კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 როდის იმახინჯებენ ადამიანები მარხვის დაცვით თავს და ვინ არიან „სახლის ქრისტიანები”

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

„ჩვენ ვმარხულობთ არა იმიტომ, რომ დაგვინახონ და შეგვაქონ ადამიანებმა, არამედ იმიტომ, რომ ღმერთს მივუახლოვდეთ. ვმარხულობთ იმიტომ, რომ ღმერთი უფრო მეტად გვიყვარს, ვიდრე მის მიერ ბოძებული მატერიალური საჩუქრები, რომლებსაც ჩვენ მოვიხმართ. ნამდვილი მარხვა – ეს არა მხოლოდ თავშეკავებაა ცხოველური წარმოშობის საკვებისგან, არამედ მატერიალური სიძუნწისგან და სხვებზე ეგოისტური ბატონობისკენ სწრაფვისგან, ასევე ნებისმიერი აზრის, სიტყვის ან მოქმედების შეზღუდვა, რომელიც ამცირებს უფლისა და მოყვასისადმი სიყვარულს. მარხვა აცხრობს ეგოისტურ ვნებებს, გაანათლებს ინტელექტს, გრძნობებს, ცვლის დამოკიდებულებასა და ქცევას ადამიანებისა და ბუნებისადმი და ყველაფერს წარმოადგენს საღვთო სიყვარულით“ – ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა გიორგი (თევდორაშვილი):

– მათეს სახარებაში გარკვევით წერია: როცა მარხულობთ, ნუ იქნებით ფარისევლებივით მწუხარენი, რომ ხალხს მარხულებად არ ეჩვენოთ, არამედ დაიბანეთ პირი, იცხეთ ზეთი, რომ გარეგნულად მხიარულად გამოიყურებოდეთო. ბევრი ადამიანი ამბობს: გამორთეთ ტელევიზორი, კომპიუტერი, მე მარხვაზე ვარ, არ გავიგო თქვენი ხმა და ისეთი დამწუხრებული სახით დადიან, რომ ადამიანს აღარ მოუნდება მარხვის შენახვა. მარხვას ვინახავთ, მე ვიხედები კარგად ჩემს სულში, სულიერებაში და მინდა, ყველა ის ნაკლი, ვნება, რაც ჩემშია ფესვგადგმული, თანდათანობით გარკვეული ხორციელი სიამოვნების მოკლებით მოვთხარო და შევცვალო ცხოვრების წესი. მაგრამ ეს გარეგნულად არ უნდა მეტყობოდეს. გარეგნულად მშვიდად, მხიარულად უნდა გამოვიყურებოდე და როგორც მაცხოვარი გვეუბნება: ნუ ეჩვენებთ ხალხს მარხულებად, რადგან აქვე არ დაიმსახუროთ ქება, დიდება, ამას ორგულნი  და ფარისევლები აკეთებენო. ორგულნი ის ადამიანები არიან, რომლებიც ღმერთსაც ემსახურებიან და მამონასაც. მარხვაში ვიკლებთ ხორციელ სიამოვნებას და ვიღებთ სულიერ სიამოვნებას. მარხვაში არ უნდა ვიფიქროთ კვებაზე. გვახსოვდეს: ეშმაკი არასდროს ჭამს, არასდროს სძინავს, ჩვენ ზეთიანს მივიღებთ თუ უზეთოს, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მარხვაში იმაზე უნდა ვთქვათ უარი, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს. რომ ამბობენ: პურზე და წყალზე ვარ, დღეს ისეთი გემრიელი პურები გამოდის, შეიძლება, ადამიანი გემოთმოყვარეობის ცოდვაში ჩავარდეს. ნაყროვანება კი მომაკვდინებელ ვნებებს შორის პირველია. ადამიანი მკაცრ მარხვას თვითნებურად რომ დაუდგენს საკუთარ თავს, ეს საბოლოოდ ნერვული აშლილობითა და ამპარტავნებით სრულდება. ყველაფერს გარკვეული ზომა და წონა აქვს, ზომიერებაა საჭირო. მარხვაში გონებამ უნდა მართოს აზროვნება და არა პირიქით, როგორც ხდება: ლოგიკა, აზროვნება მართავს გონებას. გულმა უნდა მართოს ჩვენი აზროვნება, რომ თეთრი და შავი გავარჩიოთ. მაგრამ რაღაცას ამოვიკითხავთ და ჩვენ თვითონ ვიდგენთ დიეტებს, მარხვებს და თუ გინდა, რომ დამახინჯდე, მოძღვრის გარეშე, თავად უნდა იმარხულო და მარხვის შემდეგ იქნები პატივმოყვარე, ამპარტავანი, ისევ ნერვულ აშლილობაში, მრისხანებაში.
– რაზე უნდა ვფიქრობდეთ მთელი მარხვის განმავლობაში?
– იმაზე, რომ არ ვატკინოთ ადამიანს გული, არ ვიყოთ ბოღმები, შურიანები, ავები. პირიქით, ვიყოთ გაწონასწორებულები და მშვიდები. ადამიანი, რომელიც 24 საათის განმავლობაში წყალზე და პურზეა, მაგრამ იმავდროულად მთელი დღის განმავლობაში უყურებს ტელევიზორს, ზის კომპიუტერთან, განიკითხავს ხალხს, უფრო კარგი ადამიანია, თუ ის ვინც ზეთიანს მიირთმევს, არ ჩხუბობს და იკლებს გარკვეულ გასართობებს. ანუ, ბოროტება არის საქმეში, ქმედებაში, სიტყვაში და არა საკვების მიღებაში. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული: ხორცის მჭამელი ნუ განიკითხავს ხორცის არ მჭამელს და ხორცის არა მჭამელი ნუ განიკითხავთ, ვინც ჭამს ხორცსო. ნუ დაუწყებთ დარიგებას ოჯახის წევრებს: შენ ჯოჯოხეთში მოხვდები, რადგან არ მარხულობო. როცა ადამიანი არასწორად მარხულობს, ის ცოტა გაღიზიანებულია ხოლმე. ეკლესია გვიკრძალავს, თუ მარხული ხარ მოერიდე სტუმრად წასვლას. მაგრამ თუ აუცილებელია, მაშინ არ გამოაცხადო: მარხვაზე ვარ, ეს რით არის გაკეთებული, რით მოამზადე. ნორმალური მარხული ჩუმად დაჯდება, პურს შეჭამს ან მწვანილს, ისე წამოვა ოჯახიდან, რომ დიასახლისიც ვერ გაიგებს ვერაფერს. მაგრამ თუ დიასახლისი დაგვაძალებს, გვეხვეწება: ოღონდ ეს შეჭამო, შევჭამ, მაგრამ მარხვას არ დავარღვევ, რომ გამოვალ იქიდან ორი დღე შეიძლება უფრო მძიმედ ვიმარხულო. მარხვაში სულს უნდა ვდარაჯობდე, რომ ჩემი გული გასუფთავდეს და ბოროტმა არ შეაღწიოს. გახსოვდეთ: არა პირიდან შემავალი შებილწავს ადამიანს, არამედ პირიდან გამომავალიო. დღეს ძალიან ბევრი სახლის ქრისტიანია, რომლებიც ეკლესიაში არ დადიან, აცხადებენ: ტაძარში ცოდვილები დადიან, მე მეძავი და მრუში არ ვარო. არც მოძღვარი ჰყავთ, არც ეზიარებიან, არც აღსარებას ამბობენ, მაგრამ მარხვის წესებს ზედმიწევნით იცავენ. ღმერთმა შეუწიროთ, არ განვიკითხავ, მაგრამ თუ მარხვა შენში სინანულს, ლოცვის სურვილს არ აღძრავს, ესე იგი, ეს არის დიეტა. მერე სარკეში იხედებიან, იწონებიან: ნახეთ რამდენი კილო დავიკელიო. უხარიათ, რომ გაზაფხულზე ლამაზ კაბებს ჩაიცვამენ და მსუქნად არ გამოჩნდებიან. თუ სწორად მარხულობ, სინანული უნდა გაგიჩნდეს. დღეს ადამიანი სინანულში რომ ჩავარდეს, ღმერთთან მოვიდეს, ამისთვის ან საპყრობილეში უნდა მოხვდეს, ან საავადმყოფოში, ან კიდევ მის თავს რამე უბედურება უნდა მოხდეს. ღმერთს უნდა კატასტროფების, განსაცდელების გარეშე გაგვიჩნდეს სინანული და შევცვალოთ ჩვენი ცხოვრების წესი. ვფიქრობ, ეს უფრო მარტივია. როცა ადამიანი დანაშაულს ჩადის, უნდა განიცდიდეს ამას. სინანული მაშინ ჩნდება, როცა სჩადიხარ რამეს და სინდისი გებრძვის, შემდეგ ამბობ: ეშმაკმა წამაქცია, ვნება მომერიაო და ტირი. ნუ გგონიათ, რომ მღვდლებთან მიდიხართ აღსარებაზე, არამედ ღმერთთან, მღვდელი უბრალოდ გარიგებს. მაგრამ შენ თუ 24 საათი გასართობ საშუალებებს უყურებ, სინანულისთვის როგორ მოიცლი. ღმერთზე ახლობელი ვინ გვყავს და ელოდები, რომ ის უნდა გარდაიცვალოს, ჯვარს ეცვას შენი გულისთვის. საჭმელს არ ჭამ, მარხულობ, მაგრამ გასართობ საშუალებებს არ იკლებ. ღმერთი გპატიობს ერთ მესამედს, ერთ მესამედს მოძღვარი და თქვენ აღარ გინდათ, ერთი მესამედი თავადაც მოიკლოთ? მარხვა შენია, შენთვის არის და სხვას ნუ მოახვევ თავზე. ოჯახში ერთი ადამიანია მარხული და ისმის წივილ-კივილი, ხალხს შეაზიზღა მარხვა. ამბობენ, რა მარხვაზეა საუბარი, ვიღასი ვირწმუნოო. ჩემსა და ღმერთს შორის არავინ ჩადგება. თორმეტიდან ერთი მოციქული რომ შეცდა, სხვა მოციქულებმა თქვეს, ღმერთი არ გვიყვარსო? ან ვინც დადიან და შემდეგ ამბობენ: აღარ დავდივარო. რატომ დადიოდი ეკლესიაში, ან რატომ აღარ დადიხარ – ეს ფარისევლობაა და სხვა არაფერი. ვიღაც მღვდელმა რაღაც დააშავა, ამის გამო აღარ უნდა ვიარო ეკლესიაში, აღარ უნდა ვეზიარო? მე ღმერთთან ურთიერთობა, სულის გაწმენდა  მჭირდება.
– როგორი ადამიანები შეიძლება, მივიჩნიოთ კაცთმოყვარეებად დღეს, როცა ამდენი ბოროტება და დაპირისპირება ხდება.
– კაცთმოყვარეობა ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი უნდა მიყვარდეს და არა ჩემი უფროსი, ზემდგომი. თუ შენ შეგიძლია, შენს ხელმძღვანელს იგივე თანხა მისცე, რაც მათხოვარს, ესე იგი, კაცთმოყვარე ხარ. მაგრამ მათხოვრისთვის 20 თეთრი არ გემეტება და შენს უფროსს ძვირფას საჩუქარს ჩუქნი, ესე იგი, შენ კაცთმოთნე ხარ, ფარისეველი. ადამიანები ერთნაირად უნდა გიყვარდეს. მოძღვართან რომ მიდიხარ, ძვირფასი საჩუქარი მიგაქვს და გარეთ მათხოვარს ეუბნები: წადი, იმუშავეო, ეს ძალიან ცუდი საქციელია.
скачать dle 11.3