კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 რწმენის საფარქვეშ

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #12(951)


კონსპირაციული ბინიდან წამოსული ნიაზ ბერიშვილი ახალთახალი „ჯიპით“ გაემართა სახლში, რომელიც ახალგამოჩეკილი ქართველი მილიონერების მშენებარე რაიონში მდებარეობდა. ბერიშვილის ნაკვეთი საკმაოდ მოზრდილ ტერიტორიას მოიცავდა და მაღალი ღობით იყო შემოსაზღვრული. უზარმაზარი სამსართულიანი სახლი კი თანამედროვე არქიტექტურის შაბლონური ნიმუში იყო და მის პატრონს ის სოლიდური თანხა დაუჯდა. თავად სახლის ოთახები კი უძვირფასესი ავეჯითა და აპარატურით იყო გაწყობილი და სრულიადაც არ იგრძნობოდა ჭეშმარიტი ღვთისმორწმუნისთვის დამახასიათებელი სისადავე და უბრალოება. 40 წლის მარტოხელა ნიაზ ბერიშვილს ეზოში ოთხი უზარმაზარი ნაგაზი ჰყავდა გაშვებული და ავი საქმისთვის მოსული ავაზაკის დასაფრთხობად ისინიც კმაროდნენ, თუმცა, მას სახლსა და ნაკვეთის მთელ პერიმეტრზე თანამედროვე სასიგნალო მოწყობილობა ჰქონდა დამონტაჟებული და შეუმჩნევლად იქ ჭიანჭველაც კი ვერ შეაღწევდა. ამ უზარმაზარ სივრცეს 30 წლის ელენე პატრონობდა, რომელიც სამონაზვნოდ ემზადებოდა. მამა ნიკოდიმოსის მრევლი იყო და უმეტეს დროს მოძღვრის სამსახურში ატარებდა. ელენე თვით სათნოების, თვინიერებისა და რწმენის განსახიერება იყო. მოდიოდა უთენია და მიდიოდა შუაღამეს. ტანზე მუდამ შავი ფერის სამოსი ეცვა და ყოველთვის თავწაკრული დადიოდა. მას არამც თუ შიშველი ადგილი, ნორმალურად სახეც კი არ უჩანდა და მოძღვარს თვალებში არასდროს უყურებდა. დაძახილზე უმალვე მასთან ჩნდებოდა, თავდახრილი უსმენდა მის ბრძანებებს, რომლებსაც უსიტყვოდ და სწრაფად ასრულებდა. ელენე ასეთივე ძაძებში შებურული მივიდა მამა ნიკოდიმოსთან ორი წლით ადრე და მისი მრევლი გახდა. ერთი წლის შემდეგ კი თავად მამაომ შესთავაზა მის სახლში ემსახურა, რადგან ელენემ გაანდო, რომ მონაზვნობა სურდა.
– ჭეშმარიტად ღირსეული ნაბიჯია, შვილო ჩემო და სამონაზვნოდ მე მოგამზადებ. ამიტომ, ჩემთან უნდა იარო, – უთხრა ნიკოდიმოსმა გოგონას, როდესაც მისი სურვილი შეიტყო.
ბერიშვილი დარწმუნებული იყო, რომ ელენეს სახით ყურმოჭრილი მონა შეიძინა, რომელიც ყველა მის ბრძანებას შეასრულებდა და ლაყბობას არ დაიწყებდა მამაოს ქონებაზე. ხოლო, ელენეს რომ ეჭვი არ აღძროდა ნიკოდიმოსის პატიოსნებაზე და სამართლიანი კითხვები არ გასჩენოდა, გოგონას ჩააგონა, რომ სახლ-კარი, მანქანა და ფუფუნების სხვა საგნები მას ეკლესიამ დროებით გამოუყო და რომ პირადად მამა ნიკოდიმოსი აბსოლუტურად უპოვარი იყო...
თავის ფეშენ კარ-მიდამოს რომ მიადგა, უკვე საკმაოდ შებინდებული იყო. ბერიშვილმა დისტანციური მართვის პულტით ეზოს კარი გააღო და მანქანა შიგნით შეიყვანა. შემდეგ ისევ დაკეტა, მანქანიდან გადმოვიდა და სახლისკენ გაემართა. შესასვლელში მას ელენე შეეგება და თავდახრილი ეამბორა ხელზე. შემდეგ პალტოს გახდაში მიეხმარა და სამოსი კარადაში დაკიდა. მოტრიალდა და მიმავალ ნიკოდიმოსს თავდახრილი აედევნა უკან. ბერიშვილი ტყავის სავარძელში მოკალათდა და მის წინ თავჩაღუნულ, ფეხზე მდგომ ელენეს უთხრა:
– შეგიძლია, წახვიდე. მთელი ღამე უნდა ვილოცო მუხლმოდრეკით. ჩვენება მქონდა. ღვთისმშობელი გამომეცხადა და ზუსტად ასე მიბრძანა: ჩემი ხატის წინ მთელი ღამე მუხლმოდრეკილი ილოცეო. ხვალ შეგიძლია, შუადღემდე არ მოხვიდე.
– მამა ნიკოდიმოს, ვახშამი მოგიმზადეთ. სამზარეულოშია და მიირთვით, – უთხრა ბერიშვილს გოგონამ.
– პირს ვერ დავაკარებ, შვილო. მთელი ღამე უნდა ვილოცო, – მიუგო ბერიშვილმა.
ელენე მუხლმოდრეკილი დადგა ბერიშვილის წინ და თავდახრილმა უთხრა:
– დამლოცეთ, მამაო.
– ღმერთმა დაგლოცოს, – თქვა ნიკოდიმოსმა და ელენეს თავზე დაადო ხელი. გოგონა ხელზე ეამბორა ბერიშვილს. შემდეგ წამოდგა თავდახრილი გამოემშვიდობა ნიკოდიმოსს და ფეშენ-სახლიდან გავიდა.
გოგონა რომ გაისტუმრა, ნიაზ ბერიშვილი ჩაფიქრდა, ცდილობდა, წითურის დავალების ნამდვილი მიზანი გამოეცნო. მრავლისმნახველი და მრავლისმსმენელი ნიაზ ბერიშვილი ინსტინქტით გრძნობდა, რომ ამჯერად ბევრად უფრო საშიში და ბინძური საქმის გაკეთება მოუწევდა. ამიტომ, სანისთან საუბრის თითოეული სიტყვა გაიხსენა და შეეცადა მათ ნამდვილ არსს ჩასწვდომოდა.
***
თავჩაღუნული ელენე ჩვეული, დინჯი ნაბიჯებით გავიდა ბერიშვილის ფეშენ კარ-მიდამოდან და სამასიოდე მეტრი გაიარა. შემდეგ შედგა, მიმოიხედა და საეჭვო რომ ვერაფერი შეამჩნია, მარცხნივ გაუხვია. კიდევ ორასიოდე მეტრი გაიარა. ავტოსადგომზე მივიდა. შავი ფერის „ბეემვეში“ ჩაჯდა, მანქანა დაქოქა და ადგილიდან დაძრა. ღამის ქალაქი ათიოდე წუთში გაიარა. ვაკეში, ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში შევიდა და მანქანა მიწისქვეშა ავტოფარეხში გააჩერა. მანქანიდან გადმოვიდა, კიბეებს აუყვა და ნახევარ წუთში ფარდებჩამოშვებულ, გაჩახჩახებულ ოთახში აღმოჩნდა, მიმოიხედა და ვერავინ რომ ვერ დაინახა, დაიძახა:
– მერაბ, სად ხარ, დამემალე?
– აქ ვარ, მოდი! – მოესმა გოგონას სააბაზანოდან.
გოგონამ თავსაფარი მოიხსნა, შავი სამოსი გაიხადა და დედიშობილა გაემართა სააბაზანოსკენ, საიდანაც მას მეუღლე უხმობდა. ელენე იმდენად ტანკენარი და სახემშვენიერი იყო, რომ ნიაზ ბერიშვილს რომ ასე ენახა, ნამდვილად ვერ იცნობდა. მამა ნიკოდიმოსი ვერც იმას დაიჯერებდა, რომ ეს ამორძალი გოგონა და მისი ყურმოჭრილი მონა – სამონაზვნე ელენე ერთი და იგივე პიროვნება იყო.
მერაბი და ელენე – ლენკა, როგორც მას მერაბი ეძახდა, ნახევარი საათის შემდეგ დაბრუნდნენ ოთახში. შიშველ სხეულზე თეთრი ფერის პირსახოცის ხალათები ეცვათ. სავარძლებში მოთავსდნენ და გააბოლეს.
– მთელი დღე რომ ვითმენ, საღამოს ისეთი დიდი სიამოვნებით ვეწევი, ვერ წარმოიდგენ, – უთხრა ლენკამ მერაბს.
– საინტერესოა, რა დაემართება ნიკოდიმოსს, სიგარეტით ხელში რომ დაგინახოს, – თქვა მერაბმა და გაეცინა,  თან დაამატა, – გამოსირდება, ალბათ.
– ჰო, – დაეთანხმა ლენკა და მასაც გაეცინა.
– ხოლო ამ ხალათში, ან სულაც შიშველი რომ გნახოს, ალბათ, ინფარქტი ხევს, – არ ცხრებოდა მერაბი.
– ინფარქტი კი არ ხევს, მოზვერივით მეტაკება და მის დასაშოშმინებლად მთელი ჩამი საბრძოლო ცოდნის გამოყენება მომიწევს, – სრული სერიოზულობით თქვა ლენკამ და სიგარეტი მოქაჩა.
– კარგი. თქვი ახლა, რა ხდებოდა ნიკოდიმოსისას, – უთხრა მერაბმა გოგონას და სმენად იქცა.
ლენკამ სიგარეტის ნამწვი საფერფლეში ჩაასრისა და მერაბს უთხრა:
– დღეს რაღაც ვერ იყო თავის მატორზე. წითურ სანისთან იყო და როგორც ეტყობა, რაღაც დავალება მიიღო, რომელმაც შეაშფოთა. ალბათ, სწორედ ამიტომ გამომიშვა ადრე, რომ ამ საქმეზე ეფიქრა.
– შენი აზრით, რას უნდა ნიშნავდეს ეს ყოველივე? – იკითხა მერაბმა.
– ჯერჯერობით ვერ ვხვდები, – მხრები აიჩეჩა ლენკამ.
– მაინც, მაინც... შენი აზრით, რა უნდა დაევალებინა იმ პიდარასტ წითურს ბერიშვილისთვის?
– ყოველ შემთხვევაში, იერარქებისთვის ფარული მიყურადება არ მგონია. ეს მისთვის ჩვეული საქმეა და ასე ჩაფიქრებული არ იქნებოდა. შენ რას იტყვი?
– ვიტყვი იმას, რომ ჩემი ლენკა აბსოლუტურად მართალია და სრულიად ვეთანხმები მას, – თქვა მერაბმა.
– ასე დარწმუნებული რატომ ხარ, ძვირფასო?
– იმიტომ, საყვარელო, რომ ამის საფუძვლიანი მიზეზი მაქვს.
– რა მიზეზი?
– ის მიზეზი, რომ დღისით თბილისში მელოტი ჯეკობსი ჩამოფრინდა.
– ეგ ვინღაა?
– საგანგებო სპეცოპერაციების კურატორია ცენტრში და კანტორა ასე შორს მაშინ აგზავნის ხოლმე, როდესაც რაღაც სერიოზულს გეგმავენ. ის ახლა თბილისშია და ლოგიკურია იმის ვარაუდი, რომ აქ რაღაც უაღრესად მნიშვნელოვანი გეგმაა. გაიგე ახლა?
– ყველაფერი გასაგებია და ვფიქრობ, დიდი სამუშაოს შესრულება მოგვიწევს, რომ მტრის ჩანაფიქრი არ განხორციელდეს, – თქვა ლენკამ. მერაბმა კი დაამატა:
– მანამდე კი ეს ჩანაფიქრი უნდა გამოვიცნოთ.
ლენკა და მერაბი ცოლ-ქმარი იყვნენ, პროფესიით მზვერავები და საიდუმლო სპეცსამსახურში მუშაობდნენ, რომლის ერთ-ერთი ფილიალიც თბილისში მდებარეობდა. გოგონა სპეციალურ დავალებას ასრულებდა და ნიაზ ბერიშვილთან იმიტომ ჩანერგეს, რომ ეკლესიის ამ წარმომადგენელზე კონტროლი დაემყარებინა. საჭიროების შემთხვევაში კი უფროსების ბრძანება შეესრულებინა, რომლებიც გლობალური საიდუმლო ოპერაციის ფარგლებში ქართულ ეკლესიას იყენებდნენ. ეს გლობალური ოპერაცია კი გლობალური პოლიტიკის ნაწილი იყო, ხოლო ეკლესიას და ზოგადად, რელიგიას კი მასში ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია ეკავა. წყვილი ჯერ კიდევ ათი წლის წინ შეუღლდა. მაშინ, როდესაც 20-20 წლის ახალგაზრდები საიდუმლო-სადაზვერვო სკოლაში სწავლოდნენ და ერთმანეთი გაიცნეს. მათი გაცნობა მხოლოდ განგების ნება არ ყოფილა, ამაში მათი უფროსობის ხელიც ერია. არსებობდა სპეციალური პროგრამა, რომლის მიხედვითაც მიიჩნეოდა, რომ შვილებიანი ოჯახური წყვილები ათმაგად უფრო ერთგულები იყვნენ და ბევრად უფრო ეფექტურადაც მუშაობდნენ. სწორედ ამ პრინციპის შესაბამისად დააწყვილეს ლენკა და მერაბი. ათი თვის  შემდეგ კი გოგონამ ტყუპი ვაჟი გააჩინა. ბავშვები სპეციალურ გარემოში იზრდებოდნენ და მათზე ცოლ-ქმრის სამსახური ზრუნავდა. ლენკა და მერაბი კი დროგამოშვებით აკითხავდნენ ტყუპებს და ორ-სამ კვირას მათთან ატარებდნენ ხოლმე. დანარჩენ დროს კი საიდუმლო სამსახურს ახმარდნენ და უფროსობა მათი მუშაობით ძალიან კმაყოფილი იყო. მერაბი კერძო ტაქსისტი იყო და ეს მას საშუალებას აძლევდა, მთელი დღის განმავლობაში დაუბრკოლებლად, ყოველგვარი ეჭვის გარეშე ემოძრავა ქალაქში. კონსპირაციულად შეხვედროდა საჭირო პირებს. აგრეთვე, თვალთვალი ეწარმოებინა სხვადასხვა ადამიანებსა და ობიექტებზე. მერაბის მანქანა სპეცაპარატურით იყო აღჭურვილი და ეს როგორც დიდ მანძილებზე მოსმენის, ასევე აუდიო-ვიდეო მასალების გადაცემის საშუალებას იძლეოდა. მერაბის ბოლო დავალება კანტორის კონსპირაციულ ბინაზე თვალთვალი იყო და სწორედ ამის შედეგად გახდა ცნობილი თბილისში ჯეკობსის ჩამოფრენის შესახებ. თუმცა, კონსპირაციული ბინის მთელ პერიმეტრზე ისეთი დაცვის სისტემა იყო დამონტაჟებული, რომ იქაურობის მოსმენა შეუძლებელი იყო. ვერც მოსასმენ მოწყობილობას შეიტანდი, რადგან აღმომჩენი აპარატურა უმალვე დააფიქსირებდა. სწორედ ამიტომ არ დაამაგრა ლენკამ ბერიშვილის ტანსაცმელზე მიკროჟუკი...
მერაბის სიტყვებზე ლენკამ თავი დააქნია და ქმარს უთხრა:
– ჰო. მათი ჩანაფიქრი უნდა გამოვიცნოთ, მაგრამ იმ ოხრებს რომ ვერ ვუსმენთ, ხელს ეს გვიშლის.
– კი. საქმე საკმაოდ რთულადაა და ვფიქრობ, არც ჩვენების შემოთავაზებაა იოლი შესასრულებელი. თუ საერთოდ შესრულებადია.
– რა შემოთავაზებაზე ლაპარაკობ?
– ოპერაციის სათადარიგო ვარიანტზე.
– რაო, მაინც რას გთავაზობენ?
– ჯეკობსის გატაცებას და მისგან ინფორმაციის მოპოვებას.
ლენკამ დაუსტვინა და ქმარს უთხრა:
– ეს ურადიკალურესი ზომაა და შეიძლება, უმართავი პროცესები გამოიწვიოს. კანტორაც იმავე ზომებს მიმართავს და სისხლიანი ომი გაჩაღდება.
– მართალი ხარ, ლენკა, მაგრამ როგორც ეტყობა, იქ, ზემოთ, კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა და ასეთ რადიკალიზმზე სწორედ ამიტომ გვიბიძგებენ, – უთხრა მერაბმა ლენკას.
– კი. ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ჯეკობსის გატაცება „კოკა-კოლას“ დალევა ხომ არაა? შეიძლება, ის სულაც არ გამოვიდეს გარეთ კონსპირაციული ბინიდან და თუ გამოვა, ალბათ, მნიშვნელოვანი დაცვაც ეყოლება.
– ყოველ შემთხვევაში, კონსპირაციულ ბინაში აეროპორტიდან ის ტაქსით  მივიდა და არავინ დახვედრია, – თქვა მერაბმა და დაამატა, – იასნია, რომ ეს კონსპირაციის მიზნით გაკეთდა, მაგრამ არ მგონია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პერსონა, როგორც ჯეკობსია, უყურადღებოდ იყოს დატოვებული.
– გეთანხმები, ყველაფერი გულდასმითაა გასაანალიზებელი და ოპერაცია უზადოდ უნდა დაიგეგმოს, – უთხრა ლენკამ მერაბს და დაამატა, – რა რესურსს გვაძლევენ ოპერაციის ჩასატარებლად?
– არის აქ ერთი დაკონსერვებული ჯგუფი. ჯერ ასეთ საქმეში არ გამოუყენებიათ და თუ საჭირო გახდა, დავიხმართ.
– რამდენი ადამიანია და რა კატეგორიაა?
– რვანი. ექვსი კაცი და ორი გოგონა – ოცდარვა-ოცდაათი წლისანი. ძირითადად, სპორტსმენები არიან და საქმისთვის განკუთვნილი საიმედო ინფრასტრუქტურაც აქვთ. სარდაფი, ტრენაჟორები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, საბრძოლო და სატრანსპორტო საშუალებებსაც ფლობენ. მხოლოდ ერთი ბრძანება უნდათ და ამუშავდებიან. მათი ამუშავება კი ჩვენს სიტყვაზეა დამოკიდებული, – განუმარტა მერაბმა ლენკას. ცოლს თმაზე მიეფერა და დააყოლა, – დავიძინოთ ახლა. იმ ტარტაროზს უთენია უნდა ეახლო და ცოდო ხარ.
– შუადღის მერე მოდიო, ასე მითხრა. ამიტომ, საყვარელო, უთენია ადგომა არ დამჭირდება და შემიძლია, ვიძინო. ისე კი, მოდი, დავწვეთ, – თქვა ლენკამ და მერაბს კისერზე ჩამოეკიდა...
***
თბილისში შუაღამეს გადასცდა და საათმა შემდეგი დღის ათვლა დაიწყო. ცენტრის მთავარ ქალაქში კი, რომელსაც სანი და ჯეკობსი წარმოადგენდნენ, წუთების ისარი მხოლოდ საღამოს ექვს საათს გადასცდა. თუმცა იქაც, ისევე როგორც თბილისში, ციოდა და ზღვიდან წამოსული ქარი დროდადრო ჰაერში აფრიალებდა უზარმაზარი მეგაპოლისის ქუჩების ნაგავს. ცენტრის შტაბ-ბინა შუშაბანდებიანი შენობის ზედა სართულზე მდებარეობდა და ყურის აკვატორიას გადაჰყურებდა. მყუდრო ოთახში ორი შუახნის მამაკაცი  საქმიანად საუბრობდა. ერთი მათგანი ოთახის მასპინძელი, 54 წლის ნორისი, ცენტრის თანამშრომელი იყო  და ოპერაციების დაგეგმვას ხელმძღვანელობდა. 59 წლის ფილიპი, ქვეყნის მეთაურის საიდუმლო მრჩეველი კი, დიდი პოლიტიკის ბნელ და ბინძურ მხარეს კურირებდა. ფილიპი კადრის მზვერავი იყო. საიდუმლო მრჩევლობამდე აქტიურად მონაწილეობდა საიდუმლო ოპერაციებში და ნორისს კარგად იცნობდა. მით უმეტეს, რომ ფილიპი ადრე ნორისის ხელქვეითი იყო და არა ერთი მისი სპეცდავალება შეუსრულებია. ფილიპმა საათს დახედა და ნორისს უთხრა:
– შვიდის ოცი წუთია. შუაღამეს შეფს უნდა მოვახსენო. მანამდე კი იქ ჩაფრენა მოვასწრო. დრო არ ითმენს. გისმენ, ნორის.
 გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3