კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 რატომ ვერ მოახერხა რუსეთმა ბალტიისპირეთში ის, რაც მოახერხა უკრაინასა და საქართველოში და რატომ ჯობდა ოკუპირებული ტერიტორიების გაუსროლელად დაკარგვა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  ეთნიკურად ქართველობის გამო აფხაზეთის ტერიტორიაზე სულ ბოლოს ირაკლი კვარაცხელია მოკლეს, თუმცა აფხაზური მხარე ირწმუნება, რომ ის უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. მანამდე აფხაზ სეპარატისტებსა და რუს ოკუპანტებს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაც შერჩათ, ოს სეპარატისტებსა და ოკუპანტებს კი – არჩილ ტატუნაშვილისაც. ეს ფაქტები, ცხადია, ჩვენი საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას იწვევს და სამოქალაქო აქტივისტების ერთი ჯგუფი უშუალოდ საოკუპაციო ხაზთანაც კი აპროტესტებს ხოლმე მომხდარს და ხელისუფლებისგან ქმედით ნაბიჯებს მოითხოვს. მეორე მხრივ, ერთადერთი ქმედითი ნაბიჯი ძალისმიერია, იმიტომ რომ რუსეთი არც საერთაშორისო თანამეგობრობას დაგიდევთ და არც საერთაშორისო  წესებს. ძალისმიერი მეთოდი კი ნიშნავს ბრძოლას, რაც ჯარში სამსახურით იწყება. შესაბამისად, სამოქალაქო აქტივისტებმა, წესითა და რიგით, ქმედითუნარიანი გაწვევისა და რეზერვის სისტემა უნდა მოითხოვონ, რადგან, რამე რომ ვერ გაგიბედონ, ხურდის დაბრუნების უნდა ეშინოდეთ. თუმცა ჩვენს აქტივისტებს უფრო იოლი გზა აქვთ არჩეული. ოღონდ არ მგონია, არ ესმოდეთ, რომ, თუ ჯარში არავინ წავა, ხელისუფლება კი არადა, კოჭლი თემურიც ვერ დაგიცავს. ამის პარალელურად, გამოსავლად „ნატოში“ გაწევრიანებაც სახელდება, უსაფრთხოების ქოლგას მივიღებთო და, მართლაც, „ნატოს“ წევრებს ასე ჰაიჰარად თვით რფ-ც კი ვერ გაუბედავს მავთულხლართების გავლებასა და მოქალაქეების გატაცება-მკვლელობას. მაგრამ საქმეც ისაა, რომ მხოლოდ ქოლგის იმედად ვართ და საკუთარ როლს თავდაცვაში, ფაქტობრივად, გამოვრიცხავთ.
  ფსიქოლოგ დიმიტრი ნადირაშვილთან ერთად ვიმსჯელებთ – რატომ გადაწყვიტა ჩვენმა საზოგადოებამ, რომ თავად მხოლოდ აღშფოთდება, დანარჩენი სამყარო კი მის გასაკეთებელს გააკეთებს, რჩენისა და დაცვის ჩათვლით?
– ჩემი აზრით, ძალიან ტრაგიკომიკური ვითარებაა. არის თუ არა ნორმალური, როდესაც ჩვენთან ადამიანებს არასრულფასოვნების განცდა აქვთ, რადგან სულ სხვისგან, მთავრობისგან, მოკავშირეებისგან, პარტნიორებისგან, ღმერთისგან, ელიან, რომ მათ ნაცვლად ის იშრომებს, იომებს, იფიქრებს, თავად კი გააკონტროლებენ, როგორ გამოსდის სხვას მათზე ზრუნვა. არის ეს ზრდასრული ადამიანის ქცევა?
– რასაც ვავლენთ სახელმწიფოებრივად და პიროვნულად, ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება შიგნით და გარეთ და ამ ეტაპზე ამით გამოვირჩევით. რაც ჩამოთვალეთ, ის ფაქტები, ფაქტობრივად, ლაპარაკობს, თუ რა უმწეო მდგომარეობაში ვართ დღეს ყველა თაობა ყველა სფეროში – როგორც სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ისე ინტერპერსონალურ ურთიერთობებში. ჩანს, რომ არ არის არანაირი კონცეფცია, სად ვართ, ვინ ვართ, ვისთან გვაქვს საქმე. დღევანდელ ეტაპზე ამის გარკვევა ძალიან მნიშვნელოვანია. გადავხედოთ ურთიერთობებს: საქართველო-რუსეთი, საქართველო-ევროპა, რადგან ეს ურთიერთობები აყალიბებს საქართველოს ადგილს მსოფლიოში, რაც გაურკვეველია და იმისთვის, რომ ამ გაურკვეველ ურთიერთობაში სინათლე შევიტანოთ და მოვახერხოთ, ვიყოთ, რაც ვართ, საჭიროა იმ გამოცდილებაზე დაყრდნობა, რაც გვაქვს, როგორც ქართველებს, როგორც სახელმწიფოს.
– სანამ მივალთ სახელმწიფომდე და საზოგადოებამდე. ადამიანი ხომ ჯერ საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი და ამის მერე – საზოგადოების, სახელმწიფოს წინაშე. ჩვენთან ადამიანებმა არ იციან, ვინ არიან, რა უნდათ. რატომღაც ფიქრობენ, მთელი სამყაროა, ვალდებული, რომ ბედნიერი გახადოს. ადამიანი თავად არ არის ვალდებული, გახდეს ბედნიერი?
– ეს ერთი შრეა ჩვენი ტრაგედიის, რომელიც კიდევ უფრო რთულდება, როდესაც სახელმწიფოებრივი აზროვნების დონეზე გადავდივართ, საზოგადოების ნაწილებად უნდა განვიხილოთ თავი და მინდა, რომ ამ ასპექტზე გავამახვილო ყურადღება: როგორც ვიქცევით ჩვენ და როგორ იქცევიან რუსეთი და ევროპა. ამის რაციონალურად დანახვა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ მხრივ, რაღაც გამოცდილება უკვე გვაქვს. მაგალითად, როგორ უყურებს რუსეთის იმპერია მცირე ქვეყნებს, ჩვენნაირებს; როგორ ახერხებს, გააკეთოს, რასაც აკეთებს და ჩვენ როგორ ვიქცევით საპასუხოდ. ერთი რამ ნათლად ჩანს, რუსეთი ორიენტირებულია ტერიტორიების შემოერთებაზე, ეს მეექვსედი სამყარო მისთვის მიზანია.
– ახლახან გამოქვეყნდა რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები და მოსახლეობის 18 პროცენტი მიიჩნევს, რომ ყირიმის შეერთების შემდეგ უკეთ ცხოვრობენ, არადა რუსეთს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ დაუწესა დასავლეთმა სანქციები და ეკონომიკური მდგომარეობა რეალურად დამძიმდა.
– ეს ნიშნავს, რომ თავისუფლება, ადამიანის უფლებები, კეთილდღეობა, ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი სიკეთეები მეორე პლანზეა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავს იმპერიის მოქალაქეებად მოიაზრებენ და მზად  არიან, უბედურები იყვნენ პირად ცხოვრებაში, რის კომპენსაციასაც ახდენენ იმით, რომ იმპერიის ნაწილი არიან.
– ასე რომ აზროვნებენ, ალბათ,  იმიტომაც აქვთ, იმპერია და უჭირავთ დედამიწის მერვედი.
– ეს მსოფლმხედველობა არ არის ჰუმანური და ცივილიზებული და ის, რაც ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანებს მოეთხოვებათ, არის შუა საუკუნეების ადამიანის განვითარების დონე, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ასეთია რუსეთი, ასეთები არიან რუსი პოლიტიკოსები და რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა. რა თქმა უნდა, რუსეთში არის 10 პროცენტამდე ისეთი მოსახლეობა, რომლებიც აზროვნებენ ცივილიზებულად და ევროპულად, მაგრამ ისინი უმცირესობაა. იმის თქმა მინდა, რომ რუსეთის მოქმედებები იოლად გამოსაცნობია, ვიცით, როგორ ახდენდნენ ისინი ოკუპაციას. ერთი მხრივ, იყენებდნენ რუსულენოვან მოსახლეობას ან იმ ერებს, რომლებიც შეიძლება, დაუპირისპიროთ იმ ერს, რომლის ოკუპაციასაც ახდენდნენ და თუკი სამხედრო მანქანა ამუშავდებოდა, იოლად იმარჯვებდნენ. საჭიროა ამის გაცნობიერება და ამასთან დაპირისპირება შემდგომი ოკუპაციის თავიდან ასაცილებლად.
– სწორედ ესაა საინტერესო, ვიცით რუსეთის მოქმედების სცენარი, რაც ლამის პეტრე პირველის დრიოდან არ შეცვლილა და 2010-ან წლებში დახურული რუსული სკოლები, რატომღაც ისევ გაიხსნა და საქართველოს არაქართველ მოსახლეობას ისევ რუსულ სექტორებზე  შეჰყავთ შვილები, მაშინ, როდესაც ქართველმა ბავშვებმა არ იციან რუსული. ვერაფრით ვეღირსე პასუხს განათლების სამინისტროდან, რატომ იქცევიან ასე არასახელმწიფოებრივად?
– ეს არ ხდება იმ ქვეყნებში, რომლებიც უფრო საფუძვლიანად უპირისპირდებიან რუსული ოკუპაციის საფრთხეს.
– ბალტიისპირეთის ქვეყნები საერთოდ არ აძლევენ მოქალაქეობას ეთნიკურ რუსებს, რომლებმაც სახელმწიფო ენები არ იციან.
– დიახ, ბალტიისპირეთში ძალიან მწვავედ იდგა ეს საკითხი, განსაკუთრებით, ლატვიაში. იქ ნახევარზე მეტი რუსულენოვანი და ეთნიკურად რუსი მოსახლეობა იყო. საკმარისი იქნებოდა, ერთი თოფი გასროლილიყო, რომ რუსეთი გააკეთებდა იმავეს, რაც საქართველოსა და უკრაინაში გააკეთა. მაგრამ მათ უფრო აზრიანი და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ჰქონდათ და ამიტომ ვერ წააქეზეს იმაზე, რაზეც ჩვენ წაგვაქეზეს. ჩვენ წაგვაქეზეს და გაგვასროლინეს ჩვენი ავტონომიების მისამართით, ქართულ ხასიათზე თამაშით და ეს საკმარისი იყო, რომ შემოგრიხინებულიყვნენ ორივე ავტონომიის ტერიტორიაზე. ესე იგი, როგორი პასუხისმგებლობაა საჭირო, სანამ რამე ემოციურ ქცევას განვახორციელებთ. იგივე ითქმის სხვა ევროპულ ქვეყნებზეც. არც გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაუსვრიათ, იქაც რომ გაესროლათ, იგივენაირად დამთავრდებოდა – შევიდოდნენ რუსები და დაიკავებდნენ ტერიტორიას. მე მაინც პოსტფაქტუმ ვაანალიზებ, თუ  წარმოვიდგენთ, რომ არ ვყოფილიყავით ემოციურები, არაინტელექტუალები, არაგონივრულები და არ გაგვესროლა აფხაზეთსა და ცხინვალში. გვეჩვენებინა, რომ შეგვიძლია პასუხისმგებლიანი მოქმედება, რომ დაგვეხარჯა რესურსი ძალისმიერ სცენარზე, რათა გვეჩვენებინა, რომ შეგვიძლია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ გადაგვედგა ეს ნაბიჯი. გასროლის გარეშეც რომ დაგვეკარგა ტერიტორიები და არ ყოფილიყო ეთნიკური შუღლი, რაც ახლა ძნელად მოსაგვარებელია და რითაც მაქსიმალურად სპეკულირებს რუსეთი, რომ ქართველები არიან ფაშისტები და სისხლისმსმელები, უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა, იმავე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, სამართლიანობის, ვაჟკაცობის თვალსაზრისითაც.
– რაციონალიზმის თვალსაზირისითაც.
– ასევე, ევროპასთან ურთიერთობის თვალსაზრისითაც, რომელიც სხვა ერებს უყურებს შემდეგნაირად: რომ არიან ანგლოსაქსები – რაციონალურები, მშვიდები, განათლებულები და არიან სხვა ერები, რომელთათვისაც თავისუფლება უცხო ხილია, რომლებმაც თავიანთი თავის მართვა არ იციან და მათთვის უცხოა დემოკრატიული ფასეულობები. ამიტომ, ჩვენ რომ ასე მოვქცეულიყავით და არა ისე, როგორც მოვიქეცით, სხვანაირად შეგვაფასებდნენ. ჩვენ მათ თვალში თავი ვერ გამოვიჩინეთ.
– მეტიც, თავი შევირცხვინეთ.
– გადავდგით ის ნაბიჯები, რომლებიც მძიმეა ამ გადასახედიდან. ჩვენი მსგავსია ჩეჩნეთის მაგალითი. ისინი იბრძოდნენ და ერთი ომი მოუგეს კიდეც რუსებს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, როგორ პოლიტიკურად განსხვავებულად გამოიყურებიან ბალტიისპირელებთან შედარებით, რომლებმაც არ გაისროლეს.
– ჩეჩნების მაგალითი მაინც არაა გამოსადეგი, რადგან, ფაქტობრივად, გაწყდა ერი რუსეთთან ორ ომსა და წინააღმდეგობაში, ანუ არის მომენტები, როდესაც გაცლა სჯობს.
– ჩეჩნებმა იბრძოლეს მთელი გულით, გაწირეს ყველაფერი და მაინც რა საშინელ მდგომარეობაში არიან ჩვენთან შედარებითაც კი. ფაქტობრივად, დიქტატურაა, მართავს რუსეთის მარიონეტი, რომელიც ახორციელებს პოლიტიკას – ვიქნები ჩემი ერის ჯალათი და ამით იგებს რუსეთი, ინარჩუნებს ამ ტერიტორიას. რუსეთი  რომ რაციონალური იყოს, რაში სჭირდება ორი კვადრატული მეტრი მიწა?! მაგრამ ვიცით რა რუსეთის ასეთი დამოკიდებულება, ეს უნდა გავითვალისწინოთ პოლიტიკაში და ჩვენი დამოკიდებულება, უპირველესად, უნდა იყოს ასეთი: არ შევეჯიბროთ იმ სფეროში, რომელშიც ის აუცილებლად გაიმარჯვებს. და ეს სფეროა სამხედრო დაპირისპირება.
– მის მოედანზე თუ ვითამაშებთ, წავაგებთ.
– და უნდა ვნახოთ, როგორ მოახერხეს ეს სხვა ქვეყნებმა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ დაიწყოს აზროვნება. ჩვენთან ეს პროცესი დაწყებულია, რადგან დღევანდელობა განსხვავდება 90-ანი წლებისგან, როდესაც გვეგონა, რომ პოლიტიკის კეთება ემოციებითა და გულუბრყვილობითაა შესაძლებელი. კრიტიკულად გვიყურებენ ევროპაში, მაგრამ კავკასიაში მაინც გამორჩეულები ვართ და შეგვიძლია, ვიამაყოთ იმ დემოკრატიით, რაც ამ რეგიონში არავის აქვს. ეს გასაძლიერებელია, რომ ქართული სახელმწიფო გავხადოთ უფრო გონიერი და დასავლეთის ღირსეული პარტნიორი.

скачать dle 11.3