კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2019 (101)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)

№13 როგორ აღმოჩნდა ვახო ჩაჩანიძის სახლში ყუმბარა და ტყვიების წვიმა და რის გამო მოუხდა მას საკუთარი სახლიდან გახიზვნა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

კანადაში, რედლაინის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც გიორგი თავართქილაძის ფილმი – „ცუდი ხალხი?“, რამდენიმე ნომინაციაზე იყო წარდგენილი, გამარჯვებულები გამოვლინდნენ.  მათ შორის არიან ვახო ჩაჩანიძე და ჯანო იზორიაც, რომლებმაც კინოფესტივალზე „საუკეთესო მამაკაცი მსახიობისა“ და „საუკეთესო მეორეხარისხოვანი მამაკაცი მსახიობისთვის“ განკუთვნილი ჯილდოები მოიპოვეს. ფილმი, ასევე, წარდგენილი იყო საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში.
ვახო ჩაჩანიძე: გიორგი თავართქილაძესთან მუშაობა ძალიან საინტერესო იყო. ეს ის რეჟისორია, რომელიც მსახიობის იდეებსა და იმპროვიზაციას პატივს სცემს და ითვალისწინებს. რაც შეეხება ფილმს, შარშან იანვარში გადავიღეთ. ის 1991-92 წლების სამოქალაქო ომსა და სამად გაყოფილ საზოგადოებაზეა, რომლებსაც ერთმანეთისგან სხვადასხვა ფერის სამკლაურებით ანსხვავებენ. ეს ის პერიოდია, როდესაც მეგობრებიც სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. ჩემი გმირი მხედრიონის ერთ-ერთი ლიდერია, მაგრამ ეტყობა, რომ შინაგანად სხვა ტიპია. ადამიანს კლავენ ჩემ თვალწინ და ამაზე კი არ მაქვს რეაქცია, ჩემი დაცხრილული მანქანა მაგიჟებს, რომელშიც ბავშვის სიცხის დამწევი წამალი მედო და გატყდა. ამან გამოიწვია ჩემში აგრესია და არა ადამიანის სიკვდილმა, რაც დადებით პერსონად არ წარმომაჩენს. თუმცა, ადამიანები სიტუაციამ შექმნა ასეთებად და მათი კონკრეტული ქმედებები არ ნიშნავს, რომ ცალსახად ცუდი პიროვნებები არიან, გარემოება ბევრს განსაზღვრავს. ამიტომაცაა ფილმის სახელწოდება  კითხვითი ფორმის „ცუდი ხალხი?“.
– როგორი იყო სამზადისი, მხედრიონის ერთ-ერთი ლიდერის როლისთვის?
– ერთი მხრივ, მარტივი, რადგან 90-ანმა წლებმა ჩვენს თვალწინ გაიარა და ასეთი ხალხი გვახსოვს, ამიტომ, თითქოს რთული არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მეტი ჩაღრმავება დამჭირდა, რადგან განსხვავებული გმირი უნდა შემექმნა. მსგავსი ხასიათის პერსონაჟი სხვაგანაც მითამაშია, ამიტომ ეს ნაბიჯი ჩემთვის ბეწვის ხიდზე გავლას ჰგავდა. ის არ უნდა ყოფილიყო ტიპური ძველი ბიჭი. ეს ადამიანი ყველაფრის გამკეთებელია, მკვლელია, მაგრამ შინაგანად მაინც სხვა ადამიანია და ამის წარმოჩენა მინდოდა, თუმცა, არ ვიცი, რამდენად შევძელი. მე ჩემი თავით უკმაყოფილო ვარ.
– მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო მსახიობად დაგასახელეს?
– საკუთარი თავის მიმართ ბრმად კრიტიკული არ ვარ და რეალურად, ბევრი შენიშვნა მაქვს. ამ ნომინაციას საერთოდ არ ველოდი. ვერ ვიტყვი, რომ პრიზებისა და ნომინაციებისადმი გამძაფრებული მოთხოვნილება მაქვს, მაგრამ სასიხარულოა, როცა ვგრძნობ, რამდენ ადამიანს გაუხარდა ეს ამბავი. მით უმეტეს, ჩემს კოლეგებს. არაერთმა მითხრა, ჩვენც მოგვეცა სტიმულიო და ამის მოსმენა ძალიან მიხარია. ოთხ ნომინაციაზე ვიყავით წარდგენილები და გულწრფელად გითხრათ, უფრო მეტად ეს გამიხარდა, ვიდრე გამარჯვება. მე და ჯანომ გავიმარჯვეთ, მაგრამ გიორგის ვუთხარი კიდეც, შენ რადგან გამარჯვებულად არ დაგასახელეს, ეს არ ნიშნავს, რომ არ იმსახურებდი, უბრალოდ, ერთ ფილმს სამ ნომინაციაში არ გაამარჯვებინეს, რადგან ბევრი კარგი ფილმი იყო წარდგენილი და მათაც ხომ უნდა მიეღოთ პრიზები-მეთქი. მართალი აღმოვჩნდი, დაურეკეს და უთხრეს, რომ თვის ბოლოსაა კიდევ ჩვენება, სადაც სავარაუდოდ, ჟიური ჩვენს ფილმს დააჯილდოებს – როგორც საუკეთესოს. მეც ვყოფილვარ მსგავსი ფესტივალის კომისიაში და ვიცი, რომ ნომინაცია კიდევ უფრო დიდი წარმატებაა, ვიდრე გამარჯვება. თან როცა ფიქრობ, რომ ამ როლით გამარჯვებას არ იმსახურებ, ემოციაც ნაკლებია, რადგან სინდისი აქვეითებს.
– რატომ ხარ საკუთარი თავით ასეთი უკმაყოფილო?
– ძალიან თვითკრიტიკული ვარ, მაგრამ არის ფილმები, სადაც მომწონს ჩემი თამაში, სხვანაირად მსახიობი არ ვიქნებოდი. ამ ფილმში ძალიან ბევრ შეცდომას ვპოულობ და ბევრი შენიშვნა მაქვს საკუთარ თავთან.  რაც შეეხება მასში მოთხრობილ ისტორიას, ჩემს თავზე მაქვს განცდილი. ცამეტი წლის ვიყავი, როცა სამოქალაქო ომი დაიწყო და ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს. თაბუკაშვილის ქუჩაზე ვცხოვრობდი, ჩემს სახლში ხელყუმბარა შემოაგდეს და მთელი სახლი ტყვიებით იყო სავსე. ისევე როგორც ქუჩაში, ჩემს სახლშიც ომი იყო. ამ ფილმის პერსონაჟებთან ერთად ვცხოვრობდი, ისინი ჩემი ოჯახის წევრები არიან. ამიტომაც ვამბობ, რომ მისი ხასიათის პოვნა რთული არ იყო, მაგრამ მას კიდევ სხვა სიღრმეები აქვს. არ ვიცი, რამდენად გამოვიდა, მაგრამ მინდოდა, ყველაფრისადმი ძალიან ინფანტილური ყოფილიყო. თითქოს ეს ყველაფერი მის თავს არ ხდება. ყველაფერს ძალიან მშვიდად უყურებს. რეაქცია არ აქვს, მის გარშემო რომ ხალხი იხოცება, ადამიანებს აწამებენ, მაგრამ ფეთქდება, თუ ხმაური ტელეფონით ბავშვთან საუბარში ხელს უშლის. ძალიან მშვიდია, არაფრის განცდა არ აქვს და მაშინ ფეთქდება, როცა ძალიან უნიშვნელო ამბები ხდება. ამ როლისთვის რამდენიმე კონკრეტული ადამიანისგან ავიღე მაგალითები.
– ის პერიოდი როგორ გახსენდება, როცა ცამეტი წლის მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდი?
– სახლში რომ ხელყუმბარა შემოვარდა, შვიდი ადამიანი დაიჭრა, ერთი ძალიან მძიმედ. ჩვენ მაშინვე ნუცუბიძეზე გავიხიზნეთ – მეორე სახლში. ცამეტი წლის ვიყავი, არც ისე პატარა, მაგრამ რეალობას კარგად ვერ აღვიქვამდი. ტყვიების ქარ-ცეცხლში ვიყავით, მაგრამ ეს ჩვენთვის გასართობს ჰგავდა, „გილზებს“ დავდევდით. მალე აფხაზეთის ომი დაიწყო და ძალიან სწრაფად დავღვინდით. უკვე „გილზებით“ კი აღარ ვთამაშობდით, ჭადრაკის სასახლეში მივედით და განვაცხადეთ, რომ ომში წასვლა გვინდოდა. მაშინ უკვე თოთხმეტი წლის ვიყავი. კიდევ კარგი, იქ ჭკუათმყოფელი ადამიანები შეგხვდნენ და გამოგვყარეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
– ახლა რით ხარ დაკავებული?
– მთავარ როლზე მოვიაზრები უკრაინულ სერიალში, ორ ქართულ ფილმს ველოდები, ისრაელის პროექტზეც მიდის საუბარი. თუ გადაღება არაა, თავის სარჩენად ყველა მსახიობს გვიწევს რაღაცის კეთება. სამწუხაროდ, ჩვენი პროფესიისადმი ძალიან არასწორი დამოკიდებულებაა. როლზე რომ გირეკავენ, პირველ რიგში გვეუბნებიან, რომ ძალიან დაბალი ბიუჯეტი აქვთ და უფასოდ უნდა ითამაშო. ძალიან ბევრჯერ გამიკეთებია ასე და კიდევ ბევრჯერ დავუდგები გვერდით ნიჭიერ ადამიანებს მეგობრულად, მაგრამ თხოვნის ფორმასაც გააჩნია და კიდევ ბევრ რამეს. ფილმს რომ იღებ და მსახიობის გარდა ყველას ფულს უხდი, ეს რას ნიშნავს?!  ერთი საათი ცხენის გადაღება უფრო ძვირი ღირს, ვიდრე პროფესიონალი მსახიობის! არ წამოხვალ უფასოდ? არ გინდა და ნუ გინდა! ეს დამოკიდებულება თუ არ შეიცვალა, ძალიან გაგვიჭირდება. ორმოცი წლის მსახიობს რომ მირეკავ, უფასოდ თამაშს მთხოვ და თან მეუბნები, რომ მართალია ჰონორარს ვერ ავიღებ, მაგრამ მომავალში გამომადგება ეს გამოცდილება –  ცოტა საწყენია, არ ვიმსახურებთ ასეთ დამოკიდებულებას.
– პირად ცხოვრებაზეც გკითხავ, ერთ-ერთ ინტერვიუში ამოვიკითხე – ვახო ჩაჩანიძე ცოლს დაშორდაო?!
– ეგ საკმაოდ ძველია. ამჟამად არ ვცხოვრობ სახლში, მაგრამ პირად ცხოვრებაზე საუბარი არ მიყვარს და მგონია, რომ ეს არავისთვის არაა საინტერესო.
скачать dle 11.3