კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 საინტერესო დაკრძალვა


ოლივია დარნელი


ჯეინ დარანდის დაკრძალვაზე ბევრი ხალხი მოვიდა. სენტ-ოსტინში უყვარდათ ეს კეთილი ქალი. ყველა შეძრა მისმა უაზრო დაღუპვამ. სეირნობის დროს კლდიდან გადაიჩეხა. სტეფორდების გვარის ბოლო წარმომადგენელი იყო. იმ ოჯახის უკანასკნელი შვილი, რომელიც სენტ-ოსტინში მისი დაარსების დღიდან ცხოვრობდა. ქალაქი მათ უმადლოდა  მშვენიერ აფთიაქებს. ჩარლზ დარანდის ისინი, სახლთან და აყვავებულ ბიზნესთან ერთად, ჯეინის მზითევის სახით ერგო. სასაფლაოზე შეკრებილი ხალხის მზერა მხოლოდ ქვრივისკენ არ იყო მიმართული. ისინი ედნა ბერკლისაც უჭვრეტდნენ. სწორედ ის იყო ჯეინ დარანდის სიკვდილის მოწმე. მან მოუთხრო პოლიციას, როგორ გამოვიდა საღამოს ოკეანის სანაპიროზე სასეირნოდ და მისტერ და მისის დარანდები დაინახა, რომლებიც ზევით, კლდეზე სეირნობდნენ. დაინახა, როგორ წაეპოტინა მისის დარანდი ყვავილს, რომელიც კლდის კიდეზე იზრდებოდა, ფეხი დაუცდა და გადაიჩეხა. პოლიციას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა,  ედნას სიტყვებში ეჭვი შეეტანა. კორნოულში კლდიდან ადრეც გადავარდნილან. დარანდების ოჯახი საუკეთესო რეპუტაციით სარგებლობდა.
სასაფლაოზე ყურადღების მესამე ობიექტი, ხანშიშესული წითური ქალბატონი იყო – მის კასანდრა ფეისი, ბიბლიოთეკარი. სენტ-ოსტინში მეცხრამტე საუკუნეში შექმნილი ბიბლიოთეკა კულტურული ცხოვრებისა და გართობის  ცენტრად ჰქონდათ. ამას ბიბლიოთეკარის პიროვნებაც განაპირობებდა, რომელიც საქმის საოცარი ერთგულებით გამოირჩეოდა და ქალაქში ნამდვილი კუდიანის რეპუტაციით სარგებლობდა. ეს ქალი ამტკიცებდა, „უზენაეს სამართლიანობას“ ვერავინ გაექცევაო – გულისხმობდა, ვინც წიგნს ცუდად მოექცევაო. „უზენაესი სამართლიანობის“ პირველი გამოვლინება ახალგაზრდა ჯიმი ელინზს დაატყდა თავს. უძველეს ატლასზე ცხიმიანი სოუსი დაესხა და  რამდენიმე დღეში კინაღამ დაიხრჩო. ნავი გადაუბრუნდა. მეორედ ამ თემას მის ფეისი მაშინ მიუბრუნდა, როდესაც კამილა სტარმერის სახლი გაქურდეს. ერთი კვირით ადრე ამ ამბამდე მის ფეისიმ ის მოდების ჟურნალის მოპარვაში დაადანაშაულა. რაღაც უცნაურობა დაემართა ფიონა სმიტსაც, ვისაც ერთ-ერთი სახელმძღვანელოდან ფურცლების ამოხევას ედავებოდნენ. მის სახლში ჭერი ჩამოინგრა.
მისის დარანდის გარდაცვალება მაინც გამონაკლის შემთხვევად ჩაითვლებოდა, რადგან ქალი მის ფეისის ერთადერთი მეგობარი იყო. ამას ისიც ადასტურებდა, რომ მისის დარანდმა სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე, მას მემკვიდრეობით მიღებული სტეფორდების რეცეპტების უძველესი წიგნი აჩუქა.
დასაფლავებიდან მხოლოდ რამდენიმე დღე იყო გასული, როდესაც სენტ-ოსტინი ახალმა შემთხვევამ ააღელვა. ედნა ბერკლი საავადმყოფოში მოხვდა. დაავადებამ  ახალგაზრდა, გაფურჩქვნის ასაკში მყოფი ქალი, სრულ ინვალიდად აქცია. თმა გასცვივდა, თითქმის დაბრმავდა და ხმა დაკარგა. ექიმები დიაგნოზს ვერ სვამდნენ.
ხუთშაბათ საღამოს, როდესაც ბოლო მკითხველიც წავიდა, მის ფეისიმ ქვის იატაკზე ფეხის ხმა გაიგონა. ეს ჩარლზ დარანდი იყო. ჩარლზმა კარი მიხურა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა:
– ჩვენ აქ მარტონი ვართ, ბებერო კუდიანო! არავის დაუნახავს, აქ როგორ შემოვედი. შემიძლია, კისერი მოგიგრიხო და ვერავინ ვერაფერს გაიგებს. ედნა შენ დაღუპე, არა?
– მე ედნა არ მომიკლავს.
მის ფეისი სიმშვიდეს არასდროს კარგავდა – ეს მხოლოდ „უზენაესი სამართლიანობის“ გამოვლინება იყო.
– რა?! – იღრიალა დარანდმა და მის ფეისისკენ გაიწია, – მოყევი, ედნას რა უქენი?
– ედნა მე არ დამიღუპავს. ყველაფერი საკუთარი ხელით გააკეთა, თუმცა მე მისი შეჩერება არ მიცდია, იმიტომ რომ თქვენ ერთად მოკალით საცოდავი ჯეინი.
– ჩვენ არ მოგვიკლავს ჯეინი, – მკაცრად თქვა დარანდმა.
– არ გინდა, მე ხომ დიდი ხნის წინ მივხვდი, რომ საყვარლები იყავით. თუმცა, ჯეინს არაფერს ვეუბნებოდი. მისი განაწყენება არ მინდოდა. იმაში, რომ თქვენს შორის ყველაფერი ძალიან სერიოზულად იყო, მაშინ დავრწმუნდი, როდესაც ედნა მოულოდნელად დაინტერესდა წიგნებით, რომლებიც ნადირობას ეხებოდა. შენ კი იკებანას შესახებ წაიღე და რამდენიმე სულელური სასიყვარულო რომანიც წაიკითხე. აი, ის კი, რომ თქვენ მკვლელობაზე წახვიდოდით, თავშიც არ მომივიდოდა, თუმცა, როდესაც გავიგე, რომ ჯეინი დაიღუპა, ხოლო ამ ამბის ერთადერთი მოწმე ედნა იყო, ყველაფერი ნათელი გახდა. გაყრის შემთხვევაში შენ ბიზნესსა და სახლს კარგავდი, ამიტომაც მოკალით...
დარანდს არ გაუპროტესტებია.
– არანარი მტკიცებულება არ მქონდა. პოლიციაში, უბრალოდ, დამცინებდნენ. ამიტომაც გადავწყვიტე,  „უზენაეს სამართლიანობას“ მივნდობოდი. მან კი, როგორც ყოველთვის, არ მიღალატა.
– გინდა თქვა, რომ მისთვის საწამლავი შენ არ ჩაგიყრია?
– ეს მან თავად გააკეთა, უბრალოდ, მე ხელი არ შევუშალე.
– კი მაგრამ, როგორ?
– შენს ცოლს  ძალიან ცოტას ელაპარაკებოდი, სულელად მიგაჩნდა. შეიძლება,  ციდან  ვარსკვლავებს მართლაც არ სწყვეტდა, მაგრამ საოჯახო მეურნეობა მისი გატაცება  იყო. ის კულინარიული რეცეპტების კრებული კი – ნამდვილი განძი. ძალიან ძვირიც ღირდა. მასზე უარს არაფრის დიდებით არ იტყოდა. ვფიქრობ, მან როგორღაც გაიგო თქვენი ურთიერთობის შესახებ. შენ გითხრა, რომ გაყრა უნდოდა, ხოლო წიგნი მე ჩამაბარა, რადგან სიკვდილის ეშინოდა და არ უნდოდა, რომ ის ცუდ ხელში მოხვედრილიყო.
დარანდმა ჩაიცინა.
– ტყუილად არ ამბობენ, რომ კუდიანი ხარ. კაცი იფიქრებს, ჩვენს საუბარს ესწრებოდი. ჰო, ჯეინმა მართლაც გაიგო ჩვენი ამბავი და განმიცხადა, რომ გამეყრებოდა და უგროშოდ დამტოვებდა. მე ყველაფერი ედნას მოვუყევი და მან მოიფიქრა, როგორ მოგვეშორებინა ჯეინი. თავი უნდა მომეჩვენებინა, თითქოს შერიგება მინდოდა. ჯეინი, როგორც ამას ახალგაზრდობაში ვაკეთებდით, კლდეებზე სასეირნოდ დამეპატიჟა და  გადამეგდო. ის კი მოწმედ გამოვიდოდა და ალიბის შემიქმნიდა.
– ასეც ვიფიქრე. ეგ  გოგო ძალიან ბევრ დეტექტივს კითხულობდა, მაგრამ ანალიზის უნარი არ აქვს. სხვა შემთხვევაში დაფიქრდებოდა, რატომ იყო წიგნი საოჯახო მეურნეობის შესახებ ასე უცნაურად სისტემაში მოყვანილი. შენი ცოლის წიგნი უბრალო კულინარიული რეცეპტების, კოსმეტიკური საშუალებებისა და სხვა ათასგვარი სისულელეების რეცეპტების კრებული კი არ იყო. ამ წიგნს თავისი საიდუმლო ჰქონდა, რომელიც ჯეინმა გამანდო. შენ რომ ჯეინისთვის ერთხელ მაინც მოგესმინა ყურადღებით, გეხსომებოდა, საიდან დაიწყო მისი ოჯახის ბიზნესი.
– ჯვაროსნული ლაშქრობებიდან.
– ზუსტად. მაშინ ინგლისში ტყვედ არაბი ექიმი ჩამოიყვანეს. იგი რომელიღაც სტეფორდს დაუმეგობრდა და თავის ნაყენების საიდუმლოებები გაანდო. შეიძლება, ეს ლეგენდაა, მაგრამ ფაქტია, რომ საუკუნეების განმავლობაში სენტ-ოსტინში გაურკვეველი მიზეზით იხოცებოდნენ. საქმე ისაა, რომ ეს წიგნი მემკვიდრეობით მხოლოდ ქალის ხაზით გადაეცემოდა და იმ ქალბატონების წინააღმდეგ იყო განკუთვნილი, რომლებიც სტეფორდების ოჯახის ქალების სულიერ სიმშვიდეს ემუქრებოდნენ. მას საიდუმლო სახელწოდებაც ჰქონდა – „რეცეპტები მეტოქეებისთვის“. წიგნს მეტოქეს მისცემდნენ და მერე ან გადარჩებოდა, ან მოკვდებოდა. გადაწყვეტილების მიღებას ზეცას ანდობდნენ, ანუ „უზენაეს სამართლიანობას“. წიგნის პირველ ნაწილში უბრალო რეცეპტებია, ხოლო მეორე ნაწილში არის რეცეპტები, რომლებიც აბსოლუტურად უსაფრთხო ინგრედიენტებისგან შედგება, მაგრამ ერთობლიობაში საშინელ შედეგებს იძლევა. ლედი-მეტოქე ირჩევდა იმ რეცეპტს, რომელიც მოეწონებოდა და... როგორც უკვე ვთქვი, ან გადარჩებოდა, ან მოკვდებოდა. ზოგჯერ მთელი ოჯახიც იღუპებოდა. თუკი სადილს ამ კულინარიული რეცეპტით მთელი ოჯახისთვის მოამზადებდნენ. მოგეხსენება, შუა საუკუნეებში დანდობა არ იცოდნენ.
– და შენ ეს წიგნი ედნას მიეცი?
– კი და როგორც ჩანს, მან რეცეპტი წიგნის მეორე ნაწილიდან აირჩია. ასე, რომ  ეს „უზენაესი სამართლიანობაა“...
დარანდიმ მის ფეისისკენ გაიწია, თუმცა მალევე მოეგო გონს და შეეცადა, წყნარად ეთქვა:
– წიგნი მომეცი. ის ჩემი საკუთრებაა. საგნები, რომლებსაც ლეგენდები უკავშირდება, კარგ ფასად იყიდება.
– მისი ხელში აღების არ შეგეშინდება? – ჩურჩულით თქვა მის ფეისიმ.
– კიდევ მომიყევი „უზენაესი სამართლიანობის“ შესახებ! – დარანდი მოხუც ლედის აშკარად დასცინოდა, – ჯეინი მკვდარია, ედნა კვდება. ის ამ საქმეში ყველაზე სუსტი რგოლი იყო. შეიძლებოდა, რამე დასცდენოდა. შენ კი არავინ დაგიჯერებს. ასე რომ, დროს ნუღარ კარგავ, წიგნი მოიტანე.
მის ფეისი ადგა და ფონდში გავიდა. ცოტა ხნის შემდეგ უკან დაბრუნდა.
– ვერ მივწვდი, ძალიან მაღლაა.
ქალმა დარანდი გრძელი დერეფნით დიდ ოთახში გაიყვანა, ჭერამდე სტელაჟები რომ იდგა და ზედა თაროზე მიუთითა, საიდანაც ძველი წიგნის მოოქროვილი ყდა მოჩანდა. დარანდმა უზარმაზარი კიბე მოიტანა და  ზედ ფრთხილად ავიდა. ამან ვერ უშველა, როდესაც წიგნს მისწვდა,  კიბე მოულოდნელად შექანდა. დარანდი სტელაჟს მოეჭიდა, მან სიმძიმეს ვერ გაუძლო, გადმოვარდა და  ქვის იატაკზე დაენარცხა. დარანდიც ქვეშ მოიყოლა.
პოლიციამ და სასწარაფო დახმარების ექიმებმა, რომლებიც მის ფეისიმ გამოიძახა, წიგნების უზარმაზარი პირამიდა დაინახეს, საიდანაც მხოლოდ მამაკაცის ფეხსაცმელი მოჩანდა.  ათი  წუთი დასჭირდათ, რომ წიგნების გროვიდან „ამოეთხარათ“. ბოლო წიგნი, რომელიც მისი გახეთქილი  თავიდან აიღეს, სტეფორდების ოჯახის  რეცეპტების წიგნი იყო.
– რა უაზრო სიკვდილია! – მიუბრუნდა ექიმი პოლიციელს.
– ჰო, როგორიც მისი ცოლის, – უპასუხა პოლიციელმა და მის ფეისის გახედა.
 ქალი  ჩუმად იდგა. მხოლოდ წარბები შეჭმუხნა. ხელები სტკიოდა. კიბე ძალიან მძიმე აღმოჩნდა.
    თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3