კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 დაქალები

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

  პრინციპში, არც კატრინა იყო ფრანგი, გერმანელი თუ რომელიღაც სხვაქვეყნელი და არც ხუანი – ესპანელი, ორივენი კარგა მაგრად, ანუ პატარა ერებისთვის დამახასიათებელი კომპლექსებით შეპყრობილი და არცთუ მცირედ ამბიციური საქართველოს ასევე დაკომპლექსებული და არანაკლებ ამბიციური შვილები იყვნენ.
  არც ერთი იყო შინაბერა და არც მეორე – ბერბიჭა, რადგან ორივეს ორ-ორჯერ ჰქონდა ნაცადი ბედი, ეპოვა თავისი მეორე ნახევარი, ანუ ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი, მაგრამ, მუდმივი კი არა, თავიანთ რჩეულებთან ეს ურთიერთთანამგზავრობა ისეთი ხანმოკლე აღმოჩნდა, ვერც კატრინამ მოასწრო ერთად ყოფნის ბედნიერების აღქმა და ვერც ხუანმა, ანუ ორივესთვის ორთავე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და, შედეგად, დარჩნენ ასე ეულად, მეორე ნახევრების გარეშე, საკუთარი თავის ამარა. თუმცა მეგობრები ორივეს ბლომად ჰყავდა, რადგან, მართალია, თავიანთი სამშობლოსავით დაკომპლექსებულები და არცთუ ნაკლებად ამბიციურებიც ბრძანდებოდნენ (იქ პატრიოტობაო, აქ ინტელექტიო, იქ წარმომავლობაო და კიდევ რაღაც-რაღაცები), მაგრამ თან ძალიან კეთილი, სამართლიანი, ობიექტური და უბოროტო ადამიანები ბრძანდებოდნენ და ამიტომ, ერთიც და მეორეც, გაცნობისთანავე შეუყვარდებოდა ხოლმე ყველას, ოღონდ, არა როგორც ქალს მამაკაცი და მამაკაცს ქალი (ამ საკითხში ორივეს ცოტ-ცოტა პრობლემა ჰქონდა), არამედ როგორც მეგობარს მეგობარი, ანუ უბრალოდ, ადამიანს ადამიანი.
  ჩვენი ამ ორი პერსონაჟის უკეთ გასაცნობად იმასაც მოგახსენებთ, რომ მათ არც უბრალო ნაცნობობა აკავშირებდა ერთმანეთთან და არც კატრინა და ხუანი იყო მათი ნამდვილი სახელები. სინამდვილეში კატრინას კატო ერქვა (დაბადების მოწმობაშიც ასე ეწერა და ამავე სახელით მიმართავდნენ), ხუანს კი – იოანე (მასაც ასე ჩაუწერეს დაბადების მოწმობაში), მაგრამ შინაურები და მეგობრები ვანიკოს ან ივიკოს ეძახდნენ. ხუანი კი სამეგობრომ მისი ერთი თვისების გამო შეარქვა, ისევე, როგორც კატოს – კატრინა. მაგრამ ამაზე მოგვიანებით.
  როგორც აღვნიშნეთ, კატო და ვანიკო არათუ პირადად არ იცნობდნენ ერთმანეთს, ერთმანეთის არსებობაზეც კი არ ჰქონდათ წარმოდგენა. მართალია, ორივეს ცხოვრება თითქმის ერთნაირად და ერთდროულადაც მიმდინარეობდა, თანაც მეზობლად მდებარე ორ უბანში, ანუ დროსა და სივრცეში თანხვედრით, მაგრამ მათი გზები იმიტომ არ იკვეთებოდა კარგა ხნის განმავლობაში, რომ სწორედ ამ კარგა ხნის განმავლობაში ეს გზები ერთმანეთის პარალელურად მიემართებოდა (თუმცა, როგორც ვთქვით, არცთუ დიდი დაშორებით) და, თუ მათემატიკის რომელიღაცა კლასის სახელმძღვანელოს გადავშლით და საჭირო გვერდს მოვძებნით, ამოვიკითხავთ, რომ, როგორ უსასრულოდაც არ უნდა გავაგრძელოთ პარალელური წრფეები, ისინი არასოდეს გადაკვეთენ ერთმანეთს – ეს აქსიომაა. კიდევ მეორე აქსიომაც (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, რაც, როგორც მათემატიკის რვეულის ან ნებისმიერ სხვა ფურცელზე, ან თუნდაც რაიმე სიბრტყეზე თუ ზედაპირზე ფანქრით, კალმით, ნახშირით ან სხვა რამით გახაზვისას, ასევე ცხოვრებაშიც ხდება თვალსაჩინო): ეს ორი პარალელური წრფე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეჯახება, ანუ გადაკვეთს ერთმანეთს, თუკი ერთ-ერთი მათგანი მეორის მიმართულებით გადაუხვევს თუნდაც ერთი გრადუსით ან უფრო ნაკლებითაც კი და, რაც უფრო მეტი იქნება ამ გადახვევის გრადუსი, მით მალე მოხდება მათი ურთიერთშეხება ანუ ურთიერთგადაკვეთა.
  მაგრამ კატოსა და ვანიკოს, იგივე ივიკოს, ცხოვრება ჯერჯერობით ისევ და ისევ პარალელურ რეჟიმში და პარალელური მიმართულებით მიედინებოდა, შესაბამისად, ორივე, ერთმანეთის პარალელურად, უკმაყოფილო იყო როგორც პირადი (ანუ აუწყობელ-მოუწყობელი), ისე საზოგადოების, ქვეყნისა და თვით მთელი დედამიწის (უფრო შორს არცერთი არ წასულა) ცხოვრებით, ინტერესებით, მენტალიტეტითა თუ ინტელექტით.
  ახლა ცოტათი წინ გავუსწროთ მოვლენებს: კატომ და ვანიკომ კარგა მოგვიანებით გაიცნეს ერთმანეთი, თანაც სრულიად შემთხვევით, თავ-თავიანთი მეგობრების ერთი საერთო მეგობრის ლექსების პირველი კრებულის პრეზენტაციაზე, რომელიც, სხვათა შორის, სულ 9 ფურცლისგან შედგებოდა (მეათე ფურცელი ცარიელი იყო – ვითომ სიმბოლური დატვირთვით, სინამდვილეში კი ერთი ლექსი დააკლდა), რომლის ფასი 9 ლარი გახლდათ, ტირაჟი – 9.000, ავტორის მეგობართა (ანუ პრეზენტაციაზე თავშეყრილთა) რაოდენობა – ზუსტად 81 (ანუ 9X9-ზე) და ეს თავშეყრა ფრიად ორიგინალურ ადგილას – აეროპორტის ტრასის მე-9 კილომეტრზე, ღია ცის ქვეშ მოეწყო ფურშეტით (აეროპორტს ზეცაში ფრენის სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, ავტორის აზრით, ცხადია). მაგრამ, არც ავტორს და არც მის მეგობრებს არ გაუმართლათ, რადგან, ჯერ ერთი, ისეთი ხმაური იყო (ციდან – თვითმფრინავების და ტრასიდან – ავტომანქანების) გრუხუნის სახით, რომ არცერთ სტუმარს არ მიეცა საშუალება, ავტორის მიერ მოწვეული (ჰონორარით, რა თქმა უნდა) 9 მსახიობის მიერ მთელი მონდომებით წაკითხული თუნდაც ერთი ლექსი მაინც მოესმინ-გაეგონა (აი, აქ კი შემეშალა: არ გაუმართლათ ავტორსა და მსახიობებს, მეგობრები კი ამ ხმაურმა ნამდვილად გადაარჩინა... რისგანაც, თავად მიხვდეს მკითხველი). სანამ იმას მოვუყვებით ცნობისმოყვარეს, რა მოხდა შემდეგ, აღვნიშნავთ, რომ ავტორს კარგად ჰქონდა დაცდილი საკრალური რიცხვი 9 და ამიტომ დაუკავშირა ყველასა და ყველაფრის რაოდენობა ამ რიცხვს, მაგრამ ამჯერად რაღაც ვერ გათვალა.
  პრეზენტაცია ახალი დაწყებული იყო, რომ უცებ საშინელი ქარი ამოვარდა, რასაც თავაზიანი და ზრდილობიანი მეგობრები არ შეეპუენ და სოლიდარობის ნიშნად ფეხიც არ მოიცვალეს (სხვათა შორის, არც მსახიობებს შეუწყვეტიათ თავგანწირული კივილით ლექსების კითხვა, რადგან ჰონორარები უკვე აღებულ-დახარჯული ჰქონდათ და მეტი რაღა გზა დარჩენოდათ), მაგრამ როცა ცოტა ხანში კოკისპირულმა წვიმამაც დასცხო და ტრიალ მინდორში, პირდაპირ ბალახზე დაფენილ ლამაზ, ფერად-ფერად მუშამბებზე კოხტად დაწყობილი (კერძო დიზაინერის ხელი აშკარად ეტყობოდა), ბუტერბროტების, კანაპეებისა და ათასგვარი სვეცკური სისულელისგან ფერადი ტალახის გროვა დააყენა, თითოეული სტუმრისა და მონაწილე მსახიობისთვის საჩუქრად წამოღებული და ავტორის ავტოგრაფგაკეთებული ყველა ეგზემპლარი კი საშრობი ქაღალდივით გაადნო და ფურშეტის გატალახიანებულ საკვებში შეაზილა, როგორც იტყვიან, მონასტერი აირია, რის შემდეგაც იქ მყოფები (ავტორის ჩათვლით), მიხვდნენ, რომ აზრი აღარ ჰქონდა არც ერთგულების, არც თანადგომისა და არც ვაჟკაცობის გამოჩენას და ყველა წივილ-კივილით გაექანა თავისი ან მეგობრის მანქანებისკენ. ცხადია, კატო და ვანიკოც მათ შორის იყვნენ.
  არ არის გამორიცხული, ეს ყველაფერი (ღია ცის ქვეშ პრეზენტაცია, ქარბუქი და კოკისპირული წვიმა) იმიტომ გადაწყდა ზეცაში, რომ კატოს და ვანიკოს გაეცნოთ ერთმანეთი, რადგან, ღვთის წყალობით თუ ბედის ირონიით, ისინი, მთლიანად გაწუწულ-გატალახიანებულ-გაყინულები, ერთ მანქანაში, ერთმანეთის გვერდით, ერთმანეთთან ჩახუტებულები აღმოჩნდნენ, ერთმანეთს ამრეზით ათვალიერებდნენ და სიცივისგან ისე არაკუნებდნენ კბილებს, რომ წვიმისა და ქარის ხმასაც კი ახშობდნენ, ანი, კატო და ვანიკო მანქანაში ისხდნენ სხვა გალუმპულებთან ერთად, ერთმანეთზე მიჭყლეტილები.
  სანამ ამ ორის ნაცნობობის შემდეგ ეტაპზე გადავალთ, გაგაცნობთ ერთ მეტად არასასიამოვნო ინფორმაციას: იმ პირველი წიგნის გამოცემა, იმის გათვალისწინებით, რომ ყველაზე ძვირად ღირებულ ქაღალდზე იყო დაბეჭდილი და ყველაზე ძვირად ღირებული მხატვარ-დიზაინერის მიერ მორთულ-მოკაზმული, პლუს, ფრიად ორიგინალური პრეზენტაცია თავისი ყველაფრით, იმდენი დაუჯდა საწყალ დამწყებ, ცოტა უნიჭო, მაგრამ ამბიციურ, თუმცა ჯერჯერობით უცნობ მომავალ გენიოსს (ასე თვითონ ფიქრობდა), რომ, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მთელი ხუთი წელი იხდიდა იმ ვალებს, მით უფრო, რომ მხოლოდ 81 ცალი წიგნი გაეყიდა (ფურშეტზე მიწვეულ მეგობრებს შეეცოდათ და თითო ცალი შეიძინეს ქველმოქმედების ნიშნად, მერე კი აღარავის ახსოვდა, სად მიაგდო), 12 ცალიც უახლოესმა ნათესავებმა იყიდეს (ანუ სულ 81+12=93) და ჯამში, ისიც ნაწილ-ნაწილ, არშემდგარმა გალაკტიონმა 930 ლარი აიღო (ანუ მყიდველებმა თითო ლარი „ჩაი“ დაუტოვეს).
  ჩვენ აღარ დავინტერესებულვართ, განაგრძო თუ არა ლექსების წერა იმ ავტორმა ან კიდევ გამოსცა თუ არა კრებული და როგორი იყო მომდევნო პრეზენტაცია, მაგრამ ეს არც არის საინტერესო. როგორც ჩანს, მას მნიშვნელოვანი არაფერი შეუქმნია, რადგან სენსაციების მოყვარული თბილისი არ აულაპარაკებია ახალი რუსთაველის გამოჩენას. თუმცა, სამართლიანები უნდა ვიყოთ და დამსახურებისამებრ დავაფასოთ ყველა: მისმა თუნდაც უნიჭო ლექსებმა და თუნდაც „შექანებულმა“ და, ცოტა არ იყოს, გოიმურმა პრეზენტაციამ, ორი საოცარი ადამიანი შეახვედრა და გააცნო ერთმანეთს და, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ეს თუნდაც ბევრ საშუალო ლექსსა და უფრო მეტად დახვეწილ პრეზენტაციაზე გაცილებით მნიშვნელოვანია.
  ... კატომ და ვანიკომ მხოლოდ მაშინ „გაცვალეს სახელები“ ოფიციალურად (მანქანაში), როცა კბილების რაკუნი შეწყვიტეს და უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. დიდი სიტყვაუხვობა არც მანქანაში მსხდომ დანარჩენ მგზავრებს გამოუჩენიათ, რადგან ყველას ნერვები ჰქონდა აშლილი, აქ რამ წამომიყვანაო და ერთი სული ჰქონდათ (ქალიან-კაციანად), ერთი გვარიანი „ცხრასართულიანი“ გაეგზავნათ თავიანთი პოეტი მეგობრისთვის, მაგრამ ამის გაკეთება არავინ იკადრა (კარგად იყვნენ აღზრდილები).
  ბოლოს და ბოლოს, მანქანიანმა მეგობრებმა სახლებში ჩამოარიგეს უმანქანო მეგობრები (მათ შორის კატო და ვანიკოც), თვითონ კი თავიანთ გზას გაუდგნენ.
  კატომ ძლივს გააღო ბინის კარი (სახლში არავინ დახვდა), დერეფანშივე გაიხადა გატალახიანებული ტანსაცმელ-ფეხსაცმელი და სულ „დედაარღნიანის“ (მკითხველს ბოდიშს მოვუხდით უტაქტობისთვის) ძახილით შევარდა აბაზანაში. იქიდან რომ გამოვიდა, უკვე გასუფთავებულ-გამთბარი და ცოტა დამშვიდებულიც გახლდათ, მაგრამ უცებ ისევ თავისი ახალი ნაცნობი გაახსენდა და აღშფოთებულმა წამოიძახა:
– მაინც, ვინ იყო ის ვიღაც ტუტუცი, ხეპრე, ცანცარა ვანიკო თუ ვიღაც ჩემი ფეხები?!
  (არ გაგიკვირდეთ, პატივცემულო მკითხველო, ქალების საკმაოდ სოლიდურ ნაწილს უყვარს და ეხერხება ბილწსიტყვაობა, მათ მცირე ნაწილს კი რაღაცნაირად უხდება კიდეც და ამ მცირე ნაწილს მიეკუთვნება კატოც. ამიტომ ძალიანაც ნუ დავძრახავთ, რადგან ასეთი სიტყვების ხშირად გამოყენებასაც აქვს თავისი მიზეზები, მაგალითად, ქმრის (უფრო ზუსტად კი – კაცის) გარეშე ცხოვრება, ორჯერ დანგრეული ოჯახი, შვილებზე ოცნება, ცოტა ხისტი და არცთუ უკონფლიქტო ხასიათი და ასე შემდეგ.
– წარმოგიდგენია, რა გამიბედა?! – საკუთარ თავს მიმართა კატომ აღშფოთებით, – თავისი ტალახიანი გვერდების ხახუნი არ დამიწყო ამდენ ხალხში, თანაც სხვის მანქანაში?! – მერე უცებ მიხვდა, ისე გამოუვიდა ნათქვამი, თითქოს „ამდენ ხალხში“ და „სხვის მანქანაში“ რომ არ გახახუნებოდა, მაშინ ასე ძალიან არ გაბრაზდებოდა და თავის სიტყვებზე გაეღიმა, მერე კი ქოთქოთი განაგრძო: – მე მაგას ის ხომ არ ვგონივარ... ვიღაც უპატრონო, ვიგინდარა, კაცებზე მონადირე, კაცის უნახავი დამშეული ქალი! სიტყვა „დამშეულის“ წარმოთქმისას მექანიკურად წამოდგა, მაცივარი გამოაღო და იქიდან საჭმელი გადმოალაგა მაგიდაზე, რადგან იგრძნო, რომ თურმე მართლა მოშიებოდა, ოღონდ, პირდაპირი გაგებით. მაგისთანებისთვის სალმის მიცემასაც არ ვკადრულობდი! რეგვენი! დებილი! თავხედი! ნეტავი ვინ არის, რას წარმოადგენს და, საერთოდ, საიდან მოხვდა ჩემს სამეგობროში?!. – ამ წიოკის სინქრონულად, კატომ ვახშამი გაიწყო, ტელევიზორი (და არა კომპიუტერი) ჩართო, ყველა ქართული არხი რამდენჯერმე „აირბინ-ჩამოირბინა“ და, თან ილუკმებოდა (ფურშეტზე ლუკმაც კი არ გაუსინჯავს), თანაც კარგა მოზრდილ ბლოკნოტში ინიშნავდა რაღაც-რაღაცებს.
  ... ვანიკოც აძიგძიგებული და გაღიზიანებული მიადგა თავის ბინას, მაგრამ, კატოსგან განსხვავებით, კარი დედამ გაუღო (უნდა აღვნიშნოთ, რომ ორივე 30 წელს გადაცილებული, ორ-ორჯერ ოჯახდანგრეული, ნორმალური შემოსავლის მქონე ადამიანი გახლდათ, მაგრამ, ქართული ტრადიციისადმი პატივისცემით თუ ამავე ტრადიციიდან გამომდინარე ინერციით, მშობლებთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა, უკვე 18 წლიდან ოცნებობდნენ ცალკე, დამოუკიდებელ ცხოვრებაზე).
  ვანიკომაც, კარის გაღებისთანავე, დერეფანშივე შემოიძარცვა სველი და ტალახიანი ტანსაცმელი, აქეთ-იქით მოისროლა დასვრილი ფეხსაცმელი და სააბაზანოში შევარდა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ისიც გასუფთავებულ-გამთბარ-დამშვიდებული გამოვიდა სააბაზანოდან, დედას მიაძახა, ვახშამი გამიწყვეო და, თბილ ხალათში გახვეული, ჩართული კომპიუტერით ხელში შევიდა სამზარეულოში, მიუჯდა გაწყობილ მაგიდას, უზარმაზარი ლუკმებით შეუდგა ჭამას და მანაც რაღაცების ჩანიშვნა დაიწყო მოზრდილ ბლოკნოტში (ამასაც შეეძლო, კომპიუტერშივე მოენიშნა, მაგრამ, კატოსავით ბლოკნოტი არჩია). მერე უცებ ღეჭვაც შეაჩერა, ავტოკალმის ფხაჭუნიც, კომპიუტერის ეკრანის ყურებაც და ირონიულად ჩაიქირქილა:
– არა, ეს რა იკადრა, ჰა?! ამდენ ხალხში, სხვის მანქანაში, თავისი ტალახიანი უკანალის ხახუნი არ დამიწყო?! იშოვა, რა, დრო! იცოდა, რომ იქ ვერაფერს ვეტყოდი, ვერც გახახუნებითვე ვუპასუხებდი, ვერც გავიწეოდი თავის ასარიდებლად და ისარგებლა გოგომ შემთხვევით! არადა, გარეგნობით თითქოს წესიერ ქალს ჰგავდა! მაგრამ, სწორედ ასეთი „გარედან წესიერები“ არიან, ყველაფერზე რომ მიდიან და არაფრის რცხვენიათ! ტუტუცი! ქაჯუნა! უზნეო გომბიო! საერთოდ, ვინ ბრძანდება ნეტავი და საიდან მოხვდა ჩვენს სასტავში?! – ვანიკომ მრისხანე მონოლოგი დიდი ლუკმით ჩაიხშო და მერე ცხელი ჩაი მიაყოლა.
– ვის ეჩხუბები, დედიკო? – სამზარეულოში დედა შევიდა და თავის ერთადერთ ვაჟს მზრუნველი მზერა მიაპყრო.
– არც არავის. ისე, ჩემთვის ჩავილაპარაკე რაღაც.
– ჩემთან არ ითქმება? ძალიან გაბრაზებული მომეჩვენე და იმიტომ დავინტერესდი.
– შენ ყველაფერი გაინტერესებს, დედა.
– დიახაც, ყველაფერი, რაც შენ გეხება! – ამაყად გამოაცხადა ქალმა, შვილის მოპირდაპირედ მდგარ სკამზე ჩამოჯდა და მოსასმენად მოემზადა.
– სულ ტყუილად მოკალათდი ჩემ გვერდით, უნდა გაგიცრუო მოლოდინი, – გაეცინა ვანიკოს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3