კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 გატაცებული 110 კილოგრამი ოქროს კვალმა გამომძიებლები თბილისში ჩამოიყვანა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური


სასწავლო განგაში

გასული საუკუნის 60-70-იანი წლების მიჯნაზე, როდესაც „ცივი ომი“ თავის პიკს უახლოვდებოდა. ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი „ბირთვული ისტერიკით“ იყვნენ შეპყრობილი და თავიანთ მოსახლეობას მოწინააღმდეგის ატომური თავდასხმისგან თავდაცვას ასწავლიდნენ. როგორც შტატებში, ასევე საბჭოეთში სასწავლო განგაშები ცხადდებოდა და აირწინაღებსა და მოთეთრო-მონაცრისფო უნიფორმებში გამოწყობილი ადამიანები ჭიანჭველებივით ფუსფუსებდნენ „რადიაციით მოწამლულ“ ქალაქებში და თეორიულ მეცადინეობებზე ათვისებულ უნარ-ჩვევებს პრაქტიკაში იყენებდნენ. თავზე აირწინაღწამოცმული ეს უზარმაზარი მასის ფუთფუთი ფანტასტიკური ფილმის მასობრივ სცენას ჰგავდა... 1968 წლის 15 მარტს მოსკოვში მორიგი სასწავლო განგაში გამოცხადდა და ათეულ ათასობით მუშა-მოსამსახურემ გრანდიოზული სამაშველო საქმიანობა გააჩაღა. მსგავსი სწავლება მიმდინარეობდა მოსკოვის საათების ქარხანა „პოლიოტში“, სადაც საქვეყნოდ ცნობილ საათებს ამზადებდნენ. მათ შორის ძვირფას ოქროს საათებსაც და ამიტომ ამ დაწესებულებას სპეციალური საცავიც ჰქონდა, სადაც ოქროს ზოდებს ინახავდნენ. სასწავლო განგაში 2 საათი გაგრძელდა და დასრულების შემდეგ ათეულ ათასობით ადამიანი სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა. მუშაობა განახლდა „პოლიოტშიც“, მაგრამ გაირკვა, რომ სანამ ამ ქარხნის კოლექტივი სამოქალაქო თავდაცვაში მეცადინეობდა, მათ უწყებაში უპრეცედენტო დანაშაული მოხდა: ოქროს საცავიდან 110 კილოგრამი „999“ სინჯის ბაჯაღლო ოქროსგან დამზადებული 55 ცალი 2-2 კილოგრამიანი ზოდი გაიტაცეს. თანამშრომლებმა საცავის ორი მცველი გაკოჭილი და რადიატორზე მიბმული აღმოაჩინეს.
ტოტალური გამოძიება
110 კილოგრამი ოქროს გატაცება უპრეცედენტო შემთხვევა იყო არა მარტო საბჭოთა კავშირის, არამედ მსოფლიო კრიმინალური ისტორიისთვისაც. დანაშაულის დრო და მეთოდი საუკეთესოდ იყო შერჩეული. შესრულების სისწრაფე და ტექნიკაც უზადო იყო. როგორც დანაშაულის მოკვლევისას გაირკვა, სულ ხუთი ბოროტმოქმედი მოქმედებდა. საცავის მცველები ყვებოდნენ, რომ როგორც კი სასწავლო განგაში ატყდა, მათ სამორიგეოში ელვის უსწრაფესად შეიჭრნენ აირწინაღწამოცმული ადამიანები, სავარაუდოდ, მამაკაცები და იარაღების მუქარით დარაჯები გაკოჭეს, რადიატორებზე მიაბეს და რომ არ ეყვირათ, პირში ჩოგბურთის ბურთები ჩატენეს. შემდეგ თავებზე ტომრები ჩამოაცვეს. საცავის გასაღებები აიღეს და 55 ცალი ბაჯაღლო ოქროს ზოდი გაიტაცეს, ამასთან დარაჯების კუთვნილი, „ნაგანის“ სისტემის ორი ცალი რევოლვერიც გააყოლეს ხელს. საგამოძიებო ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ამ დანაშაულს თავიდან ბოლომდე (საცავში შევარდნიდან გატაცებული ოქროს ზოდებით გაქცევამდე) სამი წუთი დასჭირდა. ქარხანა „პოლიოტის“ სხვა თანამშრომლების დაკითხვის შედეგად ასეთი სურათი გამოიკვეთა: სასწავლო განგაშის დროს ქარხნის ტერიტორიაზე შევიდა სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც მძარცველებმა ძარცვამდე ერთი საათით ადრე გაიტაცეს. საცავში შეღწევისა და დარაჯების გაკოჭვის შემდეგ 55 ცალი ორკილოგრამიანი ოქროს ზოდები საკაცეზე დაწყობილი გამოიტანეს და სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩადეს და ტერიტორიას გაეცალნენ. თავად სასწრაფო დახმარების მანქანა კი შემდეგნაირად ჩაიგდეს ხელში: ქუჩის ტელეფონიდან ძველი მოსკოვის ერთ-ერთ მისამართზე „სასწრაფო დახმარება“ გამოიძახეს, ადგილზე მისული მძღოლი, ექთანი და ექიმი გაკოჭეს, შემდეგ კი იქვე მდებარე სარდაფში გამოამწყვდიეს. ვერც ქარხანა „პოლიოტში“ და ვერც სასწრაფოზე თავდასხმის ადგილზე გამომძიებლებმა მცირედ სამხილსაც ვერ მიაგნეს. შედეგი არც „პოლიოტში“ მომუშავე ეჭვმიტანილი თანამშრომლების დამუშავებამ მოიტანა და გამოძიება, ფაქტობრივად, ჩიხში იყო შესული. ამ საქმეს „მური“ – მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებრო იძიებდა და ტოტალური სამძებრო ღონისძიებების მიუხედავად, შედეგი ნულის ტოლი იყო...
საბედისწერო ტყვია
110 კილოგრამი ბაჯაღლო ოქროს გატაცების საქმე 14 თვის განმავლობაში ადგილიდან არ იძროდა და მას მოულოდნელი გაგრძელება ჰქონდა. 1969 წლის 13 ივნისს თბილისში, ვაკის პარკში 29 წლის კრიმინალი, ქურდის ტიტულის მაძიებელი გრიგოლ ბაზღაძე დაჭრეს. ის ქალაქის მე-9 საავადმყოფოში მიიყვანეს. ოპერაცია სასწრაფოდ ჩაუტარეს და ქირურგმა მარცხენა მენჯის ძვალთან გაჩხერილი ტყვია ამოუღო. დაკითხვისას ბაზღაძე მსროლელის ვინაობას არ ასახელებდა და ამბობდა, ვიღაც უცნობთან მომივიდა შელაპარაკება და იმან მესროლაო. დაჭრილის სხეულიდან ამოღებული ტყვია ექსპერტიზაზე გაგზავნეს და როგორც იმ პერიოდში იყო მიღებული, შედეგები მოსკოვში, ცენტრალურ მასროთეკაში გადააგზავნეს. პასუხი მოულოდნელი აღმოჩნდა. ბაზღაძის სხეულიდან ამოღებული ტყვია გასროლილი იყო ერთ-ერთ იმ „ნაგანიდან“, რომელიც 110 კილოგრამი ოქროს გამტაცებლებმა „პოლიოტის“ დარაჯებს წაართვეს. ბაზღაძის დასაკითხად მოსკოვიდან „მურის“ სპეცჯგუფი ჩამოვიდა. ქურდობის ტიტულის მაძიებელი ძველ ჩვენებას „აწვებოდა“ და ამბობდა – უცნობმა მესროლაო. თუმცა, „მურელებმა“ დაჭრილი ბაზღაძე პალატაშივე დაამუშავეს და მან თქვა, რომ ის 19 წლის გურამ თოლორდავამ დაჭრა. მიზეზი კი ის იყო, რომ ბაზღაძე თოლორდავას „ვაზვრატის“ გაკეთებას სთხოვდა, ანუ გურამმა ბაზღაძის ნაცნობის ბინა გაქურდა და ნივთებისა და ფულის დაბრუნებას აიძულებდა. ბიჭმა კი „სტრელკაზე“ შეურაცხყოფა არ აპატია და ესროლა... ჩამოსული „მურელები“ და თბილისელი მილიციის ოპერები გურამ თოლორდავას ასაყვანად გაემართნენ. 19 წლის ბიჭი წყნეთში აღმოაჩინეს და დაჰკითხეს. გურამი არც ბინის ქურდობას აღიარებდა, არც ბაზღაძის დაჭრას და „ნაგანზე“, რომელიც მას თან ჰქონდა, ამბობდა ჩემიაო. აშკარა იყო, რომ ბიჭს „პოლიოტის“ ძარცვასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და იქიდან წამოღებული იარაღი მასთან სხვა გზით მოხვდა. სასტიკი წამების შემდეგ თოლორდავამ თქვა, რომ „ნაგანი“ თავის ბიძაშვილს (დედის ძმისშვილს), 32 წლის ბეჟან გუნიას მოჰპარა, რომელიც იმჟამად თბილისში არ იმყოფებოდა. ბეჟანს ტყუპისცალი ძმა ჰყავდა – ბადრი, ქალაქში არც ის იყო. გამოძიებით დადგინდა, რომ ტყუპი ძმები რეისავიკები იყვნენ ხშირად დადიოდნენ საბჭოეთის სხვადასხვა ქალაქში, და მათ შორის, მოსკოვშიც. ძმებზე ძებნა გამოცხადდა. მათი ბინის ჩხრეკისას კი მეორე „ნაგანიც“ იპოვეს. სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები თბილისში გაგრძელდა და დადგინდა, რომ ტყუპების დანარჩენი „პაძელნიკები“ იყვნენ: 35 წლის გიორგი პატარიძე – ჭიდაობის მწვრთნელი, 27 წლის ბაჩო ისაკაძე – პროფესიით მხატვარი და 38 წლის ოთარ ზერაგია – პროფესიით ინჟინერი. სამივე მალევე დააპატიმრეს. ისინი გამოტყდნენ, რომ „პოლიოტის“ ძარცვაში მონაწილეობდნენ. მათივე განცხადებით, „ნაკოლი“ ძმებმა მოიტანეს, თუმცა, მათ ამაში ვინ ეხმარებოდა, არ იცოდნენ. მათვე თქვეს, რომ ოქროს ზოდები ტყუპებთან ინახებოდა და მოლაპარაკების მიხედვით, მათი (ოქროების) ჩუმი რეალიზაცია ერთი წლის მერე უნდა დაეწყოთ, როდესაც სიტუაცია ჩაწყნარდებოდა. ტყუპებზე საკავშირო ძებნა იყო გამოცხადებული, მაგრამ ვერც მათ და ვერც გატაცებულ ოქროს ვერსად მიაგნეს. დანარჩენი სამი დაპატიმრებული კი გაასამართლეს და სხვადასხვა ვადებით ციხეებში გაამწესეს.
скачать dle 11.3