კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

№17 სიყვარულის მავნე შედეგები

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #14-16(955)
კარი რომ მიხურა, ზურგით მიეყრდნო და მხოლოდ მაშინ გააცნობიერა სრულად საკუთარი მდგომარეობა. მის ადგილზე, ნებისმიერი ქალი სასოწარკვეთას მიეცემოდა. ერთი უმწეო ბავშვი, მეორეს მუცლით ატარებდა, კრედიტით ნაყიდი ბინა და არანაირი იმედი იმის, რომ სტაბილური შემოსავალი საიდანმე გამოუჩნდებოდა.
ოთახში შევიდა. სოფოს უკვე ეძინა. რა თქმა უნდა, შეეძლო, მეგობრებისა და მშობლების იმედი ჰქონოდა, მაგრამ მათი მხრიდან საყვედურების მოსმენა მოუწევდა. ამოიოხრა და ლეპტოპი ჩართო. არაფერი, არცერთი მესიჯი – არც სოციალურ ქსელში და არც მობილურში. „იმას“ უკვე აღარ ახსოვდა. ალბათ, ახლა მუხლებზე დაჩოქილი ევედრებოდა ცოლს, მაპატიეო... ანანოს შეაჟრჟოლა. არ უნდოდა, საკუთარ თავს გამოტყდომოდა, რომ ეს კაცი მაინც უყვარდა. ყოველ შემთხვევაში, არ სძულდა. სურვილი ჰქონდა, ამოერეცხა გულიდან, მაგრამ მასზე ისე ფიქრობდა, როგორც სასურველ მამაკაცზე. ამას ვერც მეგობრებს აუხსნიდა, მით უფრო, ვერც მშობლებს. ვერ გაიგებდნენ. თვალები დახუჭა. რა ელოდა ხვალ, ზეგ, ბავშვის გაჩენის მერე, იმ ბავშვის, რომელზეც ერთმა მშობელმა მის დაბადებამდე თქვა უარი.
მახო – ანანოს პირველი ქმარი ისეთი შეყვარებული ჩანდა, ქალი დარწმუნებული იყო, ამას რომ უარი ვუთხრა, მოკვდებაო... მალევე მიხვდა თავის შეცდომას. კაცს პასუხისმგებლობის ნასახი არ გააჩნდა. ნამდვილი სახე ისე მალე  გამოაჩინა, რომ თაფლობის თვეც კი არ ჰქონიათ. სოფო ორი წლის იყო, როცა სამუდამოდ გაიხურა კარი და დაიკარგა. ჰო, დაიკარგა – ისე აორთქლდა, თითქოს ერთ ქალაქში არც უცხოვრიათ, შვილიც აღარ მოუკითხავს. ანანოს თავიდან გაუჭირდა, მაგრამ სოფო აძლევდა ძალას, თავის პატარა ხელებს შემოახვევდა ხოლმე და ქალსაც ყველაფერი ავიწყდებოდა. ნაცნობების დახმარებით უცხოელების ოჯახში მოეწყო ძიძად. ამერიკის საელჩოში მუშაობდა ცოლიც და ქმარიც. პატარა გოგო ჰყავდათ, სოფოს ასაკის. ანანოს ნებას რთავდნენ, ბავშვი თან წაეყვანა. მარტოხელა დედისთვის ეს ნამდვილი ხსნა იყო. ამერიკელები კარგადაც უხდიდნენ. ანანომ ჯერ ბინა იგირავა, მერე კი კრედიტით იყიდა. ბანკი მას ამხელა თანხას არ მისცემდა, მეგობრები დაეხმარნენ. უფრო სწორად, დიკოს ყოფილი ქმარი, რომელიც ბანკის ერთ-ერთ ფილიალს ხელმძღვანელობდა. ფეხზე ნელ-ნელა დგებოდა. როცა ამერიკელების ოჯახს საქართველოში ყოფნის ვადა  დაუმთავრდა, ანანოზეც იზრუნეს. პროტექცია გაუწიეს, რომ ერთ-ერთ პრესტიჟულ ტურისტულ სააგენტოში დაეწყო მუშაობა. მახო დიდი ხანია, დავიწყებული ჰყავდა. რეზო კი მოულოდნელად გამოჩნდა. სიყვარულით ანთებული თვალებით. ანანომაც იფიქრა, რომ ის იყო ღმერთის საჩუქარი, რომელმაც ამდენი ტანჯვის სანაცვლოდ გამოუგზავნა. ისევ შეცდა...
 ცრემლები ერთმანეთის მიყოლებით ცვიოდნენ კლავიატურაზე, ასოებს ასველებდნენ. ანანო ვეღარაფერს ხედავდა, მაგრამ გაიგონა, ვიღაც კონტაქტზე გამოვიდა. თვალები სწრაფად მოიწმინდა ხელისგულებით. რეზომ ხომ არ მომწერაო. თავიდან ვერ იცნო, მერე გაახსენდა... მამაკაცის პირად გვერდზე გადავიდა, რომ დარწმუნებულიყო, ნამდვილად ის წერდა თუ არა. ფოტოებს ჩაუყვა – ჯოზეფ მასკი... თავაზიანი და სიმპათიური მამაკაცი, თავმდაბალი ღიმილითა და მორცხვი მზერით. ანანოზე თორმეტი წლით იქნებოდა უფროსი. ანანო გრძნობდა, რომ კაცს მოსწონდა, მაგრამ ჩუმად იყო. ჯერ ერთი, ფლირტისთვის არ ეცალა და მეორეც – ასეთი მორიდებული კაცები დიდად არ მოსწონდა.
ერთხანს უყურა მოკლე, მაგრამ აშკარად დიდხანს ნაფიქრ წინადადებას. ვერ გადაეწყვიტა, უნდა ეპასუხა თუ არა. ცოტა დაიბნა კიდეც. მოულოდნელი იყო ასეთი ყურადღება მამაკაცისგან, რომელსაც ერთხელაც კი არ გაუღიმა თბილად. თითები თავისით ათამაშდნენ კომპიუტერის კლავიატურაზე. კაციც გათამამდა. გაუხარდა კიდეც, რომ მისი ყურადღება უპასუხოდ არ დარჩა. გულითადად მოიკითხა ანანო. უთხრა, შენს ფოტოებს მუდმივად ვათვალიერებ. ბოლო დროს კიდევ უფრო გალამაზდი. დაღლილი როცა ვარ, ჩვევად მექცა შენი სურათების თვალიერება და ისეთი ენერგიით ვიმუხტები, რომ ვხვდები, კეთილი ფერია ხარო. ანანოს გულში რაღაც გაუთბა, გაულღვა და თავისდა უნებურად, კაცს ბოლომდე გაეხსნა – ყველაფერი მოუყვა, დაწვრილებით და ისეთი გულახდილობით, მხოლოდ საკუთარ თავთან რომ იჩენს ადამიანი. დაათენდა. ჩართულ ლეპტოპთან ჩაეძინა, ფანჯარაში მზის პირველმა სხივმა რომ შემოანათა... მთელი ამ დღეების განმავლობაში პირველად ეძინა მშვიდად და ისე უშფოთველად, როგორც მშობლების სიყვარულით განებივრებულ ბავშვს.
***
დიკომ სიგარეტს მოუკიდა და ყავა მოსვა – რაღაცით უკმაყოფილო ჩანდა. დროდადრო საათზე იხედებოდა. ვიღაცას ელოდა.
– სად ხარ ამდენ ხანს? – მიახალა მეგობარს პრეტენზიული ტონით. მაშომ დამნაშავესავით დაახამხამა წამწამები.
– რა ვქნა, ნოდოსგან ძლივს დავიხსენი თავი, არ მიშვებდა.
– არსად დაგეკარგოთ ერთმანეთი, – დასცინა დიკომ, – მაინც სად იპოვე ეგ უნიკუმი?
–  უნიკუმი რატომ არის?  რანაირი ლაპარაკი იცი ხოლმე. შენ რომ ნოდოსნაირი კაცები არ მოგწონს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩემს საქმროს უარი უნდა ვუთხრა! – აღშფოთდა მაშო.
– ჰო, კარგი, ნუ იბუსხები. რა გავაკეთო, რომ ჩემს დაქალებს გონება გაგინათოთ. ერთი ოჯახს ეწირება მსხვერპლად, მეორეს სიყვარული მავნე ჩვევად ექცა, მესამეს საერთოდ ვერ გაურკვევია, რა უნდა... მეოთხე მხევალივით იქცევა.
– დააკონკრეტე – მესამე ვარ თუ მეოთხე, ანუ მხევალივით მე ვიქცევი?
– დიახ და გეხვეწები, ნუ ამახსნევინებ, რატომ ვფიქრობ ასე.
მაშომ ხელი ჩაიქნია.
– არ მჭირდება ახსნა, მთავარია, შენ ხარ კაცების ექსპერტი, მაგრამ ჯერ ვერაფერში გამოგადგა.
დიკომ თვალები მოჭუტა.
– საკალელი მაშიკო... და, ვინ გითხრა, რომ არ გამომადგა?! ისეთი მაგარი ვინმე გავიცანი... მაგრამ ამაზე მერე ვილაპარაკოთ. ანანოს რა ვუყოთ?
– ოჰ, ანანოზე მეც ბევრს ვფიქრობ და ვერაფერი მოვიფიქრე. ნეტავი როდის მიხვდება, რა მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. ჯერ ბავშვს რამდენი უნდა? მგონი, აღრიცხვაზე დადგომაც დააგვიანა და სახელმწიფოც არაფერს დაუფინანსებს. ჩვენ დავეხმარებით, მაგრამ რამდენ ხანს?
– დაფინანსების საკითხს მე მივხედავ, მაგრამ იმ ტიპს ასე უნდა შერჩეს ყველაფერი?
– ხომ არ მოვკლავთ? რისი თქმა გინდა, ვერ მივხვდი.
– ანანო უნდა დავითანხმო, უჩივლოს და მამობის აღებას სასამართლოთი მიაღწიოს, – დიკომ ბრაზით ჩაჭყლიტა სიგარეტი.
– კარგი, რა... ვის რად უნდა მაგისი აღიარება. ეგდოს თავის ცოლთან, თუკი დაიტოვა იმ ქალმა. მეეჭვება, ანანოს მისი დანახვა უნდოდეს და მესმის კიდეც, რას განიცდის.
– ადრე არ უნდა ნდომოდა მისი დანახვა. ახლა გვიანია. მაინც რამ შეაყვარა ეგ მახინჯი?! – გულისწყრომა ვერ დამალა დიკომ და ზიზღით მობრიცა ტუჩები.
– გარეგნობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს მამაკაცისთვის, მთავარია, ისე იყოს ნორმალური.
– ნორმალური, ანუ ფულიანი, ხომ? – თავი გადააქნია დიკომ, – როგორც იქნა, მოხვედი ჭკაუაზე.
– არა, ეგ არ მიგულისხმია. ფული რა შუაშია? – ერთგულება და სიყვარულია მთავარი.
– სიყვარულზე ნუ ლაპარაკობ, თორემ გავგიჟდები, – გადაიკისკისა დიკომ, – ეგ რომანტიკა დაგღუპავს შენც.
– ანუ, ანანო დაღუპა? – მაშოს თვალები დაუმრგვალდა აღშფოთებისგან.
– ვაიმე, გოგო... უტრირებას ნუ უკეთებ ჩემს სიტყვებს. დაღუპვას ნიშნავს მისი ამჟამინდელი მდგომარეობა, აბა, რა არის. რომ წარმოვიდგენ, რის გამოა ასეთ მდგომარეობაში, მისი ცემა მინდება.
– ორსულია, რა ცემა, გაგიჟდი?
– ო, ეს ისე ვთქვი. მართლა ხომ არ ვცემ. ხვალ ექიმთან გაყვები? მე უკვე დავურეკე და ყველაფერი მოვაგვარე. ახლობელია და რაც მთავარია, ძალიან კვალიფიციური.
– გავყვები, აბა, რას ვიზამ. ნოდოს ვთხოვ და მანქანით წაგვიყვანს.
– ჰო, კარგი იქნება. უნდა მივხედოთ, სხვა რა გზაა... – ამოიოხრა დიკომ, – რა ეშველება ორი ბავშვით. ჩემი ცხოვრება ვერ დამილაგებია და ახლა კიდევ ეგ გამიხდა სადარდელი. თანაც, უკვე მეორედ.
***
– მარიკამ ნამცხვრიანი ლანგარი ფრთხილად დადგა მაგიდაზე და ქმარს გასძახა:
– გიო, მოდი, ჩაი დავლიოთ, შენი საყვარელი ალუბლის ღვეზელი გამოგიცხვე. ბავშვებს მერე ვაჭმევ.
– ცოტა ხანში... ფეხბურთს ვუყურებ...
– თბილია გემრიელი, მოდი, რა!
– აქ მომიტანე და შენც აქ მოდი... იცი, რა მაგარი თამაშია?
მარიკამ ლანგარზე დაალაგა ფინჯნები, ნამცხვარი დაჭრა, პატარა თეფშზე დააწყო და ჩაიც დაასხა. ზუსტად ამ დროს კარზე ვიღაცამ დარეკა.
– გიო, გააღებ?
– ვერა... ახლა გოლი უნდა გავიდეს... – ხელი აიქნია კაცმა.
მარიკა კარისკენ გაემართა. ლიზიკომ ჯერ მოზრდილი ყუთი გაუწოდა, მერე თავადაც შევიდა. უკან მაშო მოჰყვებოდა.
– არ გველოდი? ჰო, ცოტა შეგვაგვიანდა, მაგრამ მნიშვნელოვანი საქმეა. რომ არ მოვსულიყავით, დიკო დაგვხოცავდა.
– თვითონ სად არის?
– პაემანზე, – გაიცინა ლიზამ და გიოს ხელი დაუქნია, – გამარჯობა, გენერალო, განცხრომაში ხარ?
– ვიყავი, სანამ თავს დაგვესხმებოდით. რატომ არ გვასვენებთ, ძვირფასებო? თქვენგან განსხვავებით, მარიკას ჰყავს ქმარი და სამი შვილი... ხანდახან მაინც უნდა გახსოვდეთ.
 – ტირანი ხარ. როგორ გიძლებს მარიკა, – ჩაიბუზღუნა მაშომ, – ყველანი ერთნაირები როგორ იბადებით ეს კაცები.
– ყველანი? – ირონიულად გაიცინა გიომ, – შენ მაინც როგორ ამბობ ამას. ერთხელაც არ ყოფილხარ გათხოვილი. დიკო ან ანანო კიდევ მესმის, მაგრამ შენ?
– მარიკა, უთხარი შენს ქმარს, ნუ დამცინის და ელემენტარული სტუმარმასპინძლობა გამოიჩინოს ცოლის დაქალების მიმართ, – აღშფოთდა მაშო.
გიომ ჩაიცინა.
– სტუმარი გამიგია საღამოს რვა საათამდე. კარგი, ცხრამდე. ახლა ათი საათია, ანუ ღამეა. ყველა ნორმალური ადამიანი ასეთ დროს სახლშია და სხვას სიმშვიდეს არ ურღვევს.
– გიო, გეყოფა! – უკმაყოფილო ტონით მიმართა ქმარს მარიკამ და მეგობრებს მიუბრუნდა, – მოდით, გოგოებო, ხომ იცით, ამისი ამბავი – ხუმრობს. ახლავე ყავას მოვადუღებ. სამზარეულოში გავიდეთ...
როცა მარიკამ ყავადანი გაზქურაზე დადგა და ყუთიდან ნამცხვრები ამოალაგა, მაშომ ვეღარ მოითმინა.
– არ ვიცი, რა, მაგარი ნერვები გაქვს... შენს ქმარს ვგულისხმობ. ვერ გვიტანს ტიპი...
– ოჰ, რას იგონებ, – ლიზამ ნაძალადევად გაიცინა და მაშოს თვალები დაუბრიალა, – გიოს ვუყვარვართ. რით ვერ მიეჩვიე, რომ მწარე ენა აქვს.
– მწარე ენა რომ აქვს და უხეშია, მაგას ვამბობ მეც. შეჭამა ეს გოგო. ამას რომ ვუყურებ, გათხოვების სურვილი მეკარგება. ყველა კაცს ბოლოს მაინც მოსამსახურედ უნდიხარ.
– ჰოდა, შენც ნუ გაჰყვები ცოლად ნოდარს. მარადიულ შეყვარებულებად დარჩით... თუ ერთ დღეს საერთოდ არ გაგექცა.
– ოჰ, ნოდო კიდევ ცალკე თემაა. სერიოზულად ეჭვიანობს თქვენზე. დიკოსი კი, საერთოდაც, ეშინია, – გადაიკისკისა მაშომ.
– ეგ ნოდო გამაცანით, რა... – გიო სამზარეულოში შევიდა და მაგიდასთან მოკალათდა.
– რა გინდა ახლა... არ ვართ მასხრობის გუნებაზე, – წარბი შეიკრა მარიკამ.
– ვიცი. ანანოზე დარდობთ. ეგ ნამცხვარი მაჭამეთ, ყავა დამალევინეთ და შეიძლება, დაგეხმაროთ კიდეც.
გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს.
– დაგვცინი, ხომ? – ფრთხილად ჰკითხა ლიზამ, მარიკამ ყოველი შემთხვევისთვის, ყავის კიდევ ერთი ფინჯანი შემატა სუფრას და დადარაჯებულივით გაინაბა.
გიომ მხრები აიჩეჩა.
– არა, არ დაგცინით. პირიქით, მომწონს თქვენი ასეთი მობილიზაცია და დახმარებას გთავაზობთ.
– კონკრეტულად? – ლიზამ თავის ხელში აიღო სიტუაციის მართვის სადავეები.
– იმ ტიპს შევხვდები?
– ჰა?! – ერთდროულად აღმოხდათ ქალებს, – ამას სერიოზულად ამბობ?
მარიკამ ყავა დაასხა. ქმარს ნამცხვრიანი თეფში მიუჩოჩა და გაიბადრა.
– როგორი კარგი მყავხარ, კეთილი... აბა, რა?! რატომ უნდა ეგონოს იმ ვიგინდარას, რომ ეგ გოგო უპატრონოა...  ჩერჩეტი რომ არის, ეს არაფერს ცვლის. ჩვენია და ჩვენვე უნდა მივხედოთ.
– მოიცა, ჯერ დავგეგმოთ, – გამოცოცხლდა მაშო, – რომ შეხვდები, რას ეტყვი?
– რა უნდა ვუთხრა. ერთი ორს წავუთაქებ, რომ მიხვდეს, როგორ არაკაცურად მოიქცა.
– ეჩხუბები? – შეშინდა ლიზა და მარიკას გადახედა, – პოლიციას რომ გამოუძახოს? ეგ ისეთი ნაძირალაა, არ გამიკვირდება.
– ნუ გეშინიათ, მარტო არ ვიქნები, შენი საქმრო გამაცანი, ნოდარი ჰქვია, ხომ? დიკოსაც ეყოლება ვინმე, ვიცი მე მაგისი ამბავი და მივადგებით ერთად.
– ჩემი ნოდოც გინდა აჩხუბო? – დამფრთხალმა მაშომ შიშით შეხედა მეგობრის ქმარს, – გიო, არ მინდა, შარში გაეხვიოთ.
– ნუ გეშინია, ვიცნობ ეგეთ კურდღლებს. ეგრევე, „ჩაიჯვამს“. ცოტა აზრზე მოვიყვანთ. მიდი, დაურეკე შენს ნოდოს და უთხარი, მოვიდეს?
– დღეს? ახლა?
– ბარემ გავიცნობ. რადგან შემომეჭერით და ტელევიზორის მშვიდად ყურების საშუალება არ მომეცით, ახლა პარტნიორიც მომიძებნეთ. ლუდი მაქვს, დავსხდებით, დავილაპარაკებთ... ხომ უნდა ვიცოდე, ჩემი ცოლის დაქალი ვისზე თხოვდება.
სამზარეულოში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. მეგობრები ფიქრობდნენ. რეზოს ცემაზე უარს არავინ იტყოდა, მაგრამ მოსალოდნელი გართულებებიც ხომ უნდა გაეთვალისწინებინათ?! ჯერ ერთი, რას იტყოდა ანანო. მარიკას ქმრის უსაფრთხოება ადარდებდა... მაშო იმაზე ღელავდა, საგულდაგულოდ დამალული საქმრო რომ უნდა გაეცნო დაქალებისთვის. ვერაფრით გადაეწყვიტა, იყო თუ არა ეს სიტუაცია შესაფერისი მომენტი.
– კარგი, დავურეკავ, – თქვა ბოლოს ყოყმანით...
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3