კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 რატომ არ შეიძლება მუდმივად ცხოვრებაზე წუწუნი და რატომ უნდა ვამოწმებდეთ სულ საკუთარ რწმენას

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

სინანული არის საწყისი და წინაპირობა ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრებისა. როდესაც ქრისტემ ქადაგება დაიწყო, მისი პირველი სიტყვა იყო: „შეინანეთ!“ მაგრამ, რა არის სინანული? ყოველდღიური ცხოვრების ორომტრიალში, სამწუხაროდ, ამაზე ფიქრის დრო ვერ გამოგვინახავს, თუმცა უფრო მეტ დროს წუწუნს ვუთმობთ. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– დღესდღეობით არსებობს ხალხური მითოლოგიური მართლმადიდებლობა. ეს არის მართლმადიდებლობის საფარში შენიღბული ხალხური, ლეგენდური შეხედულებები, რომლებიც ღრმად არის ფესვგადგმული ადამიანების გონებაში. მათზე შეიძლება ითქვას – ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო. დღეს ადამიანები ყოველგვარი აღსარების, ზიარების გარეშე, პურსა და წყალზე იტანჯავენ თავს, ბოლოს კი არც ეკლესიაში მოდიან, და თუ მოდიან – მხოლოდ აღდგომას, ლიტურგიაზე, ხატის გამობრძანებას თუ დაესწრებიან და შემდეგ ისევ ცხოვრების წარმართულ წესს უბრუნდებიან. ნუ გავხდებით თვითრჯულები, თვითმართლმადიდებლები, ხალხურ მართლმადიდებლობაში ნუ ვიქნებით, ნუ მოვიგონებთ ახალ ეკლესიას, ახალ სწავლებას, მოდერნისტულს, გაუბრალოებულს.
– ალბათ, ამიტომაც,  ხშირ შემთხვევაში, ჩვენი დამოკიდებულება სარწმუნოებისადმი, საეკლესიო წესებისადმი ზერელე და შინაარსს მოკლებულია. ადამიანები მიდიან ეკლესიაში, დგანან მოძღვართან, ესაუბრებიან, მაგრამ ერთი სული აქვთ, როდის დაასრულებენ  დიალოგს.
– და ასე ვდგავართ არა მხოლოდ მოძღვრის, არამედ უფლის წინაშე და გვეზარება მასთან ურთიერთობა. ჭეშმარიტი რელიგია – ეს არის განახლებული კავშირი ღმერთთან. როგორც კი ადამიანი შესცოდავს, უფლის წინაშე გაუცხოვდება და იმას შორდება, ვინც ყველაზე მეტად უყვარდა, ვისთანაც ახლოს იყო. სული შორდება ღმერთს, სულს შორდება სამშვინველი, სამშვინველს შორდება ხორცი და ხორცი ხდება ამ სოფელზე მიჯაჭვული. ყველაზე დიდი ცოდვაა, როდესაც ცოდვას სჩადიხართ არა ეშმაკის შთაგონებით, არამედ ყოველგვარი ზეგავლენის გარეშე. თქვენი ენა, თვალები, სმენა, ხელები, ფეხები მიეჩვია ცოდვის ჩადენას. თუ გინდათ, სულიერი სიმშვიდე მოიპოვოთ, საკუთარი თავი სინდისისმიერად დაადანაშაულეთ და ბევრ რამეს მიხვდებით. თქვენი ქმარი ან ცოლი კარგად თუ არ იქცევა, მიხვდით, რომ ამაში თქვენი ბრალიცაა. ეცადეთ, საკუთარ თავში იპოვოთ ამის მიზეზი, გამოასწოროთ და მერე, აუცილებლად დაგიბრუნდებათ ქმარიც, შვილებიც და რაც მთავარია, საკუთარი თავიც. ხშირად ჩვენი თავიდან საკუთარი თავიც უნდა გაქრეს, რადგან რთულია, ორმა პიროვნებამ იცხოვროს ერთად: ძველმა და ახალმა. ძველი, რომელიც ძალიან გიყვართ და ახალი, რომელიც ჩვილია და არანაირი ცხოვრების წესით არ გამოირჩევა, მოდის ეკლესიაში, ეზიარება და სულიერად ვერ იზრდება, რადგან არანაირი ღვაწლი არ გააჩნია.
– ადამიანები ხშირად ამბობენ: ვმარხულობ, ვლოცულობ, მაგრამ ჩემი ცხოვრება არ მიდის უკეთესობისკენ, რატომ არ ვიკურნებიო. ზოგჯერ ამაზე სხვებიც მიუთითებენ: დადიხარ ეკლესიაში, ლოცულობ, მაგრამ შენს ცხოვრებაში არაფერი იცვლებაო.
 – კარგად შეამოწმეთ თქვენი სურვილები: ითხოვეთ მცირედი და ღმერთი დიდზე დაგადგინებთ. გინდა, კარგი ქრისტიანი გახდე? მაშინვე პარაკლისების კითხვას ნუ დაიწყებ, ნუ დარჩები ეკლესიაში 2 საათი. 10 წუთი მოუსმინე, გონებით ილოცე, საკუთარი თავი გამოასწორე და შემდეგ, ოჯახის წევრები. ადამიანი რომ გაიღვიძებს, ზლაზვნით, მთქნარებით კი არ უნდა მივიდეს ხატების კუთხესთან, არამედ ყურადღებით, დამშვიდებელი, გაღვიძებული. როგორც კი გაიღვიძებთ და ხვდებით, რომ კარგი არაფერი გაგიკეთებიათ, იქიდან იწყებთ კარგი რაღაცის დაგეგმვას. მერე წუწუნებთ: რატომ მიდის ჩემი საქმეები ასე. იმიტომ, რომ თქვენი ნებით ცხოვრობთ. „მამაო ჩვენოში“ ამბობთ: „იყავნ ნება შენი“, ამ სიტყვების თქმა არ გაქვთ დამთავრებული და ცდილობთ, ყველამ თქვენს ჭკუაზე იაროს. მთელ დღეს ოცნებაში ვატარებთ – ან წარსულზე ვფიქრობთ, ან მომავალზე. მერე საღამოს ვამბობთ: დავიღალე, არ შემიძლია ლოცვა. მარხვა სხვა რამეა: როცა ჩვენს ახლობელს რაიმე პრობლემა აქვს, ცრემლებით ვევედრებით უფალს არა საკუთარ თავზე, არამედ სხვაზე: ღმერთო, განკურნე ჩემი ახლობელი და ის მაშინვე განიკურნება. როცა ძალიან მოვდუნდებით და მოვეშვებით, სწორედ მაშინ ვართ კარგი პაციენტები ეშმაკისთვის. ჩვენ ხომ გვიყვარს: ზეგ, მერე... ბიბლია კი გვეუბნება: დღეს არის შენი გადარჩენის დღე და დღეს მოინანიე შენი ცოდვები. მუდმივად გვახსოვდეს, რომ თავად ღმერთია სიყვარული. როდესაც აკრძალულ სიყვარულზე ამბობთ, რომ ეს ღმერთისგან არის, ტყუილია, რადგან არ შეიძლება, ასეთი სიყვარული ღმერთისგან იყოს. ამიტომ ებრძოლე იმ არაწმინდას, იმ უკეთურებას, რადგან თუ არ ებრძვი, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდები. სამწუხაროდ, ჩვენთან სანახაობად გადაიქცა ყველაფერი, რადგან მოგვწყინდა გარეგნული მსახურება. წვერი მაქვს მოშვებული, ფსკვნილი მიკეთია, მამაო ვნახე, წირვაზე ვიყავი – ყველაფერი გარეგნული დაგვრჩა. ლუკას სახარებაში იესო ქრისტე ამბობს: როცა მოვა ძე კაცისა, ჰპოვებს რწმენას დედამიწაზე? ერთეული ქრისტიანები იქნებიან საქართველოში, ევროპაში, რუსეთში, ამერიკაში. ისე გამრავლდება ურჯულოება, განხმება სიყვარული მრავალთა, რომ ვეღარ ნახავენ ჭეშმარიტ ქრისტიანებს.  თავი უნდა დავანებოთ ცხოვრებაზე წუწუნს. ძალიან ბევრი ქრისტიანი ეკლესიაში ღმერთის ან მოძღვრის სიყვარულით კი არ მოდის, არამედ, მუდმივად ცხოვრებაზე წუწუნებს. იმას კი არ ამბობს, ეს ყველაფერი იმიტომ დამემართა, რომ უღმერთო ვიყავი, განვიკითხავდი ირგვლივ ყველას, დავცინოდი, რომ ჩემი არასწორი ცხოვრების წესის გამო ჩავვარდი გაჭირვებაში, სნეულებაში, პატიმრობაშიო. პირიქით, ამას სხვას აბრალებს: მთავრობას, მშობლებს, დედმამიშვილებს. თუ მორწმუნედ მიიჩნევთ თავს და მაინც გშიათ, მაშინ, შეამოწმეთ თქვენი რწმენა – იქნებ, ისე  არ გწამთ, როგორც ეშმაკეული ჭაბუკის მამას. თუ ითხოვთ და არ იღებთ, ესე იგი, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ითხოვთ ბოროტს. ამიტომ, კარგად დაფიქრდით, რატომ მოდიხართ ეკლესიაში. ხშირად საქმის დაწყებისთანავე ვამბობთ: „არ შემიძლია“ და, ამგვარად, საკუთარ თავს წარუმატებლობისთვის განვაწყობთ. ეს უფრო ურწმუნო ადამიანის მდგომარეობაა, რომელმაც არ იცის, რომ ღმერთი დაეხმარება. რისი გეშინიათ, ადამიანებო?! თუ ღმერთი გწამთ, არ იქნებით მშიერი. ჭერიც გექნებათ, საჭმელიც. უბრალოდ, ჩვენ იოლი ცხოვრება გვინდა. ეს კი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაგდებს. გარდა ამისა, ადამიანები ხშირად თავს ვიკავებთ საკუთარი აზრისა და გრძნობების გამოხატვისგან, განსაკუთრებით იქ, სადაც ეს საჭიროა. ან, პირიქით, ზედმეტიც კი მოგვდის ხოლმე. უნდა გამოვთქვათ საკუთარი აზრი, თავი არ უნდა შევიკავოთ ამისგან, მაგრამ, რა აზრსაც გამოვთქვამთ, ის უნდა გავაკეთოთ და არა სხვა რამ. ანუ, ის ვთქვათ, რასაც გულში ვფიქრობთ და რის გაკეთებასაც ვაპირებთ. ოღონდ, ვთქვათ ის, რაც სწორი და მართებულია, ამბიონიდან იქნება ეს თუ სხვაგან.

скачать dle 11.3