კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 რატომ უგზავნიდა რევაზ ლაღიძე თავის თაყვანისმცემელ ქალბატონებს პეტრე გრუზინსკის ფოტოებს

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

თბილისზე შექმნილი ლაღი სიმღერის ავტორს, რევაზ ლაღიძეს არასოდეს უოცნებია კომპოზიტორობაზე. მშობლების ერთადერთი საზრუნავი ის იყო, რომ ონავარი ბიჭისგან კაცი დამდგარიყო. მუსიკის სწავლასაც აიძულებდნენ. ერთხელ, როდესაც მამამისს რევაზის სიმღერები მოუსმენია, გაჰკვირვებია – რეზო, ეს შენა ხარო? რევაზ ლაღიძე სიცოცხლეშივე აღიარეს ქართული სიმღერის კლასიკოსად არა მხოლოდ სამშობლოში, მის საზღვრებს გარეთაც. ის ნაკლებად უწევდა ანგარიშს გარედან შემოჭრილ დინებებს, უმღეროდა იმას, რაც აღელვებდა. წერდა ისე, როგორც სწამდა და სჯეროდა. „სიმღერა სამშობლოზე“, „ბალადა ვაზზე“, „ოდა მესხეთზე“, „მოხეური ბალადა“, „ჰიმნი დედაენას“, „ჩემო კარგო ქვეყანა“, „აყვავილდა ნუში“, „ტყე შეუნახეთ შვილებსა“, „სიმღერა თბილისზე“, „მუხამბაზი თბილისს“, „წუთისოფელი“… ის ქმნიდა ნაწარმოებებს კლასიკური მუსიკისთვის, შერეული გუნდისა და ორკესტრისათვის. ლაღიძე თავს დასტრიალებდა კინოსტუდია „ქართულ ფილმს“… ყველგან იყო, სადაც მისი მუსიკით ფილმს იღებდნენ. ყველა აღიარებს, რომ ქართული ფილმების წარმატების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის სიმღერებია, რომელთაც დღესაც დიდი სიამოვნებით მღერიან ქართველი შემსრულებლები. ეს ფილმებია: „საბუდარელი ჭაბუკი“, „ნინო“, „ხევისბერი გოჩა“, „ხევსურული ბალადა“, „კეთილი ადამიანები“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „შეწყვეტილი სიმღერა“, „წუთისოფელი“ და სხვა. ქმნიდა მუსიკას სპექტაკლებისათვის. გაფორმებული აქვს 40-ზე მეტი სპექტაკლი.
„თუ მიწაზე ფეხშიშველა არ გაივლი, საქართველოს როგორ შეიგრძნობ. თუ ერთხელ მაინც ფეხშიშველს ფეხში ეკალი არ შეგსობია, თუ ერთხელ მაინც ბადე არ გადაგიფენია ჩვენს ვიწრო მდინარეებზე, შენ საქართველოს ვერ შეიგრძნობ,“ – ამბობდა კომპოზიტორი (წყარო: „არტინფო“). ნადირობასთან დაკავშირებით კი,  ერთ სახალისო ისტორიას იხსენებდა: „ერთხელ, ჩემი მეგობრები, ბიძინა კვერნაძე და დავით ცერცვაძე მახლდნენ ღორზე სანადიროდ. გადავწყვიტე, შემემოწმებინა და დარიგება დავუწყე: გამოქანებულ ღორს უნდა ჩაუსაფრდე, მოერიდო, არ შეიძლება, პირდაპირ შეხვედრა-მეთქი. უცებ ძაღლების ყეფა გაისმა, ჩამოვრჩი და ვიყვირე, ღორი მოდის-მეთქი. იმ გზას, რომელსაც მივუყვებოდით, ნაკრძალის მაღალი ღობე გასდევდა გვერდით. შეშინებულმა დავითმა დაჰკრა ბიძინას მხარზე ხელი და ღობის მეორე მხარეს აღმოჩნდა, მას ბიძინაც მიჰყვა. სიცილი ვეღარ შევიკავე და ისინიც მიხვდნენ ჩემს ხუმრობას, მაგრამ ნაკრძალიდან გამოსვლა ისე იოლი საქმე არ იყო. სად უნდა მეშოვა ღორი, რომ ამჯერად ღობის აქეთ მხარეს გადმოესროლა ჩემი მეგობრები?! ამიტომაც ეკალბარდებში სიარული დიდ
მანძილზე მოუხდათ.“
  კომპოზიტორს, თურმე, ძალიან ბევრი წერილი მისდიოდა თაყვანისმცემელი მანდილოსნებისგან, სადაც სთხოვდნენ იქნებ თქვენი სურათი გამოგვიგზავნოთო. ბატონი რეზო კი ამბობდა: რა ვიცი, კაცო, ვისაც ჩემი ფოტო გავუგზავნე, პასუხი არავისგან მომსვლიაო და ამიტომ გადაწყვიტა, თაყვანისმცემლებისთვის თავის ფოტოს ნაცვლად, პეტრე გრუზინსკის ფოტო გაეგზავნა წარწერით – „ეს არის „თბილისოს“ ავტორი“. ამ სიმღერაზე კი გაბრაზებით არაერთხელ უთქვამს: ნუთუ, „თბილისოზე“ კარგი არაფერი დამიწერიაო?!.
კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე იხსენებდა:
  „ერთხელ მე, იაშა ბობოხიძე და პიერ კობახიძე რეზოსთან ერთად რესტორანში ვიყავით. რეზო ამბობდა: ისეთი აზარტული ვარ, ტყეში მამაჩემი რომ შემხვდეს, შეიძლება იმას ვესროლოო. პიერმა მითხრა, შენ ამას ტყეში არ გაჰყვე, ისეთი გვარი გაქვს, ნამდვილად გესვრისო.
ერთხელ, მდინარე მაშავერაზე თევზაობისას, რეზო ლაღიძეს „ასისტენტობას“ ვუწევდი. ის ბადეს მარჯვედ ისროდა, მე კი კალათი მეჭირა, რომელშიც დაჭერილ თევზებს ვყრიდი. ეს პროცესი რამდენიმე საათს გაგრძელდა. დანარჩენი ჩვენი მეგობრები ცეცხლს ანთებდნენ და „ნადავლის“ მოსახარშად ემზადებოდნენ. რეზო მდინარის მეორე მხარეს გადავიდა და დამიძახა, შენც გადმოდიო. მე თევზით გავსებული კალათით შუა მდინარემდე რომ მივედი, კოჭში უშველებელი ქვა მომხვდა, სიმწრისგან წავიჩოქე, თავის გადარჩენის მიზნით, კალათი მდინარეში ამოვავლე და რეზოს გავხედე. ერთხანს გაოგნებული მიყურებდა. დაინახა, რომ ცარიელი კალათით შუა მდინარეში ვიდექი, სანაპიროზე კი წყალი დუღდა. მადაზე მოსული ძმაკაცები თევზის მოსახარშად ემზადებოდნენ. წარმოიდგინეთ, რა დღე დამადგებოდა. რეზო მიხვდა, რომ ძალიან შევწუხდი. მთელი დღის ნაშრომი წყალში ჩავუყარე და მითხრა: მაშინ, ეს ჭურჭელი მდინარის წყლით გაავსე, ნამდვილი ჩაი მაშავერას ან ხრამის წყლით დუღდებაო. გადავწყვიტე, ეს დავალება მაინც პირნათლად შემესრულებინა და გულმოდგინედ ავავსე ჭურჭელი. თბილისში რომ ჩამოვედით და ჩაის ასადუღებლად მოვემზადეთ, ჩაიდნიდან ორი ბაყაყი ამოხტა.“
***

   ერთხელ რეზო ლაღიძესთან მეგობარი მივიდა. ბევრი რეკა ზარი, მაგრამ რეზომ ვერ გაიგო, რადგან ამ დროს ვაზის ტალავერით დაბურულ აივანზე იყო გასული და ქუჩაზე ჰქონდა ყურადღება გადატანილი… მეგობარი გამობრუნდა, ქუჩაში გავიდა და უკან გაბრუნდა. ამ დროს თავისი აივნიდან ბიძინა კვერნაძემ გადმოიხედა, რომელიც ზედა სართულზე ცხოვრობდა და მეგობარს ჩასძახა, სად მიდიხარო? – რეზოსთან ვიყავი სახლში არ დამხვდაო, – უპასუხა მეგობარმა. ბიძინამ ჩამოსძახა: – სახლში როგორ არაა, აბა, ეს კაცი ტოლმაა ვაზის ფოთლებში რომ ჩანსო?
***
  თუ თანამედროვეებს ოდესმე საყვედური გამოუთქვამთ რეზო ლაღიძისადმი, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალზე გატაცებული იყო თევზაობით და ნადირობით და შემოქმედებას ნაკლებ დროს უთმობდა. აკი თავად უთქვამს: „ზუსტად ვიცი, საქართველოს რომელ მდინარეში რა ტემპერატურის წყალი მოედინება და რა ჯიშის თევზი ბინადრობს“. გასული საუკუნის 60-იან წლებში კომპოზიტორთა კავშირის ერთ-ერთ პლენუმზე კომპოზიტორის სიმფონიური სურათის „საჭიდაოს“ პრემიერა შედგა. პლენუმს, საპატიო სტუმრის რანგში, დიმიტრი შოსტაკოვიჩი ესწრებოდა. პლენუმის კონცერტების შემდეგ მოსმენილი ნაწარმოებების განხილვა გაიმართა. მომხსენებელი ცნობილი მუსიკათმცოდნე პავლე ხუჭუა იყო. ჯერი „საჭიდაოზე“ და მის ავტორზე მიდგა. პავლე ხუჭუამ ხმას აუწია: „ის „ბოროტმოქმედია“, „ïðåñòóïíèê“. დიახ, ნამდვილი „ბოროტმოქმედი“ – უნდა ჩაკეტო ოთახში, იჯდეს და წეროს მუსიკა“. კვლავ ნადირობა-თევზაობის თემა წამოიწია. ჯერი საპატიო სტუმარზე – შოსტაკოვიჩზე მიდგა: „მე სიამოვნებით გავხდებოდი თავგამოდებული მეთევზე, თუ ჩემს ბადეს ისეთი „ოქროს თევზი“ მოჰყვება, როგორიც „საჭიდაოა“. მეორე დღეს, მუსიკოსები ხუმრობდნენ: „მონკავშირის“ მაღაზიებში კომპოზიტორთა გრძელი რიგი დგასო.


скачать dle 11.3