კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 მარიამ კუკუნაშვილი საინტერესო რაკურსით

ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია

ბიზნესლედი, ხელოვნური განაყოფიერების კლინიკების დამფუძნებელი, ქალბატონი მარიამ კუკუნაშვილი მრავალმხრივი ნიჭითაა დაჯილდოვებული და მუდმივად მუშაობს განვითარებაზე ახალ-ახალი მიმართულებით. მისი ინტერესის სფერო საკმაოდ მრავალფეროვანია, მაგრამ ვინც იცნობს, ყველამ იცის, რომ მოგზაურობა მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გატაცებაა და შთაბეჭდილებებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში აგროვებს. ცხოვრებაში წინააღმდეგობებიც შეხვდა, რომელთა გადალახვაც არც თუ ისე ადვილი იყო. ვეცდებით, მარიამ კუკუნაშვილი ამჯერად სულ სხვა კუთხით გაგაცნოთ. როგორ უმკლავდება ცხოვრებისეულ წინააღმდეგობებს, რა არის მისთვის ძალაუფლება, როგორ ესმის თავისუფლების მნიშვნელობა, ამ და ბევრ კითხვაზე საინტერესო პასუხებს ინტერვიუში წაიკითხავთ.
– მარიამ, წარმატებული ქალი ხართ, თქვენ როგორ გესმით წარმატება?
– იყო წარმატებული, ჩემთვის იგივეა, რომ იყო ბედნიერი და შესაძლებლობა გქონდეს, აკეთო საყვარელი საქმე. წარმატებას ხშირად მატერიალურ მხარესთან აკავშირებენ, თუმცა წარმატების საზომი ფული  არ არის, არამედ მიღწეულით ტკბობის უნარი და შესაძლებლობაა. ვფიქრობ, წარმატება ცხოვრებაში არსებული ბედნიერი წუთებით უნდა იზომებოდეს.
– რა არის თქვენთვის თავისუფლება?
– რამდენი ადამიანიცაა, ალბათ, თავისუფლების იმდენივე განმარტებაა. ჩემთვის თავისუფლება თავისუფალი ნება და არჩევნის შესაძლებლობაა ცხოვრებისეული პასუხისმგებლობების აღების მომენტში. თავისუფალი ხარ, როდესაც იღებ ადამიანებს და გარემოებებს ისეთად, როგორებიც არიან ისინი იმ მომენტში. ხშირად გამიგია: „მე ვიბრძოლე, მოვიპოვე თავისუფლება“, „მე ახლა უკვე მაძლევენ ყველანაირ თავისუფლებას“, მაგრამ ეს თავისუფლება არ არის, უფრო პროკლამაციაა, რადგან ციხეს თუ გაურბიხარ, ესე იგი, ვერ ხარ თავისუფალი და სხვა თუ გაძლევს თავისუფლებას, მაშინ რანაირად ხარ თავისუფალი?
– როგორია თქვენთვის ძლიერი ქალი და მიგაჩნიათ თუ არა თავი ძლიერ ქალად?
– ოცდამეერთე საუკუნეში, რატომღაც, ძალიან ტრენდულად იქცა ისეთი ცნებები როგორიცაა: ძლიერი ქალი, წარმატებული ადამიანი და პერფექციონიზმთან დაახლოებული ის სხვა ნორმები, რასაც გამუდმებით გვახვევენ თავს გარედან. სიძლიერეა ჩემთვის ის, როდესაც ასეთ გარემოში შეგიძლია, უბრალო და ჩვეულებრივ ადამიანად დარჩე. მე სიძლიერისკენ კი არ მივისწრაფვი, არამედ ბედნიერებისკენ და მიმაჩნია, რომ არაფერია იმაში სამარცხვინო, თუ სუსტი იქნები, ისევე, როგორც ყველა მოკვდავი.
– ოჯახში როგორი ხართ?
– თბილი, მზრუნველი და  მოსიყვარულე. მაქსიმალურად ვცდილობ, შევინარჩუნო ბალანსი მასკულინურ და ფემინურ ენერგიებს შორის და შემიძლია, ვიყო დამთმობი უსასრულობამდე. სამწუხაროდ, ფემინიზმი და გენდერული ბალანსი ხშირად არასწორადაა  გაგებული  და ზოგჯერ მას დომინანტობასთან აიგივებენ. მე არ ვარ  დომინანტი, მასკულინური  ტიპის ქალი, შესაბამისად  ჩვენს ოჯახში ლიდერი ჩემი მეუღლეა, ის არის ძლიერი და მე კიდევ უფრო ვაძლიერებ მიმღებლობით, პასიურობით, ემოციებითა და კრიტიკას მოკლებული მხარდაჭერით.
– ხელოვნური განაყოფიერების კლინიკების ქსელის „ნიუ ლაიფის“ დამფუძნებელი ხართ. ბიზნესის გარდა, რა არის ეს საქმე თქვენთვის?
– „ნიუ ლაიფის“ გარდა ჩვენი  კლინიკებია: „ფერტილიტი კლინიკ ამერიკას“ მექსიკაში, „ლოტუს კლინიკები“ აზიაში და კიდევ სხვა კლინიკები, რომლებსაც
გარკვეული ბიზნესმოსაზრებების გამო აქ არ დავასახელებ. ალბათ, ეს ყველაფერი არის ის, რასაც უდიდესი ბედნიერება მოაქვს როგორც ჩემთვის, ასევე იმ მრავალი უშვილო პაციენტისათვის, ვისაც ჩვენი დახმარებით მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ  ბედნიერი დედები და მამები.
– რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
– ყველაზე მეტად ადამიანების დაკარგვის მეშინია. თუ მივიღე და შევიყვარე ადამიანი, მერე მასთან განშორება მიჭირს. სიამაყის გამო ეს შეიძლება, არ შევიმჩნიო, მაგრამ ჩემთვის მარტო დავმჯდარვარ და რამდენიმე  დღე მიტირია. ამიტომ ყველაზე მეტად ადამიანებსა და მათთან ურთიერთობებს ვუფრთხილდები.
– კონკურენტებთან ბრძოლაში ყველა მეთოდის გამოყენება გამართლებულია?
– კონკურენცია წინა საუკუნის ტერმინია, დღეს უფრო მართებული იქნებოდა, თანამშრომლობა ვუწოდოთ. მე არ ვიბრძვი, ზოგადად, მიმაჩნია, რომ თვითკმარი ადამიანები არ იბრძვიან. თუ  წარმატება პროკლამაციაა, ანუ თვითდამკვიდრებისა და საკუთარი ეგოს დაკმაყოფილების საშუალება, ბრძოლა წარუმატებლობის ანტიპროგრამაა და წარუმატებლობის ანტიპროგრამით თუ მუშაობ მაშინ რანაირად ხარ წარმატებული?
– როგორ უმკლავდებით ცხოვრებისეულ წინააღმდეგობებს?
– თუ მათი გადაჭრა ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს ვაკეთებ, რომ დაბრკოლებები გადავლახო. ხოლო თუ არაფრის შეცვლა შემიძლია, ვიღებ რეალობას და ვიწყებ ნულიდან. საბედნიეროდ, არასოდეს მეზარება ნულიდან დაწყება და მიმაჩნია, რომ წინააღმდეგობები განვითარების საუკეთესო საშუალებაა.
– როგორ გესმით ძალაუფლების მნიშვნელობა?
– ძალაუფლება, კლასიკური და მოძველებული გაგებით, იერარქიული და ავტორიტეტებზე დამოკიდებული იყო. ინფორმაციული ტექნოლოგიების საუკუნეში ძალაუფლების მატარებელნი უბრალო ადამიანები გახდნენ. დღეს, ინტერნეტში გაზიარებული შეფასებების საშუალებით, სწორედ ხალხი გვეუბნება, თუ ვინ არის საუკეთესო ექიმი, საუკეთესო პედაგოგი, სად წავიდეთ ან სად არ წავიდეთ. ამიტომ ძალაუფლება ისე, როგორც არასდროს, დღეს ხალხშია და საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებულ პროფესიონალებში.
– რაზე ოცნებობთ?
– უკეთეს ქვეყანაზე, ადამიანების ბედნიერებასა და კარგად ყოფნაზე, ღირსეული შვილების გაზრდაზე და სპორტულ ცეკვებში მსოფლიო ჩემპიონობაზე.
რა არის საჭირო იმისთვის, რომ წარმატებული გახდე?
– ჩვენ არ ვართ წარმატების მეპატრონეები, არამედ წარმატება ნაქირავები გვაქვს და ყოველდღიურად ქირა გვაქვს სახდელი მისთვის. ამიტომ შრომა, თავდაუზოგავი შრომაა საჭირო.


скачать dle 11.3