კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 რატომ არ უნდოდა კვლავ ხმლის ხელში აღება ყოფილ სარდალ თორნიკეს და რა სახსრებით დაიწყეს ივერთა მონასტრის მშენებლობა ათონზე

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

დავით მესამე კურაპალატის კარზე დაწინაურებული იყო ვარაზ-ვაჩე ჩორდვანელი – განათლებული კაცი, განთქმული მეომარი, ბრძენი, გულისხმიერი, ღვთისმოშიში, ქველმოქმედი და წარმოსადეგი ადამიანი. ერთ დღესაც დაუტევა თანამდებობა, ქონება, მეუღლე, შვილები, ფარულად წავიდა ოთხთა ეკლესიაში და შემონაზვნდა. შემდეგ იქიდან მიაშურა ულუმბოს მთას და ერთ პატარა მონასტერში დაიწყო ჯორების მოვლა და სხვა მსგავსი მსახურება თავმდაბლად.
იმ ხანებში ბიზანტიამ ტაოს სამეფოს მომიჯნავე მიწები დავით მესამეს გადასცა. სანაცვლოდ, იმპერატორმა მძევლები მოსთხოვა ქართველ მეფეს. დავით მეფეს ვაჟი არ ჰყავდა (ალბათ, არც ასული). ამიტომ, კონსტანტინოპოლში დიდებულების შვილები გააგზავნეს მძევლად. მათ შორის იყო მამა იოანეს უმცროსი ვაჟი, ექვთიმე (ეფთვიმე), რომელიც იმ დროს პატარა იყო (დაიბადა დაახლოებით 955 წელს). დიდებულების შვილების მძევლად აყვანით, ბიზანტია ცდილობდა, ამ ქართული სახელმწიფოს მხრიდან ამბიციის გამოვლინება შეეკავებინა.
მძევლების აყვანის ამბავმა წმიდა იოანეს ყურამდეც მიაღწია. შვილის გამოსახსნელად კონსტანტინოპოლს გაემგზავრა. იმპერატორმა უარი ვერ უთხრა და მამამ შვილი თან წაიყვანა ულუმბოს მთაზე. გახმაურდა მათი იქ ყოფნის ამბავი. ამიტომ, დაახლოებით 965 წელს, შვილთან და რამდენიმე მოწაფესთან ერთად მამა იოანე ათონს გაემგზავრა. იქ, ცნობილ მოღვაწესთან, ათანასე დიდთან მზარეულად მსახურობდა ორ წელზე მეტხანს. ათანასე დიდს ძალიან უყვარდა ქართველები, რადგან დედით ქართველი, ლაზი ყოფილა.
მეფე დავითის კარზე მსახურობდა მამა იოანეს ძმაც, სახელგანთქმული სარდალი თორნიკე. თორნიკემაც გადაწყვიტა შემონაზვნება და მამა იოანეს საძებნელად ულუმბოს გაემგზავრა. ულუმბოს მთაზე აღარ აღმოჩნდა მამა იოანე. თორნიკემ გაიგო, რომ მისი ძმა მთაწმინდაზე (ათონზე) გადასულიყო. გაემგზავრა თორნიკე ათონზე და მამა იოანეს ხელით მონაზვნად ეკურთხა.
იმ დროს დიდი ამბები მოხდა ბიზანტიაში. 976 წელს ბიზანტიის ჭაბუკი კეისრის, ბასილი მეორისა და მისი თანამოსაყდრე ძმის, კონსტანტინეს წინააღმდეგ, ბარდა სკლიაროსის მეთაურობით, აჯანყება დაიწყო. აღმოსავლეთის პროვინციები მთლიანად ბარდას ხელში გადავიდა. იმპერატორადაც აკურთხეს მომხრეებმა.
დედა-დედოფალი თეოფანა და ჭაბუკი კეისრები დასავლეთში, კონსტანტინოპოლში იყვნენ გამაგრებულები, უფრო სწორად, გამომწყვდეულები. კონსტანტინოპოლის სამეფო კარმა გადაწყვიტა, დახმარებისთვის დავით კურაპალატისთვის მიემართა. აღმოსავლეთით გზები ჩაკეტილი ჰქონდა სკლიაროსს. გარდა ამისა, დავით კურაპალატისთვის წერილის გასაგზავნად და მის დასაყოლიებლად ძალიან ერთგული და საქმეში ჩახედული ადამიანი უნდა შერჩეულიყო. ბიზანტიის საიმპერატორო კარზე შიშობდნენ, სკლიაროსს არ მიმხრობოდა დავით კურაპალატი. ამ ვითარებაში გამოარკვიეს, რომ ათანასეს ლავრაში იმყოფებოდნენ ქართველთა მეფის ყოფილი სარდლები, იოანე და იოანე-თორნიკე. დედოფალმა სასწრაფოდ სევასტოფორი (იმპერატორის პირადი გამომცხადებელი, წარმდგენი) გააგზავნა ათონზე და თავისი შვილების სახელით, სათითაოდ, ვრცელი წერილები მისწერა მამა იოანეს, მამა ათანასესა და მამა იოანე-თორნიკეს:
„უღმერთო სკლიაროსი განგვიდგა და დაიპყრო მთელი აღმოსავლეთი. ვევედრებით სიწმინდესა თქვენსა, ყოველი მიზეზის გარეშე, აუცილებლად მოვიდეს ჩვენთან იოანე-თორნიკე“.
მამა ათანასე და მამა იოანე დიდ უხერხულობაში ჩავარდნენ. ეხვეწნენ თორნიკეყოფილს, წასულიყო კონსტანტინოპოლში. მაგრამ, კონსტანტინოპოლში წასვლა პოლიტიკაში და ბრძოლებში ჩართვას ნიშნავდა. ეს კი არ უნდოდა მამა იოანე თორნიკეყოფილს. მას აღთქმა ჰქონდა დადებული, რომ განუდგებოდა ამქვეყნიურ ცხოვრებას და მახვილს აღარ აიღებდა ხელში. და ასე უპასუხა მამა ათანასესა და მამა იოანეს: „მე ჩემი ცოდვების გამო მოვედი ამ წმიდა ადგილას და შეუძლებელია ჩემი წასვლა მეფეებთან, რადგან ვიცი, რისთვისაც მიხმობენ. ღვთის მადლით, ბერად აღვიკვეცე და ამიერიდან მეფეებთან არაფერი მესაქმება. გევედრებით, ღვთის სიყვარულისთვის შემინდეთ და ნუ მაიძულებთ წასვლას, ნუ ჩამაგდებთ ამსოფლიურ შფოთში“.
მთელი კვირა ეხვეწებოდნენ, ბოლოს მამა ათანასემ და მამა იოანემ საკუთარ თავზე აიღეს ყველა ბრალი და ყველა ცოდვა, რაც თორნიკეს შეიძლება, ჩაედინა და მაინც დაარწმუნეს, წასულიყო.
ჭაბუკ კეისრებს, ბასილისა და კონსტანტინეს ჯერ არ ჰქონდათ ძალაუფლება და ქვეყანას დედოფალთან ერთად მართავდა პარაკიმენონი (მესაწოლეთა უხუცესი) ბასილი ლაკაპინოსი, საჭურისი, იმპერატორ რომან პირველი ლაკაპინოსის უკანონო შვილი.
მივიდა თუ არა იოანე-თორნიკე კონსტანტინოპოლის სამეფო კარზე, პარაკიმენონმა სასწრაფოდ შეიყვანა სამეფო დარბაზში. კეისრები და დედოფალი ფეხზე წამოუდგნენ, პატივით მოიკითხეს და გვერდით დაისვეს ქართველი ბერი. დედოფალმა უბრძანა და ახალგაზრდა კეისრებმა დაუჩოქეს ქართველ ბერს, ყოფილ სარდალს.
მარჯვე მომენტს ვერ გაუშვებდა ხელიდან მამა იოანე. ამხილა დედოფალი ქართველთა შევიწროების გამო სხვადასხვა ტერიტორიაზე. დედოფალმა პატიება ითხოვა და აღუთქვა: „რასაც მიბრძანებ, ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ წაბრძანდი დავით კურაპალატთან და ჩვენი გაჭირვება ამცნე“.
ბიზანტიის მართველებმა დაწერეს დახმარების სათხოვნელი წერილი დავით მესამისადმი და გამოატანეს მის ყოფილ სარდალს. დავით კურაპალატმა გაიხარა ყოფილი თანამებრძოლის ხილვით. წაიკითხა იმპერატორების წერილი, გამოჰკითხა მამა იოანეს საქმის ვითარება და გადაწყვიტა, დახმარებოდა კონსტანტინოპოლს სკლიაროსის წინააღმდეგ. ამ საქმიდან საკუთარი სამშობლოსთვის მოგებას ელოდა ქართველი მეფე. თორმეტი ათასი ქართველი გაემგზავრა საომრად. სარდლად თორნიკეყოფილი დაინიშნა, ჯოჯიკთან ერთად. მამა იოანემ თავისი და მეფის წერილები გადაუგზავნა კონსტანტინოპოლს და ამცნო კურაპალატის მოთხოვნები. კურაპალატი საკუთარი ქართული სამეფოსთვის მიწებს ითხოვდა.
საიმპერატორო კარმა თორნიკეს შემოუთვალა: „ვიცით, ღმერთი შეგეწევათ, ჩვენი მოწინააღმდეგენი დაატყვევეთ და ყველაფერი, რაც ალაფი იქნება, თქვენი იყოს“.
ჩვენი წინაპრების ჯარი დაეხმარა აჯანყებულების წინააღმდეგ მებრძოლ ბიზანტიელ სარდალ ბარდა ფოკას. 979 წლის მარტში დაამარცხეს ბარდა სკლიაროსი. დიდებულები, ვინც სკლიაროსს მიემხრო, დააპატიმრეს და ქონება ჩამოართვეს. ჩამორთმეული ქონების ნაწილი ქართულ-ბერძნულ ლაშქარს გაუყვეს, დიდი ნაწილი იოანე-თორნიკეს გადაეცა, შეპირებისამებრ. ალბათ, ნაწილი დავით კურაპალატს არგუნეს, ნაწილი კი – ფოკას.
მამა იოანე თორნიკეყოფილი კონსტანტინოპოლში მეორედ ჩავიდა. დიდი სიხარულით მიიღეს გამარჯვებული სარდალი სამეფო კარზე. შემდეგ ათონზე დაბრუნდა. წმიდა მამები დიდი სიხარულით შეხვდნენ სულიერ ძმას.
 იოანე-თორნიკეს მიერ მოპოვებული თანხით დიდი ქართული საქმეები გაკეთდა. დიდი ნაწილი ათონის ივერთა მონასტრის მშენებლობას მოხმარდა.

скачать dle 11.3