კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2019 (101)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)

№15 სად დაპატიჟეს ბელგიის მეფემ და დედოფალმა ქეთი ქარდავა და როგორ გაიშიფრა მასთან საუბრისას „ნატოს“ გენერალური მდივნის ოჯახი

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

ჟურნალისტი ქეთი ქარდავა წლების განმავლობაში „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ მუშაობდა და ევროპის ბიუროდან ხშირად პირველი აშუქებდა მიმდინარე აქტუალურ სიახლეებს. დაახლოებით ერთი წლის წინ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ბიურო დახურა და ქეთის თბილისიდან უწევდა სხვადასხვა აქტუალური თემის გაშუქება. ცოტა ხნის წინ კი მან „იმედიდან“ მიიღო შემოთავაზება, რომელმაც ბრიუსელში თავისი ბიურო გახსნა და ქეთი იმ ადგილს დაუბრუნდა, სადაც თითქმის 10 წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრში იყო.
ქეთი ქარდავა: სულ ვამბობ, რომ ტელევიზიაში ერთი არ დავბადებულვარ, თორემ მთელი წლები იქ მაქვს გატარებული-მეთქი. ჩემი ოჯახის წევრები ტელევიზიაში მუშაობდნენ და პატარაობიდან, ლამის სამი წლიდან იქ ვიყავი. სკოლის შემდეგ ბებია გამომივლიდა ხოლმე და მივყავდი ტელევიზიაში. მაშინ იქ თანამშრომლების შვილებისთვის ბავშვთა ოთახი იყო. ჩემი ოჯახის წევრებს ძალიან არ უნდოდათ, რომ ჟურნალისტი გამოვსულიყავი. რადგან წლების განმავლობაში ტელევიზიაში მუშაობდნენ, ზუსტად იცოდნენ, რას ნიშნავს ჟურნალისტის საქმიანობა, კვირის განმავლობაში რამდენი საათი უნდა გაატარო გარეთ, რამდენი ღამე გაათენო და არ უნდოდათ  ამ ყველაფრისთვის „გავეწირე“. ყველანაირად მიშლიდნენ ხელს, იმ დონეზეც კი, რომ მახსოვს, დედაჩემმა ჩემ დაუკითხავად შეიტანა ჩემი საბუთები საბუნებისმეტყველოზე. როდესაც ეს გავიგე, მაშინ დაიწყო ჩვენი სერიოზული საუბარი იმაზე, რომ მე აუცილებლად გავხდებოდი ჟურნალისტი. მერე იყო გადაცემები პირველ არხზე, მეორე არხზე, რადიოში და საბოლოოდ, ოჯახშიც შეეგუვნენ, რომ ჟურნალისტი უნდა გავმხდარიყავი. დღეს ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები სწორედ ისინი არიან. ჩემი ერთადერთი მოტივაცია ყოველთვის იყო და არის საქმე, რომელსაც ჩემთვის არასდროს უღალატია და მასთან ვალში ვარ. მახსოვს, 2004 წელს, „იბერიაზე“, მერე „რუსთავი 2-ზე“ მუშაობის შემდეგ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ დავბრუნდი. ჩემი ევროპული ბიუროს 10-წლიანი ისტორია სწორედ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ იყო დაკავშირებული. მე ვიყავი პირველი, ვინც საქართველოდან ოფიაციალურად წავიდა ბიუროში. ახლა კი, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, ჯერ ერთი, ცვლილების დრო იყო და პლუს, „იმედს“ სურდა გაეხსნა ბიურო და მე უნდა დავბრუნდებოდი ჩემს ადგილს, იქ გავაგრძელებდი ჩემს საქმეს და არა თბილისიდან თვეში ოთხჯერ სიარულით. საბოლოოდ ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება. ძალიან მიხარია და მადლობელი ვარ, რომ ჩემი ამდენწლიანი შრომა დაფასდა. დიდი სიხარულით ვმუშაობ „იმედისთვის“. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლისგან“ განსხვავებით, „ტელეიმედი“ ძალიან რეიტინგული არხია. ამას ეკრანზე პირველივე გამოჩენისთანავე მივხვდი და ეს ჩემთვის კიდევ უფრო მეტი სტიმულია.
–  ბრიუსელში როგორ შეხვდნენ შენს დაბრუნებას?
– ძალიან გაუხარდათ, რადგან განიცდიდნენ, რომ ასე ვმოგზაურობდი და ვერაფრით იგებდნენ, რატომ შეიძლებოდა, ბიურო დახურულიყო და საქმე ძალით გართულებულიყო.
– როგორ შეხვდნენ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ შენს გადაწყვეტილებას?
– სანამ „იმედში“ პირველ მოლაპარაკებაზე მივიდოდი, „მაუწყებელზე“ უკვე ბევრმა იცოდა. არავისთან არაფერი მქონდა დასამალი, რადგან ჯერ მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობდა და არავისთან ვიყავი ვალდებული, პრესკონფერენცია მომეწყო. როდესაც გადაწყვეტილება მივიღე, ტელევიზიაში სულ რამდენიმე ადამიანს დავემშვიდობე და ამით, ალბათ, ყველაფერი ნათელია. მახსოვს, როდესაც ბიუროს დახურვაზე იყო საუბარი, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდის ერთ-ერთ სხდომაზე  კომიკური ფრაზა მოვისმინე – ბორდის ერთ-ერთმა წევრმა თქვა: რა პრობლემაა, გვესმის, რომ ქარდავა გამოცდილია, აქვს კონტაქტები და მაგრამ არა უშავს, სხვას თუ მოუწევს, ერთხელ ჩავა, ორჯერ და ისიც გააკეთებსო. ეს იმდენად არაპროფესიონალური დამოკიდებულებაა საქმის მიმართ, რომ სურვილიც არ მქონია იმ ადამიანისთვის ამეხსნა რამე. ბრიუსელში ყველაფერი სხვანაირად არის, ვგულისხმობ
ნდობას, ურთიერთობას. ერთხელ სადმე წასვლით ამ სტრუქტურებში, სფეროში, სივრცეში ნდობის მოპოვება არ გამოდის.
– როგორ შეხვდა შენს გადაწყვეტილებას ოჯახი, განსაკუთრებით კი მეუღლე?
– ბავშვი უბრუნდება თავის დაბადების ადგილს. დიდი მადლობა ჩემს მეუღლეს, დედას, ოჯახის წევრებს, რომ მიძლებენ, რადგან ძალიან რთულია, გყავდეს შვილი ან ცოლი ჟურნალისტი. მეუღლესთანაც მარტივად ავაწყვეთ ყველაფერი: ასეა საჭირო, საქმე არის საქმე და შემდეგ არის ყველაფერი. თავიდან მარტო ჩამოვედი და მალე ჩვენი გაერთიანება შედგება, ოჯახი ოჯახს დაუბრუნდება.
– რა შეცვალა შენს ცხოვრებაში ლეოს დაბადებამ?
– დამატებითი პასუხისმგებლობა მაქვს იმ პატარა ადამიანის მიმართ, რომელსაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი ყურადღება. 19 წლის შემდეგ ყველაფერი თავიდან დავიწყე. თუმცა მაშინაც, როცა პირველი შვილი გავაჩინე, ყველაფერი ძალიან კარგად მქონდა გააზრებული.
– როგორც ვიცი, ცხოვრებაში ძალიან ბევრი სირთულე შეგხვდა და ეს ყველაფერი, ალბათ, დაგეხმარა იმაში, რომ დღეს ასე მყარად დგახარ ფეხზე.
– რა თქმა უნდა, ბევრი სირთულე მაქვს გამოვლილი და ამან ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. ყოველდღიური ბრძოლა მიწევდა როგორც პირადი, ასევე პროფესიული თვალსაზრისით.
– ბრძოლაში გამარჯვებული გამოდიოდი თუ დამარცხებული?
– ამბიციურად ჟღერს, მაგრამ არასდროს დავმარცხებულვარ. ვაღიარებ: ამბიციური ადამიანი ვარ და საკუთარ შესაძლებლობებს ობიექტურად ვუყურებ. საკუთარ თავზე ძალიან ბევრს ვმუშაობ და ჩემმა ოჯახის წევრებმა ეს იციან. რა საქმეშიც ვარ, იქ უნდა დავდო მაქსიმალური შედეგი.
– რა იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სირთულე?
– ყველაზე რთული მომენტი იყო, როდესაც უნდა გადამედგა ნაბიჯი განქორწინების სასარგებლოდ. თან, პატარა ასაკში, როცა არაფრისთვის მიგიღწევია და ორივე ფლანგზე სირთულეებში ხარ. ამ გადაწყვეტილების მიღება არ არის მარტივი, თან იმ ასაკში, როცა შეიძლება, სხვას ოჯახიც არ აქვს შექმნილი. ძალიან ვამაყობ საკუთარი თავით, რომ ამ გამოწვევას გავუძელი. მივხვდი, რომ მე ვიყავი საკუთარი თავის პატრონი და მე უნდა გადამედგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჩემი და ჩემი შვილის მომავლისთვის. ჩემს ცხოვრებაში იყო ისეთი პერიოდი, როდესაც სამსახურისთვის თავის დანებებას მთხოვდნენ. ამ გადასახედიდან ხომ წარმოგიდგენიათ, ეს როგორი არასერიოზული იყო. ყველა ქალს მოვუწოდებ, რომ არ დათმონ საკუთარი საქმე და არ მოექცნენ ვიღაცებისა და რაღაცების მარწუხებში. მაშინ ამ ნაბიჯის გადადგმა გარდაუვალი იყო და სხვა შანსი არ მქონდა. ჩემი ოჯახის წევრები ძალიან დამიდგნენ გვერდში. მაშინ, როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღე, დიდი წვლილი შეიტანა ჩემმა საქმემ, ძალიან დამეხმარა. ამ პერიპეტიების დროს ჩემი საქმისთვის თავი არ დამინებებია და ეს მიწყობდა ხელს იმაში, რომ დეპრესიული განწყობა თავიდან ამერიდებინა. თუმცა, ჩემგან ყოველთვის შორს არის დეპრესია, პესიმიზმი. ერთი ასეთი ცუდი თვისება მაქვს: არ ვარ გულმავიწყი. წყენა არასდროს მავიწყდება. საკუთარ თავზე ვმუშაობ, მაგრამ ვერაფრით დავძლიე ეს სისუსტე. შურისძიება არ მახასიათებს, ეს თავისთავად ხდება: ყველა იღებს იმას, რაც ეკუთვნის. სიტუაცია უნდა მიუშვა და დაელოდო. მთავარია, არ დაკარგო მოთმინება. მე ამის საკმაოდ დიდი უნარი მაქვს და კარგი ამტანიც ვარ.
– საქმეს დავუბრუნდეთ. სოციალურ ქსელში დადე ფოტო, სადაც ბელგიის მეფესთან და დედოფალთან ერთად ხარ გადაღებული.

– ტერაქტის ორი წლის თავზე მიღება გამართეს ბელგიის მეფემ  და დედოფალმა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც რაიმე ფორმით შეეხო ტერორისტული აქტი. მეც მივიღე მოწვევა. ძალიან აინტერესებდათ, როგორ მოვახერხე გადამეღო და შემდეგ გადმომეცა ეს ყველაფერი. იმდენად დეტალურად აინტერესებდათ, რომ მეც გამიკვირდა.
– ვისთან შეხვედრა იყო კიდევ შენთვის განსაკუთრებული?
– არაერთხელ ჩავწერე ინტერვიუ „ნატოს“ გენერალურ დირექტორთან. მარტში, როდესაც ის საქართველოში ჩამოდიოდა და ჩავწერე, მადლობა გადამიხადა: ვაფასებ შენს აქტიურობას, ეს ძალიან კარგია შენი საქმაინობისა და შენი ქვეყნისთვის. პრესკონფერენციაზე რომ დაგინახავ ხოლმე, ვიცი, იმ დღეს აუცილებლად უნდა ვისაუბრო საქართველოზეო. რა თქმა უნდა, ამის მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ბოლო ინტერვიუს სანამ ჩავწერდით, მკითხა: როგორ არის შენი შვილი, ღამე თუ სძინავსო. გენერალურ მდივანს შვილიშვილები ჰყავს და ეტყობა, არ აძინებენ. მე ვუთხარი: კარგად სძინავს-მეთქი და ეს ძალიან დიდი ბედნიერებააო – ეგრევე გაიშიფრა გენერალური მდივნის ოჯახი. ჩემი ოჯახის წევრებითაც დაინტერესდა, ბელგიელი მეუღლე ხომ არ გყავსო. ავუხსენი, რომ ქართველი მეუღლე მყავს. უფროს შვილზეც მკითხა, სად სწავლობდა. თან ისეთ მომენტში ვიყავით, არ მინდოდა, ეს დრო ინტერვიუზე დამკლებოდა. შემამჩნია, რომ მოკლე-მოკლე პასუხებს ვცემდი და მითხრა: არ ინერვიულო, ამ წუთებს დაგიმატებო.
– ლეო „ნატოს“ შტაბ-ბინაში ძალიან პოპულარული ბიჭია.
– კი, „ნატოში“ ყველა მას კითხულობს. ქართველებიდან ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც მივიყვანე, თან ძალიან პატარა. ჯეიმს აპატურაი სულ კითხულობს და ახლაც ელოდება. აუცილებლად მოიყვანე „ჯორჯიან მენი“, რომ საჩუქარი გადავცეო, შენახული აქვს... მეც ხომ ვიცი, ვის რა უყვარს და სულ მიმაქვს ქართული საჩუქრები. ჯეიმსი ალკოჰოლური სასმელებიდან მხოლოდ ჭაჭას აღიარებს და ამბობს, რომ თუ რამე მომკლავს, ეს ჭაჭა იქნებაო. მოკლედ, მეც ჭაჭით ვარ ხოლმე წარმოდგენილი და მერე ვსაუბრობთ, რას შველის. ქართული საჭმელებიც ძალიან უყვარს და მისი ოჯახის წევრებიც ქართული კერძებით ძალიან არიან დაინტერესებული.

скачать dle 11.3