კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 სიყვარულის მავნე შედეგები

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #14-17(956)

ანანოსთვის უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა მეგობრების სტუმრობა, თანაც მამაკაცებთან ერთად. ჯერ ერთი, რომ არ ელოდა, მეორეც – ჯოზეფს შეუთანხმდა, სკაიპით დაგირეკავ და დაგელაპარაკებიო...
– რა ხდება? – იკითხა, როგორც კი კარი ფართოდ გააღო და გულხელდაკრეფილი დაელოდა, როდის შევიდოდნენ სასტუმრო ოთახში და სავარძლებზე გამწკრივდებოდნენ.
– რა ხდება-მეთქი...  – გაუმეორა მეგობრებს შეკითხვა და მაშოზე შეაჩერა გაოცებული მზერა, – აღარ იტყვით?
– მოკლედ, ჩვენ ვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ, რომ რეზო უნდა ვცემოთ, – რიხიანად განაცხადა გიომ და მაშოს საქმროს გადახედა. ნოდო თავს უხერხულად გრძნობდა ახალგაცნობილ საზოგადოებაში – მაშოს ხათრი ვერ გაუტეხა. ვერც იმას წარმოიდგენდა თუ პირველივე წუთიდან ასეთ შარში გაყოფდა თავს. ვიღაც ტიპის ცემა, რომელსაც არც კი იცნობდა, რა თქმა უნდა, საერთოდ არ შედიოდა მის გეგმებში.
გიომ ანანოს თავისუფალ სავარძელზე მიუთითა და ცოლს გადახედა.
– მარიკა, შენს ორსულ დაქალს ვერ შევაწუხებ და შენ დატრიალდი. აი, მაშოც მოგეხმარება. ლიზი, გაყოჩაღდი შენც. მარტო ლამაზი ტუჩების გამობურცვა ვერ გიშველის. გათხოვება ხომ გინდა? კაცს კი გემრიელი საკვები სჭირდება.
– აქ საჭმელად მოხვედი? – გააპროტესტა ლიზამ, – დაველაპარაკოთ ანანოს და წავიდეთ.
– ნუ ზარმაცობ შენ... მარიკას მიებარე და გასწავლის, როგორ უნდა მოამზადო ქმრის მაამებელი კერძები.
– რა გეტყობა შენ ნაამებულის, – დასცინა მაშომ.
ანანო ყურადღებით უსმენდა სტუმრების კინკლაობას. სახე უცნაურად და მშვიდად უღიმოდა. მერე მოულოდნელად გადაიკისკისა:
– როგორი საყვარლები ხართ. მოხვედით აქ და ფიქრობთ, რომ დამამშვიდებთ? რომ არაფერი მჭირს დასამშვიდებელი? მშვენივრად ვგრძნობ თავს.
– უკეთესად იგრძნობ, როცა იმ ნაძირალას თავ-ყბას დავუნგრევთ, – ამაყად გამოაცხადა გიომ, – შენ მარტო ის გვითხარი, სად ვნახოთ. ტელეფონის ნომერი მომეცი, დანარჩენს ჩვენ მივხედავთ.
– რეზოს ცემას აპირებთ? – ისე გაიოცა ანანომ, თითქოს რეზო მისთვის „განყენებული“, უცხო და უსახო არსება იყო. მხოლოდ სახელი და მეტი არაფერი.
– ჰო, უნდა იცოდეს, რომ უპატრონო არ ხარ. ბავშვსაც გვარს მისცემს – მოუწევს ამის გაკეთება. მერე, თუ გენდომება, ალიმენტსაც დააკისრებ. კანონითაც ეკუთვნის ბავშვს, – განუმარტა გიომ, აშკარად კმაყოფილმა „აუდიტორიის“ ყურადღებით.
ანანოს გაეცინა.
– არ მინდა.
– რა თქვი? რა არ გინდა? – გაუკვირდა მაშოს, – ჰო, მართლა, გაიცანი – ეს ნოდოა.
– ანანო, არ გესმის? – შენ გელაპარაკებით, – დაქალის გამოხედვითა და ურეაქციობით შეშფოთებულმა მაშომ ლიზის შეხედა, – რა სჭირს ამას?
– ძალიან მიხარია, რომ შეწუხდით ჩემთვის, მაგრამ მართლა ძალიან კარგად ვარ და არავის ცემა არ არის საჭირო. ცოლი ჰყავს იმ კაცს და ოჯახი აქვს.
– მაგაზე ადრე უნდა გეფიქრა, – დოინჯი შემოირტყა მარიკამ, – გოგო, შენ რა გგონია, გვინდა მე და მაშოს ჩვენი ბიჭების შარში გახვევა? მაგრამ ისეც არ შეიძლება, სულ უყურადღებოდ მიგატოვოთ.
– არ ვარ უყურადღებოდ. მართლა კარგად ვარ, – ანანომ ოთახში მყოფები შეათვალიერა, – რადგან ასე ზრუნავთ ჩემზე, ერთ ახალ ამბავს გეტყვით, – მალე ჩემი ყველა პრობლემა მოგვარდება. მეც მეყოლება პატრონი, ჩემს შვილსაც – მამა.
გიომ ხელები გაოცებით გაშალა და გაოგნებულ გოგოებს მიუბრუნდა:
– თქვენ არ იცოდით ეს ამბავი? მგონი, ამას ყველაფერი დაულაგებია იმ კაცთან. ჰოდა, მით უმეტეს, გაშალეთ ახლა სუფრა და აღვნიშნოთ ეს ამბავი.
– მოიცა, მოიცა, რაღაც ისე ვერ არის, – პირველი ლიზი გამოერკვა. ანანოსთან მივიდა და მხარზე მოჰკიდა ხელი.
– მომისმინე ახლა შენ, აბა, დაჯექი და მოყევი, რა ხდება? – რეზო რომ არაფერ შუაშია, მაგას ვხვდები.
– ნუღარ მიხსენებთ მაგ იდიოტს, – წარბი შეიკრა ანანომ, – და, ასე გაოცებითაც ნუ მიყურებთ. გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც ვუყვარვარ და მზად არის, ჩემზეც იზრუნოს და ჩემს შვილებზეც.
მარიკას ლამის ჩაიდანი გაუვარდა ხელიდან. მაშოსა და ლიზას განცვიფრების შეძახილი აღმოხდათ. გიომ დაუსტვინა. მხოლოდ ნოდოს არ ჰქონია რეაქცია –  ანანოს სასიყვარულო  ისტორიების შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია ჰქონდა.
პირველად ისევ ლიზი მოეგო გონს. იქ მყოფები შეათვალიერა და ჩურჩულით თქვა:
– ანანო, შენ ნორმალური ხარ? აცნობიერებ, რა თქვი?
– მოიცა, მოიცა! – ანანოს მაშომ დაასწრო, –  ჯერ აგვიხსნას, რას გულისხმობდა.
– მე მაგრად დავიბენი... – თქვა გიომ, – აივანზე გავალ, სიგარეტს მოვწევ. თქვენ მანამდე გაარკვიეთ, რა და როგორ, თუკი  ამას მოახერხებთ... ნოდარ, შენ ეწევი? ძალიან კარგი, გავიდეთ და „კაცურ“ საქმეებზე დავილაპარაკოთ.
როცა კაცები გავიდნენ, მარიკამ ყავა დაასხა, ფინჯნები ჩამოარიგა და დივანზე, ანანოს გვერდით ჩამოჯდა.
– ჰე, დაიწყე ახლა, ერთი სული მაქვს, გავიგო, რა შეიცვალა ამ ორ დღეში.
– ხომ ვთქვი უკვე, გამოჩნდა კაცი, რომელსაც ვუყვარვარ. წესიერი, პატიოსანი, ღირსეული. ყველაფერი იცის ჩემზე, მაგრამ მზად არის, ისეთი მიმიღოს, როგორიც ვარ – ჩემი ორი შვილით და ყველანაირი ნაკლით, – ანანომ ყავას სული შეუბერა და ფრთხილად მოსვა.
– გვეტყვი, ვინ არის? – მეტი კონკრეტიკა არ გვაწყენდა, – ჩაეკითხა მაშო.
– არ იცნობთ თქვენ. თბილისში არ ცხოვრობს და საერთოდაც, ქართველი არ არის.
– ღმერთო! – აღმოხდა ლიზას, – გავგიჟდები. ეს გოგო გამაგიჟებს.
მარიკამ წამწამები დაახამხამა.
– იცით, არ მჯერა, რომ ამ ყველაფერს სერიოზულად ამბობს.
მაშომ ანანოს გადახედა, რომელსაც თვალები უჩვეულოდ უბრწყინავდა. სახეზე კი იდუმალი ღიმილი დასთამაშებდა. უყურა, უყურა და მერე ხელი ჩაიქნია.
– არ ხუმრობს ეს და მე მართლა შევიშლები. გოგო, მოყევი, რა შარში გაეხვიე.
– რატომ არის შარი კაცი, რომელსაც ყველაფრის მიუხედავად, უყვარხარ, მზად არის მოგიაროს, შენს შვილს გვარი მისცეს და იზრუნოს მასზე. მორჩა, შემიძლია, აღარაფერზე ვინერვიულო.
– ანუ... – დოინჯი შემოირტყა ლიზამ, – იცოდე, თუ არ მოყვები, წავალთ და აღარ მოვალთ. მე, ყოველ შემთხვევაში, აქ ფეხის მომდგმელი აღარ ვარ...
– არც მე, – მხარი აუბა მაშომ, – რას იტყვის ნოდო ჩემზე, რას იფიქრებს?
– გოგო ან შენ რა შუაში ხარ, ან ნოდო, – მარიკამ აივნისკენ გაიხედა, რომლის შემინულ კარში გიო ცნობისმოყვარედ იჭყიტებოდა, – შეხედე ჩემს ქმარს, ერთი სული აქვს, გაიგოს, რაზე ვლაპარაკობთ აქ, მერე სულს ამომხდის შეკითხვებით.
ანანომ ამოიოხრა.
– ხალხო, რა გჭირთ და რა განერვიულებთ, ეს ჩემი ცხოვრებაა, ჩემი შეცდომებია და ჩემი პრობლემები. პირიქით, უნდა გიხაროდეთ, მგონი, ყველაფერი გვარდება. ცნობისმოყვარეობას კი დაგიკმაყოფილებთ და გეტყვით, რომ ამჯერად შეცდომას არ ვუშვებ. პირიქით, ყველაფერი თითქმის იდეალურად არის. ქმარი მეყოლება, ბავშვს გვარი ექნება...
მარიკამ ხელები მუხლებზე დაილაგა და დაქალს მიაშტერდა.
– ერთი მომისმინე... რატომ არ ამბობ, ვინ არის. ისევ რაღაც შარში უნდა გაეხვე? არ მითხრა, რომ მახო დაბრუნდა, გავგიჟდები...
ანანო უკმაყოფილოდ დაიღრიჯა.
– ოჰ, მახო რაღამ გაგახსენა. ხასიათი წამიხდინე და გამანერვიულე. ბავშვს არ მოსწონს, როცა ვნერვიულობ.
– უყურე ამას. ჩვენი ნერვიულობა ხომ მოგწონს?! ახლავე თქვი, ვინ არის.
– ჯოზებ მასკი. ამერიკელია. ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გავიცანით თბილისში. ხომ გახსოვს, საელჩოს თანამშრომლებთან რომ ვმუშაობდი ოჯახში. ლიზა, შენ უფრო ადვილად გაიხსენებ – ერთხელ კონცერტზე დაგვპატიჟა.
ლიზამ თვალები მოჭუტა და წამოიყვირა:
– როგორ არ მახსოვს, მაღალი, ცისფერი თვალებით, სასიამოვნო ხმითა და ღიმილით. გოგოებო, ისეთი მაგარი ტიპია, ისეთი... კი მაგრამ, აქ არის? ჩამოვიდა? როგორ შეხვდით, სად?
– რა ვიცი, სევდა შემომაწვა და ისიც გამოჩნდა ხსნასავით... გაგიკვირდებათ და ლამის ბედისწერის ვირწმუნო. ორი დღეა სულ მწერს, ყველაფერი მოვუყევი.
– ღმერთო! – აღმოხდა მაშოს და გაჩუმდა. აივნის კარი გაიღო. ნოდო და გიო ოთახში შემობრუნდნენ.
– სახლში ხომ არ წავიდეთ, – მიმართა გიომ ცოლს და ანიშნა, გამოემშვიდობე ამათ და წამოდიო. მარიკა ადგა. ლიზამ დაქალს სახელოზე მოქაჩა.
– მიდიხართ? ანანო ასე დავტოვოთ?
– მგონი, არც ისე სჭირდებით, – გაეცინა გიოს, – დიდი გოგოა, მიხედავს თავს, იმედია, ქორწილს არ გამოგვაპარებს.
ანანომ ირონიულად გაიღიმა.
– აჰა, მიხვდა ადამიანი. თქვენ კიდევ ნერვიულობთ.
– თქვენ წადით, მარიკა, მაშო... მე დავრჩები.
ლიზამ მეგობრები გააცილა. შემობრუნდა, ჩაი დაასხა და ანანოს გვერდით მიუჯდა.
– ახლა მოყევი, რა და როგორ. ცოტა დავიბენი. შენ რა, ამერიკაში თხოვდები?
– ჯერ არ ვიცი, მაგრამ ჯოზეფი მზად არის, ბავშვს გვარი მისცეს. დამპირდა, რომ ფულსაც გამომიგზავნის, მშობიარობის ხარჯებსაც თავის თავზე აიღებს.
ლიზამ ხელები გაშალა.
– გამაოგნებელი ამბავია. გისმენ და ყურებს ვერ ვუჯერებ. მგონი, დიკო მართალია, შენ არ ხარ ნორმალური და სიყვარულიც მავნე ჩვევად გექცა.
– რა სიყვარული. მე ვთქვი, რომ ჯოზეფი შემიყვარდა?
ლიზამ ჩაის სული შეუბერა და მეგობარს გაოცებით შეხედა.
– მოიცა, აბა, არ შეგიყვარდა?
– რა თქმა უნდა, არა! მაგრამ ეს შანსია, რომელიც ღმერთმა გამომიგზავნა და ალბათ, ხელიდან არ უნდა გავუშვა... ისევ ჩემი შვილებისთვის.
– ანანო, უკვე მეშინია. მოდი, მე დიკოს დავურეკავ, მოვიდეს და დავილაპარაკოთ.
– აუ, დიკოსთან ლაპარაკის თავი არ მაქვს. თანაც, ჯოზეფი მელოდება, შევპირდი, სკაიპით დავურეკავდი და დაველაპარაკებოდი.
– ლიზას თვალები გაუბრწყინდა.
– რა მაგარია. გეხვეწები, დაურეკე რა, მეც აქ ვიქნები და დავინახავ, რანაირია. გთხოვთ, რა, ჩუმად ვიჯდები, ერთ სიტყვასაც არ ვიტყვი... ვკვდები, ისე მაინტერესებს.
– ანანო ჩაფიქრდა, რამდენიმე წუთი იყოყმანა და თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.
– კარგი. თუ გინდა, შენც დაელაპარაკე. არ არის პრობლემა. ბოლოს ხომ მაინც უნდა გაეცნოთ. მითხრა, რომ მშობიარობას დაესწრება. კარგი ადამიანია, მაგრამ არ მიყვარს.
ლიზამ ამოიოხრა.
– შენ აუცილებლად კრეტინი უნდა გიყვარდეს. ისე არ შეიძლება, ჰო?!
– ძალიან გთხოვ, ჭკუას ნუ დამარიგებ და მორალს ნუ წამიკითხავ. რა გინდა, სიყვარულზე აღარ ვფიქრობ და ვცდილობ, საკუთარი მომავალი გონებით „დავალაგო“. გავყვები ცოლად და მოვცილდები აქაურობას. სოფოსთვისაც უკეთესი იქნება. გაიზრდება ნორმალურ ქვეყანაში, კარგ განათლებასაც მივცემ. ჯოზეფი დამპირდა, რომ მასზეც იზრუნებს.
– წაიყვან სოფოს? მერე – მამამისი?
– რა მამამისი?! დაგავიწყდა, შვილზე უარი რომ თქვა? მარტოხელა დედის სტატუსი მაქვს. ჩვენს ურთიერთობას ოფიციალურად რომ გავაფორმებთ, ჯოზეფი სოფოსაც იშვილებს. აი, რეკავს...
კომპიუტერის მონიტორზე გაღიმებული, წაბლისფერთმიანი მამაკაცი გამოჩნდა. ხელს რომ უქნევდა ანანოს და თვალები უციმციმებდა...
***
გიომ ზარის ხმაზე ტელევიზორის ხმას დაუწია და სამზარეულოში მოფუსფუსე ცოლს გასძახა.
– მიდი, გააღე, შენი რომელიმე დაქალი იქნება. ნორმალური ხომ არც ერთი არ არის.
– კარგი, რა... იმ საღამოს მერე ლაპარაკობ ასე, რას ერჩი ჩემს დაქალებს?
გიომ ცოლს ირონიულად გახედა.
– ოჰ, მარიკა... გეტყოდი, ვიღაც კარს რომ არ ანგრევდეს. მერე გავიაროთ ეგ ამბავი.
დიკო ქარიშხალივით შემოიჭრა ბინაში და გიოს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.
– აბა, როგორ ხარ, ჭეშმარიტო „გრუზინო“. გიძლებს, ხომ, ჩემი დაქალი, ბოლოს როდის იზრუნე მის ბედნიერებაზე?
– ოჰ, მობრძანდა საკოლექციო ნიმუში. შენს ბედნიერებაზე ხომ ზრუნავს სამყაროს ძლიერი სქესის საუკეთესო წარმომადგენლების ნახევარი.
– შესაშური მოთმინება აქვს შენს ცოლს. თუმცა, რაღაც ღირსებები გაქვს. ვერ უარვყოფ.
– ჩემი მთავარი ღირსებაა ის, რომ მის დაქალებს, ანუ თქვენ, გეგუებით. მაგარი წითელი ღვინო მაქვს, დალევ?
დიკომ მოწონებით დაუქნია თავი.
– მშვენიერი შემოთავაზებაა. წითელი ღვინო გონებას ხსნის და ურთიერთობას ათბობს. ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთად დგომა.
– რა მოხდა? – იკითხა მარიკამ შეშფოთებით, – მაშო დაშორდა ნოდოს? ქორწილი ჩაიშალა? შენ გაქვს პრობლემები? ლიზას სჭირს რამე?
დიკომ ხელის აქნევით გააჩუმა.
– ქორწილს საფრთხე არ ემუქრება. მაშომ ნამდვილი განძი იპოვა ნოდოს სახით, რითაც გულახდილად გითხრა, გამაოცა. ლიზა კი ანანოსთან დავტოვე. ხვალ ჯოზეფი ჩამოდის და ეხმარება.
გიომ ბოკლები ღვინით შეავსო.
– მოდით, გოგოებო... ყველაფერი კარგად ყოფილა და ჩვენი ბედნიერებისა დავლიოთ. ამერიკელი სიძეც მალე გვეყოლება.
– არც ასე მარტივად არის საქმე. ის კაცი ჩამოდის, მაგრამ ამ სულელმა აიხირა, არ მიყვარს და ჩემი თავი მის გვერდით ვერ წარმომიდგენიაო.
– მოიცა, რაო? – გაოცება ვერ დამალა გიომ, – ახლა უკვე მართლა გადავირევი. ძალიან გაუმართლა ანანოს, მე რომ არ ვარ მისი საქმრო. გეუბნებით, შემომაკვდებოდა. ექვსი თვეა, ის კაცი ინახავს, ფულს უგზავნის, ზედ ყვება, სახლს არჩევს მომავალი ოჯახისთვის და რას ნიშნავს, თავი მის გვერდით ვერ წარმოუდგენია. ეგ ნომრალურია საერთოდ?
– არა, არ არის ნორმალური, – ამოიოხრა მარიკამ, – გეფიცები, ველოდი, რომ მაგას იზამდა.
 დიკომ ღვინო მოსვა და მარიკას კითხვით სავსე მზერა მიაპყრო.
– ესე იგი, შენთანაც უთქვამს და აქამდე რატომ იყავი ჩუმად?
– იმიტომ, რომ ვცდილობდი, აზრზე მომეყვანა. არ მიყვარსო, გაიძახის.
– რა დროს სიყვარულია, ღმერთო... – აღშფოთდა დიკო, – ორჯერ რომ უყვარდა, რა მოიგო მაგით. ის კაცი არ გადარიოს, თორემ მოვკლავ.
– ჰო, გოგო... რომ ჩამოვა და ამან მიახალოს, არ მიყვარხარო, რა გვეშველება?
გიოს სიცილი აუტყდა.
– რა გაცინებს? – გაუბრაზდა ცოლი, – ჩვენ სერიოზულად ვნერვიულობთ, შენ ერთობი.
– არა, კაცო, საიდან მოიტანე, რომ ვერთობი. მაგარი სანერვიულო ამბავია. როგორმე აზრზე მოიყვანეთ ეგ თქვენი დაქალი. ასეც არ შეიძლება.
– აბა! დღე-დღეზე უნდა იმშობიაროს. ჯოზეფმა ყველას უთხრა, რომ ბავშვი მისია და ამას კიდევ, თურმე, არ უყვარს. მოვკლავ, გეუბნებით!
– ნამდვილად მოსაკლავია, – დაეთანხმა მარიკა დიკოს, – მაგრამ ახლა ვერ ვანერვიულებ, რამე არ დაემართოს. ერთი გააჩინოს, მერე მე ვიცი, რასაც ვიზამ.
– ჰო, მაგრამ ის კაცი ხვალ ჩამოდის. აეროპორტში უნდა დავხვდეთ, ამ სულელმა რამე არ უთხრას.
– ასეთი შტერიც არ არის, ნუ გეშინია, – დაამშვიდა დიკო გიომ.
– მე ხომ არ დაველაპარაკო?
– ჯოზეფს?
– არა, მარიკა, ანანოს. ასეც არ შეიძლება. მასხრად ნუ აიგდებს იმ კაცს, სირცხვილია...
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3