კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 ვერიკო ტურაშვილი: ზუზუს მერე, დღემდე ყველაფერზე მისი გადმოსახედიდან მეფიქრება

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ვერიკო ტურაშვილმა ერთწლიანი პაუზის შემდეგ ვიდეორგოლის გადაღება დაიწყო. კლიპის პრეზენტაცია მაისის ბოლოს იგეგმება. სიმღერა სიყვარულზეა, რომლის ავტორიც თემო საჯაია გახლავთ, ხოლო პროდიუსერი აჩიკო მეფარიძეა. სოციალურ ქსელში ვიდეორგოლის ფოტოები გავრცელდა, რომლებმაც ფურორი მოახდინა. რა თქმა უნდა, ვერიკოს ვიზუალიც არ დარჩენილა ყურადღების მიღმა – ის ბრწყინავს. რას აკეთებდა მომღერალი ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ინტერვიუდან შეიტყობთ.
  ვერიკო ტურაშვილი: შარშან ორი დუეტი გავაკეთე და ვიდეოც ორივეზე გადავიღე, შესაბამისად, ძალიან ნაყოფიერი წელი მქონდა. აქედან გამომდინარე, მერე გავთამამდი, მეგონა, ის, რაც გასაკეთებელი მქონდა, შევასრულე. მაგრამ, მთლად ასეც არ იყო, ვმუშაობდი რეპერტუარზე, ოღონდ ვიდეო არ გადამიღია. ახალ კლიპზე რამდენიმე თვის წინ დავიწყე მუშაობა. პროდიუსერი აჩიკო მეფარიძეა, ჩემი დიდი ხნის მეგობარი და ზოგადად, ჩემი გამოჩენა შოუ-ბიზნესში მისი დიდი დამსახურებაა. მისი აზრი ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ საქმეში ძალიან კომპეტენტურია. სიმღერისა და ტექსტის ავტორი არის თემო საჯაია. რაც შეეხება ვიდეოს, ძალიან კარგ გუნდთან ვთანამშრომლობ. თავად რეჟისორი საქართველოში არ მოღვაწეობს. აქაურია, უბრალოდ, რაღაც პერიოდი უცხოეთში საქმიანობს. სხვათა შორის, „ფეისბუქით“ დავუკავშირდი. თურმე, მეგობრებში მყავდა და აქამდე ყურადღება არ მიმიქცევია. შემთხვევით წავაწყდი ვიდეოს, რომელიც კარგი და ხარისხიანი იყო. აბსოლუტურად უცნობ ადამიანს  თავად მივწერე და დავიწყე თანამშრომლობა. რასაც ვიღებთ, ჯერჯერობით არ არის დასრულებული.
– წყალტუბოში გქონდათ გადაღებები და სხვადასხვა ლოკაცია გაქვთ? რაზეა სიმღერა?
– კი, რამდენიმე ლოკაციაა.  წყალტუბოში, იმ ტერიტორიაზე არ ვიყავი ნამყოფი და ისეთი სილამაზეა, გავგიჟდი და გადავირიე. გადაღებები უფლისციხეშიც მიმდინარეობდა და ახლა თბილისის დახურული სივრცეებია დარჩენილი. სატელევიზიო პრემიერა, ასევე, ჩვენება ჩემი კოლეგებისა და ჟურნალისტებისთვის მაისის ბოლოს იქნება. სიმღერა დრამატულია. ჩემთვის ძალიან ღრმაა როგორც ტექსტი, ასევე მუსიკა, რომელიც, რა თქმა უნდა, სიყვარულზეა. ქართულად მარტო სიყვარულზე ან სამშობლოზე უნდა იმღერო. მე კი სიყვარულზე ვმღერი (იცინის). თემოსთან არ მისაუბრია, რაზე გააკეთებდა აქცენტს, შეიძლება ვთქვათ, ეს არის მისი ამოძახილი. მას ახალი დაწყებული აქვს ამ არაჩვეულებრივი საქმის კეთება, რაც კიდევ ბევრად გაიზრდება. ძალიან ნიჭიერი ადამიანია და მიხარია, რომ პირველ რიგში, ჩემი მეგობარია, ხოლო მერე – მუსიკალური პარტნიორი.
– ვიდეორგოლიდან ფოტოები გავრცელდა და საოცრად გამოიყურები. ვინ იზრუნა შენს იმიჯზე?
– ჩემს იმიჯზე ზრუნავს ჩემი საყვარელი დიზაინერი, დავიდ გევორქოვი, რომელიც დიდი ხანია, ამ სფეროშია, მაგრამ საქართველოში არ მოღვაწეობდა, მისი პროდუქცია მსოფლიოს 14-15 ქვეყანაში იყიდება. იმდენად კომპეტენტურია, რომ ამ საკითხში მე საერთოდ არ ჩავრთულვარ, ბოლომდე ვენდე. ჩვენ, უბრალოდ, მოვასმენინეთ სიმღერა, ვიფიქრეთ, რა მოუხდებოდა, წინასწარ გავიაზრეთ და მერე უკვე ყველაფერი მან გააკეთა.
– შარშანდელი „ოქროს ტალღა“ საკმაოდ წარმატებული იყო შენთვის. წელს არ ხარ წარდგენილი. გული არ გწყდება?
– სიმართლე გითხრათ, კი. სასურველი იქნებოდა, წელსაც ვყოფილიყავი წარდგენილი რაღაც ნომინაციებში, მაგრამ ეს ჩემი ბრალია. შარშან ისეთი ნაყოფიერი იყო ეს ყველაფერი, ძალიან მოვეშვი. მაგრამ არაუშავს. წელს აქტიურად ვაპირებ მოღვაწეობას და მთავარია, მომავალი „ოქროს ტალღა“ ისევე კარგად გავაგრძელო, როგორც დავიწყე. ივნისის თვეში მეორე სიმღერაზეც ვგეგმავ ვიდეოს გადაღებას, ოღონდ საქართველოს ფარგლებს გარეთ. წელს, ერთ-ერთ  მაგარ ბენდთან ერთად, ახალ პროგრამაზეც ვიწყებ მუშაობას და, მოკლედ, დიდი გეგმები მაქვს.
– ერთხელ თქვი, რომ ემოციური ფონის გამო იყავი პასიური, რა იგულისხმე?
– ზუზუს ვგულისხმობდი. რთულად გადავიტანე ეს ამბავი, რამდენიმე თვე დამჭირდა და შეიძლება ითქვას, არ მემღერებოდა. ჩემს ახალ სიმღერაზე დიდი ხნით ადრე დავიწყე ფიქრი. ზუზუ მეხვეწებოდა, მომასმენინეო, მე კი  ყოველთვის უარს ვეუბნებოდი, რადგან მინდოდა, დასრულებული სიმღერისთვის მოესმინა, სადაც მთელი ემოცია მექნებოდა ჩადებული. ერთია, როცა რაღაცას წაუმღერებ და მეორე, როცა მთლიანად ისმენ. ისე გამოვიდა, რომ ზუზუმ ეს
სიმღერა ვერ მოისმინა. ამიტომ, ეს სიმღერა არის მისთვის. ზუზუს მინდა მივუძღვნა, ჩვენს მეგობრობას.  ის ჩემს მეგობრებში მთავარი გულშემატკივარი იყო. ისეთი გემოვნება ჰქონდა, ყველაფერი და ყველა არ მოსწონდა. ზუზუ იყო ჩემი მთავარი მოტივატორი. ზუზუს მერე დღემდე ყველაფერზე მისი გადმოსახედიდან მეფიქრება. სხვათა შორის, ეს არ არის მარტო ჩემი აზრი, მისი სხვა მეგობრებიც იმავეს ამბობენ. რასაც ვაკეთებ, მით უმეტეს, მუსიკაში სულ ვფიქრობ, ნეტავ ზუზუ რას იტყოდა? რაღაც ფოტო რომ დავდე, ალბათ, დამირეკავდა და მეტყოდა: შე დეგენერატო, ეს რა ფოტოები დაყარეო. შესაბამისად მინდა, რასაც გავაკეთებ, ყველაფერი ზუზუსთვის იყოს.
– როგორ ჩაიარა ვენაში კონცერტმა?
– ძალიან კარგად. ეს სამი წელია, რაც მე და კახა კუხიანიძემ ერთობლივად, აქტიურად დავიწყეთ უცხოეთში გასვლები. ვენაში მეორედ ჩავატარეთ კონცერტი და მანამდე ავსტრიის კიდევ ერთ ქალაქში გვქონდა. სამივე კონცერტი საკმაოდ წარმატებული იყო. გარდა იმისა, რომ ყოველ ჯერზე ახალი მსმენელი მოდის, ძველებიც არ გვტოვებენ და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გამოსვლები მოსწონთ. თან, მათთან დავმეგობრდით. მე და კახა დიდი ხნის მეგობრები ვართ, ამის გარდა, დიდი საერთო პროგრამა გვაქვს, როგორც ქართული, ასევე უცხოური.
– ემიგრანტებთან შეხვედრა და მათთვის სიმღერა ემოციური იქნება.
– ჩვეულებრივი კონცერტისგან განსხვავებით, ათჯერ, ოცჯერ, ოცდაათჯერ და ასჯერ თბილია მათთან შეხვედრა. სულ სხვა ემოციაა. ზოგიერთ სიმღერაზე ცრემლებამდე მიდიან ხოლმე. ძალიან  მიმართლებს იმ თვალსაზრისით, რომ ვისთანაც შეხება მქონია, მერე მეგობრობა გაგვიგრძელებია. აქ რომ ჩამოდიან, ვხვდებით ერთმანეთს. რამდენიმე ადამიანთან განსაკუთრებით  დავმეგობრდი. ეს ორმაგად სასიამოვნოა მომღერლისთვის, მარტო ჰონორარზე ხომ არ უნდა იფიქრო, ის გარემო და მათი დამოკიდებულებაც მნიშვნელოვანია.  ისეთი ემოცია არის ხოლმე, კონცერტის დასრულება არ გვინდა.
– ლიზა თინეიჯერია. როგორი ურთიერთობა გაქვს მასთან?
– უკვე 15 წლის არის. დიდი გოგოა. ასაკთან შედარებით აზროვნებითაც დიდია. მეც ასე ვიყავი და არ მიკვირს. რაც მაგ ასაკში ვიყავი, დაახლოებით, ახლაც იგივე ვარ, ოღონდ გამოცდილება დამემატა. ქარაფშუტა არც ერთ ასაკში არ ვყოფილვარ. ლიზაც ასეა. ჩემს მეგობრებთან ერთად გაიზარდა და ისე გამოვიდა, რომ ყოველთვის დიდი ადამიანივით აღვიქვამდი. ეს კი რაღაცნაირად აისახა მის აზროვნებასა და გონებრივ ჩამოყალიბებაზე. ლიზა ჩემი მეგობარი, ჩემი მეგობრების მეგობარია. თავისუფლად მესაუბრება ყველაფერზე და ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ.
– შვილებთან ურთიერთობისას საზღვრები არ გაქვს დაწესებული?
– ვფიქრობ, რაღაც საზღვრები მაინც უნდა იყოს მშობელსა და შვილს შორის.  მეგობრებთანაც დინსტანციურად ყოფნა მიყვარს. ამ შემთხვევაში სიშორეს არ ვგულისხმობ. უბრალოდ, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. ლიზასთანაც ასე ვარ, ოღონდ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცებს ვუმალავ. მეგობრები ვართ და როგორც ჩემს მეგობრებს აღვიქვამ ზომიერად, ისე ლიზას შემთხვევაშიც. რაც შეეხება ნატაშკას, ის ჩვენი ბედნიერების მთავარი ამბავია. ჯერ პატარაა, მაგრამ ალბათ, მასთანაც იგივეს ვიზამ.
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– არაფერი, მართლა არაფერი. იმიტომ ვარ საქმეში ბედნიერად. სხვათა შორის კარგა ხანია, ჩემს პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება. მე არ მივეკუთვნები იმ ქალების კატეგორიას, რომელიც უსიყვარულოდ ვერ ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი, ყველა ადამიანს თავისი პირადი ცხოვრება უნდა ჰქონდეს, შემიძლია, დიდხანს ვიყო ამის გარეშე. დანაკლისს არანაირად არ ვგრძნობ. ასეთი პერიოდი მაქვს ახლა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მინდა, ცხოვრების ბოლომდე ასე გაგრძელდეს. ჩემს თავისუფალ ცხოვრებას ნაყოფიერად ვიყენებ საკუთარ საქმეში. თუ ისე მოხდება, რომ გამოჩნდება ადამიანი, ვისთანაც თავისუფლებას არ დავკარგავ, ასეთი ურთიერთობისთვის ხვალვე მზად ვარ (იცინის). ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც დრო გადის, ამაში კიდევ უფრო ვრწმუნდები. ურთიერთობაში თავს როცა არ დაკარგავ და თავისუფალი იქნები,  ეს არის ყველაზე კარგი.
– ზოგს პირადი ცხოვრების არქონის გამო დეპრესიული ფონი აქვს. შენს შემთხვევაში როგორაა?
– არა, მაგის გამო არასოდეს მქონია დეპრესია. მიუხედავად რთული პერიოდებისა, რომელიც ცხოვრებაში გადამიტანია, ზოგადად, არ ვარ დეპრესიული ადამიანი. ასეთ დროს, პირიქით, ჩემში თვითგადარჩენის ინსტინქტი აქტიურდება და მაგალითად, ვიწყებ სახლების ყიდვას. ისეთ რაღაცებს ვაკეთებ, რაც ჩემს შესაძლებლობებსა და ძალებს აღემატება. როგორც უკვე ვთქვი,  შეიძლება, წავიდე და ბანკით სამი სახლი ვიყიდო. მქონია ასეთი მომენტი და გამიკეთებია, ამ დროს რისკებს ვეძალები. ეტყობა, რაღაც ადრენალინს გამოყოფს ჩემი ორგანიზმი.
p.s. ფოტოები ეკუთვნით: გურამ ლომინაძესა და აკო ფურცხვანიძეს.

скачать dle 11.3