კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 დარინა ცეცხლაძე: თოჯინებით არასდროს მითამაშია, სულ დანა და იარაღი მეჭირა ხელში

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  დარინა ცეცხლაძე პროფესიით ექიმია – ორთოპედ-ტრავმატოლოგი და ბათუმში თავისი სპეციალობით მუშაობს. 29 წლის, ერთი შეხედვით, ქალური, ლამაზი და დახვეწილი მანერების გოგონა, საკმაოდ ძლიერი და სპორტულია, რაც გარეგნულად არ ჩანს. ის ახლახან, უკვე მეთერთმეტედ გახდა საქართველოს ჩემპიონი მკლავჭიდში. მართალია, მამას გოგონას სპორტსმენობა არ უნდოდა, მაგრამ დარინას მიზანდასახულობითა და სპორტული შედეგებით დღეს ის ამაყია.
  დარინა ცეცხლაძე: ხულოში, ბებიასთან, სოფელ ჩაოში გავიზარდე, იქ დავამთავრე სკოლა და შემდეგ, მშობლებთან, ბათუმში გადმოვედი საცხოვრებლად. ნაზი არასდროს ვყოფილვარ, საკმაოდ ცელქი ბავშვი ვიყავი და სულ ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი. არ მიყვარდა, როცა ამბობდნენ, გოგოა და ეს ვერ შეძლებსო (იცინის). ამის გამო ბავშვობიდან ვცდილობდი, ის მითი დამემსხვრია, რომ გოგო სუსტია და რაიმეს ვერ შეძლებს.
– ამის გამო აირჩიე სპორტის ეს სახეობა და გადაწყვიტე, შედეგებით გეჩვენებინა, რომ ქალები, მამაკაცებს არ ჩამოვუვარდებით?
– სწორედ ასეა. სხვათა შორის, იურისტი და პოლიციელი მინდოდა გამოვსულიყავი, მაგრამ მამას არ უნდოდა ბიჭების წრეში მეტრიალა და ამის გამო, წინააღმდეგი იყო. ამის მიუხედავად, სულ კანონებს ვკითხულობდი და იარაღის სროლასაც ვსწავლობდი. თოჯინებით არასდროს მითამაშია, ხელში სულ დანა და იარაღი მეჭირა (იცინის). როცა ინსტიტუტზე მიდგა საქმე, ვიფიქრე, სამედიცინოზე ჩავაბარებ, რომ მამას ვასიამოვნო და იურიდიულზე საბუთებს მერე გადავიტან-მეთქი. ეს არ მოხერხდა და დღეს თეთრი ხალათი მაცვია. როცა ტრავმატოლოგიურ კლინიკაში გავიარე პრაქტიკა და ვნახე იქაური სიტუაცია, პაციენტებს და ექიმის მოვალეობებს გავეცანი, მივხვდი, ეს ის საქმე იყო, რომელიც მაინტერესებდა. ასე რომ, ჩემი ბედი საბოლოოდ ტრავმატოლოგიურ კლინიკაში მოხვედრამ გადაწყვიტა და მას შემდეგ, თეთრი ხალათი არ გამიხდია. დღეს ორთოპედ-ტრავმატოლოგი ვარ.
– დარინა, დამეთანხმე, რომ მკლავჭიდი არაქალური სპორტია, საკმაოდ დიდ შრომასა და ვარჯიშს მოითხოვს. თუმცა, შენ თერთმეტჯერ გახდი საქართველოს ჩემპიონი. რატომ დაინტერესდი ეს ერთი შეხედვით ნაზი გოგო, სპორტის ამ სახეობით?
– უნივერსიტეტში შიდა ტურნირი ჩატარდა. შეჯიბრებაზე თვითმმართველობის სახელით გამოვედი და მოვიგე. ამ ტურნირს მრავალგზის მსოფლიოს ჩემპიონი თემურ ლიპარტაშვილი ესწრებოდა, რომელიც დღეს ჩემი მწვრთნელია და სწორედ მან შემომთავაზა: კარგი ხელი გაქვს და შემიძლია, შენგან კარგი სპორტსმენი დავაყენოო. ზოგადად, თუ რამე საქმეს ვიწყებ, აუცილებლად ბოლომდე მიმყავს და რადგან ტურნირი მოვიგე და ბატონი თემურისგანაც შეთავაზება მივიღე, გადავწყვიტე, სერიოზულად მევარჯიშა და მკლავჭიდში უფრო დიდი წარმატებებისთვის მიმეღწია. თან, ფულადი დაინტერესებაც იყო. ვიფიქრე, თუ საქართველოს ჩემპიონი გავხდები, ფულს მომცემენ, იურიდიულზე რომ საბუთებს გადავიტან, იქ შევიტან და მერე, მსოფლიოზეც ვცდი ბედს-მეთქი. თუმცა, ტრავმატოლოგიურ კლინიკაში რომ მოვხვდი, გადავიფიქრე.
– მამას არ უნდოდა, კაცური პროფესია აგერჩია, მამაკაცების გვერდით გემუშავა და ახლა მკლავჭიდელი გოგო რომ ჰყავს, ამაზე რას ამბობს?
– თავიდან, როცა ამ სპორტზე სერიოზულად დავიწყე ფიქრი, უნივერსიტეტში სამი ბიჭის გვერდით მომიწია ვარჯიში. თუ სადმე გადამტვრეულ იატაკის ჯოხს ან რამე ამდაგვარს ვნახავდით, ტურნიკებს ვაკეთებდით და ისე ვვარჯიშობდით. მამას გაფრთხილებული ჰყავდა უნივერსიტეტის დაცვა – გოგოს მიმიხედეთო და რომ უთხრეს, სამ ბიჭთან ერთად ვარჯიშობსო, გადაირია: წელს ზემოთ შიშველ ბიჭებთან ერთად რა გინდაო (იცინოს). მოკლედ, ჩუმად ვვარჯიშობდი და მამამ ტელევიზიით გაიგო, რომ აჭარის ჩემპიონი გავხდი და საქართველოს ჩემპიონატზე ვაპირებდი გამოსვლას. კი მითხრა, სად მიდიხარ, ვინ მოგცა ამის ნებაო, მაგრამ ჩემი მწვრთნელი დაელაპარაკა და პირობა დავუდე:  ახლა გამიშვი და თუ წავაგე, საერთოდ ჩამოვცილდები სპორტს-მეთქი. ამის გამო, გავაასმაგე ვარჯიში, საბედნიეროდ, მოვიგე, საქართველოს ჩემპიონი გავხდი და ამის მერე, მამას აღარ დაუშლია. 2009 წელს პირველად გავხდი ჩემპიონი, ოთხი ოქრო ჩამოვიტანე. მარჯვენა-მარცხენაში გამოვდიოდი, 60 კილოგრამ წონით კატეგორიასა და აბსოლუტურ წონაში. მას შემდეგ, სპორტის ამ სახეობის მიმართ ინტერესი არ გამნელებია. 2014-2016 წლებში, უკრაინაში ვსწავლობდი და სწავლის პარალელურად, საერთაშორისო ტურნირებშიც ვმონაწილეობდი, სადაც ხუთი ოქრის მედალი მოვიპოვე. წელს გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე მკლავჭიდში კი, ტრავმების მიუხედავად, მაინც ვიასპარეზე და აბსოლუტურ წონაში მეთერთმეტედ გავხდი ჩემპიონი. ვარჯიშის დროს ტრავმები მივიღე, თან საავადმყოფოში გადატვირთული გრაფიკი მქონდა, იმდენს ვერ ვვარჯიშობდი, რაც საჭირო იყო და ოთხი თვის გასაკეთებელი, ერთ თვეში გავაკეთე. სწორედ ამან გამოიწვია ტრავმები, თუმცა მაინც გავიმარჯვე. როცა შეჯიბრებაზე გავდივარ, ბოლომდე ვიხარჯები, რომ მერე არ მომიწიოს იმის თქმა, ნეტა, ეს გამეკეთებინა და გამოვიდოდა-მეთქი. არა მარტო სპორტში, როცა თეთრ ხალათს ვიცვამ, ამ დროსაც არ მაინტერესებს, ვინ მდიდარია და ვინ ღარიბი, ვფიქრობ იმაზე, ადამიანს დავეხმარო და მათი ღიმილი ყველაფერს მირჩევნია. ასე რომ, როცა სპორტულები მაცვია მამაკაცური საწყისები იღვიძებს ჩემში, ქალურობაზე არ ვფიქრობ და როცა თეთრი ხალათი მაცვია, ჰიპოკრატე მახსენდება (იცინის). ჩემს პროფესიაში ოპერაციების დროს ბურღი – „დრელი“ და „ატვიორკა“ მჭირება და ამაში, სპორტი და ჩემი მკლავის სიძლიერე მშველის.
– ადამიანი რომ შემოგხედავს, ისეთი ნაზი და ქალური ხარ, წარმოუდგენელია, იფიქრო, რომ მკლავში ამხელა ძალა გაქვს.
– თეთრი ხალათი რომ მაცვია და პაციენტები იგებენ, სპორტსმენი და თერთმეტგზის ჩემპიონი ვარ, უკვირთ. სამსახურში, კოლეგები – ექიმი ბიჭები ხშირად მეუბნებიან, მოდი, ხელი გადაგიწიოთო და რომ ვერ ახერხებენ, იცინიან: რა ჯანიანი გოგო ხარ, არადა, სულ არ გემჩნევა ამხელა ძალაო (იცინის). ნაძლევსაც ხშირად ვიგებ ბიჭებთან, ძირითადად, სახინკლეს (იცინის). სხვათა შორის, როცა მაკიაჟს ვიკეთებ, ქუსლიან ფეხსაცმელსა და კაბას ვიცვამ და სარკეში ვიყურები, ისეთი ქალური ვარ და ისეთი გარდასახვა ხდება, ჩემი ჩემპიონობის მეც მიკვირს (იცინის). როცა შეჯიბრებაზე გავდივარ, ვცდილობ, მოწინააღმდეგეზე ფსიქოლოგიურად მოვახდინო ზეგავლენა და ვანახო, როგორი ძლიერი ბუნება მაქვს, როგორი მიზანდასახული ვარ და გამარჯვებისკენ მომართული. ეს მოწინააღმდეგეს სტრესში აგდებს და ჭრის.
– საქმისა და სპორტის მიღმა, პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– მყავს მეუღლე და ერთი ვაჟიშვილი – ალექსანდრე. ჩემმა ქმარმა თავიდან რომ გაიგო, გაუკვირდა, მკლავჭიდელი ხარო? (იცინის). მერე ჩემთან ერთად დაიწყო ვარჯიში, ამყვა და დღესაც ვარჯიშობს. ძალიან მიწყობს ხელს და მეხმარება. ბავშვი ჯერ პატარაა – სამი წლის და ისიც ვარჯიშობს. ჩემი მოგებული პრიზები მის მიერაა „ოკუპირებული“, ამბობს, ეს ჩემიაო (იცინის). სხვათა შორის, კლინიკაში, ოთახში გავაკეთე სავარჯიშოები და თავისუფალ დროს ვვარჯიშობ. პაციენტები რომ შემოდიან და ხედავენ სავარჯიშოებს, უკვირთ, ეს რა არის, აქ რა უნდაო (იცინის).
– თუ ეჯიბრები ხოლმე ქმარს მკლავის გადაწევაში?
– არა, ხელი რომ გადავუწიო, ვარჯიშს დაანებებს თავს (იცინის). თუმცა, ვაღიარებ, ქმარი რომ გვერდით არ მედგას, იმის ნახევარსაც ვერ შევძლებდი, რასაც მივაღწიე.
– ამბობენ, რომ არა მიხეილ სააკაშვილის საჩუქარი, შენ ვერ იქნებოდი წარმატებული სპორტსმენი, ასეა?
– პრეზიდენტობის დროს მიხეილ სააკაშვილს შეხვედრა ჰქონდა სტუდენტებთან. ზოგს თვალის ოპერაცია დაუფინანსა, ზოგს სხვა პრობლემა მოუგვარა და მე რომ მკითხა, რა გინდაო, ვუპასუხე: ტრენაჟორები მინდა-მეთქი. მოკლედ, ფინანსები გამოყვეს, სააკაშვილის საჩუქარი უნივერსიტეტს გადავეცი და დღესაც იქ ვარჯიშობენ სტუდენტები. ზოგადად, თუ რამეს ჩავიფიქრებ, ყველაფერი მიხდება. ამიტომ ვცდილობ, რეალური ოცნებები დავისახო და მიზანს ყოველთვის მივაღწიო.

скачать dle 11.3