კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 თემურ ჩხეიძე: მოვიდა ჩვენი თაობის განადგურების დრო

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

„ყველანაირი ვარ. განა ის, რაც სხვაში არ მომწონს, მე თვითონ არასოდეს მომსვლია, განა ისეთი რამ, რაც, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩამიდენია, მერე არ მაწუხებს?..  ბოროტება არავისთვის გამიკეთებია – ეს, ნამდვილად ვიცი. როცა ჩემს საქციელს ადამიანების გულისტკენა გამოუწვევია, ამასაც საშინლად განვიცდი. არის რაღაცები, რასაც სამწუხაროდ, რაც უნდა ვიცოდე, რომ შედეგად ჩემი და სხვისი გულისტკენა მოჰყვება, მაინც გავაკეთებდი. თუკი „ყველანაირი“ თავისთავში მოიცავს ყოველგვარ ადამიანურს, ესე იგი, ეგ სიტყვაა.“    
  პირადად ჩემში თემურ ჩხეიძე „ჯაყოს ხიზნებით“  შემოიჭრა. 1979 წელს „ჯაყოს ხიზნების“ ჯერ ტელესპექტაკლი დადგა, შემდეგ ის მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე განახორციელა.  ქართული საბჭოთა კულტურის ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ხელოვანს დაუპირისპირდა არა ხელისუფლება, არა პარტიული ბიუროკრატები, არა ცენზურა, არამედ თავად საზოგადოება – პედაგოგები, პენსიონერები, ექიმები. ამ ხალხმა „ჯაყოს ხიზნები“  პორნოგრაფიად მონათლა. რა თქმა უნდა, თემურ ჩხეიძის სატელევიზიო დადგმაში არაფერი იყო პორნოგრაფიული, უბრალოდ, მაყურებელი არ იყო მიჩვეული ფსიქოლოგიური პრობლემის „ახლოხედით“ წარმოდგენას.  დღეს  ძნელია იმის თქმა, გრძნობდა თუ არა რეჟისორი მოახლოებულ ცვლილებებს, როცა 1984  წელს თითქმის ერთდროულად დგამდა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე „ოტელოსა“ და „ჯაყოს ხიზნებს“, და თუ გრძნობდა, მაშ რატომ დათანხმდა, ეთამაშა რაიკომის მდივანი რეზო ჩხეიძის ამავე სახელწოდების ფილმში, რომელსაც კიდევ მეორე სათაური აქვს – „მშობლიურო ჩემო მიწავ“. იმხანად, როცა ფილმი ეკრანებზე გამოვიდა, ამბობდნენ რომ „რაიკომის მდივანი“ იყო ჩხეიძეების მსხვერპლი იმისთვის, რომ მოსკოვს ქართული კინოს განვითარებისთვის ხელი აღარ შეეშალა, იმისთვის, რომ თითქმის პარალელურად, რეზო ჩხეიძის მეგობარს, ოდესღაც კი თანაავტორს, თენგიზ აბულაძეს, „პერესტროიკის“ მთავარი ფილმის, „მონანიების“, გადაღება დაესრულებინა. მაშ ასე, „პრიმიტიული კაცის“ რთული ცხოვრების დღეები სცენაზე. (ქ. სადღობელაშვილი)…             
  „…თუ ჩემზე ემოციურად მოქმედებს ნაწარმოები, მინდა, თქვენც გადმოგდოთ ეს ემოცია – მორჩა, ეს არის დადგმა, მეტი არაფერი. რაღაც რომ მოხდება
სადღაც, ქუჩაში ან ჩემს ცხოვრებაში, მინდა მოვიდე და გიამბო: კაცო, გამოვედი სახლიდან და უცებ… ამის გაზიარება თუ მინდა პიესით, იმ პიესას ვდგამ. ასეთი პრიმიტიული კაცი ვარ, რა ვქნა…არ ვთვლი, რომ ყველაფერი ჩემს ხელწერას უნდა ექვემდებარებოდეს და ახალგაზრდები მე უნდა დამემსგავსონ, პირიქით, ვფიქრობ,  რომ ყველანაირი თეატრი უნდა არსებობდეს. დიდი ხანია, მესმის, რომ ფსიქოლოგიური თეატრი მოკვდა. მარხავენ, მარხავენ და ვეღარ დამარხეს. ვინ დაგვნიშნა ჩვენ სასაფლაოს დირექტორებად? თუ რამე მოკვდება, ის თავისთავად დაიმარხება, წინასწარ რატომ ვოცნებობთ ამაზე? მერეც, თუ მოკვდება, მეც მოვკვდები მასთან ერთად, იმიტომ, რომ არ მაინტერესებს სხვანაირი თეატრის კეთება... ასეთ თეატრში ყველაფერი ფსიქოლოგიურად გამართლებული უნდა იყოს, ყველაფერი უნდა დალაგდეს ცხოვრების მიხედვით, შესაძლოა, სრულიად მოულოდნელი რაღაცებიც მოხდეს, ისე, როგორც ცხოვრებაში. პასტერნაკთან წავიკითხე და მართალია, იქ ლიტერატურაზეა ნათქვამი, მაგრამ ზუსტად მიესადაგება თეატრსაც: ყველაზე რთული რეალისტობააო – ამბობს, იმიტომ, რომ როცა რეალისტურად წერ, მკითხველი ყოველთვის ადარებს ცხოვრებას და თუ ტყუილია, გამოგიჭერსო – აბსოლუტურად სწორია. მე ვდგამ ნამდვილ, რეალობაზე აგებულ ამბავს და თუ ვტყუით, იმწუთშივე ჩანს... ბოლო დროს ჩვენს თაობას ადანაშაულებენ, რომ ნახევარ სიმართლეს ამბობდნენო. ალბათ გულისხმობენ იმას, რომ შეფარულად კი არ უნდა გვეთქვა სიმართლე, უნდა გვეძახა – ძირს საბჭოთა იმპერიაო. ეს რომ გვეთქვა, სპექტაკლის ბოლოს ყველას დაგვიჭერდნენ და აღარც ლიტერატურა იქნებოდა და აღარც თეატრი. თეატრში მაგათ არ უვლიათ და რა იციან, რა არის სიმართლე ან ნახევარ სიმართლე, მაგრამ ახლა მოვიდა ჩვენი თაობის განადგურების დრო. ფსიქოლოგიური თეატრისა არ იყოს, ეგეც არ ესმით, მივდივართ ისედაც და რად გვინდა განადგურება. რამდენი ხანია, პეტერბურგში ვარ წასული, სხვაგან სად წავიდე? აქ ყველაფერი გავათავისუფლე, ესეც თქვენი იყოს. როგორ გეკადრებათ, ოდნავ რომ ვიგრძნო, ჩემი ყოფნა არ სიამოვნებთ, იქ როგორ გავჩერდები...  გამახსენდა პრუსტის ერთი ესსე, სადაც დაკარგულ შთაბეჭდილებებზე ამბობს: რაც უნდა ძალა დავატანო გონებას რაიმე შთაბეჭდილების აღსადგენად, არაფერი გამოდის. საკმარისია, შეგრძნება დავიბრუნო,
ყველაფერი განათდებაო. ერთხელ, მსახურმა ჩაი და ორცხობილა შემომიტანა, როგორც კი სასაზე ჩაიში ჩამბალი ორცხობილის გემო ვიგრძენი, უცებ ბავშვობის ის შთაბეჭდილება აღდგა, რომლის გამოხმობასაც დიდი ხანი გონების დაძაბვით ამაოდ ვცდილობდიო... ყოველთვის მქონდა ასეთი გამძაფრებები. უბრალოდ, ასაკთან ერთად მონატრება მძაფრდება. 25 წელია, რაც მამაჩემი აღარ არის და როგორც არასდროს, ისე მენატრება. მინდა დაველაპარაკო, მინდა ვიცოდე, რას იტყოდა, რას მიპასუხებდა იმაზე, რაც მაინტერესებს... ახალგაზრდობისას დამოკიდებულება, ალბათ, სხვანაირია, ცოტათი უფრო ზერელე... ეს ასეა და მორჩა. ახალგაზრდულ რადიკალიზმში არის კარგიც, მაგრამ ტოლსტოის ტყუილად ხომ არ აქვს ნათქვამი – ყველაზე დაუნდობლები ბავშვები არიანო. ადამიანს ხშირად უწევს უამრავი რამის გათვალისწინება, რაც ახალგაზრდობას კომპრომისად მიაჩნია. ახლა რომ ვფიქრობ, უაღრესად უკიდურესი, მჭახე და ერთმნიშვნელოვანი არც ახალგაზრდობაში ვყოფილვარ...
 …დასადგმელად რომ ავიღო, ნაწარმოებმა ემოციურად უნდა შემძრას. მაგალითისთვის, რამდენი ლამაზი ქალი დადის, მაგრამ მარტო სილამაზის გამო ვერ ვაკოცებ, ამ ქალისადმი უნდა გამიჩნდეს ემოცია, ის რაღაცა უნდა ჰქონდეს, რასაც სახელი არ ჰქვია, ობიექტურად შეიძლება ვიცოდე, რომ ესა თუ ის ქალი ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე ჩემი ცოლი, მაგრამ რა ვქნა ახლა? იგივეა პიესასთან მიმართებაში. ვიცი, რომ უფრო უკეთესი პიესები არსებობს, მაგრამ მე ემოციურად ამან შემძრა, ეს არის ჩემი სათქმელის იდენტური, ჩემი ტკივილი... მე ვარ გამართული პროფესიონალი რეჟისორი. ჩემისთანა ხალხი საჭიროა თეატრში, მაგრამ მე არა ვარ გენიალური რეჟისორი. შესაძლებლობების ზღვარი? არ ვიცი. ის ვიცი, რომ ასაკთან ერთად, ალბათ, იზღუდება ჩემი შესაძლებლობებიც, თუმცა მგონია, რომ ბოლო წლებში საუკეთესო ფორმაში ვიყავი, შეიძლება, ახალგაზრდობაზე მეტადაც... მეუბნებიან, რომ „ბერში“ დადგმული ინგლისელი დრამატურგის – მაიკლ ფრეინის „კოპენჰაგენი“ შენი საუკეთესო სპექტაკლია, ოღონდ არ მიქარო, თბილისში არ ჩამოიტანო, თორემ მაყურებელი ანტრაქტში წავაო. მეც მგონია, რომ „კოპენჰაგენი“ მთლიანად მე ვარ – თემატიკით, სტილისტიკით, მანერით. „ბერში“ 1 200 კაცი ეტევა, „კოპენჰაგენი“ ერთადერთი სპექტაკლია, რომლზეც სრულიად შეგნებულად ვყიდით 350 ბილეთს, დარბაზის დანარჩენი ნაწილი გადაკეტილია, სხვაგვარად ვერ მოახდენ ყურადღების კონცენტრირებას...
ვიცი, ვიღაცებს კითხვები აწუხებთ, ახლობლებსაც უთქვამთ, რატომ არა ვარ აქტიური საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იცით, ჩემზე ემოციურად რამ იმოქმედა ყველაზე მეტად? თავის დროზე ისე თავისუფალ და იოლ ტერმინად შემოვიდა „ერის მოღალატე“, რომ ყველაფრისადმი დამემართა „არ მინდა!“  


скачать dle 11.3