კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 რატომ არჩია აზერბაიჯანმა საქართველოს სახელმწიფოს დამცირების პოლიტიკა და რატომ არის მოსალოდნელი პანკისის ხეობაში ტერორისტული ორგანიზაციების დაპირისპირება

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  პანკისის ხეობაში ჰესისადმი პროტესტის საბაბით დაიძაბა ვითარება (თუმცა მანამდეც მოგვისმენია ზოგიერთი პანკისელისგან ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები), შემდეგ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ჩაკეტეს დავით გარეჯის კომპლექსი, რაც, ცხადია, დაძაბულობის პროვოცირების მცდელობაა. აქვე შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობა ყირიმის ნახევარკუნძულთან, ქერჩის სრუტესთან, შავი ზღვის აფხაზეთის სანაპიროსთან ერთად, მთლიანობაში, ქმნის ზურგს ჩრდილო კავკასიის, ანუ რუსეთისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთისთვის სტრატეგიულად მეტად ხელსაყრელი იქნება, თუ ამ ტერიტორიას დაიკავებს, ანუ მის დასაკავებლად საბაბი მიეცემა. რატომ დაემთხვა პანკისელებისა და აზერბაიჯანელი მესაზღვრეების აქტივობები ერთმანეთს? – ამ თემას ბესიკ ალადაშვილთან ერთად განვიხილავთ.
– მგონია, რომ საერთო კონტექსტია, მაგრამ მაინც ვიკითხავ: პანკისისა და დავით გარეჯის თემის გამწვავება სპონტანურია თუ დამთხვევა შეგნებულია?
– ერთი კონტექსტი, იმ მხრივ, არის, რომ ჩვენი ქვეყნის სიძლიერეში, რასაც ჩვენ გეოპოლიტიკურ ფუნქციას ვუწოდებთ, ჩვენი სისუსტეც არის. ფაქტობრივად, ჩვენს მეზობლებს რეალურად აქვთ ბერკეტები, რომ იმოქმედონ  ეთნიკურ უმცირესობებზე, ანუ მათ მონათესავე ხალხზე. გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ფაქტორს ისტორიულადაც, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტებშიც, ასევე, პანკისის ხეობაში მის ზემოქმედებას...
– თუმცა ბოლო დრომდე რუსეთი უფრო ერჩოდა პანკისის ხეობას, ბომბავდა, ანუ სხვაგვარი ტაქტიკით მოქმედებდა.
– მაშინ პუტინი ახლად მოსული პრეზიდენტი იყო და ცდილობდა, მკვეთრად ემოქმედა... იგივეა სომხეთისა და ჯავახეთის თემა, თურქეთის დამოკიდებულება აჭარისა და აფხაზეთისადმი. ასე რომ, გვინდა თუ არა, გვაქვს ისეთი მნიშვნელოვანი ნაღმები, რომლებიც ქვეყნის გარედან ჩვენი მეზობლების მიერ იმართება.
– თან, იმგვარად გვექცევიან, როგორც ოფიციალური მტრები, ასევე, ოფიციალური სტრატეგიული პარტნიორები.
– თუ ცნობილ გამონათქვამს გამოვიყენებთ, პოლიტიკაში არ არსებობენ მეგობრები, მხოლოდ ეროვნული ინტერესებია.
– იმიტომაც ვთქვი, ოფიციალური-მეთქი.
– ამდენად, ხანდახან შეიძლება, ოფიციალური მეგობარი არაოფიციალური მტერი გახდეს ან პირიქით. რეალურად, აზერბაიჯანთან, დავით გარეჯთან შექმნილი პრობლემა, ჩემი აზრით, არის ისტორიული ნონსენსი, რაც, რატომღაც, შემოგვრჩა, ეგრეთ წოდებული, კომუნისტების პერიოდიდან და დღეს მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი შიდა პრობლემა, რომელიც გარედან იმართება. მართალია, აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ მისი დამოკიდებულება უკვე მერამდენედ საკმაოდ უპატივცემულოა საქართველოსადმი. თუნდაც, იგივე იმ ჟურნალისტის თემა ავიღოთ, რის გამოც ჩვენი ხელისუფლება და ქვეყანა ცუდი კუთხით წარმოჩინდა და ბევრი კრიტიკა დაიმსახურა.
– და ამ დროს არავინ იცის, რეალურად რით დააშანტაჟა ბაქომ თბილისი აფგან მუხთარლის გამო.
– საქმეც ესაა, ჩვენ არც კოზირი გვაქვს და არც ისეთი ბერკეტი, რომლითაც უახლოეს მეზობლებზე ვიმოქმედებდით, ამიტომ მათთან ხშირად დამარცხებულის პოზიციაში აღმოვჩნდებით ხოლმე. საინტერესოა, რატომ დაემთხვა ეს გამწვავება მაინცდამაინც აღდგომას?! ბუნებრივია, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ქცევა უმაღლესი დონიდან იმართება და საერთოდ, აზერბაიჯანში პროცესები ვერტიკალით იმართება. შესაბამისად, ამით აზერბაიჯანის ხელისუფალმა რაღაც შეახსენა ჩვენს ხელისუფლებას ან გააფრთხილა. ეს უკვე აღარ არის ნორმალური ურთიერთობა.
– რუსეთის ქმედებებს ჰგავს და ამ ბოლო დროს აზერბაიჯანის დამოკიდებულება, ნებსით თუ უნებლიეთ, ჰბაძავს ხოლმე რუსეთს, ჯერ იყო გაზის ფასით შანტაჟი, ახლა ამგვარი გაფრთხილებები.
– ხისტად მოქმედებს. შეიძლება, ჩვენი დიპლომატიის ბრალიც არის და, თუ შევადარებთ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბეგრაუნდს, მის აღმოსავლურ ეშმაკობასა და გამოცდილებას ჩვენი სწრაფად და ხშირად შეცვლილი პრემიერ-მინისტრების გამოცდილებას, ეს საქართველოს პრესტიჟს აკნინებს. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი სახელისუფლო  მენეჯმენტი უკვე წლებია, გამოუცდელი კადრებითაა დაკომპლექტებული, რომლებსაც  საგარეო წონა არ აქვთ.
– და არც ისეთი ჩაუდენიათ რამე, რომ წონა აეკრიფათ.
– არ არის გამორიცხული, რომ პირადსა და არაოფიციალურ შეხვედრებში აზერბაიჯანის პრეზიდენტი დომინანტობს. ეს სამწუხარო ფაქტია, იმიტომ რომ დიპლომატიაშიც და საერთაშორისო პოლიტიკაშიც პიროვნების როლი ძალიან მაღალია.
– შეიძლება, ეს იყოს რუსეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი გადაწყვეტილება? იმიტომ რომ, ბაქომ თავისი პრესტიჟის ასაწევად, ყარაბაღის პრობლემა უნდა გადაჭრას. სამხრეთ კავკასიაში ყველაზე ძლიერი არმია ჰყავს, ყველაზე მეტს ხარჯავს შეიარაღებაზე, თავი მოაქვს სამხრეთ კავკასიის ცენტრად და ამ დროს მისი ტერიტორია სომხეთს აქვს. თუ რუსეთივით იქცევა, რომელიც ვერ უპირისპირდება აშშ-ს და სამაგიეროდ ჩვენ გვეომა?
– შეიძლება, ასეც იყოს ან იყოს გარკვეული საპასუხო რეაქცია. კულუარული პოლიტიკაა. იცით, რომ საქართველოში ფაშინიანი არაოფიციალური ვიზიტით იყო და შესაძლოა, აზერბაიჯანი ამან გააღიზიანა. ჩვენ, სამწუხაროდ, ასე დაგვებედა: ხან სომხები ეჭვიანობენ ჩვენი და აზერბაიჯანის ურთიერთობაზე და ხან პირიქით, ბაქო ეჭვიანობს ჩვენი და სომხეთის ურთიერთობაზე. ეს პროცესი მუდმივია, ან რაღაც ეკონომიკური საკითხი არ მოეწონათ ბაქოში, ამიტომ მწვავე ჩხვლეტასავით ნაბიჯი გადადგეს. გაგვაფრთხილეს. ეს არასასიამოვნო ფაქტორია და ჩვენი ქვეყნის იმიჯზე დადებითად არ მოქმედებს. აჩვენებს, რომ შესაძლებელია, შიდა პოლიტიკური ვითარების დაძაბვა გარედან ზემოქმედებით. ეს საკითხი ძალიან ფართოა, მაგრამ აქ გავჩერდეთ, რადგან ამ შემთხვევაში, მე მგონია, რომ უფრო მწვავეა პანკისის საკითხი და არა მარტო პანკისის, ჰესების, ჩვენი ენერგოუსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების საკითხი. მე არ შემხვედრია კარგი, საფუძვლიანი ანალიზი იმისა, თუ რატომ ხდება საქართველო ყოველწლიურად ენერგოდეფიციტური ქვეყანა, როდესაც ახალი სამუშაო ადგილები არ იქმნება, წარმოება არ იზრდება, მაგრამ ყოველ წელს 10-15 პროცენტით მეტ ელექტროენერგიას მოვიხმართ. გასაგებია, ეს კრიპტოვალუტების გამოა, რაც არ ქმნის პროდუქციას და უამრავ ელექტროენერგიას მოიხმარს. მეორე მომენტია, არის კი ეს საქართველოს სტრატეგიული ინტერესი?! თუ ასე გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, რომ რეალური პრობლემები გაგვიჩნდეს. თავის დროზე და სამართლიანადაც, უარი ვთქვით ატომური ელექტროსადგურის აშენებაზე, სამწუხაროდ, არ გვაქვს იმდენი ბუნებრივი აირი, რომ ელექტროენერგიის მისაღებად გამოვიყენოთ და რჩება მხოლოდ ჰესები. დააკვირდით: არ დარჩენილა საქართველოს არც ერთი კუთხე, რომელიც, ასე თუ ისე, გამოსადეგია ჰესისთვის, სადაც სერიოზული საპროტესტო გამოსვლები არ ყოფილიყოს?! მედალს აქაც ორი მხარე აქვს: რამდენად ეფექტიანია ეკონომიკურად და რამდენად დაცულია ეკოლოგია. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი პრობლემა: საპარლამენტო ტრიბუნიდანაც ითქვა, რომ ჰესების წინააღმდეგ პროცესი მართულია. და მეც დავსვამდი ერთ კითხვას: თუ ეს კამპანია დაგეგმილია ჩვენი ენერგოუსაფრთხოების წინააღმდეგ, მაშინ ჩვენმა შესაბამისმა სამსახურებმა უნდა დაადგინონ, რა ხდება რეალურად და ამ მიმართულებით იმუშაონ. რაც შეეხება პანკისს: თქვენ დასვით საკითხი, რამე ვალდებულებები ხომ არ გვაქვსო...
– დიახ, ყველა ერთგვარი გონორით გველაპარაკება და რის საფუძველზე?
– იმიტომ რომ მათ ზურგს უმაგრებს სხვა ქვეყანა, რომელიც ყველანაირად, თავისი ემისრებით, ფინანსურად უჭერენ მხარს. პანკისში ჩეჩნეთიდანაც ექნებათ მხარდაჭერა იმ ადამიანებს, რომლებიც ყველანაირად ძაბავენ ვითარებას და არ არის გამორიცხული, რუსეთის პოლიტიკას ატარებდნენ. იმ კუთხეებში მცხოვრებლები, რომლებიც ჩვენს მეზობლებს ესაზღვრებიან, გრძნობენ სხვა ქვეყნების გავლენას და რეალურად ეს არის საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა.
– ეთნიკური ქართველებიც აჰყვებიან ხოლმე, რაც ყველაზე უცნაურია.
– როდესაც მრავალეროვანი ქვეყანა ხარ, არის სხვადასხვა კონფესიები, რა თქმა უნდა, ყველა ნაბიჯი უნდა მოიზომოს, მაგრამ, ასევე, რეალურია პროცესების გარედან მართვა. სამწუხაროდ, ეს აგულიანებს ძალიან ბევრს, რომლებიც შესაძლოა, სხვა ქვეყნების დავალებით მუშაობენ ან თავად არიან დაინტერესებული.
– ან, იქნებ, უბრალოდ, შტერები არიან?
– ამ ეტაპზე ასეთები ყველაზე მცირერიცხოვანნი არიან. აუცილებელია წამომწყებების, საიდანაც მოდის პროვოცირების ნაპერწკალი, კავშირების, ცხოვრების ისტორიის დადგენა, მაგრამ ეს ახლა კი არ უნდა ხდებოდეს, როდესაც პრობლემის წინაშე დავდექით. ეს ჩვენს შესაბამის სამსახურს უკვე შესწავლილი უნდა ჰქონდეს. იმიტომ არსებობს სპეცსამსახური, რომ იცოდეს, ვინ აპირებს ან სჩადის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს. პანკისის ხეობაში ვითარება შეიძლება, კიდევ უფრო, დაიძაბოს, რადგან გამოჩნდა ინფორმაცია ალ ბაღდადის გამოჩენის შესახებ. გამოქვეყნდა მისი ვიდეო-მიმართვა მებრძოლებისადმი და, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბინ ლადენის ვაჟიც ცდილობს ალ ქაიდას აღორძინებას, ესე იგი, რეალური საფრთხე იქმნება იმისა, რომ ეს ორი ტერორისტული ორგანიზაცია – ისლამური სახალიფო და ალ-ქაიდა – ან გაერთიანდეს, ან კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს. მე უფრო ეს უკანასკნელი მგონია, იმიტომ რომ ორივეს დიდი ამბიციები აქვს. ეს უფრო და უფრო ამწვავებს სიტუაციას, იმიტომ რომ პანკისში შესაძლოა, ამ ორი საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის შიდა დაპირისპირება დაიწყოს. მათ, ორივემ, მოინდომონ გავლენის გაფართოება პანკისზე, რადგან პანკისია გზა, ხიდი ჩრდილო კავკასიაში გადასასვლელი და იქიდან „ბოევიკების“ გადმოსასვლელი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების უდიდესი ნაწილი რუსეთიდან, ძირითადად, ჩრდილო კავკასიიდანაა. ასე რომ, პანკისის თემა უფრო გამწვავდება და რამდენიმე თვეში მნიშვნელოვანი გახდება.

скачать dle 11.3