კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 რატომ გაურბოდა სიყვარულს ლაშა გურგენიძე და როგორ უვლიდა ის მომაკვდავ დედას

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

მსახიობ ლაშა გურგენიძეს თეატრის მაყურებელი ცხრა წელია, იცნობს, თუმცა ტელეეკრანზე აქტიურად ბოლო პერიოდში გამოჩნდა და განსაკუთრებული სიყვარული და მოწონება, მისმა პაროდიებმა დაიმსახურა.
ლაშა გურგენიძე: ბავშვობიდან მსახიობობა მინდოდა. რომ მეკითხებოდნენ, ვინ უნდა გამოხვიდეო? ვპასუხობდი: მსახიობი და კლოუნი-მეთქი. მერე მშობლებმა მირჩიეს, სტომატოლოგია შემესწავლა, რადგან უფრო შემოსავლიანი პროფესია იყო. ჩავაბარე, ვისწავლე და პრაქტიკაზე რომ მივედი, მივხვდი, რომ ინტერესი არ მქონდა და მარტო კარგი ხელფასის გამო მუშაობა ვერ გამომივიდოდა. ამიტომ გადავწყვიტე, იმაზე ჩამებარებინა, რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი.
– თუმცა თეატრალურში ჩაბარება, არც ისე მარტივი აღმოჩნდა.
– პირველ გამოცდაზე ვინერვიულე. ლექსი დამავიწყდა, იგავ-არაკი შემეშალა, ცეკვა არ ვიცოდი, სიმღერით ვერ ვმღერი, რიტმი ამერია. რატომ მოხვედიო მკითხეს, რა ვიცი, მაინტერესებდა რა ხდებოდა ამ კედლებში და შემოვიხედე-მეთქი, ვიხუმრე ვითომ სიტუაციიდან თავის გამოსაყვანად და გიორგი შალუტაშვილმა მიპასუხა, ჰოდა, ხომ გაიგე რაც ხდება და წადი ახლაო. მოვტრიალდი და უნდა გამოვსულიყავი, მეტყველების უნიჭიერესმა პედაგოგმა თამილა ლაშხიშვილმა გამაჩერა და მკითხა, პროზას რას კითხულობო? ტერენტი გრანელის „სიკვდილის შემდეგ“ და მარკესის „ბოლო სიტყვა“ მქონდა მომზადებული. ტერენტი რომ გაიგო, გიორგის უთხრა, ხომ იცი ტერენტი როგორ მიყვარს, გეხვეწები, მინდა მოვუსმინო და მერე გავუშვათ, ისედაც ვიცით, რომ ჩაჭრილიაო. მივხვდი, რომ ეს ჩემი ბოლო შანსი იყო, აბსოლუტურად ყველანაირი ნერვიულობა მომეხსნა და დავიწყე... შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ჩემ გარშემო ყველაფერი გაქრა და ვყვებოდი ამბავს, რომელიც ჩემში ძალიან დიდ ემოციებს იწვევდა, ბოლოს ცრემლებიც წამომივიდა. თითქოს ტერენტის გარდაცვალება, პანაშვიდი, ეს პროცესია, რომელსაც ასე აღწერს, მეც განვიცადე. ბოლოს მითხრეს, კარგი მასალა ხარ და შანსს მოგცემთ, მაგრამ კარგად მოემზადე მეორე ტურისთვისო. ძალიან დიდი კონკურსი იყო, ექვსასი აბიტურიენტიდან თვრამეტში მოვხვდი, ფასიანზე, მაგრამ მერე დამინიშნეს სტიპენდიები – ყველაფერში მაღალი ნიშანი მქონდა. რექტორმა, გიორგი მარგველაშვილმა, გადასახადის 70 პროცენტი მომიხსნა, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ, რადგან მაგ პერიოდში ძალიან მიჭირდა. ყველა გვერდში დამიდგა. ბოლოს სწავლა წითელ დიპლომზე დავამთავრე, ვცდილობდი, მაქსიმუმი გამეკეთებინა.
– დღეს ორი თეატრის დასში ხარ.
– რომ დავამთავრე, ჩემი საკურსო სპექტაკლი იყო „გუშინდელნი“, ასევე, „ჩვენი პატარა ქალაქი“, რითაც ინგლისში მსოფლიო ფესტივალზე ექვსიდან სამი პრიზი ჩვენ ავიღეთ. ავთო ვარსიმაშვილს ორივე სპექტაკლი ჰქონდა ნანახი, მერე ჩემმა პედაგოგმა გიორგი შალუტაშვილმა გამიწია რეკომენდაცია. ერთ დღესაც ვარსიმაშვილმა გრიბოედოვის თეატრში დამიბარა და დასის წევრობა შემომთავაზა. ორ კვირაში თავისუფალში დაიწყო „მექანიკური ფორთოხლის“ დადგმა. იქაც ერთ-ერთი მთავარი როლი მომცა და შტატშიც ამიყვანა. მეცხრე წელია, ორივე თეატრის დასში ვარ და თითქმის ყველა სპექტაკლში ვთამაშობ. პარალელურად, ვმუშაობ გახმოვანებაზე, ახლა ვარ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ და კიდევ თუ რამე გამოჩნდება, ვითავსებ. მგონია, რომ უფრო პაროდიებით მცნობენ. „იუმორინაში“ იყო პირველი ჩემი მონოლოგი. იქ გავაკეთე პაროდიები: ზურა ყიფშიძის, ნინო ქათამაძის, მიშა გომიაშვილის, ილო ბეროშვილის პერსონაჟის. ყველა უფრო პოლიტიკოსების პაროდიებს აკეთებს და ვხვდები, რომ ყველასთვის საყვარელი ადამიანების პაროდიები ბევრს მოსწონს. შენ ის არა ხარ, ყიფშიძეს რომ აჯავრებ, ყიფშიძეს რომ აბრაზებ, რომ ახმოვანებ, რომ დასცინი... ყველაფერს ამბობენ პაროდიის გარდა (იცინის). ზურამ რომ მომისმინა, მითხრა, გაჩერდი, ნუ ლაპარაკობ, მგონია, ჩემი თავი მელაპარაკებაო (იცინის). ლენუკასთან ძალიან ვმეგობრობ და სულ მეუბნება, ჩასუნთქვიდან დაწყებული ყველა დეტალი ზუსტად გაქვს დაჭერილიო.
– როგორი ბავშვი იყავი?
– ჭავჭავაძეზე ვცხოვრობდი, ვაკეში. ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, მთელი სამეზობლო გამწარებული გვყავდა, ყოველდღე მოდიოდნენ დედაჩემთან
საყვედურებით. ყველა ჩემი მეგობარი ჩემზე უარესად იქცეოდა, მაგრამ მარტო ჩემი ხმა ისმოდა. სკოლაში სულ რაღაცით ვერთობოდი. მასწავლებლებლებსაც „ვაფუჭებდი“ – ვაცინებდი, გაკვეთილს ვეღარ ატარებდნენ და ხან ყურს მიწევდნენ და ხან „ბაკენბარდებს“ მახევდნენ (იცინის).
– და-ძმა გყავს?
– ნახევარ და-ძმა მყავს მამის მხრიდან – დათუნა და ქეთო გურგენიძეები. ჩემი ძმა ერთი წლით პატარაა, და – სამით, ორივე ძალიან მიყვარს. ისე დალაგდა რაღაცები, რომ თექვსმეტი წლის ვიყავი ერთმანეთი რომ გავიცანით.
– ანუ, დედისერთა ბიჭი იყავი, არ გქონდა ეგოისტური მომენტები?
– დედა ფსიქოლოგი იყო და აბსოლუტურად სხვანაირად მიდგებოდა. ძალიან უბრალოდ მზრდიდა, ცდილობდა, ეგოისტი არ ვყოფილიყავი. სულ მთხოვდა, რომ მეტი ცოდნა მიმეღო, მაგრამ რა ვქნა, არ მიყვარდა სწავლა, რასაც ახლა ძალიან ვნანობ. სულ ეზოსკენ გამირბოდა თვალი. როგორ არ მკეტავდა, მაგრამ უკანა მხრიდან გისოსების რიკულებიდან ვძვრებოდი.
– რა დაემართა დედას?
– ათი წლის წინ, 52 წლის გარდაიცვალა, სიმსივნით.
– არცთუ ისე სახარბიელო შემოსავლიანი პროფესია აირჩიე და შემოსავლიანზე უარი თქვი. სხვა სამსახური არასდროს შეგითავსებია?
– პირველ კურსზე რომ ვიყავი, დედას სიმსივნე ჰქონდა, იმ ზაფხულს გარდაიცვალა. ძალიან გვიჭირდა. მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით, მე ვპატრონობდი და სწავლის ფულიც უნდა გადამეხადა, მკურნალობისაც. ცოტას ნათესავი გვეხმარებოდა, მაგრამ ძირითადი მაინც მე უნდა გამეკეთებინა. იმ პერიოდში დამეხმარა ზუსტად ბატონი გოგი მარგველაშვილი და სწავლის საფასურს მხოლოდ ხუთას ლარს ვიხდიდი. დედა რომ გარდაიცვალა, ცოლი მოვიყვანე, შვილი გვეყოლა და მაშინაც გაჭირვების პერიოდი იყო. თეატრალურში დილის ათიდან საღამოს რვამდე ლექციები მქონდა. კიდევ რამე მეკეთებინა, დრო აღარ მრჩებოდა. მხოლოდ ადრიანი დილა – შვიდიდან ათ საათამდე. მაშინ მე დილის გადაცემას ვინ წამაყვანინებდა, მაგრამ სამსახური მჭირდებოდა. დასუფთავების ამბავი იყო ახალი, ხელფასებიც ნორმალური ჰქონდათ და შევიტანე „სივი“, დილით დავგვიდი ქუჩებს, რაც არ მეთაკილებოდა, პირიქით, დილის საათები ყველანაირად მაწყობდა – ერთადერთი სამსახური იყო მისაღები პირობებით. მაგრამ არ დამირეკეს. მეორე კურსზე უკვე სპექტაკლში ვითამაშე, მერე „მეცხრე არხი“ გამოჩნდა და მართლა დილის გადაცემის წამყვანობაზე დამირეკეს. გადის შვიდი წელი და მირეკავს უცხო ნომერი. ვარ ორი თეატრის დასში, მიმყავს დილის გადაცემა, რაღაცებს ვახმოვანებ, რეკლამებში ვარ და მირეკავენ დასუფთავებიდან, ვაკანსია გვაქვს, თქვენი „სივი“ განვიხილეთ და დიდი შანსია, რომ აგიყვანოთო.  ჩემი ნებით ვთქვი სამსახურზე უარი, რომელიც მაშინ ისე მჭირდებოდა, რომ დაერეკათ არ ვიცი, როგორ გულიანად დავგვიდი ქუჩებს.
– მთელი ცხოვრება ერთად მოდიოდით შენ და დედა... ძალიან რთული იქნებოდა მის გარეშე დარჩენა.
– დედა ჩემთვის ყველაფერი იყო. ამ სიყვარულს ვერასდროს ვერავინ გადმოსცემს. საშინლად ვუშლიდი ნერვებს, ცუდი ბავშვი ვიყავი და ძალიან ვნანობ ამას. მან ძალიან ბევრი რამ შემძინა. თეატრალურში რომ ჩავაბარე, უკვე ლოგინად იყო ჩავარდნილი, მაგრამ სულ მეუბნებოდა, რომ ძალიან იამაყებდა ჩემით, ვიცოდი, რომ შენით მიაღწევდიო. შეიძლება, სულელურად ჟღერს, მაგრამ რაც გარდაიცვალა, შეგრძნება მაქვს, რომ მხოლოდ ფიზიკურად ვერ ვეხები, ისე სულ ჩემთან არის და დადებით ენერგიას მიგზავნის. მგონია, რომ ჩემს ყველა სპექტაკლზეა, ყველა ჩემს წარმატებას იზიარებს. სულ მგონია, რომ პარტერში ერთი ადგილია, სადაც ყოველთვის ზის და ყველა სპექტაკლს რაღაც დოზით მას ვუძღვნი, მისთვის ვთამაშობ. ცოტა რთული გადმოსაცემია ეს ამბავი, მაგრამ მის დახმარებას სულ ვგრძნობ. რამდენიმე წამით რომ შემეძლოს მისი დანახვა, ყველაზე ძალიან მინდა ფეხებში ჩავუვარდე და პატიება  ვთხოვო ყველა იმ გაბრაზებისთვის და უსიამოვნებისთვის, რასაც მთელი ბავშვობა ვაყენებდი. ეს ძალიან მაწუხებს. ექვსი თვე იყო ლოგინად ჩავარდნილი, ვეღარც ლაპარაკობდა, ვეღარც ჭამდა, ნარკოტიკს ვუკეთებდით ტკივილის გასაყუჩებლად. საშინელი პერიოდი იყო. ვეუბნებოდი ხოლმე, არ წავალ თეატრალურში, შენთან დავრჩები-მეთქი და სულ წინააღმდეგი იყო, წადი, ამით უფრო გამახარებ და მეტს გააკეთებ ჩემთვისო.
– დედა რომ დაიღუპა, მერე დაქორწინდი...
– პირველად რომ დავქორწინდი, სტუდენტი ვიყავი. დრო გავიდა და მივხვდით, რომ არ გამოგვდიოდა ერთად ყოფნა, რამე კონკრეტული მიზეზი არ გვქონია. ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან განათლებული „წიგნის ჭია“ და დადებითი. მაგრამ ხდება ხოლმე ისე, რომ ორი ადამიანი ვერ თანხმდება. ახლა იმდენად მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, რომ ასეთი ძმაკაცები მაშინ არ ვყოფილვართ. ორი შვილი გვყავს – ათი წლის ანო და ექვსი წლის ილია. იმიტომ არა, რომ ჩემი შვილია, მაგრამ ანო საოცრად ნიჭიერია. მესამე კლასში გადადის და ინგლისურად და რუსულად ძალიან კარგად ლაპარაკობს. ახლა ფრანგულ სკოლაში დადის და ილიასაც ასწავლის ხოლმე სიტყვებს. ჯერ „ბარელინობა“ უნდოდა, ახლა მითხრა, რომ ინტერიერის და ტანსაცმლის დიზაინერობა უნდა. სახლში ყველაფერი გამოუსადეგარისგან საოცრებებს აკეთებს, ძალიან მაგრად ხატავს. ილიას ბანდიტობის ნიჭი აქვს, ჩემნაირი გადარეულია, ხან ტაქსისტობა უნდა, ხან კოსმონავტობა, ხან მუცლის ექიმობა (იცინის).
– ძალიან ლამაზი ცოლი გყავს, როგორია თქვენი სიყვარულის ისტორია?
– მე და თამთა რომ დავშორდით, ძალიან ცუდი პერიოდი მქონდა, არავისთან ურთიერთობა არ მინდოდა, ვერავის ვიკარებდი. ჩემი ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველთვის ვამბობდი, რომ მე ეს არ დამემართებოდა. მაგრამ მაინც ასე მოხდა. ძალიან ცუდი ფაქტია, ადამიანურად ძალიან განვიცდი. ბევრი თვე ძალიან ჩაკეტილი ვიყავი და ახლოსაც არავის ვუშვებდი, ფლირტზეც ზედმეტი იყო ლაპარაკი, გავურბოდი ასეთ ურთიერთობას. თაკო შემთხვევით გავიცანი მეგობრის დაბადების დღეზე, სადაც მართლა ძალით წავედი, გულის გადასაყოლებლად. აბსოლუტურად არანაირი ინტერესი არ მიგრძნია მისგან. მერე რამდენიმეჯერ შევხვდით საერთო მეგობრების წრეში და  ჩვენი ურთიერთობაც თავისთავად აეწყო, ამისთვის სპეციალური მცდელობები არ გვქონია, დინებას მივყევით და ჩვენც გრძნობებში ნელ-ნელა გავერკვიეთ. მარტში ერთი წელი გახდა, რაც ოფიციალურად დავქორწინდით.

скачать dle 11.3