კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 რატომ ვერ უთხრეს სომეხ პოლიტიკოსებს ქართველმა მამაკაცებმა ის, რაც უთხრა ქართველმა პოლიტიკოსმა ქალმა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

სალომე ზურაბიშვილის ბაქოში ვიზიტს ერევანში ვიზიტი მოჰყვა (როგორც ამბობენ, ბევრს ეცადა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი, რომ საქართველოს პრეზიდენტი პირველად ბაქოში ჩასულიყო და ამის შემდეგ ერევანში) და საკმაოდ ხისტი განცხადებებიც: კერძოდ, ქ-ნმა ზურაბიშვილმა ჩვენს მეზობელ სომხებს ყარაბაღის დელეგაციების სოხუმსა და ცხინვალში უპრაგონოდ სიარული დაუწუნა და ეს მათი მხრიდან არაკეთილგანწყობილ ჟესტად შეაფასა. ხოლო სომხეთის ეკლესიის მეთაურთან შეხვედრისას კი (რომელმაც სიტყვა საქართველოში სომხური ძეგლების სომხეთის ეკლესიისთვის გადაცემაზე ჩამოაგდო), ამ უკანასკნელს შეახსენა, რომ აფხაზეთში სომხური ეკლესიები, რატომღაც, რუსეთის ეკლესიას ექვემდებარება, რაც აფხაზეთის აღიარების ტოლფასიაო (რაც, ცხადია, გარეგინ მეორემ იუარა, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება) და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოკითხვა და თხოვნა გადასცა, რომ აფხაზეთის სომხური ეკლესიები ან სომხეთის ეკლესიამ დაიქვემდებაროს დროებით, ან საქართველოში სომხური ეკლესიის წარმომადგენლობამო.
გაუგებარია, რატომ დუმდნენ აქამდე ქართველი პოლიტიკოსი მამაკაცები და მეზობლებთან მხოლოდ ენის მოჩლექით საუბარს რატომ არჩევდნენ? ანუ ქალის ფაქტორზე სამხრეთ კავკასიის პოლიტიკაში აკაკი ასათიანთან ერთად ვისაუბრებთ.

– ბაქოში ილაპარაკეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნეიტრალურ ზონად გამოცხადების შესახებ, ამ იდეას როგორ აფასებთ? ჩემი აზრით, ასეთი გადაწყვეტილებით ძეგლის არაქართულობას ვაღიარებთ.
– იქ არის მოხატულობა, რომელზეც სამი მეფეა გამოსახული, არავინ იცის, ვინ ვინაა, სინამდვილეში კი, უნიკალური სურათია. ერთდროულადაა გამოსახული დემეტრე პირველი, დავით მეხუთე და გიორგი მესამე, რომელიც შემდეგ დავით მეხუთეს მოწამლავს. ისინი კი ამბობენ, ალბანელი მეფეები არიანო.
– ეს უკვე ჩვენი, ქართველების პრობლემაა, რომ ვერ ხერხდება შესაბამისი საინფორმაციო უზრუნველყოფა.
– მე ვიცი მაგის წამალი, მაგრამ არ მინდა საჯაროდ თქმა, იმიტომ რომ შესაძლოა, უკუღმა გააკეთონ ყველაფერი, თორემ ულაპარაკოდ დათმობდნენ აზერბაიჯანელები დავით გარეჯს. არათუ საზოგადოებამ, პოლიტიკურმა მმართველმა წრემაც კი არ იცის, რა ხდება ჩვენს რეგიონში, რით ცხოვრობენ, რა უნდათ ჩვენს მეზობლებს. არადა, ისიც კი უნდა ვიცოდეთ, რა ხდება ჩრდილოეთ კავკასიაში, რუსეთშიც. ვფიქრობდი, რომ პუტინი ასაკის გამო წავიდოდა, მაგრამ რუსეთში ისეთი ამბავი გროვდება, შესაძლოა, უფრო სხვა რამის გამო მოუწიოს, წასვლა. ახალ თაობას აღარ უნდა სტალინის კარიკატურის პირობებში ცხოვრება.
– დავუბრუნდეთ ჩვენს თემას, ბაქოში რბილი ტონალობა იყო, სომხეთში – ხისტი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ქართველ პოლიტიკოს მამაკაცებს რატომ არასდროს უთქვამთ სომეხი კოლეგებისთვის, რომ არამეგობრულად გვექცეოდნენ? დრომ მოიტანა, ქალის მიერ ნათქვამი უფრო რბილად აღიქმება თუ აქამდე ყველას ენას რატომ უჩლექდნენ ჩვენებური პოლიტიკოსები?
– მე ვფიქრობ, რომ სწორად მოიქცა და რაც უფრო ინტენსიური გახდება ეს პროცესი, მით უკეთესი, ბევრი თვალსაზრისით, თუ ორივე მეგობრული სახელმწიფოა და უნდა იყოს კიდეც ასე. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ დამოუკიდებლობის პირველად აღდგენის პერიოდში აზერბაიჯანი ძალიან კორექტულად იქცეოდა, სომხეთი კი თავს დაგვესხა, მიწების მიტაცების გიჟური მიზნით.
– 1918 წელზე ვამბობთ.
– დიახ, დიახ. ოვანეს თუმანიანი გამოვიდა და თქვა, ჩემი ნათესავი, ვინც ქართველების წინააღმდეგ საომრად წავა, ჩემზე უარი თქვასო. ერთი ქალაქის, მგონი, დღევანდელი გიუმრის მოსახლეობამ, პირდაპირ მიმართა სომხეთის მთავრობას, ამაზე დიდი სიგიჟის მოფიქრება შეუძლებელიაო, ანუ იქაც იყო ნორმალური ხალხი, მეგობრობა აუცილებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემებზე, რომლებიც არ არის გადაულახავი და საბედისწერო, არ ვილაპარაკოთ. ეს ხომ არ არის რუსეთთან და თურქეთთან ლაპარაკი?! განსაკუთრებით, რუსებთან, რომლებსაც ვერაფერს შეასმენ?! თურქები უფრო კორექტულები არიან, მაგრამ მათთან სხვა ტიპის პრობლემებია. ამიტომ ძალიან კარგად მოიქცა ზურაბიშვილი. ერთი მხრივ, ვხედავთ, რომ ჩვენც ვლაპარაკობთ ამ თემებზე, როდესაც გავწიწმატდებით ხოლმე, როდესაც უცებ აღმოვაჩენთ, რომ არსებობს ის, რაც ჩვენს გაწიწმატებამდეც არსებობდა. ყველგან არის დამთხვეული ხალხის რაღაც წრე, რომლებსაც გიჟური იდეები აწუხებთ, ჩვენთანაც არიან, ოღონდ უფრო ცოტანი, ვიდრე იქ. ამდენად, რაც ინტენსიური იქნება ეს ურთიერთობა, უკეთესია. ამას ახლავს ერთი გარემოებაც, იმდენად ქალის ფაქტორი არა, რამდენადაც ის, რომ პრეზიდენტი გადამწყვეტი არ არის ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ მისი ნათქვამი, თან ოფიციალური პირის ნათქვამია, თან – ამას არ მოჰყვება რამე გამწვავება, რაც უნდა ხისტად ითქვას სათქმელი, იმიტომ რომ ჩვენი პრეზიდენტის სტატუსი იმათაც იციან და ჩვენც. ამასთან, შესაძლოა, ქალის ფაქტორიც მუშაობდეს – მის მიერ ნათქვამი ჩაითვალოს უფრო რბილად, არასერიოზულად...
ყარაბაღის ამბავი ჰაერშია გამოკიდებული და ძალიან უშლის ხელს სამხრეთ კავკასიის სტაბილურობას. მაგალითად, აფხაზეთი და ცხინვალი სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობას ხელს არ უშლის, ყარაბაღი კი ნამდვილად აფერხებს ამ სამი ქვეყნის პოზიციების შეთანხმებას, ამის გარეშე კი რთულია საერთო აზრის მიღწევა. ახლა სომხებს ისეთი მთავრობა ჰყავთ, რომელიც ამას ითვალისწინებს. დასავლეთის ორიენტაციას ფრთხილად ნერგავს, იმდენად ფრთხილად, რომ რუსიც ასე პირდაპირ ვერ უკრძალავს, თუმცა დადარაჯებულია და პერიოდულად წამოსცდებათ ხოლმე უკმაყოფილება. ბოლოს და ბოლოს, იმავე აზერბაიჯანთან, სომხეთთან ყველაფერზე შეიძლება მოლაპარაკება. ჩვენ გაცილებით მეტი ძეგლი გვაქვს, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანს ერთად აღებულს. ასჯერ მეტი მაინც. სამწუხაროდ, მოუვლელია, თორემ პროცენტულად ჩვენ და ფრანგებს გვაქვს თანაბარი რაოდენობით, იტალიელებსაც. ჩვენი მიწა მოფენილია ძეგლებით და ეს ადასტურებს ჩვენი წინაპრების შემოქმედებით უნარს, მხოლოდ ბუნების გამო კი არ ჩამოდიან ევროპელი და აღმოსავლელი ტურისტები, ჩვენი ქვეყნის კულტურულ უპირატესობასაც გრძნობენ. ამიტომ ამაზე გახსნილად ლაპარაკი სწორია და მე ვფიქრობ, ეს უფრო მნიშვნელოვანი ვიზიტები იყო, ვიდრე ევროპაში ჩასვლა. მათ თავიანთი პოზიცია აქვთ, სანამ რუსეთი არ შეეჭრათ უკრაინაში, სანქციები არ დააწესეს.
– ჩვენ გამო არც კი გატოკებულან.
– დიახ, ჩვენ გამო არ დაუწესებიათ სანქციები, მაგრამ რადგან მათ მიადგათ საფრთხე, უკრაინის გამო იკადრეს და ახლა რუსეთს მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს.
– თავისი ინიციატივით უთხრა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პოლიტელიტას, რაც უთხრა, თუ დააბარეს? აი, გარეგინ მეორეს ჩვენი პატრიარქის  მოკითხვა და თხოვნა გადასცა.
– უნდა ვივარაუდოთ, რომ თავისი ინიციატივით უთხრა. მეეჭვება, ჩვენს ხელისუფლებაში ვინმე ისეთი იყოს, გინდა – ღია და გინდა – ფარული მმართველი, რომ ამ პრობლემით ამდენად იყოს შეწუხებული. თუ შეთანხმებული იყო, მით უკეთესი, უბრალოდ, მე დავკარგე იმის რწმენა, რომ ამ ქვეყანაში ოდნავ რთული პოლიტიკური თამაშია. ასეა საშინაო პოლიტიკაშიც და საგარეოშიც, სამწუხაროდ.
– რა შეიძლება, იყოს გაგრძელება. პირველად ბაქოში ჩასვლა ეწყინებოდათ ერევანში? ფაქტია, რაც ერთს უხარია ჩვენგან, ის წყინს მეორეს და პირიქით. ამის დაბალანსება როგორაა შესაძლებელი?
– ბალანსს თუ დავიცავთ, ყველაფერი შესაძლებელია და 30 წელია, გვაქვს ეს ბალანსი და ორივე მადლობელია, რომ არც ერთის მხარეს არ ვიკავებთ, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. აზერბაიჯანს თავისი თავი ნეიტრალურად აქვს გამოცხადებული და მუშაობს ეს ნეიტრალიტეტი, ისევე, როგორც თურქმენეთის. აზერბაიჯანს შიდა ავტორიტარული მმართველობა რომ არ ჰქონდეს, უფრო ევროპისკენ იქნებოდა გადახრილი. ესეც ობიექტური პრობლემებია, იქ რომ სრული დემოკრატია დამყარდეს, ვერავინ ვერავის მისცემს გარანტიას, რომ სტაბილური სახელმწიფო იქნება. ზვიადის დროს მოვიწვიეთ მუთალიბოვი – აზერბაიჯანის მაშინდელი პრეზიდენტი და ტერ-პეტროსიანი – სომხეთის პრეზიდენტი და ძალიან ფრთხილად, ისე, რომ ზვიადისგან გამიკვირდა კიდეც, მოვსინჯეთ, რომ აქ გამართულიყო მათი შეხვედრა. რაღაც პერსპექტივა ამას უჩანდა, მუთალიბოვი გონიერი კაცი იყო და ტერ-პეტროსიანი კი – ძალიან გამჭრიახი პოლიტიკოსი. ამდენად, ეს ბალანსი არსებობს და ჩვენც არ უნდა დავარღვიოთ და არ უნდა გამოვაცხადოთ, რომ რომელიმეს მხარეზე ვართ. ჩვენ და აზერბაიჯანი ბუნებრივი მოკავშირეები ვართ, ყველაფერთან ერთად, ტერიტორიული პრობლემების გამო. სომხებს ეს ესმით და ამიტომ პრეტენზიას ვერ გამოგვიცხადებენ, ასე რომ, ამ ლოგიკით უნდა ვიაროთ და ზურაბიშვილის ვიზიტს რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებდეს, უკეთესი იქნებოდა, აღარც კი მახსოვს, როდის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი ან ბაქოში, ან ერევანში. ჩვენ, რატომღაც, ჩავთვალეთ, რომ ეს ამბავი არ ეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, იმიტომ რომ მენტალურად ისევ საბჭოთა კავშირში ვართ, როდესაც უცხოეთად მხოლოდ საბჭოეთის გარეთა ქვეყნები ითვლებოდა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც თავისით მოგვარდება. თუ საქმე ცუდად წაგვივა, ყველა იფიქრებს, ხელი მოვითბოო, ასეა მოწყობილი მსოფლიო პოლიტიკა ჯერჯერობით და დიდხანს იქნება ასე. ამდენად, ყოველწლიურად რომ ივლიდეს და მოიწვევდეს, ძალიან კარგი იქნებოდა. ალიევი ბოლოს როდის ჩამოვიდა?! და ისიც უნდა ვთქვათ, რომ მამამისმა მართლაც გაუწია მეგობრობა საქართველოს, თავის ქვეყანას მოაკლო და მილსადენებიდან წილი ჩვენ დაგვითმო. რადგან მას ესმოდა, რომ ჩვენი ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია. ეს ურთიერთობა ინტენსიური რომ იყოს, მშვიდი და გრილი პარტნიორობა, რომელიც დღეს გვაქვს, უფრო მჭიდრო ურთიერთობაში გადაიზრდებოდა.
– არსებობს მოსაზრება, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება ჩვენთვის არც თუ უსარგებლოა, რადგან შესაძლებელია ამ დაპირისპირებაზე თამაში. ჩვენ ეს კონფლიქტი არ გამოგვიწვევია, მაგრამ ხეირი მოგვიტანა?
– ვინც გამოიწვია, ვიცით – საბჭოთა უშიშროებამ, მაგრამ დაპირისპირება კარგია, როდესაც რუსეთ-თურქეთს ეხება. აქ კი, პირიქით, მეტ სარგებლობას ნახავდა ყველა, ისინი რომ არ მტრობდნენ და განსაკუთრებით, ჩვენ. ზღვა მაინც არც ერთს არ აქვს, ვერ გადიან მსოფლიოზე. მათი მეშვეობით ეკონომიკურად, ძალიან ბევრი რამით შეიძლება შევსება. ირანი სომხეთით პირდაპირ გამოდის ჩვენზე და მე ვერ ვხვდები, რატომ უნდა შევზღუდოთ ირანის ეკონომიკური ინტერესი. ვითარება თუ მოწესრიგდება, იგივე სომხური დიასპორა დააბანდებდა ფულს. ახლა იცით, რომ არ აქტიურობენ. ასე რომ, თუ თანამშრომლობა იქნება და არა დაპირისპირება, სამხრეთ კავკასიის ეს სამი სახელმწიფო ნებისმიერს გაუძალიანდება.
– და ვისთვისაა ხელსაყრელი ეს? არავისთვის.
– ამიტომაც ვამბობ, ეს დაპირისპირება ხელსაყრელია მისთვის, ვინც ჩვენ გვიპირისპირდება. ყარაბაღით, აფხაზეთით, ცხინვალით უჭირავს სამივე. წარმოიდგინეთ, ერთ დღესაც რომ მოიხსნას ეს პრობლემები?! არადა, ერთ დღეს ასეც მოხდება და ჩრდილო კავკასიის შენარჩუნების პრობლემა აშკარად დაუდგება, თანაც მალე. მგონია, ეს მარტივი ხეირი, ორი მეზობელი ჩხუბობს და მე ორივესთან კარგად ვარო, არაფერს ნიშნავს. მით უფრო, რომ აზერბაიჯანთან, ფაქტობრივად, ამოიწურა რესურსი, მხოლოდ ნავთობი და გაზი გვაკავშირებს, სომხეთთან ეკონომიკურად არაფერი გვაკავშირებს. მე მგონია, არ იქნებოდა ურიგო დაპირისპირების მოხსნა სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ ამის პერსპექტივას უახლოეს მომავალში ვერ ვხედავ.
скачать dle 11.3