კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 ბინძური მისია

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

სპორტული „მერსედესი“ რბილად შესრიალდა ფეშენებელური აგარაკის ეზოში. მანქანიდან ახალგაზრდა ქალ-ვაჟი გადმოვიდა. ისინი მანსარდიანი, ორსართულიანი ვილისკენ გაემართნენ. ზღურბლთან წყვილს სამოციოდე წლის მამაკაცი შეეგება და სახლში შეიპატიჟა. სასტუმრო ოთახში ქალ-ვაჟს მეორე მამაკაცი დახვდა, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა პირველს.
– გაიცანით, მეგობრებო, ეს ჩემი ძმაა, თემური, – თქვა მასპინძელმა.
თემური ჯერ გოგონას გამოწვდილ ხელს ეამბორა და, – სასიამოვნოაო, უთხრა. შემდეგ ვაჟს ჩამოართვა ხელი და გაუღიმა. ბოლოს კი ტყუპისცალს მიმართა:
– ოთარ, რაიმე მაგარს არ დაგვალევინებ?
– შენ კონიაკი დალიე. ჩვენს მეგობრებს კი საუცხოო ყავას მივართმევ, – თქვა ოთარმა და სამზარეულოში გავიდა. ორიოდე წუთის შემდეგ კი გორგოლაჭიანი პატარა მაგიდით დაბრუნდა, რომელზეც ყავით სავსე ჭიქები და კონიაკის „მოწყობილობა“ ელაგა, ძვირფას სასმელთან ერთად.
ტყუპებმა სიგარები გააბოლეს, თან კონიაკს წრუპავდნენ. ახალგაზრდებმა კი ყავა მოსვეს, თან უხმოდ ელოდნენ მასპინძლის სიტყვას, რომელმაც ისინი აგარაკზე დაპატიჟა. ქალ-ვაჟი – 28 წლის ინგა ხორავა და 30 წლის ირაკლი მიქაძე – უშიშროების სპეცაგენტები იყვნენ. ოთარ შამუგია კი – უშიშროების მოქმედი გენერალი და ამ სტრუქტურაში მაღალი თანამდებობა ეკავა. მასპინძელმა სიგარა საფერფლეზე დადო და ქალ-ვაჟს უთხრა:
– აქ იმიტომ მოგიწვიეთ, ჩემო მეგობრებო, რომ თქვენი პროფილის, მაგრამ კერძო საქმეზე დაგელაპარაკოთ. თანაც, რაც აქ ითქმება, ამ კედლებს არ უნდა გასცდეს. არა აქვს მნიშვნელობა, დათანხმდებით ჩემს წინადადებას თუ არა. თუმცა, თანხმობის შემთხვევაში, ას-ასი ათას დოლარს მიიღებთ თითოეული.
– ბოდიშს გიხდით, ბატონო ოთარ, მაგრამ ას-ასი ათას დოლარს მხოლოდ თანხმობის შემთხვევაში მივიღებთ? – იკითხა ინგამ და გაიღიმა.
– თქვენი თანხმობა საქმის წარმატების გარანტიაა და სწორედ, ამიტომაც გთავაზობთ თქვენ და არა სხვას, – ღიმილითვე უპასუხა გენერალმა თავის ხელქვეითს.
– კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, ბატონო ოთარ, გთხოვთ განაგრძოთ, – თქვა ინგამ.
ოთარმა ტყუპისცალისკენ გაიშვირა ხელი და თქვა:
– მე და თემური წარმოშობით აფხაზეთიდან ვართ და ომის დროს თავიდან ბოლომდე ვიბრძოლეთ. იბრძოდა ჩვენი უფროსი ძმა, გურამიც, რომელიც მძიმედ დაჭრილი შეიპყრეს და როლანდ თარბამ ის ჯერ სასტიკად აწამა, შემდეგ კი თავი მოჰკვეთა. გურამს ვაჟი დარჩა – მერაბი. ის ახლა ოცდაათი წლისაა. აფხაზებს ჰყავთ დაჭერილი, გასამართლებასა და დიდი ხნით ციხეში ჩასმას უპირებენ. ახლა ის სოხუმის იზოლატორშია და მინდა, მის დასახსნელად გაგიშვათ, თუ, რა თქმა უნდა, თანახმა იქნებით.
– სად და რის გამო დაიჭირეს?
– მოდი, ჯერ ის დავაზუსტოთ, თუ რა უნდოდა მერაბს სოხუმში, – ამოიხვნეშა ოთარმა და განაგრძო, – იქ ის როლანდ თარბას მოსაკლავად, ანუ – მამამისის სისხლის ასაღებად ჩავიდა. ყალბი საბუთები ჰქონდა და ვითომდა, იქიდან აქ სიგარეტის კონტრაბანდა უნდა განეხორციელებინა. რესტორანში, საქმიანი საუბრისას მას სოხუმის პოლიციის უფროსის ძმისშვილი აუშარდა. ჩხუბი ატყდა და მერაბს ისეთი მუშტი შემოუკრავს მისთვის, რომ იმ ბიჭს მძიმე ტვინის შერყევა მიუღია. ნეკნებიც ჩამტვრეული ჰქონდა. როგორ არ ვცადეთ მერაბის დახსნა, მაგრამ პოლიციის უფროსი უარზეა. მერაბს ორი მუხლი – სხეულის მძიმე დაზიანება და კონტრაბანდისტობა მიუყენეს. საქართველოს მთავრობისთვის ოფიციალური შეტყობინება არ გამოუგზავნიათ. ღმერთმა არ ქნას და როლანდ თარბამ რომ გაიგოს, სინამდვილეში ვინაა მერაბი, მამამისზე უარესს უზამს. ხომ ხვდებით, რა მძიმე სიტუაციაში ვართ?
– ბატონო ოთარ, ეს ორასი ათასი რომ მერაბის გამოხსნაში გადაიხადოთ? – იკითხა ანგამ.
– მეტსაც გადავიხდით, ჩემო კარგო, მაგრამ საშიშია. როგორც კი ამხელა თანხაზე დაიწყება ლაპარაკი, მაშინვე დაეჭვდებიან. მერაბს კი, გამოტეხვის მიზნით, სასტიკად აწამებენ. ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ ამაზე და ის გზა ვარჩიეთ, რასაც თქვენ გთავაზობთ, – უთხრა ინგას ოთარმა.
– ოპერაცია მოფიქრებული გაქვთ, ბატონო ოთარ? – იკითხა ინგამ.
– მხოლოდ სქემა მაქვს. დეტალები კი ადგილზე უნდა დამუშავდეს და თუ დათანხმდებით, საქმის გაკეთება არ გაგიჭირდებათ, – მიუგო ოთარმა.
– გაგვანდობთ? – გაიღიმა ინგამ.
– სოხუმის პოლიციის უფროსს ერთადერთი ვაჟი უნდა გასტაცოთ და მერაბი მასში გაცვალოთ. სულ ესაა, – თქვა ოთარმა.
– სოხუმში როგორ უნდა მოვხვდეთ? – დაინტერესდა ინგა.
– თავდაპირველად მოსკოვში ჩახვალთ. იქ აფხაზეთში დასასვენებელ საგზურს შეიძენთ და ჯერ ადლერში ჩაფრინდებით, იქიდან კი სოხუმისკენ მანქანით გაემგზავრებით. რადგან შესაბამისი გარეგნობები გაქვთ, გექნებათ რუსი ეროვნების ცოლ-ქმრის რუსული პასპორტები მოსკოვური ჩაწერით. მოსკოვში ესენტუკიდან ჩაფრინდებით, ესენტუკში კი თბილისიდან ავტობუსით გაემგზავრებით.
– სოხუმში იარაღი დაგვჭირდება.
– ადგილს მიგითითებთ, სადაც თქვენთვის საჭირო შეიარაღება და ეკიპირებაა.
– ფულს როგორ მივიღებთ?
– თუ თანახმა იქნებით, შეგვიძლია, ახლავე გადაგიხადოთ სრული თანხა.
ინგას გაეცინა და ირაკლი მიქაძეს რუსულად უთხრა:
– კარგი ვარიანტია და მე თანახმა ვარ. შენ – ქმარიკო?
ირაკლიმ მხრები აიჩეჩა და ინგას ქართულად უპასუხა:
– მეც, ჩემო საყვარელო ცოლიკო.
ინგა და ირაკლი 100-100 ათასი დოლარით წამოვიდნენ ოთარ შამუგიას აგარაკიდან. გოგონამ ძალზე სწრაფად გაიარა გზა წყნეთიდან  თბილისამდე. მეორე დღეს გენერალმა ოთარ შამუგიამ ინგა ხორავასა და ირაკლი მიქაძეს 24-24-დღიანი საზაფხულო შვებულებები გაუფორმა, თან ელენა კოზლოვასა და ვიქტორ პავლოვის სახელებზე გამოწერილი, მოსკოველი ცოლ-ქმრის, რუსეთის პასპორტები გადასცა. შემდეგ დილას კი წყვილი თბილისიდან ავტობუსით გაემგზავრა ესენტუკში.
***
ინგა და ირაკლი სოხუმში ხუთი დღის შემდეგ ჩავიდნენ და სასტუმრო „ინტურისტში“ დაბინავდნენ. საკურორტო სეზონის მიუხედავად, აფხაზეთში ტურისტების სიხალვათე იგრძნობოდა. იქ მხოლოდ რუსები და პოსტსაბჭოური სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობა ჩადიოდა. თუმცა, ისინიც ერიდებოდნენ კრიმინალურ, ნახევრად დანგრეულ რესპუბლიკაში გამგზავრებას და იქ ისინი იყვნენ, ვისთვისაც ევროპული კურორტები მიუწვდომელი იყო. თუმცა იყვნენ „ფულიანი გამონაკლისებიც“, ვისაც დასვენებაზე მეტად ზღაპრული აფხაზური ბუნების გაცნობა იზიდავდა და ინგა და ირაკლი სწორედ ასეთი გამონაკლისების სახით წარუდგნენ ადგილობრივებს. ქალ-ვაჟი კავკასიელებს არ ჰგავდნენ, გარეგნობით სლავებს ჩამოჰგავდნენ. რუსულ ენაზე უაქცენტოდ, სრულიად გამართულად საუბრობდნენ და მათ არარუსობაში ვერავინ შეიტანდა ეჭვს. პირველი სამი დღე ქალ-ვაჟმა სოხუმისა და მისი შემოგარენის დეტალურად გაცნობას მოანდომეს. აგრეთვე, შეამოწმეს იარაღისა და ეკიპირების სამალავი, რაზეც მათ ოთარ შამუგიამ მიუთითა. დეტალებში რომ დააზუსტეს და ყველაფერი კარგად გაიაზრეს, ოპერაციის მეორე ფაზაზე გადავიდნენ. სოხუმში ჩამოსვლიდან მეოთხე დღეს, ღამის თერთმეტ საათზე, უკიდურესად აღელვებულები სოხუმის პოლიციის სამმართველოში მივიდნენ და განაცხადეს, რომ ისინი გაძარცვეს. განსაკუთრებით ქალი აქტიურობდა, რომელმაც მორიგე პოლიციელს შეუტია და უთხრა:
– ესაა თქვენი სტუმართმოყვარეობა და წესრიგი? ტურისტულ სააგენტოში ისე დაგვიხასიათეს აქაურობა, რომ გვეგონა, სამოთხეში მოვდიოდით. აქ კი ბანდიტებისა და მოძალადეების ბუდე ყოფილა. ნახევარი საათის წინ დაგვესხნენ თავს და მთელი ფული წაგვართვეს. უმადურებო! ჩვენ რუსებმა ეს ტერიტორია ქართველებს გამოვგლიჯეთ ხელიდან და თქვენ მოგეცით, თქვენ კი  არც რუს ტურისტებს ინდობთ. მე და ვიტია შარშან თბილისში ვიყავით მთელი სამი კვირა, ღამით კლუბებში დავდიოდით, ფეხით გვისეირნია გათენებამდე, მაგრამ ზედმეტი სიტყვაც კი არავის უთქვამს...
მორიგე ზემდეგი უხმოდ, საწყალი სახით ისმენდა ქალის სალანძღავ სიტყვებს და ვინ იცის, ეს კოშმარი კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა, რომ არა ახალგაზრდა კაცი, რომელიც უხმოდ ჩამოვიდა კიბეზე და ზურგით მდგომ ქალს ჰკითხა:
– რა ხდება, ქალბატონო, რამ აგაღელვათ?
მორიგე ზემდეგი ფეხზე წამოხტა, „ჩესტი“ აუღო ახალგაზრდას და რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ქალმა დაასწრო:
– თქვენს სამოთხეში ახლახან უნამუსო ბანდიტებმა გაგვძარცვეს და რაც ფული გვქონდა, სულ წაგვართვეს.
– ჩემს კაბინეტში წამობრძანდით და ყველაფერი იქ გავარკვიოთ, – ხელით მიიპატიჟა წყვილი ახალგაზრდამ, წინ გაატარა, თან დიდი ინტერესით შეათვალიერა ქალის ლერწამივით მოქნილი სხეული, რომელსაც წითელი, მოკლე კაბა მეტ სექსუალურობას ანიჭებდა.
შენობის მეორე სართულზე მდებარე გამომძიებლის კაბინეტი უფრო სასტუმროს ნომერ ლუქსს ჩამოჰგავდა, ვიდრე რიგითი თანამშრომლის ოთახს. ძვირფასი საწერი მაგიდისა და სავარძლის გარდა, იქ ასევე ძვირფასი ტყავის სავარძლები, შუშის მაგიდა და უზარმაზარი ტყავის ტახტი იდგა. კედელში შედგმული კარადების ვიტრინაში ძვირფასი სასმელები ჩანდა, ღია კარადიდან – კი ტანსაცმელი. ახალგაზრდამ სურსათ-სანოვაგით გამოტენილი მაცივარი გამოაღო და მინერალური წყლის ბოთლი გამოიღო. ფაქტობრივად, მისი კაბინეტი საპრეზიდენტო აპარტამენტივით იყო მოწყობილი. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან კაბინეტის პატრონი, 25 წლის პოლიციის კაპიტანი ჯამბულ შამბა ტარას შამბას ერთადერთი ვაჟი იყო. პოლკოვნიკი ტარას შამბა კი – სოხუმის პოლიციის უფროსი. 25 წლის, უცოლო ჯამბულის „ბაბნიკობაზე“ აფხაზეთში ლეგენდები დადიოდა. „ნორჩი“ კაპიტანი სამძებროს უფროსის მოადგილე იყო და სქესობრივ აღვირახსნილობასთან ერთად სადისტური მიდრეკილებებითაც გამოირჩეოდა. გამოსატეხ დამნაშავეებს ხშირად პირადად აწამებდა და ამით კმაყოფილებას იღებდა. ძარცვასთან დაკავშირებული ტრიუკი სწორედ ჯამბულ შამბას მექალთანეობაზე იყო გათვლილი და კაპიტნის გატაცებას მასთან დაახლოების შედეგად აპირებდნენ. ეს ცნობები ქალ-ვაჟმა ჯერ კიდევ თბილისში შეიტყვეს გენერლისგან და მოტაცების ოპერაციის ღერძი სწორედ ამ მომენტზე იყო აგებული. სხვაგვარად კაპიტნის მოხელთება ბევრად უფრო რთული იყო, რადგან მას ნაწამები ადამიანების შურისძიების ეშინოდა და ხუთი კარგად შეიარაღებული პოლიციელის თანხლებით გადაადგილდებოდა. სხვათა შორის, მან მერაბ შამუგია წინასწარი დაკავების საკანში ისე სასტიკად სცემა, რომ მან ორჯერ გონება დაკარგა და პატიმარი მამამისს რომ არ გამოეგლიჯა ხელიდან, ტყუპების ძმისშვილი სოხუმის პოლიციაში დალევდა სულს. მოსკოველი ცოლ-ქმრის „გაძარცვის“ ღამეს ჯამბული მორიგე იყო. ეს კარგად იცოდა ქალ-ვაჟმა და სწორედ ამიტომ გაითამაშეს ეს სპექტაკლი სწორედ იმ საღამოს. კაპიტანმა დაბალ სავარძლებში დასვა წყვილი, რომ ქალის შიშველი, კოხტა ფეხები უფრო გულდასმით შეეთვალიერებინა. თავადაც დაჯდა და ქალს უთხრა:
– აბა, მომიყევით, რა შეგემთხვათ.
– ჩვენ მოსკოველები ვართ. ცოლ-ქმარი – მე ელენა კოზლოვა, ჩემი ქმარი კი ვიქტორ პავლოვია. სასტუმრო „ინტურისტში“ ვცხოვრობთ, მეოთხე დღეა, რაც ტურისტული საგზურით ჩამოვედით. ამ საღამოს პორტისპირა რესტორანში ვივახშმეთ და ფეხით გავუყევით ქუჩას. სიბნელეში ერთ-ერთ ვიწრო ქუჩიდან ორი ბანდიტი გამოგვიხტა. მე და ვიქტორს დანები მოგვაბჯინეს ყელზე და რაც ფული გვქონდა – ორი ათასი დოლარი, სულ წაიღეს.
ინგამ ისე დეტალურად დაუხატა ჯამბულს მძარცველების ლაპარაკის მანერა, რაც გენერალმა მას ჯერ კიდევ თბილისში შეასწავლა, რომ კაპიტანმა კბილებში გამოსცრა:
– წყეული ზუგდიდელები. ისევ ისინი არიან. ერთი ხელში ჩამივარდნენ და სულს ამოვართმევ.
აფხაზეთში ზუგდიდიდან დროდადრო მართლაც გადადიოდა მძარცველთა ჯგუფი და მათი სახელით სარგებლობა მეტი დამაჯერებლობისთვის გახდა საჭირო.
– რა ვქნათ, რა ვიღონოთ. ჯიბეში ერთი კაპიკიც აღარ გვაქვს და აქ კიდევ ორ კვირაზე მეტხანს უნდა დავრჩენილიყავით, – აქვითინდა ელენა კოზლოვა, თან იმეორებდა, – ტურისტული საგზურით დღეში სამჯერადი კვება კი გვაქვს და უკან დასაბრუნებელი ბილეთები, მაგრამ მთელი აფხაზეთის დათვალიერება გვინდოდა, რესტორნებში სიარული და სუვენირების შეძენა... ბანდიტებმა კი ყველაფერი ჩაგვიშალესო...
ვიქტორი ჯერ უხმოდ იჯდა და „იტანჯებოდა“. შემდეგ მანაც მუხლებში ჩარგო თავი და მეუღლესავით, მწარედ აქვითინდა. ჯამბულ შამბამ დამცინავი მზერა ესროლა მტირალა ვიქტორს. სასიამოვნო მოლოდინმა გული აუჩქარა და გაიფიქრა: „ამ გამოსირებულს ყოველდღე არყით დავათრობ, ამ ქალთან კი ჩემს გემოზე გავერთობიო“. კაპიტანმა ღიმილით გააქნია თავი და უთხრა:
– ნუ ტირით, მეგობრებო, დღეიდან თქვენ ჩემი სტუმრები ხართ და ვერავინ გაწყენინებთ. აფხაზეთსაც მე მოგატარებთ და სუვენირებითაც დაგასაჩუქრებთ. თქვენს გამგზავრებამდე კი იმ ბანდიტებსაც დავიჭერთ და ორი ათას დოლარს უკლებლივ დაგიბრუნებთ.
– მართლა? რა კარგია! – ერთდროულად წამოიძახა წყვილმა და ტირილი შეწყვიტეს. ელენამ კი ჯამბულ შამბა რომ კიდევ უფრო მეტად აღეგზნო და თავისი ავლადიდება დაენახვებინა, კაბის კალთა „წინდაუხედავად“ აიწია და თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა.
კაპიტნის სახლში ცხოვრებაზე წყვილმა კატეგორიული უარი განაცხადა, იმ მოტივით, რომ სასტუმროს ნომერში მეტად თავისუფლად გრძნობდნენ თავს, რაც ახალდაქორწინებულებისთვის აუცილებელი იყო. სამაგიეროდ, აფხაზეთის დათვალიერებასა და სუვენირების მიღებაზე დათანხმდნენ. კაპიტანმა თავისი მანქანითა და შეიარაღებული ამალის თანხლებით მიიყვანა წყვილი სასტუმროში და უკან გაბრუნდა. თუმცა, ელენათი ისეთი აღგზნებული იყო, რომ ვნებების დაოკება ძალიან გაუჭირდა.
სასტუმროს ნომერში რომ განმარტოვდნენ, ვიქტორმა ელენას უთხრა:
– ჭკუაზე აღარაა შენგან ეს ნაძირალა. ძლივს შევიკავე თავი, რომ მისთვის კისერი არ მომეტეხა.
– გაგიჟდი, ქმარიკო? კლიენტი ჩვენს საკენკს კენკავს და მალე მახეში გავაბამთ, შენ კი ყველაფრის ჩაშლა გინდა? – მიუგო ლენკამ და გაუღიმა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3