კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 როგორ დალაშქრეს და დახარკეს სპარსეთის ქალაქები ქართველებმა

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

  დიდი სარდალი და სტრატეგი, მეფე-კონსორტი დავით სოსლანი გარდაცვლილი იყო. მზარდი ძლიერების სახელმწიფოს კი სჭირდებოდა ახალი ლაშქრობები, რათა ჯარი არ მოდუნებულიყო და ახალი მიწები დაეზვერათ. თამარს ეახლნენ ძმები მხარგრძელები: ზაქარია ამირსპასალარი, ივანე მსახურთუხუცესი და მათი ნათესავი, მხარგრძელთა ერთი განშტოების წარმომადგენელი, ვარამ გაგელი, „კაცი საპატიო და ლაშქრობათა შინა გამარჯვებული“ და მოახსენეს:
  „მეფეო, დავიწყებას რომ არ მიეცეს შენი ჯარის საგმირო საქმეები, ავმხედრდეთ სპარსეთის, ხორასნის, რომ-გურის (ავღანეთის) დასალაშქრად. დაე, გაიგონ მთელი აღმოსავლეთის ჯარებმა ძალა და სიმხნე ჩვენი. უბრძანე საქართველოს ჯარს, მოემზადოს ხორასანზე სალაშქროდ. ქართველთაგან ჯერ არავის ულაშქრია ხორასანში“.
  როგორც ჩანს, სპარსეთისა და ხორასნის დალაშქვრით ქართველებს გაძლირებული ხორეზმის სახელმწიფოს გაფრთხილება უნდოდათ და სხვა მიზნებიც ჰქონდათ, რა თქმა უნდა.
მეფე დათანხმდა. გაემართნენ ჩვენი წინაპრები სპარსეთისა და სხვა ქვეყნების დასალაშქრად. გზად გაიარეს ნახჭევანი, გადაიარეს მდინარე არაქსი და მიადგნენ ქალაქ მარანდს, რომელიც ურმიის ტბასთან ახლოს, მთებშია გაშენებული და იმ დროს ადარბადაგანის გასულთნებული ათაბაგების გამგებლობის ქვეშ იყო (ახლა ირანის შემადგენლობაშია).
  მარანდელებმა მიატოვეს ქალაქი და მთებში გაიხიზნენ. ჩვენი წინაპრები მოელოდნენ, ადარბადაგანის ჯარი მარანდის მთაზე დახვდებოდა მათ. ზაქარია მხარგრძელმა ხუთასი რჩეული მეომარი გამოარჩია, მეთაურად თაყაიადინ თმოგველი მიუჩინა და მარანდის მთისკენ გააგზავნა, რათა დაეზვერათ იქაურობა. მთავარი ძალაც უკან მიჰყვებოდა. მეწინავეებს ბრძანება ჰქონდათ, ბრძოლა არ წამოეწყოთ, სანამ ძირითადი ძალები არ წამოეწეოდნენ.
ხუთასი ქართველი მეომარი ავიდა მთაზე. ქალაქ მარანდის გარშემო მთებსა და კლდეებს შეხიზნულმა მარანდელებმა დაინახეს მეომრები და რადგან ქართველთა რიცხვი მცირე იყო, სასწრაფოდ შეტევაზე გადავიდნენ. ქართველებს სხვა გზა არ ჰქონდათ, სანამ ამირსპასალარს შეატყობინებდნენ და მისგან ბრძოლის დაწყების ბრძანება ან დამხმარე ძალა მოვიდოდა, თავი უნდა დაეცვათ. ამიტომ, მედგრად დახვდნენ მტერს.
ვერ შეძლეს მარანდელებმა ქართველთა მოწინაავეების გატეხვა. ცოტა ხანში ბრძოლის ველზე მრავალი მარანდელი იწვა. დამარცხებული მარანდელები ისევ მთებისკენ გაიქცნენ. ქართველები გაედევნენ.
  როცა ძირითადი ჯარი მივიდა, ბრძოლის ველზე დახვდათ ხუთასი ქართული შუბით განგმირული ხუთასი მარანდელი მეომარი და მათი ცხენები. არცერთი ქართველი მეომრის ცხედარი არ ჩანდა. ცოტა ხანში დაინახეს მტრის დევნისგან მობრუნებული თანამოძმეები. გამხიარულდნენ თამარის მეომრები. არც ერთი ქართველი არ მომკვდარიყო იმ შეტაკებაში.
  შემდეგ ჩვენი წინაპრები გაემართნენ ქალაქ თავრიზის ასაღებად. თავრიზი დიდი ქალაქი იყო, სელჩუკთა გასულთნებული ათაბაგების სამფლობელო და ისტორიულად, სხვადასხვა დიდი სახელმწიფოს დედაქალაქი. ქალაქის მოსახლეობა ძალიან შეშინდა. თავრიზელმა დიდებულებმა გადაწყვიტეს, ქართველებისთვის ხარკის მიცემითა და ქვეშევრდომობის აღიარებით გამოეთხოვათ მშვიდობა. მათი ელჩი შეეგება ქართულ ჯარს, ითხოვა მშვიდობა და ქალაქის აოხრებისგან დანდობა. მხარგრძელებს გაუკვიდათ სახელგანთქმული ქალაქის ასე უომრად ქალაქის დანებება. მიითვალეს ხარკი, აღუთქვეს მშვიდობა. თავრიზელმა მთავრებმა, ყადებმა, ხოჯებმა, დერვიშებმა და წარჩინებულებმა ერთგულების ფიცი დადეს ქართველთა წინაშე.
ჩააყენეს თავრიზში ქართველებმა ხუთასკაციანი გარნიზონი და გაუდგნენ გზას. მიადგნენ ქალაქ მიანას. მიანას მელიქს (მმართველს) უკვე შეეტყო თავრიზელთა მიერ ხარკის საფასურად მიღებული მშვიდობა. ითხოვა მშვიდობა ხარკის საფასურად. ზაქარია მხარგრძელმა თანხმობა განუცხადა, მიითვალა ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი ქვები. შემდეგ მიადგნენ შედარებით პატარა ქალაქ ზანგანს, რომელიც დიდი ალიზის (გამოუწვავი აგურის) ზღუდით იყო გამაგრებული. ეს ქალაქი ახლა ზენჯანის პროვინციის ცენტრია და კასპიის ზღვის სამხრეთით მდებარეობს, 125 კილომეტრში. ზანგანის მკვიდრებმა გადაწყვიტეს, გაემაგრებინათ ქალაქი და არ დანებებოდნენ ქართველ დამპყრობლებს. პირველად მესხებმა შეხვრიტეს ზღუდე, შეიჭრნენ ქალაქში და დაერივნენ იქაურ მეომრებს. მათ სხვებიც მიჰყვნენ და აიღეს ქალაქი. აღივსნენ ნაალაფარით.
  რამდენიმე დღე დაასვენეს სარდლებმა ჯარი. შემდეგ ხორასნისკენ გაუდგნენ გზას. უფრო აღმოსავლეთით, ყაზვინთან და აჰვრთან ახლოს ბრძოლაც გაიმართა, მაგრამ ვერ დაუდგნენ ქართველებს სპარსები. დაპყრობილ ქალაქებში მოსახლეობას არ ხოცავდნენ. ტყვედ მოჰყავდათ მხოლოდ კაცები და ახალგაზრდა ვაჟები. აიღეს არაერთი ქალაქი, მათ შორის ქალაქი გურგანი (გორგანი, დღევანდელი ირანის გულისტანის პროვინციის ცენტრი), რომელიც კასპიის ზღვის აღმოსავლეთითაა და დაიმორჩილეს გარშემო ტერიტორიები.
შემდგომ კი ვეღარ შეძლეს წინსვლა, რადგან უამრავი ალაფი ჰქონდათ და შეუძლებელი იყო, ასე დატვირთული, ამდენი ცხენის, ჯორისა და ვირის თან წაყვანა და ბრძოლები. ზამთარიც ახლოვდებოდა. ამიტომ, ირანის დამარბეველმა ქართველებმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს.
უზომო ნადავლით დატვირთული ჯარი უკანა გზაზე მოადგა ქალაქ მიანას და მოიკითხა სარდალმა თავისი ხუთასკაციანი გარნიზონი. მიანას მელიქმა, რომელიც ძღვენით წინ შეეგება ქართული ჯარის სარდლობას, უპასუხა: თავრიზში გაემგზავრნენ იქაურ გარნიზონთანო.
გაუკვირდათ სარდლებს ბრძანების გარეშე პოსტის მიტოვება ციხიონისგან.
  ამ დროს გამოჩნდა ერთი ქართველი მეომარი, მიანაში დატოვებული გარნიზონის ხუთასი მეომრიდან, რომელმაც აუწყა ქართულ სარდლობას საშინელი სიმართლე. როცა ქართული არმია შუა ხორასანში იმყოფებოდა, ვიღაცას მიანას მელიქისთვის მიუტანია ამბავი: ქართველებს გზა შეუკრა დიდმა სულთანმა და გილანელთა დახმარებით, მთელი ჯარი გაანადგურა ისე, რომ ერთი კაციც არ დარჩა, რათა საქართველოში ამბავი მიიტანოსო.
მიანას მელიქს და მის დიდებულებს ძალიან გახარებიათ. უსარგებლიათ და მოულოდნელად,  ვერაგულად თავს დასხმიან ქართულ გარნიზონს და დაუტყვევებიათ. მერე კი ყველა დაუხოცავთ, ზოგიერთი მათგანი – სასტიკი წამებით.
  ერთი მეომარი საქმეზე ყოფილა გასული,  შემთხვევით გადარჩენილა და დამალულა. გადარჩენილმა უამბო ზაქარია ამირსპასალარს, თუ როგორ აწამებდნენ ქართველებს მიანელები, როგორ ხოცავდნენ, როგორ ჰკიდებდნენ ძელზე, როგორ გააძვრეს ცოცხლად ტყავი ზოგიერთ დატყვევებულ ქართველს.  
მიანელების ბარბაროსულმა საქციელმა გაამწარა ქართელთა სარდლები. ზაქარია მხარგრძელის ბრძანებით, შეიპყრეს მიანას მელიქი, მისი ცოლ-შვილი, ახლობლები, ქალაქის თავკაცები და დახოცეს. ზოგს ტყავი გააძვრეს და მინარეთის საყივარზე ჩამოკიდეს. ქალაქი გაძარცვეს, დაარბიეს და დაწვეს. უამრავი ტყვე წამოასხეს.
  ირანიდან ქართველნი გამარჯვებულნი, ალაფით დატვირთულნი, მაგრამ გულნატკენნი ბრუნდებოდნენ უკან, რადგან მათი ხუთასი თანამებრძოლი ვერაგულად მოკლეს მიანელებმა.

скачать dle 11.3