კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 დედამ შვილს სიცოცხლე მეორედ, საკუთარი ღვიძლის გადანერგვით აჩუქა – ურთულესი ოპერაცია ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

9 წლის თაკოს რამდენიმე თვის წინ თანდაყოლილი აუტოიმუნური ჰეპატიტი დაუდგინდა, ოჯახის ცხოვრება ერთ დღეში შეიცვალა და მათი მთავარი საზრუნავი ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნება გახდა. გამოკვლევებით დადგინდა, რომ ერთადერთი გამოსავალი ღვიძლის ტრანსპლანტაცია იყო. თაკოს დონორი მისი დედა, 31 წლის ხათუნა ცეცხლაძე, გახდა. ურთულესი ოპერაცია ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ტრანსპლანტოლოგთა გუნდმა ჩაატარა, რომელსაც ქირურგი კახაბერ ქაშიბაძე ხელმძღვანელობდა.
სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ქსელში არსებულ ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალს საქართველოში ტრანსპლანტოლოგიის ამ მიმართულებით ყველაზე დიდი კლინიკური გამოცდილება აქვს. ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში დღემდე ღვიძლის გადანერგვის 24 წარმატებული ოპერაცია განხორციელდა.
დიაგნოზის დასმის დღიდან დღემდე განვლილ გზაზე 9 წლის პაციენტის დონორი, თაკოს დედა, ხათუნა ცეცხლაძე  მოგვიყვა.

ხათუნა ცეცხლაძე: თაკო 9 წლის ისე გახდა, უბრალო გაციების გარდა,  ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონია.  სამი თვის წინ სამსახურიდან დაბრუნებულს ბავშვი გაყვითლებული დამხვდა, მეორე დღესვე მივმართეთ პედიატრს, რომელმაც ინფექციურში გადაგვამისამართა. სიყვითლე გვეგონა, რაც ანალიზებმა არ დაადასტურა.  მერე გვითხრეს, რომ  ბავშვს ღვიძლზე ჰქონდა პრობლემა. ანალიზები გერმანიაში გადავაგზავნეთ და ერთ კვირაში პასუხი მოვიდა. ბავშვს თანდაყოლილი აუტოიმუნური ჰეპატიტი აღმოაჩნდა.
– დაავადების სირთულე როდის გაიაზრეთ?
– ექიმმა აგვიხსნა, პარალელურად, ინტერნეტში მოვიძიე ყველანაირი ინფორმაცია და რაც უფრო ბევრს ვიგებდი ამ დაავადების შესახებ, მით უფრო მიპყრობდა შიში. ბავშვის ღვიძლი იმდენად რთულ მდგომარეობაში იყო, რომ გადასხმებიც შეაჩერეს. ღვიძლის ფუნქციის დასადგენად დღის განმავლობაში სამჯერ უკეთებდნენ ანალიზს. გვითხრეს, რომ მისი მდგომარეობა მკურნალობას არ ექვემდებარებოდა და ერთადერთი გამოსავალი ღვიძლის გადანერგვა იყო.
– დონორობა როგორ გადაწყდა?
– არც დავფიქრებულვარ, მაშინვე ვთქვი, თუ გამოვდგები, მე ვიქნები დონორი. მთლიანი ღვიძლიც რომ დასჭირდეს და საკუთარ სიცოცხლეზე მომიხდეს უარის თქმა, ყველაფერზე მოვაწერ ხელს, მთავარია, ბავშვი იყოს კარგად-მეთქი. მადლობა ღმერთს, რომ დონორად გამოვდექი!
– ოპერაციისთვის კლინიკა როგორ აარჩიეთ?
– რა თქმა უნდა, ყველა მშობელს საკუთარი შვილისთვის საუკეთესო სურს. ჩვენც საზღვარგარეთ წაყვანაზე დავიწყეთ ფიქრი, მაგრამ იმდენად რთული მდგომარეობა იყო, რომ ტრანსპორტირებაც არ შეიძლებოდა, მაღალი სიცხე ჰქონდა, ვეღარ მეტყველებდა, სიარული უჭირდა, ეტლით დაგვყავდა. თბილისიდან ბათუმამდე რეანიმობილით ჩავიყვანეთ.
ვერც წარმოვიდგენდი, საქართველოში მსგავსი სირთულის ოპერაცია თუ კეთდებოდა. დავიწყეთ ინფორმაციების მოძიება და გვირჩიეს გამოცდილი ქირურგი კახაბერ ქაშიბაძე, რომელსაც ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ღვიძლის რამდენიმე ტრანსპლანტაცია ჰქონდა გაკეთებული და ყველა მათგანი წარმატებით. დავრეკეთ იმ პაციენტებთან, ვისაც გადანერგილი ჰქონდა ღვიძლი, გვაინტერესებდა, რამდენად გამოცდილი ექიმი იყო და ბავშვზე პასუხისმგებლობის აღებას
თუ შესძლებდა. ბატონ კახასთან შეხვედრის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, დაგვპირდა, რომ ორივენი კარგად ვიქნებოდით  და სიტყვა შეასრულა. ამ ადამიანზე დაუსრულებლად შემიძლია საუბარი, საოცრად ყურადღებიანი და თავისი საქმის უნაკლო პროფესიონალია.  ბავშვს  უდიდეს ყურადღებას აქცევდა. მისი ძალიან მადლობელი ვარ, საამაყოა, რომ საქართველოში გვყავს ასეთი მაღალი დონის პროფესიონალი, რომელიც ამ ურთულეს ოპერაციას დიდი წარმატებით აკეთებს.  
– ემოციურად როგორ ემზადებოდით ოპერაციისთვის, ალბათ, ორმაგად რთული იყო თქვენთვის?
– ნერვიულობისგან შოკურ მდგომარეობაში ვიყავი და ოპერაციის წინა დღეები არ მახსოვს. საერთოდ ვერ ვაზროვნებდი. არ ვიცი, თუ გქონიათ ასეთი შეგრძნება, რომ დადიხარ და თითქოს ნაბიჯს არ დგამ. რას ვაკეთებდი, არ მახსოვს, საოპერაციო  ოთახში ინსტრუმენტები რომ დავინახე, მაშინ მოვედი აზრზე და ავტირდი, წარმოვიდგინე, რა ჰქონდა ბავშვს გადასატანი, საკუთარ თავზე საერთოდ არ მიფიქრია.  
– გამოფხიზლების შემდეგ რა ხდებოდა?
– ტრანსპლანტაცია 10 საათს გრძელდებოდა. გამოფხიზლების პირველივე წუთს ბავშვის მდგომარეობა მიკითხავს. ღმერთს მადლობა,  ადვილად გამოვიდა ნარკოზიდან. ჩემი ოპერაციის მერე თაკოს ოპერაცია კიდევ 4 საათს გაგრძელდა. მეორე დილას ვიდეოთვალით დამანახეს ჩემი შვილი და დავრწმუნდი, რომ უკვე კარგად იყო. ბატონი კახას წყალობით, 25 დეკემბერს მე და ჩემი შვილი მეორედ დავიბადეთ!  
– დღეს როგორ ხართ?
– ბევრი რამე შეიცვალა, დილა მედიკამენტების მიღებით იწყება და დაძინებამდე ასე გრძელდება. ვიცავთ დიეტას და ბავშვი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა. სახლში მეცადინეობს. სკოლაში, მინიმუმ, ექვსი თვე ვერ წავა. მადლობა ღმერთს, ბავშვის ანალიზები კარგია და გადანერგილი ღვიძლი ფუნქციას წარმატებით ასრულებს, თამარის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და მალე ის ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.
скачать dle 11.3