კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (143)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

№19 რატომ ემსხვერპლა ვლადიმერ ჯიქიას სიცოცხლე ცოლის სილამაზეს და რა არ აპატია მათ ოჯახს ბერიამ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  საქართველოს ვლადიმერ ჯიქიას მსგავსი ლიდერი სჭირდებოდაო, –ამბობდა მის შესახებ კონსტანტინე გამსახურდია და მის სადღეგრძელოს სვამდა, თუმცა... 1937 წელს „რიონჰესის“ მშენებლის, ინჟინერ-ჰიდროლოგ ვლადიმერ ჯიქიას გასამართლების მიზეზი ის გახდა, რომ იგი იმ დროის ულამაზეს ქალზე, თინათინ ჯიქიაზე იყო დაქორწინებული – ქალზე, რომელიც მასობრივი რეპრესიების ავტორს თვალში მოუვიდა. ეს არის კიდევ ერთი უდანაშაულო წყვილის ტრაგედია, რომელიც ლავრენტი ბერიას სახელს უკავშირდება...
  ვლადიმერ ჯიქია 1937 წელს შეთითხნილი ბრალდების საფუძველზე დახვრიტეს, ხოლო თინათინმა ბერიას საყვარლობას მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა არჩია...
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივებში შემონახული მასალების მიხედვით, ვლადიმერ ჯიქია 1893 წელს ზუგდიდში დაიბადა. წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. მისი მეგობარი, ქართველი მეცნიერი-ბიზანტიოლოგი, აკადემიკოსი სიმონ ყაუხჩიშვილი იხსენებდა: „ვალოდია მოსწავლეთა თავკაცი იყო, ყველას ქომაგი და მომხმარე. ეჯავრებოდა მეფის ბიუროკრატი მოხელეები“.
მრავალმხრივი მიდრეკილებების მქონე ახალგაზრდამ პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკურ ფაკულტეტზე ჩააბარა. მისი დამთავრების შემდეგ კი სწავლა არტილერიის უმაღლეს სასწავლებელში განაგრძო.
  სამხედრო სასწავლებლის შემდეგ ვლადიმერ ჯიქიამ პეტროგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდრომშენებლობის ფაკულტეტი დაამთავრა და 1919-1921 წლებში პეტროგრადის ოლქის სამხედრო კომისრად დაიწყო მუშაობა. 1924 წლიდან ვლადიმერი საბოლოოდ გადავიდა სამოქალაქო სამსახურში.
რუსეთში ცხოვრებამდეც, იქ ყოფნის დროსაც და მის შემდგომაც ვლადიმერ ჯიქია სულით ხორცამდე ქართველად დარჩა. ცნობილია, რომ ის ქართული ეროვნული ჯარის შექმნასა და ქართულის სახელმწიფო ენად გამოცხადებაზე ოცნებობდა. ისიც ცნობილია, რომ ოპერის თეატრში გამართულ ყრილობაზე საქართველოს ეროვნული ჯარის შექმნა ხმამაღლა მოითხოვა და საბჭოთა მთავრობის წარმომადგენელს, რომელმაც განუცხადა, საქართველო რუსეთის საკურორტო ადგილია და ჯარი არ სჭირდებაო, პასუხად სილა გააწნა. ამბობენ, რომ ამ ინციდენტს ხშირად იხსენებდა კონსტანტინე გამსახურდია. კონსტანტინეს ლექსის მუზად იქცა ინჟინრის მშვენიერი მეუღლე. ყველა ქართველმა ზეპირად იცის კონსტანტინე გამსახურდიას ლექსი: „ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას“
  1930 წელს ვლადიმერი საქართველოში გამოაგზავნეს, რათა „რიონჰესის“ მშენებლობას სათავეში ჩასდგომოდა.
  1934 წელს, რიონის ჰიდროელექტროსადგურის ამუშავებისთანავე, „ზაჰესისა“ და „საქენერგოს“ მშენებლობა დაიწყო, რაც იმ დროისთვის უდიდეს მიღწევად მიიჩნეოდა.
  დაპატიმრების დღემდე ვლადიმერ ჯიქია „საქენერგომშენის“ მმართველად და „ხრამჰესის“ მშენებლობის ხელმძღვანელად მუშაობდა და ქვეყნის ენერგომომარაგების გაფართოებაზე ზრუნავდა.
თანამედროვეების გადმოცემით, ჯიქია მთელი თავისი მოღვაწეობით საქართველოს გაძლიერებასა და ქართული სულიერების გაღვივებას ემსახურებოდა. მეგობრობდა სანდრო ახმეტელთან, როცა ბევრი მასთან მისალმებას ვერ ბედავდა. მოგვიანებით, საპატიმროში მყოფი რეჟისორი დაკითხვაზე ვლადიმერ ჯიქიას შესახებ იტყვის:
  „ჯიქიამ საქართველოში მოღვაწეობით უდიდესი ავტორიტეტი მოიპოვა. ის ხელმძღვანელობდა „რიონჰესის“ მშენებლობას, ქუთაისის კეთილმოწყობას და ამ ქალაქის უდიდესი მეცენატი გახლდათ. ჯიქია აგებდა ელექტროსადგურებს, გაჰყავდა გზები, აშენებდა სახლებს და მფარველობდა უამრავ ორგანიზაციას. აძლევდა სამუშაოს ყველას, ვისაც მუშაობა სურდა და შეეძლო. ეს არის სიკეთით სავსე ადამიანი, რომელიც დახმარებაზე მთხოვნელს უარს არასდროს ეუბნება. ჯიქია აგვარებს სამგორის პრობლემებს, აწარმოებს მოლაპარაკებას მოსკოვთან, რაც მას ავტორიტეტს ჰმატებს. საქართველოს საჭიროებები ჯიქიას, სხვებისგან განსხვავებით, ყოველთვის გულთან ახლოს მიჰქონდა“.
  არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა ადამიანის ცხოვრება, ბედს რომ კონსტანტინე გამსახურდიას ლექსის მუზასთან არ შეეხვედრებინა.
შეუძლებელი იყო, სილამაზის მოტრფიალე ადამიანს არ შეჰყვარებოდა ქალი, რომელსაც უამრავი ადამიანი უიმედოდ ეტრფოდა. თინათინიც არ დარჩენილა გულგრილი რომანტიკული სულის მქონე, სიმპათიური და ვაჟკაცური გარეგნობის მამაკაცის მიმართ.
  ვლადიმერი ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც მშვენიერი თინათინის გულის მონადირება შეძლო. 1932 წელს წყვილი დაქორწინდა და მალე ორი უმშვენიერესი გოგონა შეეძინათ. ამბობენ, მეოცე საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც თბილისის საოპერო თეატრში საპრემიერო თუ რიგით სპექტაკლზე დასასწრებად მისული ეს მშვენიერი ქალბატონი ჩნდებოდა, ირგვლივ განლაგებულ ლოჟებში, პარტერში თუ ქანდარაზე მსხდომი ყველა ასაკის, რანგისა და გემოვნების მაყურებელი სპექტაკლს ივიწყებდა და მისი სილამაზით ტკბობას ამჯობინებდა.
  რაც შეეხება საბედისწერო ნაცნობობას, რომელმაც ვლადიმერ ჯიქიასა და მისი მეუღლის ბედნიერ ცხოვრებას წერტილი დაუსვა... თინათინმა ლავრენტი ბერია ჯერ კიდევ გათხოვებამდე, ნათესავების სახლში გაიცნო. ბერია, რომელიც ცნობილი მექალთანე გახლდათ, მაშინვე მოიხიბლა ქალის სილამაზით და მასთან დაახლოება სცადა ხან კინოში და ხან რესტორანში მიპატიჟებით. ამ დროს ბერია უკვე ნინო გეგეჭკორზე იყო დაქორწინებული, ამიტომ თინათინი ცოლიან მამაკაცთან შეხვედრებს გაურბოდა და მიპატიჟებაზე კატეგორიულ უარს ამბობდა.
ახლად დაქორწინებული ვლადიმერი და თინათინი ბერიას მეზობლად, ვაჟა-ვშაველას ქუჩაზე დასახლდნენ და ლავრენტიმაც ძველებურად გააგრძელა თინათინზე ზეწოლა, თუმცა ქალი კვლავინდებურად არ ნებდებოდა. ცნობილია, რომ ბერია ერთხელ მის სახლში ძალით შეიჭრა. ისიც ცნობილია, რომ ქალს მუხლებზე დაჩოქილი სთხოვდა სავახშმოდ გაყოლას, თუმცა მისი დაყოლიება მაინც ვერ შეძლო.
  ერთხელ ვლადიმერმა შინ მეგობრები მიიყვანა – სანდრო ახმეტელი, პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე. მალე კონსტანტინე გამსახურდია, ზოზო ნანეიშვილი და გიორგი ელიავაც შეუერთდნენ. სტუმრები აივანზე გავიდნენ. ბერიამ, რომელიც მოპირდაპირე სახლში ცხოვრობდა, თავყრილობა შეამჩნია და მეზობელი, შინსახკომის თანამშრომელი რაფავა გაგზავნა მეზობლებთან ამბის გამოსატანად, თავად კი საკუთარ აივანზე გაბრძანდა და იქიდან დაუძახა ვალოდიას, – მესტუმრეო. არ შემიძლია, სტუმრები მყავს, თავად გვეწვიეო, – უპასუხა ვლადიმერ ჯიქიამ. ბერიამ სანდრო ახმეტელს მიაშვირა თითი, როგორც მიზეზს და უხეშად გადმოსძახა: მე მანდ არ მოვალო. ამას შელაპარაკება მოჰყვა. ფიცხმა სანდრო ახმეტელმა თავი ვერ შეიკავა და ბერიას შეაგინა. იმ საბედისწერო დღის შემდეგ აივანზე მყოფთაგან მხოლოდ კონსტანტინე გამსახურდია გადაურჩა დაჭერას.
  ახმეტელი და ჯიქია გვერდიგვერდ საკნებში ისხდნენ და ერთმანეთს მორზეს ანბანით ელაპარაკებოდნენ.
  1936 წელს ჯიქია, ეკლესიის მშენებლობასთან დაკავშირებით, მოსკოვში გამოიძახეს. დედაქალაქში ის სტალინმა მიიღო, რომელთანაც დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდა. ჯიქიამ შესანიშნავად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, რისთვისაც ლენინის ორდენით დააჯილდოვეს. ამან ბერია გააცოფა... ის მიზეზს ეძებდა, რომ ინჟინერი, რომელშიც მხოლოდ მეტოქეს ხედავდა, თავიდან მოეცილებინა.
  1936 წლის ზაფხულში ვლადიმერ ჯიქია, ოჯახთან ერთად, კიკეთში ისვენებდა. მას იმდროინდელი ცეკას მეორე მდივანი პეტრე აღნიაშვილი ეწვია. ტრადიციულად, მცირე პურობა გაიმართა, სადაც აღნიაშვილმა ჯიქიას ბერიას სადღეგრძელო შესთავაზა. ჯიქია უკვე საკმაოდ შეზარხოშებული იყო და განსხვავებული სასმისის დალევა ვერ შეძლო. აღნიაშვილმა ეს ბერიას აცნობა. 1936 წლის შემოდგომაზე ვლადიმერ ჯიქია დააპატიმრეს. ქმრის მოსანახულებლად მისულ თინათინს ინჟინერმა უთხრა, რომ ცამდე მართალია და ბერიასთვის რამის თხოვნით თავი არ უნდა დაიმციროს.
  1937 წელს თინათინი სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და აკმოლინსკის ქალთა ბანაკში გადაიყვანეს. სამი წლის შემდეგ თინათინმა შეწყალება და შვილებთან დაბრუნების უფლება ითხოვა.
  1940 წელს თინათინი გაათავისუფლეს და მოსკოვში ბერიას მიჰგვარეს. ლავრენტიმ ქალს გერმანიის წინააღმდეგ აგენტურულ საქმიანობაში ჩართვა შესთავაზა და დაჰპირდა, რომ თანხმობის შემთხვევაში, ქმრის შესახებ სრულ სიმართლეს უამბობდა. თინათინი დასთანხმდა... ომის შემდეგ ქალი ბერიას შეხვდა და პირობა შეახსენა – მეუღლის ბედით დაინტერესდა. ბერიამ უპასუხა: ვლადიმერ ჯიქია, როგორც სამშობლოს მოღალატე და ხალხის მტერი, დახვრიტესო. ეს ბერიას პირადი შურისძიება იყო. მან ხუმრობით ისიც კი უთხრა, შენი დახმარებით გერმანიას ომი მოვუგეთო. იქვე შესთავაზა, ცოლად რუს გენერალს გაჰყოლოდა, რაზეც ბერიამ კატეგორიული უარი მიიღო. თინათინ ჯიქიამ მოგვიანებით, დაკითხვის დროს აღიარა, რომ ლავრენტი ბერიას არაერთხელ უცდია მასთან ინტიმური კავშირის დამყარება, რაზეც ყოველთვის უარს იღებდა. ბერიამ ისიც იცოდა, რომ თინათინ ჯიქია მეუღლეს ყველაფერს უყვებოდა.
  ერთხელ, როცა ვლადიმერ ჯიქია ბერიასთან ერთად აგარაკზე ყოფილა, ვლადიმერს ზღაპარი მოუყოლია იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა მეფე ვეზირის ცოლთან დაახლოებას. ნადირობის დროს ვეზირს „შემთხვევით“ მოუკლავს მეფე. ამ ზღაპრის მოსმენის შემდეგ ბერიას მიტკლისფერი დასდებია სახეზე.
  გავიდა წლები და რეპრესირებულების შურისძიების დროც დადგა.
  ლავრენტი ბერიას სამშობლოს ღალატის, უდანაშაულო ადამიანების მასობრივად განადგურების, შპიონაჟისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდება წაუყენეს. სასამართლო პროცესები მოსკოვის სამხედრო შტაბში იმართებოდა. ვერდიქტის გამოცხადებამდე, ბერიამ სიტყვა ითხოვა: „მესმის, რომ საშინელი დანაშაული ჩავიდინე, მაგრამ მე ნიჭიერი ორგანიზატორი ვარ და პარტიასა და ხელისუფლებას კიდევ გამოვადგები“. ეს მისი უკანასკნელი სიტყვები იყო. მას სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯეს და განაჩენი მალევე მოიყვანეს სისრულეში.
  1937 წელს სხვა რეპრესირებულთა მსგავსად, ვლადიმერ ჯიქიას საფლავიც უცნობია.
  60-იანი წლების თბილისში საბურთალოზე ერთ-ერთი ქუჩა სახელოვანი ჰიდრომშენებლის ვლადიმერ ჯიქიას სახელს ატარებდა. მოგვიანებით, ქუჩას სახელწოდება შეუცვალეს და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა უწოდეს.
  რაც შეეხება მრავალჭირგამოვლილ ქალს, რომელსაც საყვარელ მეუღლესთან ცხოვრება არ დასცალდა, თინათინ ჯიქიამ ღრმა სიბერემდე იცოცხლა, თუმცა სილამაზე ბოლომდე არ დაუკარგავს.
  თინათინ ჯიქიას ბუნებრივი, სინაზით სავსე ხატებას თანამედროვეთაგან ცოტა ვინმე დაუტოვებია გულგრილი. იგი ხიბლავდა მშვენიერების მოყვარულებს ახალგაზრდობაშიც და მაშინაც, როდესაც წლებმა, განვლილმა რთულმა ცხოვრებამ თავისი კვალი დატოვა მის ღვთაებრივი მომხიბვლელობით აღსავსე გარეგნობაზე.
скачать dle 11.3