კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

№12 რატომ იყვნენ იძულებულნი ქართველები მონღოლთა ჯარში ეომათ და როგორ შეანგრიეს ჩვენმა წინაპრებმა სახალიფოს დედაქალაქის გალავანი

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

მონღოლების დიდი იმპერია ოთხ ნაწილად, ოთხ ულუსად, ოთხ საყაენოდ გაიყო. ირანში, ავღანეთისა და თურქმენეთის ნაწილში, წინა აზიის აღმოსავლეთში არსებულ მონღოლთა ულუსში გაბატონდა ჩინგიზ ყაენის შვილიშვილი ჰულაგუ (ქართული წყაროთი – ულო), რომელსაც ილხანს (ილ-ყაენს) უწოდებდნენ, რაც სახელმწიფოს ყაენს ნიშნავს. იგი იყო მონღოლთა დიდი ყაენების – მანგუს (მუნკე) (დიდი ყაენი 1251–1259 წლებში) და ჰუბილაის (დიდი ყაენი – 1260 წლიდან და ჩინეთის იმპერატორი – 1271 წლიდან 1294 წლამდე) ძმა. ჰულაგუს საბრძანებელს საილხანოს უწოდებდნენ. ჰულაგუსგან წარმოდგა ჰულაგუიდების დინასტია. ამ ულუსის ვასალი გახდა საქართველო. ილხანთა ვასალები, ასევე, იყვნენ ტრაპიზონის იმპერია, რუმის თურქული სასულთნო და ასევე, სხვა წვრილი სამთავროები.
 1258 წელი დადგა. ჰულაგუმ გამოიძახა ჩვენი ხელმწიფე, დავით ლაშას ძე, თავისი მეომრებით და მონღოლების ჯარი დაიძრა ბაღდადისკენ. გადმოცემით, მონღოლთა ჯარში 150 000 მეომარი იყო (შეიძლება, ეს გადაჭარბებული ციფრია). მონღოლთა ჯარში ათასი ჩინელი ინჟინერი იყო, რამდენიმე ათასი სპარსი და თურქი. ქართულ ჯარში სომხებიც ირიცხებოდნენ, რადგან, მაშინ სომხეთის დიდი ნაწილი საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. ანტიოქიელი ჯვაროსანი რაინდებიც შეუერთდნენ ჰულაგუს ჯარს.
 ჩვენი წინაპრები იძულებული იყვნენ, ეომათ მონღოლების გვერდით – ასეთი იყო ვასალიტეტის პირობები. თუმცა, ქართველები ამ ომებს, ერთგვარად, შურის საძიებლად იყენებდნენ მაჰმადიანების წინააღმდეგ. დაახლოებით, ოცდაათი წლით ადრე მაჰმადიანებმა ასი ათასი ტფილისელი მოკლეს. მწარედ ახსოვდათ ეს ქართველებს.
 როცა მონღოლები რომელიმე ქალაქს მიადგებოდნენ ხოლმე, მორჩილებას ითხოვდნენ. ვინც დაემორჩილებოდა, სიცოცხლეს უნარჩუნებდნენ, გაჯიუტებულ ქალაქებში კი მოსახლეობის დიდ ნაწილს ხოცავდნენ.
 იმ დროს ბაღდადში იჯდა აბასიდების დინასტიის წარმომადგენელი – ხალიფა აბუ აჰმად აბდულაჰ ალ-მუსტასიმ ბილაჰი. ხალიფამ მონღოლთა შეთავაზებაზე, დამორჩილებოდა და ხარკი ეკისრა, უარითა და შეურაცხყოფებით უპასუხა.
 1258 წლის თებერვლის დასაწყისში სახალიფოს ჯარი მხედართმთავარ ფათჰ ად-დინ იბნ ქერას ხელმძღვანელობით ტიგროსის ნაპირებთან დამარცხდა. ხალიფა, ჯარი და მოქალაქეები ბაღდადში გამაგრდნენ. ბაღდადი უდიდესი და სახელგანთქმული ქალაქი იყო, ცნობილი თავისი ბიბლიოთეკებით, სამეცნიერო სახლით, ბრწყინვალე არქიტექტურით, სიმდიდრით.
ჰულაგუმ სამ ნაწილად გაყო ჯარი და დაიწყეს შეტევა ქალაქზე. ერთ-ერთი მხარე ქართველთა მეფეს ჰქონდა ჩაბარებული. მეორე ნაწილს ელგონ (ელკე) ნოინი ხელმძღვანელობდა, მესამე ნაწილს – თვითონ, ყაენი ჰულაგუ.
 სახალიფოს ჯარი ქალაქიდან გამოსვლას აპირებდა, მაგრამ მონღოლების ჩასაფრებულმა ნაწილებმა დიდი ზიანი მიაყენეს არაბებს. თორმეტი დღე მიმდინარეობდა ალყა. ხალიფამ არაერთგზის სცადა მოლაპარაკება, მაგრამ ახლა მონღოლებმა უთხრეს უარი ზავზე. ალ-მუსტასიმ ბილაჰმა ნავით გაპარვა სცადა, მაგრამ ელგონ ნოინის ნაწილებმა, რომლებიც მდინარე ტიგროსის გადაღმა იდგნენ, უკან შეაბრუნეს, თავის სასახლეში.
 გაარღვიეს ზღუდე ჩვენმა წინაპრებმა და ერთ-ერთი პირველები შეიჭრნენ ქალაქში. ქართველებმა და თათრებმა გააღეს ქალაქის კარიბჭეები და ბაღდადში ძირითადი არმიაც შეიჭრა. შვიდი დღე არბევდნენ და ძარცვავდნენ დამპყრობლები ბაღდადს. ქრისტიანებისა და ებრაელებისთვის ხელი არ უხლიათ, მაჰმადიანების დიდი უმრავლესობა კი გაწყვიტეს.
 გაიძარცვა და დაინგრა ბობლიოთეკები, სახელგანთქმული სიბრძნის სახლი (აკადემია). წიგნები მდინარეში გადაყარეს. თვითმხილველები ამბობდნენ, დიდი მდინარე ტიგროსი წიგნების შავი მელნითა და ადამიანთა წითელი სისხლით შავ-წითლად იყო შეღებილიო. ქუჩები სავსე იყო დახოცილი ბაღდადელებით. სხვადასხვა მონაცემით, იმ დღეებში მოკლეს 100 000 ან 1 000 000 ბაღდადელი.  
 რასაც საუკუნეების განმავლობაში არაბები სჩადიოდნენ სხვა ქვეყნებში, ახლა თავის თავზე იწვნიეს. ჯარმა ხელთ იგდო იგავმიუწვდომელი სიმდიდრე, რომელიც საუკუნეები გროვდებოდა ბაღდადში – დიდი იმპერიის დედაქალაქში, ხარკის სახით თუ ვაჭრობის საშუალებით შემოდინებული.
 ოქრო, ვერცხლი, ძვირფასი თვლები, აბრეშუმი გაიყვეს მეომრებმა. იმდენად ბევრი იყო ოქრო-ვერცხლი და თვალ-მარგალიტი, ჩინური, ქაშანური (ირანული) და ადგილობრივი ჭურჭელი, ძვირფასი ნაკეთობები, სპილენძისა და რკინის ნაკეთობებს არავინ ახლო ხელი. მეომრებმა უნაგირები, ხურჯინები და სხვა სათავსოები, რაშიც კი შეიძლებოდა შენახვა, თვალმარგალიტითა და ოქრო-ვერცხლით აავსეს. ზოგმა ხმალიც კი გადატეხა ვადაში, ქარქაშებშიც ოქრო ჩატენა და გადატეხილი ვადა თავზე დაახურა. ამბობენ, ზოგმა მკვდარი ადამიანი გამოწელა, გვამის მუცელი აავსო ძვირფასეულით და თითქოს თავისი მკვდარი იყო, ასე გაიტანა ქონება ბაღდადიდანო.
 სულ ბოლოს ხალიფას სასახლე აიღეს. ხალიფა, მისი ცოლები და შვილები ტყვედ აიყვანეს და მიჰგვარეს ჰულაგუს. მონღოლები აიძულებდნენ ხალიფას, დაეჩოქა და თაყვანი ეცა ყაენისათვის, მაგრამ არ დამორჩილდა უკანასკნელი აბასიანი: „ხელმწიფე ვარ, თვითმპყრობელი, არავის მონა არ ვარ. თუ გამათავისუფლებთ დაგემორჩილებით, მაგრამ მონობას არ ვიკისრებო! გამოუშალეს ფეხები მონღოლებმა და პირქვე დაეცა ხალიფა, მაგრამ თაყვანი არ სცა ყაენს.
 ხალიფას აიძულეს, ეჩვენებინა საიდუმლო სამალავები, სადაც სახალიფოს ძვირფასეულობა ინახებოდა. ეს იყო აურაცხელი სიმდიდრე, ენით აუწერელი, საუკუნეების განმავლობაში ნაგროვები. მაინც არ ინება ხალიფამ ყაენის თაყვანისცემა. ელგონ ნოინს ხალიფასა და მისი შვილების მოკვლა უბრძანეს. ელგონმა უთხრა ხალიფას, ყაენმა შეგიწყალაო. გაუხარდა წინასწარმეტყველი მუჰამედის მოადგილეს და უთხრა ელგონს: „გამიშვას, და დამიბრუნოს ბაღდადი“. ნოინმა კი უპასუხა: არა, ყაენი თავისი ხელითა და თავისი ხმლით მოგკლავს, ყაენის შვილი აბაღა კი შენს შვილს მოკლავსო. გაკვირვებულ ხალიფას უთქვამს: თუ მკლავთ, რა მნიშვნელობა აქვს ძაღლი მომკლავს თუ კაციო.
 1258 წლის 20 თებერვალს მოკლეს უკანასკნელი აბასიანი ხალიფა. დახოცეს მისი ოჯახის წევრები. დაეცა ბაღდადის სახალიფო... – ასე გვიამბობს უცნობი ქართველი ჟამთააღმწერელი.
 არსებობს კიდევ ორი სხვა ვერსია ხალიფას სიკვდილთან დაკავშირებით. ერთი გადმოცემით, ის ხალიჩაში გაახვიეს, რათა ხელმწიფის სისხლი მიწაზე არ დასხმულიყო და ცხენებს გადაათელინეს. მეფური სისხლის დაღვრა, თუნდაც მტრის მეფისა, ცოდვად ითვლებოდა და აკრძალული იყო. არსებობს სხვა გადმოცემაც, რომლის მიხედვით, ხალიფა თავის საგანძურის სამალავებში ჩაკეტეს და შიმშილითა და წყურვილით ამოხადეს სული.
შემდეგ გადარჩენილი ბაღდადელები შეიწყალეს.
скачать dle 11.3