კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 რა საფრთხეებს შეიცავს რუსეთ-თურქეთის სახმელეთო ხაზით დაკავშირება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა უკვე დასრულდა (რის გამოც აზერბაიჯანის მილიარდიანი ვალი გვმართებს) და, მიუხედავად იმისა, რომ პროექტს უფრო პოლიტიკურად მიზანშეწონილს უწოდებდნენ, ვიდრე ეკონომიკურად, მის ამუშავებას ჯერჯერობით პირი არ უჩანს, თუმცა რამდენიმე კვირის წინათ „ნატოს“ გენმდივანმა განაცხადა, რომ ეს სარკინიგზო მონაკვეთი ავღანეთში ტვირთების გადასაზიდადაა ეფექტიანი (პირადად მე ამის შესახებ არაფერი მსმენია). ამას წინათ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისთვის დამატებითი ტვირთების მიზიდვაზეა მუშაობა. კერძოდ, რუსეთიდან თურქეთისკენ ტვირთების მოძრაობაა  დაგეგმილი.
  ამის შესახებ ანკარაში გამართულ თათბირზე უსაუბრიათ რუს, თურქსა და აზერბაიჯანელ რკინიგზელებს. ინფორმაციამ ჩვენს საზოგადოებაში, ცხადია, აღშფოთების ტალღა გამოიწვია –  რატომ ჩატარდა თათბირი ჩვენი მონაწილეობის გარეშე. თუმცა, როდესაც სატრანზიტო ქვეყანა ხარ და შენი თანხმობის გარეშე ვერანაირ ტვირთს ვერ გაატარებენ, მაინც არაფერი გეკითხება ტრანზიტში საფასურის აღების გარდა, რაც წინასწარაა შეთანხმებული.
  გია ხუხაშვილთან ერთად განვიხილავთ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის პერსპექტივასა და რუსეთ-თურქეთ-აზერბაიჯანის პარტნიორულ ალყაში მოქცევის თავისებურებებს.
– სტოლტენბერგმა თქვა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთი ძალიან მნიშვნელოვანია ავღანეთში ტვირთების გადასაზიდადო. თქვენ რა იცით ამის შესახებ?
– მეც ის ვიცი, რაც მოვისმინეთ. ვფიქრობ, არ იციან კარგად ამ მიმართულების პერსპექტივა და გამომდინარე იქიდან, რომ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის უზრუნველყოფა საკმაოდ რთული პრობლემაა, ნებისმიერ ვარიანტს განიხილავენ და, მათ შორის, ამ სარკინიგზო მონაკვეთსაც.
– თეორიულ შესაძლებლობას განიხილავენ?
– დიახ. ჩემი აზრით, იმიტომ რომ, პრაქტიკულად, ეს მარშრუტი ძალიან პრობლემურია, მათ შორის, სეზონურად და არც ის ვიცი, იყო თუ არა მართებული ამ მარშრუტის განხილვა და შექმნა.
– ანკარაში ერთმანეთს შეხვდნენ თურქი და აზერბაიჯანელი რკინიგზელები და განიხილეს ამ სარკინიგზო მონაკვეთით რუსული ტვირთების ტრანსპორტირება. ჩვენთან აღშფოთება გამოიწვია, რატომ არ ესწრებოდნენ ამ თათბირს ქართველი წარმომადგენლები. შესაძლოა, ირიბად მიგვეღო მონაწილეობა, რადგან ჩვენ გარეშე ტვირთს როგორ გაატარებენ?
– ამ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ძალიან სუსტია, ფინანსური გეგმაც და უსაფრთხოებისა და კონტროლის თემებიც ბევრ კითხვის ნიშანს იწვევს.
– რას გულისხმობთ უსაფრთხოებასა და კონტროლში?
– იმას, რომ, ფაქტობრივად, დამფინანსებელიცა და მაკონტროლებელიც, ანუ ოპერატორიც, აზერბაიჯანია და, შესაბამისად, სანამ აზერბაიჯანის კრედიტი გვაქვს ამ პროექტთან დაკავშირებით, ჩვენი სიტყვა, ყველა მხრივ, საკმაოდ სუსტია.
რაც შეეხება რუსეთიდან თურქეთში ტვირთების გადაადგილებას, მე ამაში განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ვხედავ. თუ გადაადგილდება და ეს მიმართულება ცოტათი მაინც დაიტვირთება, ეს ცუდი არ არის და, თუ დაიტვირთება რუსეთ-თურქეთის მიმართულება, ეს გარკვეულწილად შეამცირებს იმ რისკს, რომ ცენტრალური აზიიდან მომავალი ტვირთები ამ მიმართულებაზე გადამისამართდეს, რაც დაარტყამდა ქართულ პორტებს. ამდენად, ამ პროექტში ცუდი არაფერია.
– ქართული მხარის თათბირზე არმონაწილეობა არის შეურაცხმყოფელი?
- საწყენია, მაგრამ არ არის დრამატული მოვლენა.
– არის მოსაზრება, რომ ჯობდა, ქართველი წარმომადგენლები არ დამსხდარიყვნენ მოლაპარაკებაზე, თუმცა „რაო“, საერთოდაც, „თელასის“ მფლობელია.
– რატომ არ უნდა დამსხდარიყვნენ?! ეს ხომ ოკუპირებულ ტერიტორიებს არ ეხება?! საუბარია რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით ტვირთის თურქეთში ტრანსპორტირებაზე. ეს რატომაა კრიმინალი და რატომ შეიძლება, გამხდარიყო სკანდალური?! რკინიგზა იმისაა, რომ მასზე ტვირთებმა იმოძრაოს. რუსული ტვირთები ისედაც გადაადგილდება ჩვენს დერეფანში, მათ შორის, აზერბაიჯანის მიმართულებით და აზერბაიჯანის გავლით რუსული ტვირთები რუსეთშიც მიდის. რა არის პრობლემა, არ მესმის?!
– არც არანაირი, ჩვენი პოლიტიკური სპექტრია ასეთი უცნაური და სამოქალაქო საზოგადოება, რომლებსაც ცოტა არაადეკვატური რეაქცია ახასიათებთ.
– ეს ურა-პატრიოტიზმი ვიცით, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკა არის საღი აზრი და არა ურა-განცხადებები, დავით-გარეჯის არ იყოს.
– ეს სარკინიგზო ხაზი ჩვენთვის ეკონომიკურად ნამდვილად წამგებიანია და შეიძლება, რომ სწორედ იმიტომ, რადგან აზერბაიჯანს აქვს ცოტა უცნაური პოზა ჩვენდამი, თუნდაც, ამ კრედიტის გამო, ჩავეხსენით ამ მოლაპარაკებებიდან?
– ჩახსნა არაფერ შუაშია ან როგორ?! დიახ, ჩვენ ვართ ტრანზიტული მხარე და ეს იყო თრეიდერების შეხვედრა, ანუ საკითხი ასე დგას: ვინაა ტვირთის მფლობელი, ტვირთის მიმღები და ვინ არის ოპერატორი. არც ტვირთის მფლობელები ვართ და არც ტვირთების ბენეფიციარები და, შესაბამისად, ჩვენი იქ ყოფნა ბევრს არაფერს ნიშნავდა – არც პოზიტიურად და არც ნეგატიურად. იქ რომ ვმსხდარიყავით, პირი უნდა დაგვეღო და გვეყურებინა?! ჩვენ უნდა ვიყოთ თანახმა, რომ ტვირთებმა გაიაროს და რატომ არ უნდა ვიყოთ თანახმა, სიმართლე გითხრათ, არ მესმის და არც ის, რა ფუნქცია უნდა გვქონოდა იმ მოლაპარაკებებზე.
– მახსოვს, 2013 თუ 2014 წელი იყო, მაშინ საქართველოს რკინიგზაში მუშაობდით და ამბობდით, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის დატვირთვის ერთ-ერთი მთავარი წყარო სწორედ რუსული ტვირთები იქნებოდა. ანუ ეს განხორციელდა?
– თუ განხორციელდა, რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ეს პროექტი იყო ძალიან დიდი შეცდომა ჩვენი მხრიდან. ამ პროექტის გამო, ფაქტობრივად, მილიარდიანი ვალი გვაქვს გადასახდელი და მისი ეკონომიკური ეფექტიანობა საქართველოსთვის ძალიან დაბალია. ეჭვი მეპარება, იმუშავებს თუ არა რკინიგზა, იმიტომ რომ რთული რელიეფური პირობების გამო ზამთარში, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება ამ ხაზის ფუნქციონირება და გარდა სუფთა ეკონომიკური რისკებისა, არის ბევრი ტექნიკური პრობლემა. მაგრამ რეალობა ასეთია: წუწუნს უკვე აზრი აღარ აქვს. პროექტი თითქმის დასრულებულია და კიდევ ერთი პრობლემა გაჩნდა: მოგეხსენებათ, ჩვენი და თურქული რკინიგზის სტანდარტი სხვადასხვაა. შესაბამისად, სასურველი იყო, რომ ლიანდაგების გადაყვანის ბაზა საქართველოს ტერიტორიაზე ყოფილიყო, რაც ჩვენ დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალებას მოგვცემდა. თუმცა, როგორც ვიცი, ესეც თურქეთის ტერიტორიაზე გაკეთდა. ანუ ლოგისტიკური ცენტრიც თურქეთის ტერიტორიაზე გადადის და ჩვენ დავრჩით მილიარდიანი ვალითა და არანაირი ეკონომიკით ამ პროექტში.
– ლიანდაგების გადაწყობა საქართველოს ტერიტორიაზე რა შემოსავალს მოიტანდა?
– ამის ირგვლივ შეიძლებოდა, თავისუფალი ეკონომიკური ზონის პრინციპით ამუშავებულიყო რაღაც სისტემა, თურქეთ-საქართველოს საზღვარზე აქტიური ვაჭრობა დაწყებულიყო და დიდი ლოგისტიკური ეკონომიკური სისტემა შექმნილიყო. იმას გარდა, რომ ადამიანებს თავად გადაწყობის მომსახურება დაასაქმებდა და დამატებითი შემოსავლის წყარო იქნებოდა.
– იმთავითვე აღინიშნა, რომ მთავარი იყო ამ პროექტის პოლიტიკური შემადგენელი და არა – ეკონომიკური. კიდევ აქვს პოლიტიკური შემადგენელი?
– სიმართლე გითხრათ, ამ პროექტის დიდ პოლიტიკურ ბენეფიტსაც ვერ ვხედავ. ერთი მხრივ, გასაგებია, რომ, თითქოს ჩვენი გეოპოლიტიკური ფუნქციიდან გამომდინარე, დამატებითი მარშრუტი მივიღეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს პროექტი ყველაზე მეტად თურქეთისთვის იყო საინტერესო, შემდგომ  – აზერბაიჯანისთვის. არც ერთი მხარე არაფერს კარგავდა, რადგან, საბოლოოდ, მშენებლობის ფული ჩვენი გადასახდელია. ეს თანხა აზერბაიჯანმა გადაიხადა, მაგრამ ჩვენ ვალად დაგვეკისრა. ყველაზე წამგებიანი და გარკვეული რისკების შემცველი იყო ჩვენი პორტების დასუსტების თვალსაზრისით. ამდენად, მოლაპარაკების ეტაპზე ბევრად უკეთესი პირობების მიღება შეგვეძლო, ვიდრე საბოლოო ჯამში მივიღეთ.
– გავიხსენოთ, რომ ეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას მიიღეს.
– მეტსაც გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება სააკაშვილის დროს დაიდო, ჩვენ რომ ხელისუფლებაში მოვედით, კორექტივების შეტანა მაშინაც იყო შესაძლებელი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა.
– საერთაშორისო მილსადენები ჩვენს ტერიტორიაზე გადის საქართველოსთვის წამგებიანი პირობებით, იგივეა ამ სარკინიგზო ხაზის შემთხვევაშიც. ამბობენ, რომ მილსადენების პროექტში საქართველომ ცუდი პირობები მიიღო, რადგან ქართველი ჩინოვნიკები ჩასხდნენ წილში, იგივე მოხდა ახლაც?
– არ მინდა დეტალებზე საუბარი, მაგრამ ამ პროექტის ფინანსურ ნაკადებთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მილიარდი ჩვენი გადასახდელია და კითხვა, როგორ დაიხარჯა ეს თანხა, აუცილებლად დადგება და ვფიქრობ, ბევრი ადამიანისთვის არ იქნება სასიამოვნო.
– თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამ სარკინიგზო ხაზით ერთმანეთს სახმელეთო გზით უკავშირდებიან, რაც მათი ამ დროებითი მეგობრობის ფონზე, ორივესთვის საკმაოდ მომგებიანია.
– ძალიან საინტერესოა ეს მიმართულება რუსეთისა და თურქეთისთვის. აზერბაიჯანისთვისაც საინტერესოა. ჩვენთვის, უსაფრთხოების თვალსაზრისით, დიდი პრობლემა არ არის, მაგრამ კითხვის ნიშნები ჩნდება ამ სახმელეთო კვანძის შეკვრის გამო. სხვა პრობლემებიცაა: მაგალითად, უსაფრთხოების მხრივ, აზერბაიჯანისა და თურქეთის სახმელეთო-სარკინიგზო კავშირი სომხეთისთვისაა დიდი პრობლემა. ძალიან ბევრი ახალი რისკი შემოდის და იმედი ვიქონიოთ, რომ არაფერი კრიტიკული არ მოხდება. უნდა გვესმოდეს, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან.
– ამ სარკინიგზო ხაზით სამხედრო ტვირთებიც შეიძლება, გადაიზიდოს? ვიცით, რომ თურქეთი აპირებს რუსეთისგან შეიარაღების შესყიდვას.
– ეს ყველაფერი ძალიან სპეციფიკურია, რაზე საუბრის უფლებასაც თავს არ მივცემ. რა თქმა უნდა, შეიძლება და მაგალითად, თურქეთიდან – აზერბაიჯანშიც.

скачать dle 11.3