კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 რა ოცნება აუსრულა მარინა ხორავას ზვიად ციკოლიამ და როგორ აყრის 22 წლის განმავლობაში მას მეუღლე სიყვარულს უხვად

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

მარინა ხორავას და ზვიად ციკოლიას ოცდამეორე წელია, რაც ერთმანეთი უყვართ, ერთად ცხოვრობენ და ერთმანეთს დღემდე ეპრანჭებიან. ცოტა ხნის წინ ზვიადმა მეუღლეს  კიდევ ერთი ბავშვობის ოცნება აუსრულა: მონაკოში მასთან ერთად იმოგზაურა.
მარინა ხორავა: წელს 22 წელი გახდება, რაც მე და ზვიადი ერთად ვართ. რადგან ამდენი წელია, ერთად ვართ, ესე იგი, კარგად ვართ და ერთად ყოფნა გვინდა. არ ვართ ერთად იმის გამო, რომ ოჯახი უნდა არსებობდეს, შვილებს მამა და დედა ერთად უნდა ჰყავდეთ. არა, უბრალოდ, ჩვენ გვინდა ერთად ყოფნა. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ეს პერიოდი ია-ვარდით იყო მოფენილი, ბევრი ვიწვალეთ, ბევრი პრობლემა გავიარეთ, ფაქტობრივად, ჩვენს შვილებთან ერთად გავიზარდეთ. გვიკამათია, გვიჩხუბია, მაგრამ როცა ნამდვილად გიყვარს და ეს ის ოჯახია, რომელიც გინდა არსებობდეს, იმ ოჯახში რჩები. ჩვენ არ ვართ ისეთი ტიპები, რომ ვინმემ რამე გვაიძულოს, თუნდაც, ერთად ყოფნა. იძულებით არასდროს არაფერს ვაკეთებთ. ორივე ქარიზმატული ტიპები ვართ და თამამად ვდგამთ ნაბიჯებს.
– რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობაში?
– პატივისცემის, ურთიერთგათვალისწინების გარეშე არანაირი ურთიერთობა არ არსებობს. ჩვენს 22-წლიან ურთიერთობაშიც იმდენი ეკალი და ფაროსანა იყო... ვიღაცებიც ცდილობდნენ ოჯახურ ცხოვრებაში დისონანსი შემოეტანათ. როცა ოჯახი წარმატებულია, მაშინ უფრო იმატებს ხოლმე „კეთილისმსურველების” რიცხვი, მათ შორის ახლობლებიც არიან ხოლმე. ყველაფერი ვითომ მეგობრული ტონით კეთდებოდა, მაგრამ ერთია გამოცდილება, მეორე – ინტუიცია და მესამე – რეალობასთან დაკავშირებული ჩვენი მსოფლმხედველობა. შესაბამისად, ყველაფერი ლაგდებოდა. ჩემს ძლიერ მხარედ მივიჩნევ იმას, რომ ყოველგვარი საქმის გარჩევის, ახსნა-განმარტების გარეშე მოვაგვარო არასასურველი ურთიერთობები, ისე, რომ ის არასასურველი ადამიანი ვერაფერს მიხვდეს.
– რა არის ზვიკოს ყველაზე ძლიერი მხარე?
– ზვიკო ძალიან პროგრესულად მოაზროვნე ადამიანია. ბევრ რამეს წლებით ადრე ხედავს და აკეთებს, რაც მთავარია, კარგად გამოსდის. იმ ქვეყანაში, სადაც არაფერი კეთდება, მან გააკეთა პირველი ქართული საათი, პირველი ქართული თვითმფრინავი, ბევრი რამ და ეს მის ძლიერ და ქარიზმატულ ხასიათზე მიუთითებს. როდესაც მან „დიდგორი“ გააკეთა, ვუთხარი, რომ არც ის „ბუგატი“ და არც შენი საათები არ არის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც „დიდგორია“, რადგან ის საქართველოს ისტორიაში ჩაიწერა, როგორც პირველი ქართველი სამხედრო მანქანა-მეთქი. საქართველოში რომ ციკოლიას საათები გიკეთია, კარგ ტონად მიიჩნევა, მიუხედავად იმისა, იცი თუ არა როგორი ხარისხია. საქართველოში, სადაც „ტონი“ არ არსებობს, ერთმანეთს ლანძღავენ, ეს უკვე მაგარია.  უცხოეთში ისედაც კეთდება საქმე და რეალურად გაფასებენ, ამიტომ უცხოური წარმატება არც არის გასაკვირი.
– ამაში გეთანხმება?
– რა თქმა უნდა, მე ხომ მასზე ბევრად უფროსი ვარ, ბევრი სხვა გამოცდილებაც მაქვს. ქალური ინტუიცია, ქალური გონება სხვა არის, კაცური – სხვა. უკვე მიეჩვია, რომ სიტყვებზე მარტივად მენდოს – თავად შედეგებიდან გამომდინარე. როდესაც ერთმანეთი გავიცანით, მას ჰქონია ნათქვამი, რომ ჩემზე ასაკით უმცროს ქალთან საერთოს ვერ გამოვნახავო.
– როდესაც ზვიკოს გაჰყევი ცოლად, რომელიც შენზე ასაკით უმცროსი იყო, ამან გარკვეული მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
– კი, სერიოზული მითქმა-მოთქმა გამოიწვია ჩვენს დიდ წრეში. გაუკვირდათ, რატომ გავყევი პატარა ბიჭს. თან იმ დროს ჩემი წარმოებით მე უკვე ფეხზე
ვიდექი. თუმცა ზვიკოს „ბუგატი“ უკვე ჰქონდა გატანილი საერთაშორისო გამოფენაზე. სამ თვეში გავყევი ცოლად, თუმცა დაგეგმილი მქონდა, რომ ამას არ გავაკეთებდი. ყოველთვის ვიცხოვრე ისე, რომ რასაც ვამბობდი, იმას ვაკეთებდი და ასეა დღემდე. ზვიკო იყო ერთადერთი გამონაკლისი, რომელმაც გაამართლა. ხშირად მეუბნებიან, რომ დაბრუნდე უკან, რას შეცვლიდიო? ბევრ რამეს შევცვლიდი, ერთადერთი, ციკოლიას არ შევცვლიდი და კიდევ იმ ორ ციკოლიას, რომლებიც სერიოზულად მოაზროვნე და ნიჭიერი ადამიანები არიან. თავისით ცდილობენ გაიკვალონ გზა. ერთ-ერთმა ისიც კი მითხრა, იქნებ გვარი გამოვიცვალო, მოვსპო ჩემი რეალობიდან სანამ პატარა ვარ, არ მინდა, გვარის გამო მცენ პატივიო. „ფეისბუქზე“ რომ წერენ, ხორავა-ციკოლიას შვილი რა იქნებაო, სწყინთ ხოლმე. მე მათ სწავლაზე არასდროს „ვაწვებოდი“, თავისუფლება ჰქონდათ და არ ვარ უკმაყოფილო, რომ მათ თავისუფლება მივეცი, რადგან ეს ბოროტად არ გამოუყენებიათ. თავიდანვე ვიცოდი, ვის ვაძლევდი ამ თავისუფლებას – ჩემს გაზრდილ შვილებს.
– ერთგან ამბობდი, ბედნიერებაა, როცა, 21 წლის შემდეგ, ქმარი გეუბნება, უფრო მეტი დროის გატარება მინდა შენთანო...
– ამას სულ ამბობს. ადრე ვფიქრობდი, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, ხომ შეიძლება, ჩვენ დავშორდეთ. მერე ვფიქრობდი: ვინ შეიძლება იყოს, რომელსაც შეუძლია, ამდენი ყურადღება და სიყვარული ასე უხვად დამაყაროს თავზე. წარამარა „ესემესი“, წარამარა მოკითხვა, წარამარა „მიყვარხარ“ და ამას ძალით არ აკეთებს. ამ შემთხვევაში მე მასთან ასით ნული ვარ წაგებული.
– მესიჯი რომ მოგდის, მუცელში ისევ დაფრინავენ პეპლები და გულიც გიფრიალებს?
– რა თქმა და, ვეპრანჭები ხოლმე. ახლახან მეგობარმა მეგობრულად დამცინა. ზვიკომ დამირეკა: მოვედიო. დავიწყე პომადის წასმა, გავიპრანჭე და ჩემმა მეგობარმა: ვის ეპრანჭებიო. ზვიკოს-მეთქი. კიდევ ეპრანჭებიო და რა თქმა უნდა-მეთქი. ყოველვის გავეპრანჭები და ისიც სულ მეპრანჭება. ერთხელ ახალი მანქანით დამხვდა: ჩამოდიო. გამეცინა: მაინც ბიჭუშკურად მეპრანჭება. და ეს 22 წელი რომ გრძელდება, ძალიან სასიამოვნოა. რა თქმა უნდა, გაუგებრობებიც ხდება, რადგან ორი განსხვავებული ადამიანი ვართ. სიმშვიდე ორივეს გვიყვარს, მოვძებნით ხოლმე ძველ ფილმებს და საათობით ვუყურებთ. იმ დღეს თქვა: თავისუფალი დროის გატარება სახლში, შენთან ერთად მიყვარსო.
– ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამის მიღწევაში ქალის როლი ძალიან დიდია.
– ქალი ქმნის ამ ყველაფერს. შენ უნდა შეუქმნა კაცს იმის პირობა, რომ მან თავი კომფორტულად იგრძნოს, თუნდაც ეს შენი დისკომფორტის ხარჯზე მოხდეს. მე მოვერგე ზვიკოს, მის კომფორტს. ისიც ერგება ჩემს კომფორტს, უბრალოდ, მე ჩემი ბიზნესიდან, რომელიც ძალიან წარმატებულად მქონდა აწყობილი, ოჯახზე გადავერთე, მინდოდა, ჩემი შვილები მე გამეზარდა. პატარა შეცდომა იმაში დავუშვი, რომ ბავშვები მეტად გავანებივრე, მინდოდა მათთვის მიმერთმია ყველაფერი და შრომის ფერხულში არ ჩავრთე: იქ წადი, ამაში დამეხმარე, უფრო გონებრივ მუშაობას მიეჩვივნენ, კომფორტულად მირთმეულ საკვებს. ზვიკოც ძალიან გავანებივრე, რადგან მე მინდოდა, თორემ თავად არ ითხოვდა ამას.
– სამი ციკოლია არ განებივრებს?
– სამივე ციკოლია მანებივრებს და ძალიან მომწონს, რომ სამი კაცის ხელში ვარ. თან, სამი კატა გვყავს და აქედან ორი ბიჭია, ერთი გოგოა და ზვიკო მეუბნება: ეს შენი კონკურენტი ხომ არ არისო, რადგან ზვიკოს დასდევს კუდში და მე მტრულად მიყურებს.
– როგორია 22 წლის შემდეგ სიყვარული?
– ერთხელ ზვიკომ თქვა: სულ მგონია, რომ თავიდან მიყვარდებიო. დღეს, რომ ვაკვირდები, ადამიანები ისე შორდებიან ერთმანეთს, რომ როცა მიზეზს
ვიგებ, ვბრაზდები. ყველაზე დიდი შეცდომა ანგარიშგაუწევლობაა. ადამიანთან ერთად ცხოვრობ – მე ასე მინდა და ანგარიშს არ უწევ, ეს არასწორია. ეგოიზმი ნებისმიერ ურთიერთობაში დამღუპველია. სიყვარული ბაბუაწვერასავით არის, შეუბერავ და შენივე სიყვარულს შენვე დაანგრევ. რა თქმა უნდა, თუ ქმარს დაშორდები, ამით შენი ცხოვრება არ ინგრევა, მაგრამ ისეთი ადამიანი აარჩიე, ანტიდეპრესანტები არ დაგჭირდეს. ერთადერთი მთავარი, რის გამოც ოჯახს დავანგრევდი, თან საუკეთესოს, თუ გვერდით ხდება რაღაც. ზოგმა იცის: მე გვერდზე იმიტომ გავიხედე, რომ ცოლი არ ვარგოდა ან ქმარი არ ვარგოდაო. არ არის ასე, ადამიანი გვერდზე გახედვით ან არ გახედვით, ერთნაირია.  
– ეჭვიანობის მომენტი გქონია?
– ეჭვიანობის მიზეზი უნდა გქონდეს. როცა ზვიკოს გავყევი, ვიცოდი, რომ პატარა ბიჭს არ გავყევი, გავყევი ჩამოყალიბებულ პიროვნებას. მაშინ სწორი არჩევანი გავაკეთე და ამას ვამბობ 22 წლის შემდეგ. მე რეალისტი ვარ – ან ვენდობი, ან არ ვენდობი. მაგრამ ეს ნდობა უნდა მოიპოვო.
– ცოტა ხნის წინ მონაკოში იყავით.
– მონაკოში წასვლა ჩემი ოცნება იყო და ზვიკომ ამისრულა, ისევე როგორც სხვა ოცნებები. სიურპრიზი მომიწყო: საქმეზე ვიყავით წასული, შვეიცარია-საფრანგეთში გადაღებები გვქონდა და მონაკოში ბოლო დღეებში წამიყვანა. ორივეს ძალიან ლამაზად დაგვამახსოვრდება, თავისი რეალობითა და საღამოს სეირნობებით. ვფიქრობ, რომ ყველაზე მაგარი ქმარი მყავს. მთელი ცხოვრება მას ვხატავდი, პიგმალიონის ეფექტი გამოგვივიდა, ის ბიჭი რეალობაში ნახატებიდან გადმოვიდა. განგებას, ალბათ, ვყვარებივართ, რომ ერთმანეთს შეგვახვედრა. ახლა რომ ძალიან გავხდი, აღარ მოსწონს: ძვალს ვეხებიო. ბოლო სამ წელიწადში რომ გავსუქდი, არაფერი უთქვამს და არც მიგრძნია. პირიქით, პირველად ვამბობ ახლა: სულ ვფიქრობდი, ნეტავ, ასეთიც მოვწონვარ-მეთქი? ახლა რომ გავხდი, ერთ-ორჯერ გამოთქვა პრეტენზია: ცოტა უნდა მოვიმატოთო.
– ყველაზე მეტად რით განსხვავდებით ერთმანეთისგან?
– მე ხულიგანი ვარ – ვაღიარებ, კულტურული ხულიგანი,  დიპლომატი. შემიძლია, არ ვაგინო ადამიანებს და ისე მოვაწესრიგო ყველაფერი.  ზვიკო უფრო თამამია, თუ რამე არ მოეწონება, არ აქვს სტატუსს მნიშვნელობა, პირდაპირ შუბლში „გლეჯავს“ პასუხს და ამის გამო რაღაცებიც წაუგია. პირდაპირ შეუძლია, დაახუროს ადამიანს, ვერ იტანს უსამართლობას. მე თავიდანვე ვიცოდი,  ვის გავყევი და ვიცი, რას ნიშნავს, იყო დიზაინერი და დიდი საქმე აკეთო. დიდ საქმეს დიდი მსხვერპლი სჭირდება და მე ეს გავიღე, როგორც დიზაინერმა და არა, ცოლმა. „მინდა“ ჩემს ლექსიკონში არ არსებობს და სულ მსაყვედურობს ამაზე: მითხარი რა გინდაო. ეს არის ხშირად ზვიკოს პრეტენზიის თემა ჩემთან მიმართებაში. თვითონაც სულ ამბობს, რომ ჩემთან არის ასეთი. არა მგონია სხვა ცოლთან ასეთი ვყოფილიყავიო. საბოლოოდ, მე მაინც არ გამიღია მსხვერპლი,  რადგან მყავს კარგი ოჯახი და ვიცი მისი ფასი. ხოლო როცა ეს  ფასი შენს ღირებულებაში ჯდება, ესე იგი, შენ გაიმარჯვე... და მე გავიმარჯვე საკუთარ თავთან და რეალობასთან.

скачать dle 11.3