კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 რა გაუბედა ილია ჭავჭავაძეს ბარბარე ჯორჯაძემ და როგორ გაამწესეს ის ქართველმა მამაკაცებმა სამზარეულოში

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  ის იყო ერთადერთი ქალი, რომელმაც გაბედა და ქართული ენის მოდერნიზაციასთან დაკავშირებულ პოლემიკაში ილია  ჭავჭავაძეს შეეკამათა. წერდა ლექსებს, პიესებს, ასევე, იმ მამაკაცებზე, რომელთა ხელშიც წამდაუწუმ ირღვეოდა ქართველი ქალის უფლებები. შეიძლება ითქვას, რომ ის იყო პირველი ფემინისტი ქალი, ვისი „გამოხტომებიც“ ზოგს მოსწონდა ზოგს – არა. მას მამაკაცების დიდი ნაწილი აუმხედრდა. ისინი პირდაპირ მიუთითებდნენ, რომ მისი ადგილი სამზარეულოში იყო და არა დიდ საზოგადოებაში. წყენისა და პროტესტის ნაცვლად მან სიამოვნებით მიიღო გამოწვევა. სამზარეულოს სიყვარულმა და საქმემ მას დააწერინა უნიკალური წიგნი, რომელიც ბარბარე ჯორჯაძის სამზარეული წიგნად არის ცნობილი. თუ რაში მდგომარეობდა ამ ქალისა და მისი წიგნის უნიკალურობა, ამაზე მის დღიურებში წაიკითხავთ. ყოველ შემთხვევაში, ამბობენ ბარბარე ჯორჯაძის კერძები ყველაზე საინტერესო და ძალიან რთული მოსამზადებელიაო. ჰოდა, მეც გადაგიშლით მისი პიროვნებისა და კერძების ალბომს:   
  „კნ. ბარბარე ჯორჯაძისა იყო შინაურათ ოჯახში აღზრდილი, მაგრამ მისი მსჯელობა გააკვირვებდა ბევრს მაშინდელ ევროპიულ სწავლით შეჭურვილს პირებს. ამ ორი წლის წინათ მე მომივიდა მისგან კერძო წერილი საზოგადოთ ქართველი ქალების აღზრდაზე და ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ეს დაწერილია შინაურათ აღზრდილი მოხუცი ქალისა“. ამ სიტყვებით მოიხსენებდა ან. თუმანიშვილი-წერეთლისა ამ ლეგენდად ქცეულ ქალბატონს („კვალი“ 1895 წლის 16 აპრილი).
  ბარბარე ჯორჯაძე, დავით ერისთავის ქალიშვილი გახლდათ. მომავალი მწერალი ქალი 1833 წელს დაიბადა. დედით დაობლებულს ძიძა ზრდიდა. ამ ქალბატონმა აზიარა ბარბარე ცოდნის სამყაროს, ქართულ ზღაპრებსა და მითებს, ხელსაქმეს... 12 წლის ასაკში ბარბარე ზაქარია ჯორჯაძეს მიათხოვეს. „საზოგადოთ იმ დროს, ქალებს ძალიან ადრე ათხოვებდნენ და მეც ისეთი პატარა ვიყავ, ჯვარს რომ გვწერდნენ, თამაშობა მეგონა. როდესაც მღვდელი ქორწინების წესს ასრულებდა, ამ დროს ეკლესიაში ღამურა შემოფრინდა. დავინახე თუ არა ღამურა, მღვდელს ვუთხარი: მღვდელო, მღვდელო, შენი ჭირიმე, გაჩუმდი, მე მგონი, ჩემი იადონი შემოფრენილა და მინდა დავიჭიროვო“, – იხსენებდა მარიამ დემურია ბარბარეს მონათხრობს 1895 წლის გაზეთ „ივერიაში“. ბარბარე აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იბრძოდა ქალთა უფლებების დასაცავად, სამწერლო მოღვაწეობასაც ეწეოდა. პირველი ლექსი მან 17 წლის ასაკში დაწერა. მერე პროზასა და დრამატულ ნაწარმოებებსაც შეეჭიდა. ბარბარე ჯორჯაძის პიესის – „რას ვეძებდი და რა ვპოვეს“  მიხედვით, ქუთაისში სპექტაკლი დაიდგა, რომელიც დიდი წარმატებით სარგებლობდა... იგი, მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში „მამათა და შვილთა“ ბრძოლაშიც საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდა და 60-იანელების თაობას ტრადიციათა უგულვებელყოფასა და უპატივცემულობაში ადანაშაულებდა.
  ...მის ცნობილ წერილს – „ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ“ – ქალთა უფლებების თანამედროვე დამცველები, საქართველოს ფემინიზმის მანიფესტად აღიარებენ. „პირველიდანვე დაწყებული ყოველი კაცი დედაკაცების გაკილვაში ყოფილა და არის; ყოველივე ბრალეულობა ქალს მიაწერეს და დიდად ცდილობენ, ეს თავის ამხანაგი ყოვლის გზით დაეცათ და დაემდაბლებინათ. სიყრმიდანვე ამას ჩასძახოდენ „შენ, რადგანა შემოქმედს ქალად დაუბადებიხარ, შენი წესი ეს უნდა იყოს – ხმაგაკმედილი ჩუმად იყო, არავის შეჰხედო, არსად წახვიდე, ყურები დაიხშო, თვალები დახუჭე და იჯექ. სწავლა და სხვა ენებით განათლება რა შენი საქმეაო“... „ჩვენმა იესო ქრიტემ ბრძანა: არა არს გარჩევა არცა მამაკაცთა და არც დედაკაცთაო. მაგრამ რა წრესაც პირველად დაადგა კაცი, იმ წრის გადაცილება სჯულის გარდამავლობად მიაჩნდა. საბრალო ქალებს იმ დაჩაგვრით მაინც ვერ დაუთრგუნეს ნიჭი და გონება: თუ განათლება არ მისცეს, თავიანთ დედაენაზედ მაინც კარგად და საძირკვლიანად შეეძლოთ ნათელი მსჯელობა და საქმიანობა, ვინ იყო მწიგნობრობის პატრონი და წერა-კითხვის გამავრცელებელი ჩვენში, თუ არა ქალი, როდესაც კაცები მამულის დამცველებად თოფ-იარაღზედ იყვნენ დაყუდებულნი?..“ ქალის ასეთ თავისუფალ აზროვნებას, მეცხრამეტე საუკუნეში კი არა და დღესაც, ოცდამეერთეში, ბევრი ვერ ეგუება. ამგვარი შეხედულებების გამოფენ-გამოაშკარავება უკვალოდ ვერ ჩაივლიდა. მალე ბარბარეს მწერალთა საძმო აუმხედრდა და სამზარეულოსკენ მიუთითა – „იქაა შენი ადგილიო“.
  ჩვეულებრივი ქალი ამას შეურაცხყოფად მიიღებდა, საკუთარ თავში ჩაიკეტებოდა ან ვიშვიშს დაიწყებდა… მაგრამ არა ბარბარე ჯორჯაძე. მან მართლაც „მოძებნა“ სამზარეულოსაკენ გზა და მალე პირველი ქართული კულინარიული წიგნი გამოსცა. მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, თავადის ასულს, არც თავად ეთაკილებოდა ოჯახური საქმეების კეთება და სხვებსაც მოუწოდებდა, მომბაძეთო. მისი წიგნი – „სრული სამზარეულო“, პირველად 1874 წელს დაიბეჭდა და მალევე გაიყიდა. მეორედ ის თბილისელმა მწერალმა და მთარგმნელმა, მიხეილ ახპატელოვმა გამოსცა. წიგნის მესამე, 1914 წლის გამოცემა, ბარბარეს ქალიშვილს – მანანას ეკუთვნის, რომელმაც, თავის მხრივ, მცირე ცვლილებები შეიტანა წიგნში – დაუმატა ევროპული კერძები. ჯორჯაძის კულინარიული წიგნიდან ჩანს, რომ მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს მაღალ წრეებში კარგად იცნობდნენ ბლამანჟესა და ჟელეს, ნაყინსა თუ შარლოტას. ბარბარე ჯორჯაძის წიგნი იმითაც არის უნიკალური, რომ მან გადაწყვიტა სამზარეულო საქმიანობა მკითხველისთვის ანბანიდან ესწავლებინა. ბარბარე ჯორჯაძის წიგნში შემონახულია ქართული კერძების მთელი ჩამონათვალი. მრავალი მათგანი დღეს დავიწყებასაა მიცემული ან ამავე სახელწოდების კერძებს განსხვავებული რეცეპტით ამზადებენ. ჩახოხბილის მოსამზადებლად, ჯორჯაძისეული რეცეპტის მიხედვით, საჭიროა კვერცხი, ერბო, ხოხობი, ხახვი, მარილი და კვაწარახი. პომიდორი აქ საერთოდ არ ფიგურირებს და როგორც ცნობილია, სწორედ ასე მზადდებოდა ნამდვილი ჩახოხბილი, სანამ საქართველოში პომიდორი გავრცელდებოდა. წიგნში მრავლადაა მარცვლეულისა და პარკოსანი კულტურისგან მომზადებული კერძები: ცულისპირა, ოსპი, მუხუდო. ეს პროდუქტები ჩვენი წინაპრების ყოველდღიურ რაციონში შედიოდა. შემდგომ, როდესაც ლობიოს კულტურამ ფართო გავრცელება ჰპოვა, ოსპმა, მუხუდომ და სხვა მარცვლეულმა თუ პარკოსანმა კულტურებმა ჯერ მეორე პლანზე გადაინაცვლა, მოგვიანებით კი ზოგიერთი სახეობა გადაშენების პირას მივიდა.
 ***
 გახსენება
/აკაკი/
  „მხოლოდ ამ ოც-და-ათის წლის წინედ, როდესაც „ცისკარი“ გამოდიოდა, პირდაპირ და შეუპოვრად გამოვიდა სამწერლო ასპარეზზედ ერთი ახალგაზრდა ქალი და ეს ქალი იყო კნ. ბარბარე ჯორჯაძისა. იმან არ მიაქცია ყურადღება ძველ თაობის კიცხვა-გინებას და შვენიერი ლექსებით აცხადებდა თავის გულის-პასუხებს; მოსთქვამდა წარსულზედ, შეფრქვევით უგალობდა მომავალს და უსიტყვოდ არ აგდებდა აწმყოს ავ-კარგიანობას. ამ გვარი მოვლინება, რასაკვირველია, სასიამოვნო იყო და მაშინდელი ახალთაობაც უნდა სიამოვნებით მიგებებოდა და მხარი მიეცა, მაგრამ, მისდა საუბედუროდ, მაშინ პოეზიისათვის მეტად ცუდი დრო იყო. საზოგადოდ, როგორც რუსეთში, ისე საქართველოში, ხელოვნებას ყურადღებას არავინ აქცევდა; მწერლობაში მხოლოდ ცარიელი სიტყვების ბრახა-ბრუხსა და თუთიყუშივით გამეორებულს სხვების აზრს ჰქონდა პატივი. ვინც ამ კანონს არ ემორჩილებოდა, იმაზედ ახალთაობას იერიში მიჰქონდა და ბევრსაც გააგდებინეს კალამი ხელიდან. მაგალითებრ: თ-დი რევაზ შალვას ძე ერისთავი სწერდა ლექსებს და იმ დროს შესაფერად არც ურიგოს; თარგმნითაც ბევრს თარგმნიდა, სხვათა შორის ეთარგმნა კალოვის პოემა „შეშლილი“ და ისე შეანანეს მას შრომა, რომ საუკუნოდ ხელი ააღებინეს წერაზედ. ამ გვარივე დღე დააყენეს ბევრ სხვებსაც, მაგრამ კნ. ბარბარე ჯორჯაძისამ კი იარაღი არ დააგდო, შეებაასა ახალ თაობის მეთაურებს და მაშინ მითი ატყდა ერთი ალიაქოთი ლიტერატურაში. ქალის მხარეს იჭერდნენ ძველი მწერლები, მაგ. ალ. ორბელიანი, ი. კერესელიძე, დ. ბერიშვილი, ლ. არდაზიანი და სხვები. საიდუმლოდ დიმ. ბაქრაძეც მხარს აძლევდა. ახალ თაობიდან ერთი-ორიც მიუდგა: ერთი მათგანი იყო, მგონია, ა. ფურცელაძეც, მაგრამ ამათაც ძვირი დაუჯდებოდათ ბოლოს ეს მიდგომა. ასე თუ ისე, ამათმა მხარის მიცემამ მწერალი ქალი მაინც გაამხნევა, მოუხშირა წერას და სხვათა შორის, დრამების წერაც. პირველი მისი დრამა იყო „შური“, იმას თან მიჰყვა: „რას ვეძებდი და რა ვპოვე“ და სხვანი. როდესაც „ცისკარი“ დაიხურა და მწერლობა გადავიდა მაშინდელ ახალ-თაობის ხელში, კნ. ბარბარე ჯორჯაძისას მოესპო საშუალება, რომ ებეჭდა სადმე თავისი ნაწარმოები; წავიდა სოფლად და ამის შემდეგ მის ნაწერს ვეღარას ვხედავდით, თუმცა როგორც დღესაც  სჩანს, ჩვენის მწერლობისათვის თვალყური იქაც კიდევ უდევნებია. ახლა ვსთქვათ ორიოდე სიტყვა მის შესახებ, თუ პირველად როგორ გავიცანი მე ისა. მე რადგან ბარბარეს არ ვიცნობდი, ალექსანდრემ წამიყვანა გასაცნობად. მწერალი ქალი, სოფლიდან ჩამოსული, კერესელიძესთან ჩამომხტარიყო, რომელთანაც ნათელ-მირონობა ჰქონდა; სახლის პატრონმა რომ ჩვენი მისვლის მიზეზი გაიგო, ძალიან იამა და მითხრა: „ეს ქალი ახლა საკუთარ ოთახში ზის, წერს და ისე შეგიყვან უცბად, რომ თვითონაც არ იცოდესო“. მომავლო ხელი და ძალით წამიყვანა. როდესაც მე კნ. ბარბარე ჯორჯაძის ლექსებს ვკითხულობდი, სულ სხვანაირად მყვანდა წარმოდგენილი ავტორი; ჩემის აზრით, ის უნდა ყოფილიყო ტანმორჩილი, გამხდარი მეტად მკვირცხლი, მოუსვენარი, სხაპა-სხუპით მოლაპარაკე და განსაკუთრებით წერის დროს მეტად აღელვებული, მაგრამ წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც მის ოთახში შევედით: სტოლთან  იჯდა ერთი საკმაოდ მსუქანი, მოსული თვალ-ტანადი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მუხლი-მუხლზედ გადაედვა, ზედ ერთი ფურცელი ქაღალდი დაედვა და დინჯად ლექსსა სწერდა. ეს იყო მისი უკეთესი ლექსი „არაგვი“. მაშინ მეც შევიტყე, რომ თუ არა მუხლზედ, ძველებურად, ისე წერა არ ემარჯვებოდა. ნეტავი ახლაც ისე სწერს, თუ არა?“   
(„კვალი“ #14, 4 აპრილი, 1893).

скачать dle 11.3