კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№18 რა ოჯახური ტრაგედიები გამოიარა შალვა სუთიაშვილმა და როგორ ატარებდა მას კრიტიკის ქარცეცხლში მამა ყველა თამაშის შემდეგ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

„ბორჯღალოსნებისა“ და ფრანგული „ანგულების“ მესამეხაზელი შალვა სუთიაშვილი საფრანგეთის ელიტური დივიზიონის მეთხუთმეტე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. თხუთმეტეული პოპულარულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ შეადგინა. შალვა უკვე თერთმეტი წელია, საფრანგეთში ცხოვრობს. ის ძველი თაობის მორაგბის, გოგი სუთიაშვილის შვილია, რომელიც „ლოკომოტივის“ იმ თაობის წევრია, საბჭოთა კავშირის თასი რომ მოიგო.
შალვა სუთიაშვილი: მორაგბის ოჯახში გავიზარდე. დიდი სახლი გვაქვს და ყოველ კვირას თამაშის შემდეგ ძველი მორაგბეები ჩვენთან იკრიბებოდნენ. ეს ჩვენი ცხოვრების წესი იყო. მამა იმ დროს უკვე აღარ თამაშობდა, მაგრამ ბუნებრივია, რაგბის დიდი მოყვარული იყო და თითოეული თამაშის შემდეგ მათ დისკუსიებს მეც ვესწრებოდი ხოლმე. მაშინ მე დიდად არ მიზიდავდა რაგბი და საერთოდ, სპორტისადმი სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. რაგბის თამაში ჩვიდმეტი წლისამ დავიწყე და ისეთი სუსტი ვიყავი, მამამ უნივერსიტეტის გუნდში რომ მიმიყვანა, პირველივე ვარჯიშზე მივხვდი, ცოტა სასაცილოდ გამოვიყურებოდი – არც სპორტული აღნაგობა, არც სპორტული სირბილი... ამან საკუთარ თავზე გამაბრაზა: რატომ არ უნდა შემეძლოს მე ამის გაკეთება. ის კი არა, რომ რაგბი მეთამაშა, სირბილი მაინც რატომ არ უნდა ვიცოდე წესიერად-მეთქი. ერთი თვე დავიკარგე უნივერსიტეტის გუნდიდან და სოფელ დიღომში მარტო დავრბოდი, რომ რამისთვის მიმეღწია. ერთ თვეში სულ სხვა შალვა სუთიაშვილი დავბრუნდი და მერე ძალიან სწრაფად გავხდი რაგბიზე დამოკიდებული. სამ თვეში ჩვიდმეტწლამდელთა ეროვნულ ნაკრებში დამიძახეს, რამაც ჩემს სპორტსმენად ჩამოყალიბებაში გარდატეხა მოახდინა.
– მამის რეაქცია როგორი იყო, როცა რაგბისადმი დამოკიდებულება შეგეცვალათ?
– ვერ იფიქრებდა, რომ რამეს მივაღწევდი, ყველაფერი უცებ აეწყო, არავის სჯეროდა. მერე მამაც მიხვდა, რომ რაღაც შეიძლებოდა, მაგრამ მე მაინც არასდროს ვუყურებდი რაგბის პროფესიონალურად. ვსწავლობდი უნივერსიტეტში და 19 წლიდან, რაგბის პარალელურად, დაცვის სამსახურში ვმუშაობდი. ჰიდროინჟინერიაზე ვსწავლობდი, მაგრამ რაგბიმ რომ აქტიური სახე მიიღო, უფრო სპორტისკენ წავედი. მაშინ არ ვიცოდი, ახლა გავიგე რამხელა ფასი აქვს ევროპაში ამ პროფესიას და ძალიან ვნანობ, რომ სათანადო ყურადღება არ დავუთმე. რაგბი არაა მდიდარი სპორტი, იმხელა ფულს ვერ დააგროვებ, რომ მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილი იყო. ამიტომ ახლა გადავწყვიტე სწავლა გამეგრძელებინა. პროფესიონალური გადამზადების პროცესში ვარ ბიზნესის მართვის მიმართულებით. გარკვეული გეგმები მაქვს საქართველოსთან დაკავშირებით. მინდა, ექსპორტი ვაწარმოო ჩვენი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის მოდერნიზებული ფორმით, მაგალითად, ჩურჩხელის.
– მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალურ დონეზე გადახვედით, მამა ჩემს თამაშებს ყოველთვის კრიტიკულად უყურებდაო – თქვენი სიტყვებია.
– თამაშის ბოლოს აუცილებლად კრიტიკის ქარცეცხლში გამატარებდა. ყველა თამაშს უყურებდა და ხედავდა შეცდომებს. ამ სპორტის პროგრესირებას ყოველთვის თვალ-ყურს ადევნებდა და მისგან ბევრ და სწორ კრიტიკას ვიმსახურებდი, რაც ბევრი რამის გაუმჯობესებაში მეხმარებოდა. შეიძლება, იმ მომენტში არ მომწონებოდა, ბევრჯერ მწყენია კიდეც, მაგრამ რომ დავფიქრებულვარ, მივმხვდარვარ, რომ სწორი მიდგომა ჰქონდა. ამან მაქცია ისეთ სპორტსმენად, რომ დღეს გულშემატკივრისგან დაფასებას ვგრძნობ.
– მამის გარდაცვალების შემდეგ, პირველი თამაში, ალბათ, დიდ ემოციებთან დაკავშირებული, ერთგვარი გამოცდა იყო.
– არა მხოლოდ მამის, ამ განცდებთან გამკლავება დედის, დისშვილის გარდაცვალების შემდეგაც მომიწია. ადამიანის დაკარგვა ძალიან ძნელია, მერე უკვე
სხვანაირად აზროვნებ. მოედანზე გასვლაზეც ფიქრობ – რამდენად სწორია?! მაინც თამაში ჰქვია და ადამიანმა შეიძლება იფიქროს, გასართობად გავიდაო – ეგ კომპლექსიც მქონდა. რთული ნაბიჯია. შენი მწუხარება გაქვს და ამას ემატება იმაზე ფიქრი, რამდენად სწორია ახლა მოედანზე გასვლა, გაქვს კი ამის ხალისი და ნერვი? ბოლო-ბოლო ქართველები ვართ და გვაინტერესებს, რას იფიქრებს სხვა, როგორ გაიგებენ ამ ნაბიჯს?! რაგბის თამაში ჰქვია, მაგრამ ჩემთვის ეს არის პროფესია, რომელიც უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლებაში მეხმარება. ქართველებს ერთი ცუდი თვისება გვაქვს, ტირილისაც კი გვრცხვენია, ვფიქრობთ, სხვა რას იტყვისო. მერე მწვრთნელი რომ საქმეს მოგანდობს, დიდი პასუხისმგებლობა გეკისრება. რომ გამომაცხადა, არ მინდოდა მოედანზე გასვლა. რაღაც მომენტში უკმაყოფილების განცდაც გამიჩნდა, მაგრამ მერე უკვე ბევრი რამ მიდგომაზეა დამოკიდებული. ადამიანი რომ გეტყვის, ჩვენ შენ გვჭირდები, სხვა ვალდებულება გეკისრებაო. რომ ვუყურებდი, როგორ მითანაგრძობდნენ გულშემატკივრები და მოთამაშეები როგორ წუხდნენ ჩემი მწუხარების გამო, ძალიან იმოქმედა და დიდი ენერგია გამოვუშვი. ძნელი იყო, მაგრამ გადავიტანე, თუმცა ემოციებისგან მაინც ვერ დავიცალე და მოედანზე
ვეღარ გავჩერდი, როგორც კი დამთავრდა გავიქეცი, რომ ჩემს თავთან მარტო დავრჩენილიყავი. ყოველი თამაშის შემდეგ ველოდი მამას ზარს და თამაშის განხილვას. ამ თამაშის შემდეგ ძალიან გამიჭირდა, ელოდები და იცი, რომ აღარ დარეკავს. უკმარისობის შეგრძნებაა, რომელიც ალბათ მთელი ცხოვრება მექნება.
– დედა რომ გარდაგეცვალათ რამხელა იყავით?
– დედა რომ გარდამეცვალა თვრამეტი წლის ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ რაგბი ჩვენი ოჯახის ყოველდღიურობა იყო, დედა არც ერთ თამაშზე არ იყო ნამყოფი. პირველი თამაში, რომელსაც დაესწრო საფრანგეთის ნაკრებთან გვქონდა. ეს იყო პირველი და უკანასკნელი თამაში მისთვის. სამწუხაროდ, მალე გარდაიცვალა. ეროვნულ ნაკრებში რომ ამიყვანეს, პირველმა დედამ გაიგო და მახსოვს, როგორი ამაყი იყო. „დინამოზე“ რომ დაესწრო თამაშს, მის თვალებში უდიდესი სიამაყის გრძნობა დავინახე, რაც სამუდამოდ დარჩა ჩემს მეხსიერებაში. გადაწყვიტა, ყველა თამაშზე ევლო, მაგრამ... იმ პერიოდში ბაკურიანში წავედით, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა, ისე რომ არ უნდოდა, მე გამეგო. მიკროოპერაცია იყო, ძალიან მარტივი, მაგრამ სამწუხაროდ, ტრომბით, ცუდად დამთავრდა. პატარა აღარ ვიყავი, მაგრამ უცებ გავიზარდე, სამი და მყავდა და მათ პატრონობა უნდოდათ. თუმცა თვითონ უფრო მპატრონობდნენ. ადრეულ ასაკში მქონდა შემოთავაზება, რომ აქ წამოვსულიყავი, მაგრამ გული არ მომიწევდა, რადგან ვუყურებდი, მამა როგორ შრომობდა და ნერვიულობდა ოჯახის გამო. არც უფიქრია მეორედ დაქორწინებულიყო. გადაწყვიტა, მარტოს მოეხედა ჩვენთვის.
– მანამდეც მოხდა ტრაგედია მის ცხოვრებაში, როცა ძმების წინაშე მოუწია მამობრივი პასუხისმგებლობის აღება.
– მთელი ცხოვრება ვიღაცაზე ზრუნვაში გაატარა. თორმეტი წლიდან აღმზრდელი და დედის დამხმარე გახდა, რომ ძმებისთვის მამობა გაეწია. ამას რომ ხედავ, სხვანაირად ყალიბდები. თუნდაც იმ დღეებში, მის დაკრძლავამდე მივხვდი, რომ ძალიან სწორად უცხოვრია. სულ რომ არ ველოდი ისეთი ხალხი და ემოციები ვნახე, უამაყესი ადამიანი გავხდი. ძალიან პატარა იყო, მამა რომ დაკარგა, მაგრამ ძმები კარგ გზაზე დააყენა. ერთმა – კობა სუთიაშვილმა ადრეულ ასაკში ასახელა მთელი საქართველო, ამერიკაში ახალგაზრულ ჩემპიონატზე პრიზიორი გახდა, რაც იმ დროისთვის უდიდესი მიღწევა იყო და ეს დღესაც ახსოვს ხალხს. მეორე – დიმიტრი სუთიაშვილი წარმატებული იყო სპორტშიც და სხვადასხვა მაღალ თანამდებობას იკავებდა.
– დიდი ბაბუის ამბავიც გავიხსენოთ, როგორც ჩანს, თქვენს ოჯახში ტრადიციაა ძლიერი მამაკაცები.
– მამაჩემის პაპა სოფელ დიღმის მამასახლისი იყო. ჩოლოყაშვილის შეთქმულებს გამოუვლიათ და ნადიმი უთხოვიათ, მან, რა თქმა უნდა, უარი არ უთხრა და სახლში მიიღო. დაასმინეს, დააკავეს და გადასახლებაში მოხვდა, მათი მოკავშირეობის ბრალდებით, რაც სიმართლე არ იყო. მამაჩემმა ეს ისტორია ძალიან დეტალურად გამოიკვლია.
– დისშვილის გარდაცვალება ვახსენეთ, ეს, ალბათ, თქვენი ოჯახის ტრაგედიაა.
– დისშვილის ამბავმა გარდატეხა მოახდინა ევროპაში წამოსვლასთან დაკავშირებით. როგორც გითხარით, დედის გარდაცვალების შემდეგ ოჯახის დატოვება და აქ წამოსვლა არ მინდოდა. ჩემი დისშვილი ოთხი წლის იყო, როცა ლეიკემია დაუდგინეს. მაშინ საქართველოში არ იყო მკურნალობის ისეთი საშუალებები, როგორიც დღეს. ქიმიის სწორი დოზის გაკეთებაც არ იცოდნენ. ადამიანს შენი გაჭირვება რომ გაქვს, ექიმებს ვეღარ ჩაეძიები, ვისი რა დანაშაულია, ძნელია დააბრალო, ცილისწამებაზე ადვილი და ცუდი არაფერია. თვითონ ექიმი არ ვარ და ვერ განვსაზღვრავ რა გააკეთეს სწორად და რა არა. მაგრამ ფაქტია, ზედმეტი ქიმიით დაიწვა ბავშვი. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. მაშინ პირველი ეგ მომივიდა თავში – რატომ არ ვარ ევროპაში, იქ რომ ვყოფილიყავი, ხომ წავიყვანდი და უკეთ უმკურნალებდნენ-მეთქი და ამ ამბიდან მალე გადავწყვიტე წამოსვლა. მინდოდა, მსგავსი რამ აღარ მომხდარიყო. მამაჩემზე მოვახეხე, რამდენიმე წლის წინ მძიმედ იყო და აქ გადავარჩინეთ. მაგრამ მერე ისევ ტრომბი და უცაბედი გარდაცვალება, სამწუხაროდ, ვეღარ ვუშველეთ.
– ოთხი შვილის მამა ხართ, მათ შესახებაც ვისაუბროთ – რა ინტერესები აქვთ?
– აქაური ცხოვრების პლუსი ისიცაა, რომ სპორტი და სწავლა ძალიან კარგადაა შეთავსებული. ოთხი შვილი მყავს: ბექა, გიორგი, ლუკა და იკა. უფროსები რაგბით და ძიუდოთი არიან დაკავებულები და წარმატებულები არიან, თუმცა ასე თქვენთან ვამბობ, პირადად არ ვაქებ (იცინის). ამ ქალაქში რაგბი ყველაფერია, რომ იციან მოთამაშის შვილია, კარგ ყურადღებას აქცევენ. ლუკას სულ სხვა სტილი აქვს რაგბიშიც და ჭიდაობაშიც, ირაკლი ორწლინახევრისაა, მაგრამ უკვე ეტყობა, რომ სპორტისადმი ექნება ინტერესი. თუმცა, პირველ რიგში, ჩვენი მიზანი სწავლაა.

скачать dle 11.3