდგა და ფრენბურთის ბურთს მთელი ძალით უხათქუნებდა კედელს.
– შეიძლება, შემოგიერთდეთ? – ხაზგასმული თავაზიანობით იკითხა ივიკომ და ჩანთიდან ბურთი და ჩოგანი ამოიღო.
– შეიძლება, – ისე გამოსძახა ქალმა, მისკენ არც მოუხედავს, ისევ განაგრძობდა კედელთან ბრძოლას.
ივიკომაც გაავარჯიშა ხელი, მერე კი მიუბრუნდა უცნობ ქალს და კიდევ უფრო თავაზიანად შესთავაზა:
– ერთი პატარა სეტი ხომ არ ჩაგვეტარებინა?
– მსაჯის გარეშე? – იკითხა ქალმა და ისევ არ შემობრუნებულა უცნობი მოსაუბრისკენ.
– რად გვინდა მსაჯი, ამხანაგური შეხვედრა იყოს.
ქალი პასუხს აგვიანებდა, ივიკო კი მოთმინებით ელოდა და შემფასებლური მზერით ათვალიერებდა პროფესიონალის დონეზე მოთამაშე უცნობი ქალის უნაკლო სხეულს.
  აშკარად მოიხიბლა და ძალიან მოუნდა ახლოს გაცნობა, მაგრამ ორი კითხვა ამოუტივტივდა გონებაში: „ნეტავი სახე როგორი აქვს? გათხოვილი ხომ არ არის?“ დანარჩენი – ხასიათი, სოციალური სტატუსი და ოჯახიშვილობა – არ აინტერესებდა, გრძნობდა, რომ ამ სფეროებში ყველაფერი რიგზე იქნებოდა.
ქალი მიხვდა, რომ უცნობი მამაკაცი მისით დაინტერესდა და თავი დაიფასა. უცბად არ გასცა პასუხი და არც ჩოგნის ქნევა შეუწყვეტია. უნდოდა, კლასი ეჩვენებინა და ამით მოეწონებინა თავი, თუმცა, არც კი იცოდა, ღირდა თუ არა ამდენი კეკლუცობა, რადგან ჯერ თვალიც კი არ შეევლო – არც კი მიუხედავს მისკენ, ისე სცემდა მოკლე პასუხებს. მაგრამ, ხმის ტემბრიდან, თავაზიანი ტონისა და ზოგადად პატივისცემის გამომხატველი ინტონაციიდან გამომდინარე, დაასკვნა, რომ ღირდა გაკეკლუცება. და უცებ, ქალური ინტუიციით მიხვდა, რომ მიზანს მიაღწია, კედლიდან ასხლეტილი ბურთი მოხდენილად დაიჭირა და კაცისკენ წამოვიდა. ივიკო კიდევ უფრო მოიხიბლა და ისიც ღიმილით გაემართა მისკენ.
„მგონი, მართლა ღირდა დღეს აქ მოსვლა“, – გაიფიქრა ქალმა და ორივეს სახეზე მხოლოდ მაშინ შეცვალა ღიმილი უსიამოვნო გაოცებამ, როცა ერთმანეთს ხელის ჩამოსართმევ მანძილზე მიუახლოვდნენ.
– თქვე-ენ?! – ერთდროულად აღმოხდა ორივეს და ჩამოსართმევად გაწვდილი ხელი ორივემ ერთდროულად დაუშვა ძირს.
– აქ საიდან გაჩნდით? – ირონიულად ჰკითხა ქალმა, – ჰო, დამავიწყდა, რა გქვიათ?
– იოანე, შინაურებისთვის – ივიკო ან ვანიკო. აქვე ვცხოვრობ, ფალიაშვილზე და კვირაში ორჯერ მოვდივარ აქ სავარჯიშოდ, – ჯენტლმენის როლი და ტონი შეინარჩუნა კაცმა, მაგრამ თავი ვერ შეიკავა და თვითონაც გაურია გესლი და ირონია მომდევნო ფრაზაში: – მაპატიეთ, მეც აღარ მახსოვს თქვენი სახელი და, კიდევ, მეც დავინტერესდი, თქვენ საიდან გაჩნდით აქ?
– ძალიანაც კარგად გახსოვთ, ისევე, როგორც მე, – უცებ გულწრფელად გაეცინა კატოს და ამ გულწრფელობამ მაშინვე განმუხტა სიტუაცია, – აქ კი კვირაში ერთხელ მოვდივარ ფორმის შესანარჩუნებლად, როცა მოვიცლი ხოლმე. საოცარია, როგორ არ შევხვედრივართ ერთმანეთს არასდროს.
– თქვენც სადმე ახლოს ცხოვრობთ? – ინტერესით ჩაეკითხა ივიკო.
– დიახ. ცხვედაძეზე.
– მართლა საოცარია, რომ არასდროს გადაკვეთილა ჩვენი გზები, არც უბანში და არც კორტებზე, – გული დასწყდა კაცს.
– სამაგიეროდ, აეროპორტის გზატკეცილის მეცხრე კილომეტრზე გადაიკვეთა, – გაეღიმა კატოს და უცებ იგრძნო, როგორ აეწვა მარჯვენა თეძო – ის მომენტი გაახსენდა, როგორ შეეჭედნენ საერთო მეგობრის მანქანაში გალუმპულები და ტალახში ამოსვრილები. სახე უსიამოვნოდ შეეჭმუხნა და უნებურად ხელი მოისვა მარჯვენა თეძოზე.
  თავისდაუნებურად ივიკოსაც იგივე გამომეტყველება გამოეხატა სახეზე და მანაც ხელი მოისვა თეძოზე, ოღონდ, მარცხენაზე. ერთმანეთს რომ შეხედეს, ორივე მიხვდა ამ ერთნაირი ჟესტების მიზეზს და ორივეს ისევ ხმამაღლა გაეცინა.
... თამაში კარგად აეწყო. თან გამეტებით ურტყამდნენ ბურთს ჩოგანს და თან უფრო დაწვრილებით აცნობდნენ ერთმანეთს ინფორმაციას საკუთარი თავის შესახებ. თამაშის მერე ნელი ნაბიჯით გადაჭრეს ვაკის პარკი და შესასვლელთან შეჩერდნენ.
– აქ უნდა დაგემშვიდობოთ, – უთხრა კატომ, – მე ზემოთ მაქვს გზა, თქვენ – ქვემოთ.
– „შენ ზევითა ხარ, მე –  ქვევით, როგორ აგიმღვრევ წყალსაო?“ – ბავშვობაში ნასწავლი იგავი გაახსენდა ივიკოს და უცებ გაწითლდა: – ვიცი, არაფერ შუაშია, მაგრამ უცებ მომადგა ენაზე, თქვენმა სიტყვებმა გამახსენა.
კატოს ხმამაღალი სიცილი წასკდა. რომ ამოისუნთქა, ხელი გაუწოდა დასამშვიდობებლად.
– მიყვარს, როცა ადამიანს იუმორის გრძნობა აქვს. მიხარია, რომ დღეს არ დამეზარა კორტებზე წამოსვლა. სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. ახლა დავრწმუნდი, რომ პირველ შთაბეჭდილებას არ უნდა ენდო.
– ცუდი იფიქრეთ ჩემზე? – შეწუხდა ივიკო.
– ერთი გარყვნილი, უტაქტო და ცანცარა კაცი მეგონეთ. თქვენ?
– არ გეწყინებათ?
– უკვე აღარ.
– მეც იგივე ვიფიქრე და თან ერთი კარგადაც გამოგლანძღეთ გულში.
– მეც, ოღონდ, გულში კი არა, ხმამაღლა. მოკლედ, როგორც ჩანს, ბარი-ბარში ვართ. ახლა კი დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე!
– როდის იქნება ეგ მომავალი შეხვედრა?
– ალბათ, როცა ღმერთი ინებებს. დღეს ხომ შეგვახვედრა ერთმანეთს!
– ჩვენ თვითონ რომ ვინებოთ და არ დაველოდოთ ღვთის წყალობას?! – ივიკო თვალებში შესცქეროდა კატოს და ჩამორთმეული ხელის გაშვებას არ ჩქარობდა, თუმცა არც ის ცდილობდა მამაკაცის ძლიერი ხელიდან გათავისუფლებას.
– კარგი, თანახმა ვარ, – ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ დათანხმდა კატო,–  ერთი კვირის შემდეგ, იმავე დროს, ისევ კორტებთან.
– ერთი კვირა ძალიან ბევრია. ზეგ, ამავე დროს, იყოს კორტებთან. თანახმა ხართ?
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3