კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 სიყვარულის მავნე შედეგები

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #14(953)

ჰო, შეიძლება, მართლაც სულელი ვარ... განა მწყინს, ამას რომ მეუბნებიან, თანაც ჩემი ყველაზე ახლობელი ადამიანები. უბრალოდ, გული იმაზე მწყდება, არაფრის გაგება რომ არ უნდათ. სიყვარული ხომ ყველაზე მაგარი რამეა, რის გარეშეც ცხოვრება წარმოუდგენელია. არ გამიმართლა მამაკაცებში, მაგრამ ეს ხომ უფრო მათი პრობლემაა, ვიდრე ჩემი. მიყვარდა ორივე. ჩემი მომავალი ბავშვის მამაც  ძალიან მიყვარს. ვტირი, მტკივა, მაგრამ რისი შეცვლა შემიძლია?! გულს ხომ ვერ ვუბრძანებ? მშურს იმ ქალების, რომლებსაც ეს შეუძლიათ, მაგრამ ასეთი ქალი ქალია? აი, მაგალითად, დიკო – საუკეთესო მეგობარია. თუმცა სიყვარული რა არის, საერთოდ არ იცის. მამაკაცი მაშინ ჩნდება მის ცხოვრებაში, როცა სჭირდება. გამოიყენებს და დაემშვიდობება. არც გულს იტკიებს, არც – თავს. შეიძლება, მართლა ასე სჯობია, მაგრამ  მე ვერ „გავქაჩავ“. ვერ ვიქნები კაცთან, რომელიც არ მიყვარს. რობოტი ხომ არ ვარ?.. მარიკას უფრო ესმის ჩემი. რა ქნას, სამი შვილი, ქმარი, სამსახური... თანაც, ეს დიკო და ლიზი ისე დაესხმებიან ხოლმე თავს, ხმას არ აღებინებენ. სიყვარულზეც აქვს თავისი აზრი, ჭკვიანია, გამოცდილი. მარტო მაგას არ შეუცხადებია ჩემი ორსულობის ამბავი. არ მინდოდა, დავორსულებულიყავი, მაგრამ არ სჯერათ. ჰოდა, ამათ რომ არ სჯერათ, იმას როგორ დავაჯერო?! ალბათ, ფიქრობს, ეს ყველაფერი სპეციალურად მოვაწყვე, რომ „გამომეჭირა“. რა სისულელეა. არ ვარ მე ის ქალი, კაცის „გამოჭერაზე“ რომ იყოს ორიენტირებული. ჩემი „მონადირეობა“ არ გაიშვა. როგორ მიყვარს... არ მჯერა, რომ მიმატოვებს და ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ჩემ გვერდით არ იქნება. ოთხი დღე ხდება, არ დაურეკავს. მხოლოდ მწერს, რომ ბევრი საქმე აქვს და ვენატრები. ნუთუ ცოლთან არის?
ანანომ პატარა სარკე აიღო და სახესთან მიიტანა – ორსულობამ ვერაფერი შეცვალა მის ბავშვურ, ლამაზ სახეზე. ცოტა გამოხედვა ჰქონდა სევდიანი. ფიქრით სავსე.
ლიზამ ნაყინებით სავსე პარკი მაგიდაზე დადო და მაშინვე ელექტროჩაიდნისკენ გაქანდა ჩასართველად.
– ყავა მინდა... იმდენი საქმე მქონდა, ვერ მოვიცალე, ერთი ყლუპი რომ მაინც გადამეყლაპა. ორჯერ გამიცივდა. წარმოგიდგენია? საგიჟეთი მაქვს სამსახურში.
ლიზამ ყავა დაისხა და მეგობარს უნდობლად გახედა.
– ჰა, მოყევი ახლა, რა ხდება?
– ლიზა, რა ვქნა, მეც არ მინდოდა ეს ბავშვი, მაგრამ მოხდა და რაღას შევცვლი?
– ჰო, ვერაფერს შეცვლი. თუ ბავშვს გულისხმობ, არც მე ვარ აბორტის მომხრე, მაგრამ იმაზე იფიქრე, რით უნდა გაზარდო? სოფოსაც იმდენი რამე სჭირდება. უკეთესი ცხოვრების პერსპექტივაც თვალსა და ხელს შორის გიქრება.
– შენ ფიქრობ, რომ სამსახურიდან გამიშვებენ?
– კი არ ვფიქრობ, ვვარაუდობ... სად ჯანდაბაშია?
ანანომ მზერა მოარიდა მეგობარს და იატაკს ჩააშტერდა.
– არა, ასე არაფერი გამოვა. პატარა არ ხარ, რომ ვერ ხვდებოდე, როგორ გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენე თავი.
– აუ, ლიზა, იმიტომ მოხვედი, რომ ჭკუა დამარიგო? რამდენჯერ გითხარი, შემიყვარდა... მიყვარს. ორსულობას კი არ ვგეგმავდი. ლიზამ ამოიოხრა და თვალები ისე ააპყრო ჭერისკენ, თითქოს ამბობდა – ღმერთო, გააგებინე ამ გოგოს მარტივი ჭეშმარიტებაო.
– ახლა, დიკოც მოვა.
– ჰმ, გაშლილი ფრონტით აპირებთ, შემომიტიოთ?
– არა. ვაპირებთ ჭეშმარიტების დადგენაში დაგეხმაროთ.
– ანუ, თქვენ ორნი იქნებით ჩემი სიყვარულის წინააღმდეგ? მარიკა მაინც წამოგეყვანათ ან მაშო... – ამოიოხრა ანანომ.
– მარიკას ოჯახმა მოუხმო. რაც შეეხება მაშოს, შეიძლება, მოვიდეს, თუ დანიშნულმა გამოუშვა. ძალიან მაგრად „ვკაიფობ“ ასეთ ურთიერთობებზე.
– რატომ? სულაც არ არის ცუდი ბიჭი, – გამოესარჩლა მეგობრის საქმროს ანანო, – რაც მთავარია, უყვართ ერთმანეთი.
– გოგო, შენ კიდევ სიყვარულზე ლაპარაკობ? ვერ ხედავ, რა დღეში ხარ მაგ სიყვარულით?
– ვილაპარაკებ ახლაც და ხვალაც, – გაჯიუტდა ანანო, – არ მესმის, რა უფლებით მიკრძალავ ჩემს სიყვარულზე ლაპარაკს...
– ახლავე აგიხსნი... რისი უფლებითაც, – მკაცრად თქვა დიკომ და სოფოს, ოთახში რომ შეუძღვა დედის დაქალს, ალერსიანად მიმართა, – საყვარელო, ყავის მოდუღებას ხომ შეძლებ? შაქარი არ ჩამიყარო, იცოდე.
გოგონა რომ გავიდა, დიკო ანანოს წინ, სავარძელში ჩაეშვა და მეგობარს გამანადგურებელი მზერა მიაპყრო.
– მაშ, ცოლს გავცილდიო, არა?
– რა მოხდა? – გაფითრდა ანანო.
ლიზასაც შეეცვალა გამომეტყველება.
– დიკო, რამე საშინელება არ თქვა, ორსულად არის მაინც.
– გავიგე, რომ ორსულად არის, მაგრამ ტყუილში ცხოვრებას, მგონი, თავიდანვე სიმართლის ცოდნა სჯობს.
– რისი ცოდნა, დიკო?!
– შენი ვაჟბატონი დღემდე თავის ცოლთან ცხოვრობს. არც უფიქრია დაშორებაზე. უბრალოდ, გატყუებს.
– არ მჯერა. შეიძლება, რაღაც ურთიერთობა აქვს, შვილების გამო, მაგრამ მე ვუყვარვარ.
დიკოს თვალები გაუფართოვდა.
– აუ, მოვკლავ ახლა ამას. გოგო, ასე რამ დაგაბრმავა. კარგი, აღარ დაგზოგავ და ბოლომდე გეტყვი ყველაფერს – მაგისი ცოლიც ორსულად არის.
დიკოს განაცხადი ისეთი მოულოდნელი იყო, რომ ლიზამაც კი პირი დააღო.
– არა! – აღმოხდა გაოგნებულს, შენ ვინ გითხრა?
– რა მნიშვნელობა აქვს. ეს ქალაქი ისეთი პატარაა, არაფერი დაიმალება. ცოტა მოვინდომე და... მოკლედ, ახლა ვიცით ის, რაც აქამდეც უნდა გვცოდნოდა.
ანანო გაფითრდა. ჩუმად იდგა და თითებით ხალათის ღილს აწვალებდა. ლიზას შეეშინდა წამოხტა და სამზარეულოში გავარდა წყლის მოსატანად. დიკომ აივნის კარი გამოაღო და სიგარეტს მოუკიდა.
– ჰო, ვხვდები. საშინელი მოსასმენი იყო, რაც ახლა გითხარი, მაგრამ ნერვები მეშლება, უსინდისოდ რომ გატყუებს. თქვი გოგო, რამე!
– არ მჯერა, – წყნარად თქვა ანანომ, – შეუძლებელია, მივხვდებოდი. მისი შვილი არ იქნება.
– რა?! – დიკომ ხელები გაშალა, – ღმერთო, ჭკუიდან შევიშლები.
ოთახში ლიზა შემოვარდა ჭიქით ხელში.
– ცუდად არის?
– ჰო. ოღონდ ჩვენ ვერ ვუშველით, ჭკუა აქვს ამოტრიალებული. არ ვიცი, ასეთს რას ეუბნება ის კაცი, მაგრამ სრულიად შეურაცხადია. მოკლედ, მე წავედი. აზრი არ აქვს აქ ყოფნას და რამის ლაპარაკს. – დიკომ სიგარეტი საფერფლეზე დაასრისა, ჩანთა აიღო და კარისკენ გაქანდა.
ანანომ თვალები დახუჭა... ლიზა გვერდით მიუჯდა და ფრთხილად მოჰკიდა ხელზე ხელი.
– დაელაპარაკე რეზოს. ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება. შეიძლება, მართლა დაშორებულები არიან და სხვისგან არის ორსულად. ჰო, მართლა ასე ვფიქრობ.
– და, თუ დიკო მართალია? თუ ბავშვს ქმრისგან ელოდება, ჩემსავით? მერე? მერე რა გავაკეთო?
– არ ვიცი, – ამოიოხრა ლიზამ, – მაგრამ სიმართლის ცოდნა მაინც უკეთესია.
– სიმართლე... სიმართლე... – გაღიზიანდა ანანო, – ვის სჭირდება ასეთი სიმართლე. მიყვარს-მეთქი, მოვკვდები მის გარეშე. მე ამას ვერ გავუძლებ.
ლიზამ ამოიოხრა.
– აბა, რა გითხრა. მე არ მენდომებოდა მატყუარა კაცი.
– ადვილი სათქმელია, – არ მენდომებოდა, – გამოაჯავრა ანანომ, – შენ ორსულად არ ხარ.
– მერე რა, რომც ვიყო, მაინც იგივეს ვიტყოდი. იცი, შენ... მიყვარდა, მაგრამ შეველიე.
– მე ვერ შეველევი! – იყვირა ანანომ. სახეზე ხელები აიფარა და ატირდა.
– ახლა შენთან ლაპარაკი შეუძლებელია. წავალ. დაფიქრდი, დამშვიდდი. მაგ რეზოსაც დაელაპარაკე, ნახე, რას გეტყვის. ოჰ, როგორი სიამოვნებით ჩავავლებდი თმაში ხელს და გავჩეჩავდი...
... კარის ხმა თითქოს შორიდან ჩაესმა და მიხვდა, რომ ლიზაც წავიდა. სოფო, ალბათ, თავის ოთახში იყო. ბოლო დროს თითქმის არ ელაპარაკებოდა შვილს. ისიც ხვდებოდა, რაღაც ცუდი რომ ხდებოდა დედამისის თავს. უსიტყვოდ ეხუტებოდა ან თავისთვის იყო და ზედმეტი შეკითხვებით არ აწუხებდა.
ანანომ ტელეფონი აიღო, რამდენიმე წუთი ეკრანს ჩასჩერებოდა, მერე გადადო, ლეპტოპი გახსნა და „ფისბუქის“ გვერდი გაშალა.
***
არ ვიცი ამ გოგოს რა ემართება. სრულიად არაადეკვატური ხდება, როცა საქმე სიყვარულს ეხება. ჯერ იმ მახომ შეშალა ჭკუიდან. ზუსტად ასე გაიძახოდა, მიყვარს, მიყვარსო. მერე, უსინდისოდ რომ მიატოვა ბავშვთან ერთად, ნაძირალა და არაკაცი გახდა. აღარც უყვარდა და აღარც ენატრებოდა. მერე ეს რეზო გამოჩნდა. ჰო, კიდევ ჯოზეფიც არის. როგორი კარგი ტიპია. ინგლისელია და ამერიკაში ცხოვრობს. აეროპორტში გაიცნო შემთხვევით და ეგრევე შეუყვარდა. ოღონდ იმ ტიპს, ამას – არა. ხომ უცნაურია? ყურადღებიანი, წესიერი, ყველაფრით დადებითი კაცი რომ არ შეგიყვარდება და კრეტინ რეზოზე გადაირევი. აი, არ მომწონს ეს რეზო და რა გავაკეთო? პირველივე ნახვისას არ მომეწონა. თაღლითის გამომეტყველება და ღიმილი აქვს. ცოლს ატყუებს, ანანოსაც... როგორ მოვიყვანო ჭკუაზე და როგორ ავუხილო თვალი... ლიზამ მითხრა, ცოლიც ფეხმძიმედ ჰყავსო. ჩვენი სულელი ამტკიცებს, შეუძლებელია, რეზოსგან იყოსო. მოკლედ, ანანოს სიყვარული ყოველთვის დამაზიანებელი და თავის სატკივარია. გოგოებს ვეტყვი, ჩვენ დაველაპარაკოთ მაგ რეზოს და ვათქმევინოთ, რას აპირებს... დედაჩემი მსაყვედურობს, ანანოზე რომ ზრუნავ, კარგია, მაგრამ იქნებ შენს პირადსაც მიხედო, თორემ იმას უკვე მეორე კაცი ჰყავს, შენ – არც ერთიო. პრინციპში, სიმართლე არის დედაჩემის სიტყვებში. ვერ შეედავები. ნეტავი მე ვიყო ორსულად... ეჰ, ვითომ მყავს შეყვარებული. მყავს და არც მყავს. ერთი სიტყვით, ჯოზეფს უნდა მივწერო და ანანოს ამბავი გავაგებინო. სულ კითხულობს, როგორ არისო. ჩემზე აზრი ხომ არ შეიცვალაო. მზად ვარ, ჩამოვიდე და ცოლად შევირთოო. ანანოს არაფერს ვეტყვი, ისე მივწერ...
***
... სულ ტყუილად ეგონა, რომ ქალის მიმართ აგრესიით განეწყობოდა. პირიქით, რაღაცნაირი განცდა გაუჩნდა. თითქოს ერთმანეთის ახლობლები იყვნენ, ძალიან შინაურები. მისი წამოზრდილი მუცელიც მაშინვე შეამჩნია. ქალი ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდა, კატასავით ფრთხილად, შეპარვით, ცოტათი გაუბედავად. საუბარი პირველმა დაიწყო:
– შენ ანანო ხარ? – ჰკითხა და ინტერესით შეათვალიერა, – ზუსტად ასეთი წარმომედგინე. რეზოს გემოვნებაში ჯდები. ძირითადად, ერთი სტილის ქალები მოსწონს.
ანანომ მშვიდად აიტანა მისკენ გადმოკრული მწარე მათრახი. თუმცა, გონებაში დაილექა სიტყვები – „ერთი სტილის ქალები მოსწონს“.
– როდის ელოდები ბავშვს? – საკუთარი ხმა ეუცხოვა. თითქოს ვიღაც სხვა ლაპარაკობდა მის მაგივრად.
– მეხუთე თვეში ვარ, – თქვა „იმან“, კაფეს მოწნული სკამი გამოსწია და ჩამოჯდა.
– მე ჯერ მხოლოდ სამი თვე შევასრულე.
– აჰა, ალბათ, ზედმეტია იმის კითხვა, რომ ფეხმძიმედ ჩემი ქმრისგან ხარ.
ანანოს ტუჩები აუკანკალდა.
– ჩემ შესახებ რამე იცით?
– სიმართლე გითხრა, ბევრი არაფერი. მაგრამ ვხვდებოდი. რეზოსთან ჩემი თოთხმეტწლიანი ქორწინების განმავლობაში მესამე გრძნობა განმივითარდა. ვგრძნობ, როცა მატყუებს. როცა მის ცხოვრებაში ახალი ქალი ჩნდება.
ანანო გაფითრდა და რეტდასხმულივით შეტორტმანდა.
– მე მისი „ახალი ქალი“ არ ვარ, მიყვარს და შვილი უნდა გავუჩინო.
– დარწმუნებული ხარ, რომ მისი შვილია?
ანანომ იგრძნო, როგორ მოაწვა ცხელი სისხლი სახეზე და მთელ სხეულში ისეთი სისუსტე იგრძნო, რომ სკამის საზურგეს მოებღაუჭა.
– დაჯექი, ჩაიზე დაგპატიჟებ. მე ყავას ვერ ვსვამ, მაგრამ შენ შეგიძლია, ყავაც შეუკვეთო.
ანანომ პასუხად მხოლოდ ამოიოხრა.
– მესმის, – თანაგრძნობით გაუღიმა ქალმა, – მძიმე მოსასმენია, რაც გითხარი. მაგრამ რეზომ მითხრა, რომ ბავშვი მისი არ არის.
– რა? ჩემზე ილაპარაკეთ? კი მაგრამ, თუ იცოდი ყველაფერი, რატომ ელოდებოდი, რომ მე დამერეკა.
– არ ველოდებოდი, რეზომ დამარწმუნა, რომ შენთან სერიოზული არაფერი ჰქონია. მუხლებზე დაჩოქილი მეხვეწებოდა, ერთი შანსი კიდევ მიმეცა და მეც დავთანხმდი. როცა ორი შვილი გყავს და მესამეს ელოდები, ოჯახის დანგრევა მარტივი არ არის. თუნდაც ყველაზე ნაძირალა ქმარი გყავდეს.
ანანოს ხელი მუცელზე ედო და ბუნდოვნად ესმოდა, რას ელაპარაკებოდა ქალი.
– მე... მე... მითხრა, რომ ორი წელია, მხოლოდ ბავშვების გამო აქვს შენთან ურთიერთობა, რომ დაშორდით და ჩემთან უნდა ყოფნა.
– აჰა, საინტერესოა. ანუ, მაგ ლოგიკით გამოდის, რომ ფეხმძიმედ სხვა კაცისგან ვარ? – ქალმა ორაზროვნად ჩაიცინა, – და, რატომ უნდა დაგიჯერო? სულელი გგონივარ? იქნებ, ჩემი ქმრის ხელში ჩაგდება გინდა. სპეციალურად დაორსულდი და ახლა შანტაჟს მიწყობ. სხვათა შორის, მესიჯი რომ წავივკითხე, სწორედ ასე ვიფიქრე. არ ვაპირებდი მოსვლას.
– და... რეზოს წააკითხე ჩემი მესიჯი? – გაფითრდა ანანო.
ქალმა ცოტა იფიქრა, პასუხი გაეცა თუ არა. მერე თავი გააქნია.
– არა. რატომღაც გადავწყვიტე და მომინდა, მენახე. რაღაც უნდა გთხოვო.
ანანოს უკვე ცრემლებით ჰქონდა თვალები სავსე.
– მე? მე რა უნდა მთხოვო.
– დაურეკე ჩემს ქმარს და როგორმე აქ მოიყვანე.
– ღმერთო, რა ჩაიფიქრე?
– ნუ გეშინია. იცი, ახლა მივხვდი, რომ აღარ მინდა ტყუილში ვიცხოვრო. მოვიდეს და ერთად გვნახოს. აქ, შენ წინაშე თუ მეტყვის, რომ მისგან არ ხარ ორსულად, მაშინ ყველაფერი თავის ადგილას დადგება.
– მე? ვერ მივხვდი, რას გულისხმობ, – ანანო უკვე ნანობდა, რომ მარტო წამოვიდა ამ ქალთან შესახვედრად. დიკო უნდა წამომეყვანაო, – ბრაზობდა გულში.
– იმის თქმა მინდოდა, დარწმუნებული თუ ხარ საკუთარ სიმართლეში.
ანანომ თავი დაუქნია.
– და გაიმეორებ მისი თანდასწრებით, იმას, რაც მე მითხარი? მატყუარა და უპასუხისმგებლო კაცი არ გჭირდება, დამიჯერე, მხოლოდ ცხოვრებას გაგიმწარებს. თუ იტყვის, რომ შენი ბავშვია მისი და მე სხვისგან დავორსულდი, ეგრევე მივდივარ. გპირდები, გზას გაგითავისუფლებ.
– კარგი, დავურეკავ, – ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ თქვა ანანომ და მობილური აიღო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3