კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 როგორ გახდა სპირიდონ ვაწაძე ნიკოლოზ მეორის ძმის მკურნალი ექიმი და როგორ შეირთო მისმა შვილმა ცოლად ჰენრი ფორდის ქალიშვილი

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

სპირიდონ ვაწაძის სახელს უამრავი დამსახურება უკავშირდება. ის სახელგანთქმული ექიმი იყო, რომელიც იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ თავისი ძმის, გიორგის მკურნალ ექიმად აიყვანა. მან პირველმა შეისწავლა მეცნიერულად ბორჯომის წყლის სამკურნალო თვისებები. მისი თაოსნობით გაიხსნა ავლაბარში, არამიანცის საავადმყოფოს ადგილას 20-საწოლიანი ინფექციური ბარაკი; მან პირველმა ჩამოაყალიბა ტუბერკულოზთან მებრძოლი  კომისია;  მისი ინიციატივით გაიხსნა თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახური, მისი ცხოვრების საინტერესო დეტალებს სპირიდონ ვაწაძის რძალი, ლია შარაშიძე გვიამბობს:
ლია შარაშიძე: სპირიდონ ვაწაძე წარმოშობით რაჭის სოფელ ღვარდიიდან იყო. მისი მამა, იოსები, მღვდელმთავარი, სვანეთის ეპისკოპოსი გახლდათ. სპირიდონი პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში სწავლობდა, რომლის დასრულების შემდეგაც, 1881 წელს საქართველოში დაბრუნდა. ამის შემდეგ ის თბილისის ნიჟნეგოროდის პოლკის ჰოსპიტლის მთავარი ექიმი იყო. სულ ცოტა ხანში საუკეთესო ექიმის სახელი მოიხვეჭა. ის ჯერ პოლკოვნიკი გახდა, შემდეგ კი გენერალი.
– როგორ გახდა სპირიდონ ვაწაძე ნიკოლოზ მეორის ძმის მკურნალი ექიმი?
– მალე, როდესაც გრიგოლ ორბელიანმა თბილისში კავკასიის ექიმთა საზოგადოება დააარსა, სპირიდონ ვაწაძე პრეზიდიუმის წევრად აირჩია. ამის შემდეგ, სპირიდონ ვაწაძის სახელი საქართველოს ფარგლებსაც გასცდა, ნიკოლოზ მეორის ყურამდეც მივიდა და  იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს ტუბერკულოზით დაავადებული ძმის მკურნალობა სპირიდონ ვაწაძისთვის დაუვალებია. უფლისწული გიორგი თავს ყველაზე კარგად საქართველოში, აბასთუმანში გრძნობდა და იქვე ცხოვრობდა, ამიტომ მისთვის რომანოვებმა აბასთუმანი საუცხოოდ მოაწყვეს: ააშენეს სასახლე მდიდრული აბაზანებით. უფლისწულის სურვილით, ამ მიდამოებში ააგეს ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია, რომელიც თავისი არქიტექტურით ზარზმის მონასტრის ანალოგია. სწორედ ამიტომ მას „ახალ ზარზმასაც“ უწოდებენ. აბასთუმანი, როგორც კურორტი, ამ პერიოდიდან იღებს სათავეს, ისევე როგორც ლიკანი.  იგი ძალიან დიდ დროს ატარებდა აბასთუმანსა და ბორჯომში. იმპერატორის ძმისთვის ლიკანში სასახლის ასაშენებლად, მისი დასტურით, ადგილი ცივ წყაროსთან შეირჩა. 1892-1895 წლებში რომანოვებმა საზაფხულო რეზიდენცია ააშენეს. გარდა ამისა, ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი, კოხტა აფხაზი სპირიდონს, როგორც კარგ სპეციალისტს, ხშირად იწვევენ კონსილიუმებზე.
– როგორც ვიცი, ბორჯომის წყლების სამედიცინო თვისებების სამეცნიერო კვლევების დაწყება სპირიდონ ვაწაძის სახელს უკავშირდება...
– დიახ, სპირიდონი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ნატურალური და სასარგებლო მინერალური წყლების სამკურნალო თვისებების შესწავლა დაიწყო და სადოქტორო დისერტაციაც ამ თემაზე წარმატებით დაიცვა პეტერბურგში. ოპონირებას ცნობილი ფიზიოლოგი ივანე პავლოვი უწევდა. სპირიდონი დიდ ყურადღებას უთმობდა მინერალური წყლების, განსაკუთრებით, ბორჯომის წყლის ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების შესწავლის საქმეს. ამ მიზნით იკვლევდა „ბორჯომის“ გავლენას საჭმლის მონელებისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე.
– სპირიდონ ვაწაძის სახელს უკავშირდება პირველი სამედიცინო სასწრაფო დახმარების გახსნაც...
– პირველი სასწარაფო დახმარება საქართველოში სწორედ მან გახსნა.1908 წელს, მისი უშუალო ინიციატივით, ქალაქის საბჭოში დაისვა საკითხი სასწრაფო დახმარების სამსახურის შექმნის თაობაზე, რასაც 1911 წელს მოჰყვა თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახურის გახსნა. გარდა ამისა, არამიანცის საავადმყოფოს ადგილას მან გახსნა ორი შენობა, ტუბერკულოზის განყოფილება და შემდეგ დაიწყო არამიანცის განაშენიანება. აღსანიშნავია, რომ უფროსი შვილის ნათლიამ, ილია ჭავჭავაძემ, სპირიდონ ვაწაძეს მეტად საპასუხისმგებლო მისია დაავალა – შემოეტანა და დაემკვიდრებინა მეტყველებაში სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართული შესატყვისები, რასაც შესანიშნავად გაართვა თავი.
– ვინ იყო სპირიდონ ვაწაძის მეუღლე?
– სპირიდონის მეუღლე მარია ხრისტიჩი გახლდათ, მამით – სერბი, დედით – ქართველი, გვარად სურგუნაშვილი. მისი დიდი პაპა, ერეკლე მეორის დროს ქალაქისთავი ყოფილა. სპირიდონის სიდედრის დიდი ბაბუა კი – ქალაქის ასისთავი, იგივე ქალქის მერი. მათ ჰქონდათ მამული გლდანში, ასევე, შენობები. მათგან ერთში კანცელარია იყო. სპირიდონმა იმ შენობებიდან რამდენიმე გლდანის სკოლას უსასყიდლოდ გადასცა. ამის შესახებ არაერთხელ გვატყობინებს გაზეთ „ივერიის“ ფურცლებიც. 1897 წლის 20 იანვრის ნომერში წერია, რომ აკურთხეს სამონასტრო სკოლა გლდანში და მას ეს შენობა ექიმმა სპირიდონ ვაწაძემ უფასოდ დაუთმო.
– სპირიდონის შვილებზე რას გვიამბობთ, ვინ იყვნენ და რას საქმიანობდნენ ისინი?
– მისი შვილებიდან ერთი ჩვენი ბაბუა – გიორგი, ცნობილი ფიზიოლოგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი და პროფესორი იყო. გიორგი ვაწაძე მოსკოვში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა. პირველი მსოფლიო ომის დროს „წითელი ჯვრის“ მოხალისეთა რაზმში ჩაეწერა და ომში წავიდა. 1915 წელს დედა-დედოფალმა იმპერატორის სასახლეში ოფიცერთა ჯგუფი დააჯილდოვა, მათ შორის გიორგი ვაწაძეც გახლდათ. გიორგი  სამედიცინო ინსტიტუტის პირველი რექტორი იყო 1930-1931 და 1932-1936 წლებში. ცნობილი ფიზიოლოგი პირველი დამოუკიდებელი უმაღლესი სასწავლებლის რექტორად ივანე ჯავახიშვილის რეკომენდაციით აირჩიეს.  მან სამედიცინო კათედრები ჩამოაყალიბა, ააშენა სამედიცინო ქალაქი, რაც ახლა ძირითადი კორპუსია. იმყოფებოდა გერმანიაში, სადაც სამედიცინო საქმიანობას ეწეოდა,  დისერტაციაც გერმანიაში დაიცვა. შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. 1930 წელს უნივესიტეტს სამედიცინო უნივერსიტეტი გამოეყო და გიორგი გახდა სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი რექტორი. შემდეგ ათი წელი გადასახლებაში იყო და რომ დაბრუნდა, ფიზიოლოგიის ინსტიტუტში ბერიტაშვილთან, რადიოლოგიური განყოფილება შექმნა.  ქალბატონი ნინო ჩხიკვიშვილი მოგვითხრობს: „1924-25 წლებში ბორჯომში განათლების საკავშირო სახალხო კომისარმა, ლუნაჩარსკიმ დაისვენა და ისე მოეწონა იქაურობა, საკავშირო ჯანდაცვის სახალხო კომისართან, სემაშკოსთან მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ ბორჯომი საქართველოს დაქვემდებარებიდან რუსეთის გამგებლობაში გადასულიყო. ამის თაობაზე საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარიატში ბრძანებაც მოვიდა. გადაწყდა: გიორგი ვაწაძის თაოსნობით, ექიმთა ერთი ჯგუფი წასულიყო ბორჯომში და ებრძოლათ მის შესანარჩუნებლად, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, მოსკოვი არ აპირებდა გადაწყვეტილების შეცვლას. „ამის ირგვლივ დავა შეწყვიტეთო!“ – ცივად მოუჭრია სემაშკოს და მაშინ გიორგი ვაწაძეს ასეთი ხერხისთვის მიუმართავს, ტყუილი უთქვამს – „რაკი სხვა გზა არაა, მაშ, იძულებული ვარ, ყოველივე რაც აქ ითქვა, სტალინს მოვახსენოო!“ და დამფრთხალა რუსი მოხელე, მაშინვე შეუცვლია „გადაწყვეტილება“. ასე მოტყუვდა ამხანაგი სემაშკო, არადა სიმართლე რომ სცოდნოდა, ვინ იცის, დღეს მართლაც დიდი ხნით დაკარგული გვქონოდა ბორჯომის ხეობაც.“
მეორე შვილი – იოსები პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კათედრის გამგე იყო. იოსებმა შემოიყვანა პირველი ტრამვაი თბილისში, ასევე, პირველი ელექტრო- და წყალგაყვანილობა. სპირიდონის მეორე ვაჟი, ერასტი, ახალგაზრდა გარდაიცვალა. ქალიშვილი – ნინა ცნობილი პიანისტი გახლდათ. თამარის სახელს უკავშირდება გლდანის ულამაზესი ბაღები. ბაბუაჩემი, გიორგი ვაწაძე, სპირიდონ ვაწაძის შვილთაგან მესამე იყო. უფროსი ვაჟი, ალექსანდრე, რევოლუციის შემდეგ საქართველოდან იტალიაში წავიდა. წლების შემდეგ კი ოჯახმა გაიგო, რომ იტალიიდან ამერიკაში გადასახლდა და ჰენრი ფორდის ერთადერთი ქალიშვილი შეირთო ცოლად...
– რატომ გადაასახლეს გიორგი?
– გიორგი სტალინის დედასთან, კეკესთან მეგობრობდა. კეკეს გარდაცვალებისთანავე,  გიორგიც დააპატიმრეს. პარტიიდან გარიცხეს და თანამდებობა დაატოვებინეს.  მეორედ საქმე გაცილებით გართულდა. გიორგის ბრალს სდებდნენ, თითქოს, თანამოაზრეებთან ერთად, ქვეყანაში გადატრიალების მოხდენა სურდა. 1945 წელს ბაბუა შინაგან საქმეთა სამინისტროს სარდაფში ჩასვეს. ერთ დღეს დერეფანში ჩაუტარებიათ მამაკაცი, ბაბუას ვარაუდით, სწორედ მისი ჩვენების საფუძველზე დააპატიმრეს. იხსენებდა, როდესაც ჩავუარე, პირი გააღო, იმის საჩვენებლად, რომ აღარც ერთი კბილი აღარ ჰქონდაო. ამგვარად მიანიშნა, ის, რაც დაწერა, ხანგრძლივი წამების შედეგი იყო.
скачать dle 11.3