კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

№16 რის ფასად შეძლო ნიკოლოზ წულუკიძემ შექსპირისთვის პატივის მიგება და რის დეფიციტს არ განიცდის მისი ოჯახი

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თეატრის საზოგადოება დაჯილოდების ცერემონიას მართავს. გამარჯვებულებს პროფესიული ჯილდო სხვადასხვა ნომინაციაში გადაეცემათ. წელს „შემოქმედებითი კავშირი – საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ გადაწყვეტილებით, ტელევიზიაში თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციისთვის, ეროსი მანჯგალაძის სახელობის ჯილდო ნიკოლოზ წულუკიძეს გადასცეს. ტელე-რადიოწამყვანისა და თეატრმცოდნესთვის ეს პირველი პრიზი არაა, მას ჟურნალისტიკაში  „ოქროს ფრთა“ აქვს აღებული.
ნიკოლოზ წულუკიძე: ეროსი მანჯგალაძის ჯილდო თეატრის მოღვაწეთა კავშირმა გადმომცა ტელევიზიაში თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციისათვის. ტელევიზიაში ჩემი 12-წლიანი მუშაობის განმავლობაში, დაახლოებით, 350-მდე გადაცემა მაქვს გაკეთებული. აქედან იყო გადაცემები, რომლებშიც სახელოვანი ადამიანები პირველად გამოჩნდნენ, ისინი, ვინც ინტერვიუებს არ იძლევნიან, მაგრამ ჩვენ დაგვთანხმდნენ. მიხარია, რომ ჩემთვის ძალიან საყვარელი და განსაკუთრებული არტისტის ჯილდო მომცეს. ეს დიდი პასუხისმგებლობა და დიდი სიხარულია. ასევე, ჟურნალისტიკაში „ოქროს ფრთა“ მაქვს აღებული.
–  როდის დაუკავშირეთ თქვენი ცხოვრება თეატრს?
– მარჯანიშვილის თეატრთან ახლოს ვცხოვრობთ. 6-7 წლის ვიქნებოდი, როცა დაიდგა სპექტაკლი „საპოვნელა“. სოფიკო ჭიაურელი თამაშობდა და მის შესრულებას რომ ვუყურებდი, გადავწყვიტე, იმ სივრცეში ვყოფილიყავი. სწორედ იმ დღიდან მოვიწამლე და თეატრი ჩემთვის გახდა უმაღლესი და უზენაესი. მიუხედავად იმისა, რომ ვარ რადიო- და ტელეწამყვანი, ჩემთვის თეატრში ყოფნაც ძალიან მნიშვნელოვანია – ეს მასაზრდოებს.
– თეატრთან დაკავშირებით ბევრი მოგონება გექნებათ, რომელს გაიხსენებთ?
– კი, უამრავი მოგონება მაქვს. მომსწრე ვარ, როგორ გამოემშვიდობა მედეა ჩახავა რუსთაველის თეატრს. „მოხუცი ჯამბაზები“ გადიოდა თეატრში და ქალბატონმა მედეამ მთხოვა, შემყევი და მანახე დიდი სცენაო. რომ შევიდა, უსასრულობაში იყურებოდა. საგრიმირიოში კახი კავსაძე დაგვხვდა. ქალბატონმა მედეამ გვითხრა: მე დღეს ბოლოჯერ ვარ თეატრში, ეს არის ჩემი ბოლო სპექტაკლიო. მართლაც ითამაშა და მალევე გარდაიცვალა. მან იგრძნო ეს. ჩვენ მაშინ ყურადღება არ მიგვიქცევია ამისთვის, მერე გაგვახსენდა, რომ ეს ფრაზა თქვა – თითქოს წინასწარ იცოდა. თეატრი არის მითების სამყარო და ბევრი მსგავსი რამ მომხდარა. როცა თეატრში გურამ საღარაძე შევასვენეთ, მის საგრიმიორო ოთახში საათი გაჩერდა.
– ოჯახში როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას თეატრთან დაკავშირებით?
– ოჯახს, რასაკვიორველია, არ უნდოდა. თეატრალი არავინ გვყავდა. ჩვენთან ყველანი ისტორიკოსები, იურისტები და ასეთი ხალხი იყო. მე მაინც მივიღე ეს გადაწყვეტილება და დღემდე ვფიქრობ, რომ ყველაზე კომფორტულ საქმეში მიწევს ყოფნა და ამას არასოდეს ვნანობ. არც არასდროს მიფიქრია სხვა პროფესიაზე. ჩემს დროს თეატრალურში დიდი კონკურსი იყო და როცა ვაბარებდი, ძალიან ვნერვიულობდი.
– ნანიკოსთან ერთად ახალი გადაცემა დაიწყეთ, რომელიც მხოლოდ, სოციალურ მედიაში იქნება. უფრო ვრცლად გვიამბეთ „ასე ჯობიას“ შესახებ.
– ეს არის სიხალე. ამდენწლიანი ერთად მუშაობის განმავლობაში – 10 წელზე მეტია, რაც ტელევიზიაში ერთად ვართ, გადავწყვიტეთ, რაღაც ახალი გაგვეკეთებინა. ნანიკოს მეუღლის, ლევანის იდეა იყო, რომ მე და ნანიკოს ეს პროექტი გაგვეკეთებინა. შორსმიმავალი გეგმები გვაქვს და ვნახოთ, რა იქნება. ძირითადად, ინტერნეტსივრცეში ვიქნებით. ნელ-ნელა მიხვდება საზოგადოება, რას გულისხმობს ეს პროექტი. კახი კავსაძესთან ჩავწერეთ ვიდეო, რომელიც ყვება, როგორ გადაარჩინა ასობით ადამიანი 9 აპრილს და დამალა რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე. ამიტომ, რაც ჯობია და რაც კარგია, მე და ნანიკო იმ ქმედებების პოპულარიზაციას შევუწყობთ ხელს. თავად ნანიკო ძალიან კომფორტული ადამიანია, მას რიტმის საოცარი შეგრძნება აქვს. ისე შეუძლია გადაცემა წაიყვანოს, რომ პულსაცია არ დავარდეს. ტელეწამყვანებს ეს იშვიათად აქვთ ხოლმე.
– ბევრს მოგზაურობთ და უამრავი საინტერესო თავგადასავალი გაქვთ. რომელიმე მათგანი მოგვიყევით.
– ბრიტანეთი ჩემთვის  ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა. მე და ავთო ვარსიმაშვილი ქუჩაში მივდიოდით და უცებ დავინახეთ „ოდეონის“ კინოთეატრიდან რასელ ქლოუ გამოდიოდა. ჩვენთან ერთად სოფო სიხარულიძეც იყო. მერე ერთ-ერთ მუზეუმში შევედით, სადაც ტომ ჯონსი მღეროდა და რიჰანას გამოსვლასაც დავესწარით.
– არასოდეს დაკარგულხართ მოგზაურობისას?
– არა, არასდროს. მეშინია, რომ  დავიკარგო და ამიტომ კარგი ორიენტირება მაქვს. ძალიან მინდოდა შექსპირის ქალაქში ჩასვლა, ბევრი რამ მოვიარეთ და ბოლოს გადავწყვიტეთ, იქაც წავსულიყავით, თუმცა ბილეთის ფასები რომ ვნახე, ძალიან ძვირი იყო. ჩვენ ბედად, მე და ჩემმა მეგობრებმა ქუჩაში ოქროსფერი ჯაჭვი ვიპოვეთ. ხელში რომ ავიღე, რაღაც სასიამოვნო სურნელი ჰქონდა. მივიტანეთ იუველირთან და ოქრო აღმოჩნდა. მოკლედ, ამ ჯაჭვის წყალობით სტენფორდშიც წავედით, იმის იქითაც და შექსპირის საფლავსაც მივაგეთ პატივი (იცინის). ასე გაგვიმართლა.
– ხშირად გიმართლებთ ცხოვრებაში?
– კი – რომ ვარ თეატრმცოდნე, ვმუშაობ ტელეკომპანია „იმედში“ და მეძლევა საშუალება, ვემსახურო თეატრალურ ხელოვნებას, ამას ბედი და კეთილი ადამიანები  სჭირდება. მთელი ცხოვრების განმავლობაში არ მომშლია ეს კეთილი ადამიანები. მეც არასოდეს მომიტყუებია მაყურებელი და არ მითამაშია. ჩემი გულწრფელობაც ბევრ რამეს განაპირობებს. გულწრფელი თუ ხარ, მაყურებელი აუცილებლად შეგიყვარებს. ასე მოვედი დღემდე. 20 წლის ვიყავი, პირველად რომ წავიყვანე გადაცემა და 12 წელია, რაც აქ ვარ. თუმცა, გადაცემის ჩაწერის დროს ნერვიულობის მომენტები დღემდე მაქვს. პატივი მქონდა 9 აპრილთან დაკავშირებით უწმიდესი ჩამეწერა. ნამეცადინები მქონდა, მაგრამ ინტერვიუზე რომ მივედი და დავჯექი, ყველა კითხვა დამავიწყდა,  გადაცემა რომ ვნახე, ისე ვნერვიულობდი, ჩემს თავს არ ვგავდი.
– სესილია უყურებს მამის გადაცემებს?
– დავესწარი მშობიარობას და პალატაში რომ გადმოვიყვანეთ, ზუსტად იმ დროს, ტელევიზორი იყო ჩართული და ჩემი გადაცემა გადიოდა. არ ვიცი, დააფიქსირა თუ არა ორი მამა, ერთი – ეკრანიდან და მეორე – ცხოვრებიდან, მაგრამ იმ დღიდან შეჩვეულია. ამიტომ ჰგონია, რომ ყველას მამა ტელევიზიაში უნდა მუშაობდეს (იცინის). ჩემს შვილს მამის დეფიციტს არ ვაგრძნობინებ, სულ რომ 10 წუთი მქონდეს, გამოვვარდები და ვნახავ. საღამოს, ისედაც, სულ ერთად ვართ.
– ასე ამბობენ, გოგო უფრო მამისააო. ეთანხმებით?
– დედისაც არის და მამისაც, ორივეს გვინაწილებს სიყვარულს. უბრალოდ, იცის, რომ ჩემთან ყველაფერი გაუვა. დედა ცოტა მკაცრად უდგება ხოლმე. თუმცა, არ ვათამამებ, რაც ყველაზე მეტად არ მიყვარს, გათამამებული ბავშვია, რომელიც მშობლის ყველაზე დიდი დარდი ხდება ხოლმე.
– სამოგზაუროდ დაგყავთ ხოლმე?
– კი, როგორ არა. ერთხელ ანტალიაში მივდიოდით და რომ ავფრინდით, ფანჯრიდან ქვემოთ გაჩერებული თვითმფრინავი დაინახა, გაიშვირა ხელი და მეშინია თვითმფრინავისო, თვითონ რომ შიგნით იჯდა, ის არ შეუმჩნევია (იცინის).

скачать dle 11.3